საარჩევნო კამპანია

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ბრძოლა წესების გარეშე

371
რუსუდან კაციტაძე
შედგება თუ არა არჩევნების მეორე ტური – 2018 წლის მთავარი ინტრიგა.

20 დღეც კი აღარ დარჩა საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ერთ დროს მდორედ დაწყებული საარჩევნო კამპანია უკიდურესობამდე დაიძაბა. თუ აგვისტოს ბოლომდე მთავარი პოლიტიკური ინტრიგა ის იყო, დააყენებდა თუ არა სახელისუფლებო გუნდი საკუთარ კანდიდატს, ახლა ძირითადად იმაზე ბჭობენ, შედგება თუ არა მეორე ტური.

ამომრჩევლისთვის ფრიად უცნაური და დამაბნეველია ის გარემოება, რომ სოციოლოგიური კვლევები სხვადასხვა შედეგებს უჩვენებენ. არავინ დავობს, რომ სამი ყველაზე დაწინაურებული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე არიან, მაგრამ მათ შორის როგორ ნაწილდება ხმები, აქ უკვე დიდი სხვაობაა „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „ედისონ რისორჩის“ მიერ ჩატარებულ კვლევებსა და სახელისუფლებო გუნდის ვერსიებს შორის. თუ „ედისონ რისორჩის“ კვლევის მიხედვით დღემდე მეორე ტურის გარდაუვალობა ნათელია, სახელისუფლებო გუნდის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. თავად ზურაბიშვილი კი 70 პროცენტის აღებას გვპირდება, რაც ძალიან საეჭვოა, რადგან „ოცნების“ ყველაზე მაღალი რეიტინგის დროსაც კი, 2013 წელს გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62 პროცენტი მიიღო.

„რუსთავი 2“-ზე შორს მიდის ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც წერს, რომ მისთვის ცნობილი გახდა „ქართული ოცნების“ შიდა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც ზურაბიშვილი მეორე ტურშიც კი ვერ გადადის და მხოლოდ 10-პროცენტიანი რეიტინგის იმედზეა.

ექსპერტები, მათ შორის, მთავრობასთან დაახლოებულნიც კი მეორე ტურის ალბათობას რეალურად მიიჩნევენ, რადგან ხელისუფლების რეპუტაცია 6-წლიანი მმართველობის შემდეგ, რა თქმა უნდა, შერყეულია. მართალია, ტელევიზიების მთავარი თოქ-შოუების თემა ხელისუფლების მიმართ „ომეგას“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილისა და ამასთან დაკავშირებული სკანდალის გაშუქებაა, ისევე, როგორც სალარიძე-მაჩალიკაშვილის მიმართ პასუხგაუცემელი კითხვები, მაგრამ რიგით მოქალაქეს ყველაზე მეტად ციფრებში გაყინული პენსია, ბენზინისა და დიზელის მაღალი ფასი, ცხოვრების გაძვირება და დოლარის კურსის არანორმალური ზრდა უფრო აღელვებს, ვიდრე სხვადასხვა უსამართლობა. თუმცა, რა თქმა უნდა, არც ოქუაშვილის სატელეფონო მოსმენების სერიალსა თუ პაატა ბურჭულაძის სატელევიზიო გამოსვლებს მოუხდენია დადებითი გავლენა სახელისუფლებო გუნდის რეპუტაციაზე.

სავარაუდოა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ მალავს და არჩევნებამდე შავი პიარის კიდევ უფრო გამძაფრებას გეგმავს. ალბათ უნდა ველოდოთ როგორც ახალ ჩანაწერებს, ასევე ხელისუფლების კანდიდატის მიმართ უფრო გააფთრებულ შეტევებს. სამწუხაროდ, მიმდინარე საარჩევნო კამპანია ერთ-ერთი ყველაზე არაეთიკური ჩანს. ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ამომრჩეველი ამ არჩევნებს თავისად არ აღიქვამს, დისტანცირებულია მისგან და უყურებს როგორც რეალითი–შოუს. 

ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ის ბრალდებები, რაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ ისმის მოღალატეობაზე, რუსეთის აგენტობაზე, სრული აბსურდია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ეს კანდიდატი პრეზიდენტად მოსწონს.

ხელისუფლება, თავის მხრივ, რუსეთის აგენტობაში მეორე მთავარ კანდიდატს ადანაშაულებს. ყოველ შემთხვევაში, მასთან დაახლოებული საინფორმაციო საშუალებებით უკვე არაერთხელ აჩვენეს კადრები, სადაც ვაშაძე რუსეთს მოიხსენიებს როგორც მეორე სამშობლოს. საერთოდ, ამ რთულ სიტუაციაში რუსეთთან ურთიერთობის დამრეგულირებელი ლიდერი რომ გამოჩენილიყო, მართლაც არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ, მამლუქებისა არ იყოს, ორივენი ბედკრული საქართველოს შვილები არიან, ერთი საქართველოს გასაბჭოების გამო საფრანგეთში გადახვეწილი ოჯახის წარმომადგენელი და მეორე – ამავე საბჭოეთში კარიერულ საფეხურზე დაწინაურებული დიპლომატი. ასეთ კავშირებს კი, ალბათ, ვერც გამოვრიცხავთ, სანამ თაობა არ შეიცვლება და არ გამოჩნდება „მოსე“, რომელიც საქართველოს გაიყვანს „თავისუფლების აღთქმულ ნაპირზე“. მე პირადად ვაშაძის ყველაზე დიდ ცოდვად 400-ლარიანი პენსიის დაპირება მიმაჩნია, რაც, დღევანდელი ბიუჯეტიდან გამომდინარე, საკმაოდ არარეალური ჩანს და საინტერესოა, მართლაც რომ აირჩიონ ვაშაძე, როგორ შეასრულებს ამ დანაპირებს?

შედარებით რეალისტურად გამოიყურება დავით ბაქრაძის დაპირება პენსიის 50 ლარით ზრდის შესახებ, თუმცა ამ ლოზუნგმა „ევროპელ დემოკრატებს“ არც ადგილობრივი არჩევნების დროს მოუტანა დიდი წარმატება და არც ახლა უჩანს ასეთი პირი. თუმცა რეალისტურია, რომ ბაქრაძემ ხმების 10 პროცენტი და საბიუჯეტო დაფინანსება მიიღოს.

საარჩევნო კამპანიის გადამწყვეტი ორი კვირა კიდევ წინაა, თუმცა საარჩევნო პროგრამები, თუ არ ჩავთვლით დავით უსუფაშვილის მიერ ტელეარხ „TV პირველზე“ წარმოდგენილ მოკლე თეზისებს, ჯერ არსად ჩანს. საქმე ისე მიდის, რომ სკანდალები და ჩანაწერების გზით ერთმანეთის დისკრედიტება უფროა მოსალოდნელი, ვიდრე პოზიტიური საარჩევნო პროგრამების მოსმენა – როგორ ვიცხოვროთ უკეთესად. არადა, ჩვენნაირ რიგით მოქალაქეებს ეს ნამდვილად უფრო გვაინტერესებს.

და კიდევ: ექსპერტები, მათ შორის რამაზ საყვარელიძე, ერთხმად აღნიშნავენ, რომ სახელისუფლებო გუნდი, რომელიც, ალბათ, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის ხარჯზე მაინც გაიმარჯვებს, დროა, მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებასა და ეკონომიკის განვითარებაზე მეტს ფიქრობდეს, რადგან თუ 2020 წელს ანალოგიური ვითარებითა და რეიტინგით შეხვდა, ძალიან გაუჭირდება უმრავლესობის მოპოვება.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

371