ზაურ გამყრელიძე

სკულპტურები სახელების გარეშე

1009
(განახლებულია 11:31 07.10.2018)
ძერწვით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული,  ქმნიდა სხვადასხვა სამკაულებს,  ბიუსტებს... 14 წლის ასაკში კი  გადაწყვიტა სათქმელი პლასტელინში  გადაეტანა. ზაურ გამყრელიძის ნამუშევრები ყურადღების ცენტში მოექცა და საზოგადოებამ მალე  შეიყვარა. 

ნინი რაზმაძე

-  ერთმანეთთან საერთო არაფერი არ აქვთ.  თითოეული ჩემი  პატარა ნაწილია. როდესაც პროფესიას ვირჩევდი,  მაშინ არ ვიცოდი საზოგადოების დამოკიდებულება ჩემი  ნამუშევრებისადმი როგორი იქნებოდა. თუმცა, როდესაც მათი შეფასებები მოვისმინე,  ახლა უკვე ვფიქრობ, რომ სხვებისთვისაც საინტერესოა. მანამდე ეს ჩემთვის უბრალოდ განტვირთვის საშუალება იყო. 

პლასტელინის ქანდაკება
photo: courtesy of Zaur Gamkrelidze
პლასტელინის ქანდაკება

– როდის დაიწყე ძერწვა?

– პლასტელინთან ბავშვობიდან მაქვს შეხება, ჩემთვის რაღაცეებს ვთამაშობდი.  ასე ვთქვათ,  თვითნასწავლი ვარ: თამაშ-თამაშით დავიწყე, ვაკეთებდი ბეჭდებს და სხვადასხვა სამკაულებს. მახსოვს,  ბაღში ხელოვნების მასწავლებელმა მოგვცა პლასტელინი, რომელიც ძალიან მომეწონა და შემდეგ სახლისთვისაც ვიყიდე. სულ მქონდა ერთი უჯრა ჩემი პლასტელინისთვის. დაახლოებით 14 წლის ვიყავი სერიოზულად რომ დავიწყე ძერწვა და გადავწყვიტე ჩემი სათქმელი გადმომეცა.

– რა იყო შენი სათქმელი 14 წლის ასაკში?

– იმ მომენტში იყო პროტესტი საზოგადოებაში მიმდინარე  მოვლენებზე. შემდგომ ნამუშევრებში კი  ჩემი რეაქციები სხვადასხვა პროცესებზე.  ამ ექვსი წლის განმავლობაში შევქმენი სხვადასხვა ნამუშევრები, რომლებიც უბრალოდ ემოციებს და განცდებს გამოხატავენ. თუმცა,  არის შემთხვები,  რომლებშიც მკაფიო მესიჯები ან უბრალოდ ჩემი რეფლექსებია. 

პლასტელინის ქანდაკება
photo: courtesy of Zaur Gamkrelidze
პლასტელინის ქანდაკება

–  პირველი ნამუშვრები შემოგრჩა? 

– ჩემი პირველი ნამუშერები არ დამიკარგავს,  დღესაც მაქვს. უბრალოდ, მაშინ კარკასით არ ვაკეთებდი და ხშირად დეფორმირდებოდა.  ბოლო პერიოდში აღვადგინე ძველი ნამუშევრებიც.

– ზაურ, რატომ არ აქვს არც ერთ შენს ნამუშევარს სახელი?

– თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სახელი არ დამერქმია არცერთისთვის. ადამიანები ცვალებადები ვართ, როდესაც ვქმნი,  ვიცი რა აზრი მიტრიალებს თავში, მაგრამ დრო რომ  გავა,  შეიძლება სხვა თვალით შევხედო ნმაუშევარს და სხვა დასკვნა გამოვიტანო. მგონია მნახველს უფრო მეტის  აღქმის თავისუფლებას ვაძლევ.  ვფიქრომ,  რომ რაც უფრო მეტი თავისუფლება იქნება ხელოვნებაში,  მით უკეთესია. როცა ხელოვნებას შეუძლია დროში იმოგზაუროს და  დროის სხვადასხვა წერტილში  ადამიანს სხვადასხვა დასკვნის გამოტანის საშუალება მისცეს,  ეს ძალიან კარგია. ხშირად ჩემს ნამუშევრებს დამთვალიერებლები თავად ურჩენენ სახელს, რაც საკმაოდ საინტერესოა. 

პლასტელინის ქანდაკება
photo: courtesy of Zaur Gamkrelidze
პლასტელინის ქანდაკება

–  შენ და გამოფენა...

–  რამდენიმე გამოფენაში მიღებული მაქვს მონაწილეობა. სამთავრობო პროექტი იყო ART FROM GEORGIA,  რომლის ფარგლებშიც ჩემი ნამუშევრების  გამოფენა გაიმართა თბილისისა და ამბოლაურის აეროპორტებში. უნდოდათ საინტერესო ადამიანებისთვის გამოეყოთ სივრცე სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში. გარდა ამისა, მონაწილეობა მაქვს მიღებული რამდენიმე საერთაშორის ფესტივალში.

–  რა არის შენი ინსპირაციის  წყარო?

–  ეს არის ენერგია, რომლიც შიგნიდან მოდის, გონებაში აზრს იძენს და ჩემი ხელები ქმნიან. თუ წარმოსახვაში მზად არის ის, რისი გაკეთებაც გინდა,  შემდეგ  უკვე ხელებისთვის მარტივია მისი შექმნა და მატერიალური სახის მიცემა. 

პლასტელინის ქანდაკება
photo: courtesy of Zaur Gamkrelidze
პლასტელინის ქანდაკება

–  ყველა ხელოვანის ცოხვრებაში არის გარდამავალი ეტაპები, შენთვის როდის დაიწყო ახალი ეტაპი?

–  გარტამტეხი მომენტი, ალბათ,  2016 წელს იყო.  ბანაკში ვიყავი,  სადაც ძერწვაში შეჯიბრი გაიმართა.  სწორედ მაშინ გამოვიყენე პირველად კონსტრუქცია და ამან გადამაწყვეტინა ძველი ნამუშევრების აღდგენა.

–  შენი ნამუშევრები სად ბინადრობენ?

–  ყველა ნამუშევარი სახლში მაქვს. ოთახის ტემპერატურაზე კარგად ძლებენ.  სახელოსნო არ მაქვს, მხოლოდ პატარა მაგიდა და ხელებია საჭირო სკულპტურის შესაქმენალდ. მთვარია იდეა გაჩნდეს. ამ ბოლო დროს ჩანახატების კეთებაც დავიწყე, ადრე იდეას ვიწერდი და იყო შემთხვევა,  როცა ვეღარ ვიხსენებდი რა ჩავიწერე. ჩანახატით უფრო მარტივია იდეის გახსენება. 

–  რომ არა პლასტელინი... რა იქნებოდა?

–  არ ვიცი ფოტოების გადაღებას დავიწყებდი თუ ხატვას,  მაგრამ რაღაცას შევქმნიდი. 

პლასტელინის ქანდაკება
photo: courtesy of Zaur Gamkrelidze
პლასტელინის ქანდაკება

–  როგორ ფიქრობ რატომ შეიყვარა საზოგადოებამ  შენი ნამუშევრები?

–  ჩვენს ერს ხელოვნება და კულტურა უყვარს. როგორც აღმოჩნდა ენა,  რომლითაც მე გამოვხატავ სათქმელს,  ახლობელი და ადვილად აღსაქმელი გამოდგა საზოგადოებისთვის. ჩემი ნამუშევრები იმ პრობლემეზე საუბრობენ,  რაც ყველა ადამიანის ყოვლედღიურობაშია. აქედან გამომდინარე,  ადვილია რაღაც შენი, რაღაც საერთო  იპოვო თითოეულ ნამუშევართან. ხშირად დამთვალიერებლები  მეუბნებიან,  რომ საკუთრ თავს ხედავენ...  ჩემი სკულპტურები ადამიანის პრობლემებს გადმოსცემენ,  მე გრძნობების მატერიალიზებას ვახდენ.

–  ეხლა რა ეტაპზე ხარ?

–  ვფიქრობ,  საბოლოო სახე მივცე სკულპტურებს –  ჩამოვასხვა ბრინჯაოში და მყარ ნამუშევრებად  ვაქციო. შემდეგ უკვე გამოფენაც იქნება და გაყიდვაც.  დაინტერესება ადრეც იყო, მაგრამ რადგან პლასტელინშია ნამუშევრები,  ამიტომ მათი გაყიდვისგან თავს ვიკავებდი. 

პლასტელინის ქანდაკება
photo: courtesy of Zaur Gamkrelidze
პლასტელინის ქანდაკება

– რაჭაში ცხოვრობდი. იქ ყოფნა დაგეხმარა წინსვალში თუ პირიქით უკან დაგხია?

– რა თქმა უნდა,  იქ ცხოვრებამ დადებითად იმოქმედა ჩემზე. მთების მდუმარებაში ჩაფლული და ენით აუწერელი სილამაზის შემყურე, თითოეული ადამიანი საკუთარ თავს უფრო მეტად უღრმავდება, უფრო მეტს ფიქრობს და უფრო მეტად იმუხტება.  ისეთი სავსე ვიყავი ემოციებით, ერთი სული მქონდა ჩემს ნამუშევრებში როდის გადმოვცემდი იმ განცდებს...

 

 

 

 

1009

ყველაზე საინტერესო