ნინო ხუციბერიძე

ქართველი მსროლელის მსოფლიო წარმატება

1221
(განახლებულია 13:23 15.09.2018)
ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ სერბეთის „დიდი პრიზის“ ახალგაზრდულ ტურნირში გამარჯვება მოიპოვა. მან შეძლო საყვარელი საქმით დიდი წარმატების მოპოვება და ახალი გამოწვევებისთვის ემზადება.

ნინი რაზმაძე

– ნინო, რამდენი ხანია,  რაც „სროლით“ დაინტერესდი?

– სროლა და ზოგადად, ნებისმიერი საბრძოლო იარაღი, ბავშვობიდან მაინტერესებდა და მიზიდავდა. სპორტის  ამ სახეობაში მეხუთე წელია ვვარჯიშობ, ვარჯიშზე პირველად დედამ მიმიყვანა და დროთა განმავლობაში  მან ჩემთვის სხვა მნიშვნელობა შეიძინა. რაც შეეხება ჩემს ოჯახის წევრებს, მათ არასდროს ჰქონიათ  შეხება ამ სპორტთან. 

ნინო ხუციბერიძე
ნინო ხუციბერიძე

– მოგვიყევი შენს  წარმატებულ ნაბიჯებზე სპორტში…

– პირველად, ვარჯიშის დაწყებიდან 2-3 თვეში, ქუთაისში გამართულ შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა, სადაც ერთ-ერთმა მწვრთნელმა მითხრა, რომ მონაცემები მქონდა და პერსპექტიული სპორტსმენი ვიყავი, რამაც ძალიან გამახარა და გამიორმაგა ინტერესი. საზღვარგარეთ ჩემი პირველი ტურნირი 2016 წლის თებერვალში, უნგრეთის ქალაქ დიორში გამართული ევროპის ჩემპიონატი იყო. ვცდილობდი ის გამეკეთებინა, რაც ვიცოდი, რაც მასწავლეს. საკვალიფიკაციოში პირადი რეკორდი დავამყარე და ეს შედეგი საკმარისი აღმოჩნდა ფინალში მოსახვედრად. ფინალში ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მაქსიმალურად ვდილობდი მობილიზებას. მეორე ადგილმა კი საოცრად დიდი სტიმული მომცა.  სასიამოვნოდ გაოცებული და ბედნიერი ვიყავი.  2018 წელს  კი ახალგაზრდული ოლიმპიადის ლიცენზია და  „ნოვი სადის“ გრამ–პრი ავიღე, გარდა ამისა,  საქართველოში გამართულ შეჯიბრებებში რამდენიმე მედალი მოვიპოვე.

– რა სირთულეებთან არის დაკავშირებული  მსროლელის ცხოვორება?

– მსროლელის ცხოვრება რთულია იმდენად, რამდენადაც  დიდი შრომა არის საჭირო, მაგრამ ჩემთვის სროლა გართობისა და განტვირთვის საშუალებაც არის, ძალიან მსიამოვნებს ამ საქმის კეთება და სირთულედ არ მეჩვენება. დღის განმავლობაში დაახლოებით 2 საათს ვუთმობ ვარჯიშს. 

ნინო ხუციბერიძე
ნინო ხუციბერიძე

– შეჯიბრის დროს ღელავ?

– ზოგადად, შინაგანი განწყობა ძალიან მოქმედებს შეჯიბრის დროს, შედეგი და მუშაობის ხარისხი ხშირად ამ ფაქტორს ეყრდნობა, ამიტომ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, საჭირო განწყობა შევიქმნა.

– ნინო, რომელი იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი  ტურნირი?

– ყველაზე დასამახსოვრებული ტურნირი ჩემთვის უნგრეთის  ევროპის ჩემპიონატი იყო, სადაც მეორე ადგილი მოვიპოვე.  ეს ტურნირი ჩემთვის  ყველაზე საყვარელი და დასამახსოვრებელი იმიტომ გახდა, რომ  ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს მიღწევა, თან მაგ პერიოდში გავეცანი მსოფლიო „სროლის სამყაროს“, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო.

– რა არის შენთვის მიზანში სროლა?

– საყვარელი საქმის კეთება, რომელიც არასდროს მბეზრდება.

– როგორ ემზადებოდი „დიდი პრიზის“ ტურნირისთვის?

– „დიდი პრიზის“ ტურნირისთვის ბაქოში ვემზადებოდით შეკრებაზე. 

ნინო ხუციბერიძე
ნინო ხუციბერიძე

– ტურნირზე მოგვიყევი, რა ხდებოდა?

– ტურნირი სერბეთის ქალაქ ნოვი–სადში ჩატარდა, იქ ქალბატონ ნინო სალუქვაძესთან, ლევან ქადაგიძესა და ცოტნე მაჭავარიანთან ერთად ვიყავი. ერთადერთი სირთულე, რასაც გადავაწყდი ის იყო, რომ ტირში ძალიან ცხელოდა. თავიდან არ ვყოფილვარ ორიენტირებული გამარჯვებაზე,  ვცდილობდი არც მეფიქრა შედეგზე და გამარჯვებაზე. იმედი მქონდა, რომ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებდი, რადგან ეგ უფრო მნიშვნელოვანია. ძალიან სასიამოვნო გრძნობაა როდესაც გამარჯვებული ხარ –  საოცრად იმედისმომცემი და მოტივაციის „გამაძლიერებელი“.  იმ დროს ყველა კომპლიმენტი და მოლოცვა დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია.

– სროლის გარდა,  კიდევ რით  ხარ დაკავებული?

– სტუდენტი ვარ.   2017 წელს დავამთავრე სკოლა, ასევე, მაქვს მუსიკალური განათლება მიღებული. ახლა  ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვსწავლობ ფრანგული ენის სპეციალობაზე.

– ნინო საქართველოში  რამდენად პოპულარულია „სროლა“?

– სპორტის ეს სახეობა საქართველოში არცთუ ძალიან პოპულარულია.  ბევრმა არც კი იცის ამ სპორტის არსებობის შესახებ, იქედან გამომდინარე, რომ არ არის სანახაობრივი. ჩემი აზრით ეს იმის ბრალია,  რომ საქართველოს მხოლოდ სამ  ქალაქშია  საწვრთნელი ბაზა.

– ნინო, წინ რა ტურნირები გელის…

– წინ მსოფლიო ჩემპიონატია კორეაში.  შეკრება ბაქოში და ნოვი–სადის შეჯიბრიც მსოფლიოსთვის მზადება იყო, თუმცა, შეჯიბრებამდე კორეაშივე გვექნება,  ასე ვთქვათ, „ზბორები“. ჩემი უახლოესი გეგმა დაუღალავი შრომა,  ვარჯიში და სასურველი მიზნის მისაღწევად  მაქსიმუმის გაკეთებაა.


1221