დედა და შვილი

ჰიპერმზრუნველობა ანუ „მახრჩობელა მშობელი" - შეცდომები ბავშვის აღზრდისას

23333
(განახლებულია 22:01 20.06.2018)
რუბრიკა „ფასილიტატორის" სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ცენტრი „არსის" ფსიქოთერაპევტი, ტრენერი თამუნა მერაბიშვილი.

თამუნა მერაბიშვილი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ცენტრი „არსის" ფსიქოთერაპევტი, მუშაობს ანალიზურ ფსიქოლოგიაში (ფსიქოანალიზი, ტრანსაქციული ანალიზი, ანთროპოანალიზი), კითხულობს ლექციებს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. ატარებს ტრენინგებს და ლექციებს სხვადასხვა ორგანიზაციებში როგორც ფსიქოთერაპიული მიმართულებით, ასევე განათლებასა და ბავშვის ფსიქოლოგიაში.

თამუნა მერაბიშვილი
თამუნა მერაბიშვილი

ხშირად ვსაუბრობთ ბავშვთა მიმართ ძალადობაზე. ძალადობის სხვადასხვა ფორმები გამოიყოფა: ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა, ბავშვის იზოლირება, მისი მოთხოვნილებების უარყოფა და დეპრივაცია. ერთი შეხედვით, ბავშვის ეფექტური განვითარებისთვის შესატყვისი მზრუნველი მშობელია. თუმცა გადაჭარბებული მზრუნველობაც ძალადობაა.

მშობელმა შესაძლოა უთხრას თავის შვილს: „მშია, მოდი ვჭამოთ!"; „მცივა, ჩაიცვი სვიტერი!" ამით ის შემდეგ მითითებას აძლევს საკუთარ შვილს: „თავად არ იგრძნო, იგრძენი ისე, როგორც მე".

დედას ეზოში ჩაჰყავს შვილი და „იცავს" ბავშვს „საფრთხისგან": „არ ირბინო"; „ასე სწრაფად ნუ დარბიხარ"; „ველოსიპედზე არ დაჯდე, გადმოვარდები"; „სტადიონზე არ შეხვიდე, ბურთი მოგხვდება"; „კიბეზე არ ახვიდე, ჩამოვარდები და დაიმტვრევი"; „იმ ბავშვებთან არ ითამაშო, არ დაგჩაგრონ"; „ჩემთან იჯექი, აქ ითამაშე"; „ქვიშაში ნუ თამაშობ, დაისვრები". ეს ყველაფერი გულისხმობს შემდეგს: „არ გაინძრე! არ ისუნთქო! არ გააკეთო არაფერი! რადგან ყველაფერი, რასაც შენ აკეთებ, იმდენად სახიფათოა, რომ სჯობს, საერთოდ არაფერი არ გააკეთო!" ზრდასრულ ასაკში კი თუ ვინმემ არ იცის რა ქნას, მუდმივად ქმედების დეფიციტს, ინიციატივის ნაკლებობას და უსარგებლობას გრძნობს, ის ხშირად ბავშვობიდან ამ მესიჯების მატარებელია. ამ გზავნილებს გასცემენ ჰიპერმზრუნველი მშობლები, რომლებსაც ეშინიათ, რომ მათი შვილი რაიმეს გააფუჭებს, თუ გათავისუფლდება მშობლისეული ზრუნვისგან.

სახლში მშობელი ამგვარად შეიძლება „ახრჩობდეს" საკუთარ შვილს: „მე გაჭმევ, შენ არ იცი კოვზი როგორ უნდა დაიჭირო, გარშემო ყველაფერს ანაგვიანებ, ამიტომ მე სწრაფად და სუფთად გაჭმევ"; „მე ჩაგაცმევ დროულად, შენ დიდხანს უნდები ღილების შეკვრას"; „ბოლომდე შეჭამე კერძი, ჩემი ხათრით, მამიკოს ხათრით, ბებოს ხათრით, ნამცეცი არ დატოვო." ამ ყველაფერს შესაძლოა მშობელი ზედმეტი მრისხანების გარეშე, მშვიდი ტონალობით ამბობდეს, თუმცა მისი მოტივაცია და დამოკიდებულება ყველა შემთხვევაში ძალადობრივია, ბავშვის მოთხოვნილებისა და ფუნქციური ტენდენციის დეპრივაციას ახდენს, მის ასე მნიშვნელოვან სენსო-მოტორულ აქტივობას თრგუნავს. ამის შემდგომ ბავშვი ლოგიკურად ღიზიანდება, გამოხატავს რისხვას, ჭირვეულობს, ჯიუტობს, თუმცა ამ აგრესიისთვის ისჯება, აბა, როგორ შეიძლება ასეთი ქცევა, ის ხომ წესიერი და დამჯერი უნდა იყოს?! საბოლოოდ, ბავშვი აუთენტურ აგრესიასაც თრგუნავს მშობლების მიმართ და დაგროვილ ნეგატიურ ენერგიას და-ძმებზე, სხვა ბავშვებსა და საგნებზე მიმართავს, მაგრამ ესეც არ შეიძლება, ამ ქცევისთვისაც დაისჯება და ბოლოს ისღა დარჩენია, მთელი რისხვა საკუთარი თავისკენ წარმართოს, რათა გადარჩეს, უყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი, დანაშაულის განცდა, უსუსურობისა და სასოწარკვეთის განცდები. შემდგომშიც დარწმუნებულია, რომ თავად არ შეუძლია ცხოვრებისეული საკითხების გადაჭრა, აქამდე ხომ მის ნაცვლად ყოველთვის სხვები აკეთებდნენ ყველაფერს.

სოციალური ცხოვრებაში ჰიპერმზრუნველი მშობლები მოითხოვენ ბავშვებისგან, რომ იყვნენ ყველანაირად განვითარებულნი და წარმატებულნი. მათი აკადემიური მოსწრება უნდა იყოს იდეალური, უნდა შეძლონ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, სპორტის რამოდენიმე სახეობაზე სიარული, ხატვა, ცეკვა. მერე რა, თუ ბავშვს არ სურს და ვერც ახერხებს ამ ყველაფრის შესრულებას, სამაგიეროდ, დედა იამაყებს ყველგან თავისი „მრავალმხრივ განვითარებული და წარმატებული" შვილით. სტუმრად ყოფნისას ბავშვი იდეალურად უნდა იქცეოდეს, რომ მშობელი არ შეარცხვინოს. სახლში ბევრი უნდა ჭამოს, ნამცეცი არ უნდა დატოვოს, სტუმრად — ცოტა, ზედმეტი არ უნდა მოითხოვოს, ხოლო თუ მასპინძელი ნამცხვარს გაუწოდებს, დედამ შესაძლოა ბავშვის ნაცვლად თქვას: „არა, არ უნდა!" მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სურვილი შეიძლება საწინააღმდეგო იყოს.

ზე-მზრუნველი მშობლის კლასიკური ფრაზები

„მე მითხარი ყველაფერი"; „მე დედა ვარ და ჩემზე კარგ რჩევას ხომ იცი ვერავინ მოგცემს"; „უჩემოდ ხომ იცი ვერ გააკეთებ". ამით ბავშვმა შეიძლება გადაწყვიტოს: „ჩემს გარშემო ყველაფერი ცუდია, არავის არ უნდა ვენდო, მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია დამოუკიდებლად". აგრესიის შიგნით მიმართული ვექტორი, ეს ის ფსიქოლოგიური მეტასტაზია, რომელიც ბავშვობაშიც და ზრდასრულობაშიც ნებისმიერი ნევროტული სიმპტომატიკის გამომწვევია, როგორიცაა: შიშები და ფობიები, აკვიატებული ქმედებები, პანიკური აშლილობა, დეპრესია, ფსიქოსომატური ჩივილები, კომუნიკაციური სირთულეები, სექსუალური პრობლემები, თვითშეფასების პრობლემატიკა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ცხოვრების საზრისის და მიზნების არარსებობა და მრავალი სხვა.

ბავშვმა თუ თითი გაიჭრა ან ფეხი გაიკაწრა, წაიქცა, სიცხე აქვს თუ ახველებს, ზე-მზრუნველმა დედამ შესაძლოა პანიკა ატეხოს საკუთარი შვილის „გადასარჩენად". ბავშვს ძალიან აშინებს დედის ემოციები მის დიდ თუ პატარა უბედურებაზე. მას ჰგონია, რომ იმაზე ბევრად საშინელი რამ მოუვიდა, ვიდრე წარმოედგინა, შესაძლოა მოკვდეს ნაკაწრის გამო, ან დედას დაემართოს რამე ცუდი, ეს კი მისი დანაშაული იქნება. მსგავსი სიტუაციები პროვოცირებას უკეთებს ფობიებს, მაღალშფოთიანობას, პანიკურ აშლილობას, იპოქონდრიას მომავალში. დედის პანიკის თავიდან ასაცილებლად ბავშვმა შესაძლოა დამალოს ხოლმე მნიშვნელოვანი უბედურებაც კი და შემდგომი გართულებები გამოიწვიოს. ან პირიქით, შეიძლება დედის შიში და პანიკური რეაქციები მანიპულირებისთვის გამოიყენოს, ნებისმიერ პრობლემაზე მივარდეს დედას და ანახოს ნატკენი, შესაძლოა გამოიგონოს ცუდად ყოფნა, ან რაიმე მოიცხოს და დაიწყოს ყვირილი, თითქოს სისხლი მოსდის. შემდგომ კი შეიძლება ბევრი იცინოს, გაერთოს დედის პანიკური რეაქციით. ეს მშობლის მიმართ გამოხატული აგრესიაა. აღნიშნულ მანიპულაციაში ბავშვის შემდეგი გზავნილი ჟღერდება: „მე სამაგიეროს გიხდი ყველაფერი ცუდისთვის, რაც შენ გამიკეთე, ეგრე გინდა, ასეც მოგიხდება!" მგავს ფსიქოპათიური ხასიათის ქცევებს ავლენენ ხოლმე ბავშვები დედის „გასაგიჟებლად", „სჯიან ყველაფრისთვის", ჯიბრით აკეთებენ იმას, რაც დედამ დაუშალა, ამბობენ უწმაწურ სიტყვებს, აწვალებენ სხვა ბავშვებს, აფუჭებენ ნივთებს.

ფსიქოანალიტიკოსი ალფრედ ადლერი ზე-მზუნველობას (ბავშვის "გაფუჭებას") ყველაზე დიდ წყევლად თვლიდა. განებივრებულ ბავშვებს არ უვითარდებათ სოციალური განცდები, ისინი ხდებიან დესპოტები, ელოდებიან რა საზოგადოებისგან, რომ მოერგონ მათ ეგოცენტრულ სურვილებს. ასეთ ადამიანებს ადლერი პოტენციურად საზოგადოებისთვის ყველაზე საშიშებად მიიჩნევდა.

საიდან მოდის მშობლის ჰიპერმზრუნველობა?

ამის მიზეზი მათივე ბავშვობასა და გამოცდილებაში უნდა ვეძიოთ. შესაძლოა ასეთი მშობელი თავადაც ჰიპერმზრუნველობის „მსხვერპლი" იყო ბავშვობაში, მშობლისთვის შესაფერისი იგივე ქცევის პატერნები აქვს და სხვაგვარი მშობლობა ვერ წარმოუდგენია. თუმცა, თერაპიაზე ისეც ჩანს, რომ ასეთ მშობელს ბავშვობაში ხშირად უჩნდებოდა დედ-მამისაგან გარიყულობისა და მიტოვებულობის განცდები, ისინი ხშირად არიან ხოლმე მრავალშვილიანი ოჯახიდან და განიცდიდნენ მარტოობასა და უყურადღებობას. ამ გადატანილი ემოციების ფონზე, ასეთი ადამიანი გადაწყვეტს, თვითონ რომ შვილი ეყოლება, სულ მის გვერდით იქნება, მუდამ ყურადღებას მიაქცევს, იქნება „ყველაზე კარგი დედა" და ეყოლება „ყველაზე კარგი შვილი". ამით თავისი წარსულის კომპენსაციას მოახდენს და თავის მშობლებსაც დაუმტკიცებს, როგორია „ნამდვილი მშობლობა". ამ დანაპირებს ნამდვილად ასრულებენ ასეთი „მზრუნველი" მშობლები, თუმცა კომპენსაციის მექანიზმი ხშირად იმას მოიაზრებს, რომ მოქმედების განხორციელებისას ვერ ვიცავ ბალანსს და ზედმეტი მომდის. ამიტომაც ვიღებთ გარიყულობისა და მიტოვებულობის ერთი პოლუსიდან მეორე — ჰიპერმზრუნველობის პოლუსს.

ნუ იქნები ჰიპერმზრუნველი მშობელი! იოლი სათქმელია, შესრულება კი საკმაოდ რთული. ასეთი მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ ან უარყოფენ საკუთარ ქმედებებს, „მათ ხომ თავი შესწირეს შვილებს", ამ ფრაზით იწვევენ შვილებში დანაშაულის განცდას და მანიპულირებენ, ასევე იღებენ საზოგადოებისგან ბონუსებს. ზოგი მშობელი კი აცნობიერებს საკუთარ "დანაშაულს", მაგრამ თავს ვერ ერევა. ყველაფერი შეიცვლება, თუ ასეთი მშობელი დაიწყებს მუშაობას საკუთარ თავზე, გაივლის ფსიქოთერაპიის კურსს.

23333
თემები:
მშობლები და შვილები-2018 (72)