აქცია რუსთაველზე

პოლიტიკური დეჟავიუ, ანუ ისევ თავიდან ვიწყებთ?!

444
(განახლებულია 13:50 11.06.2018)
რუსუდან კაციტაძე
„ჩვენთვის უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი და სწორედ ადამიანზე ზრუნვაა ჩვენი მოძრაობის მთავარი მიზანი!" - პოეტმა რატი ამაღლობელმა ეს სიტყვები, რომელსაც ძალიან ელოდა ქართული საზოგადოება, 2011 წელს „ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე წარმოთქვა...

მას შემდეგ შვიდ წელზე ცოტა ნაკლები დრო გავიდა… ერთი წლის შემდეგ „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა ქართველი ხალხის ძალიან დიდი მხარდაჭერით, რომელიც უმძიმესი ზეწოლისა და მუქარის ქვეშ ხაზავდა „ქართული ოცნების“ ძლივს მოპოვებულ საარჩევნო ნომერს…

რა ხდება დღეს, ამ მოვლენიდან ექვსი წლისთავზე? ფაქტია, რომ, ცოტაა თუ ბევრი, ნაციონალია თუ ლეიბორისტი, რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამები შეიკრიბნენ და სამართალს ითხოვენ. ამ ფონზე გაირკვა, რომ სახელმწიფოში აღარ არსებობს ავტორიტეტული ორგანიზაცია თუ პიროვნება, ვისაც საზოგადოება დაუჯერებდა და სიტუაციას დააწყნარებდა.

როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი ხატოვნად ამბობს, ექვსი წლის შემდეგ „ოცნების“ პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს „ნაცების“ ხელისუფლება იძიებს. სამართალდამცველთა მიერ დაშვებული შეცდომებისა თუ დანაშაულების გამოძიებისთვის შეიქმნა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელსაც ყოფილი ნაციონალი სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს… არადა, ამ ბატონების ხმა, კრინტი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ნაწამები ადამიანების საქმეზე არავის ახსოვს. ან, იქნებ, ახსოვს და არ აშუქებდნენ?

ძნელი სათქმელია, რამდენად მიაღწევენ აქციებით მიზანს სარალიძე და მაჩალიკაშვილი, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ საკუთარი თავის დისკრედიტაცია და საზოგადოების სხვადასხვა ფენების გაღიზიანება უკვე გამოიწვია. ის, რომ პარლამენტის წინ სხვადასხვა თემაზე ბევრი ადამიანი იკრიბება და პროტესტს გამოხატავს, სწორედ საზოგადოებაში არსებული უსამართლობის და უპერსპექტივობის განცდის ერთ-ერთი ნიშანია.

ამ გაჭირვებას კი, გარდა პოლიტიკური სარჩულისა, ორი ფუნდამენტური პრობლემა იწვევს — ჩავარდნილი სასამართლო რეფორმა და აბსოლუტურად პოსტ-ფაქტუმ მოქმედი განათლების სისტემა. ერთხელ უკვე ვრცლად ვისაუბრეთ, რომ ბოლო 27 წლის განმავლობაში განათლების სისტემის 15 მესვეურის შეცვლის მიუხედავად ეს სისტემა არა თუ წინ წავიდა, პირიქით, უფრო და უფრო სავალალო მდგომარეობაშია. სისტემის მესვეურები მხოლოდ ტრაგედიის, ქუჩური გარჩევების, მიკროავტობუსების გადაბრუნების შემდეგ ეძებენ გამოსავალს. არადა საზოგადოებას, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე, განათლებული და სოციალურად უზრუნველყოფილი პედაგოგი და გარკვეულ ღირებულებებზე დაფუძნებული სისტემა სჭირდება. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებზე გაზრდილი ადამიანი, 10 კაცი ერთს, თუნდაც ოკუპანტს, არ სცემს. ვაჟას, ილიასა და აკაკის ღირებულებებზე გაზრდილი ახალგაზრდები ერთმანეთს დანას 12-ჯერ არ ჩაარტყამენ…

არადა, ჩვენში გზა ურმის, ზოგჯერ მიკროავტობუსის გადაბრუნების შემდეგ ჩნდება… ავტობუსისა, რომელსაც პატარა სიცოცხლეები, საქართველოს მომავალი ეწირება და ამ დროს გიპყრობს სასოწარკვეთა, რამდენად მოშლილია ადამიანზე, მის უსაფრთხოებაზე ზრუნვის სისტემა — ჩვენ ხომ ყოველდღე ვსუნთქავთ ტყვიითა და მავნე ნივთიერებებით გაჯერებულ მკვლელ ჰაერს, რომელიც შემდეგ სიმსივნეებს იწვევს… ჩვენ ხომ ყოველდღე ვმგზავრობთ გაურკვეველი კვალიფიკაციისა და მდგომარეობის მძღოლებთან ერთად ასევე მკვლელი მარჯვენასაჭიანი მანქანებით და კატასტროფულად მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი… ჩვენ ხომ ყოველდღე ვუშვებთ სკოლებში ბავშვებს, რომელთაც თურმე ჯიბეში 25 და 30 სანტიმეტრიანი დანები უდევთ და ამის გამო თავს დამნაშავედ არავინ არ გრძნობს — არც განათლების სისტემა, არც სკოლის დირექტორი და არც ოჯახი და აღმზრდელი. მერე გავლენიანი ბიძებისა და ბაბუების მეშვეობით, ან, სულაც, ფულით ვყიდულობთ უსაფრთხოებას, დაუსჯელობას, უზნეობას…

მსგავსი ფეთქებადსაშიში სიტუაცია საქართველოში დღეს ხელს არავის აძლევს, გარდა ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის მსურველებისა. ჩვენ დღეს გვჭირდება ეკონომიკის აღორძინება, ბევრი შრომა, ბევრი პროფესიული სასწავლებელი, ბევრი ტურისტი, განვითარების სწრაფი ტემპი და არა საეჭვო პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანების სურვილი — არიონ სიტუაცია ქვეყანაში. არადა მოსურნენიც არიან და შემკვეთნიც…

რატომღაც მგონია, რომ სცენა, რომელსაც ვხედავთ, ბევრ ჩვენგანში დეჟავიუს განცდას იწვევს. კიდევ ერთს ვიტყოდი: ესაა ქართული დემოკრატიის უსწავლელი და ჩაუბარებელი გაკვეთილები. იმედია, გამოჩნდებიან გონიერი ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებიც სწრაფად გადადგამენ გაბედულ ნაბიჯებს სამართლიანობის განცდის გასაჩენად. სხვა შემთხვევაში კი ისევ გავმეორდებით…


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

444