რაც მეტი, მით უკეთესი... ანუ საზმაუ ზედმეტი ფულის ძიებაში...

© Sputnik / Alexander Imedashviliსაზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა ბედი ეწევა პრეზიდენტის რიგით მეთერთმეტე ვეტოს, გაითვალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას, მოიპოვებს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას და ბოლოს, ვის აუწევენ ყურს ხალხის რჩეულები?!

ძაღლის წელიწადი ჩვენში ისე დაიწყო, როგორც ეს ადამიანის ოთხფეხა მეგობარს ეკადრება. ქვეყნის პრეზიდენტმა ვეტოს უერთგულა და კანონმდებელთა შემოქმედების კონკრეტულ შედეგს ვეტო ძველი სტილით ბედობა დღეს დაადო… დარჩებიან თუ არა პარლამენტარები ვეტოს დაძლევის ერთგულები ამას დრო გვიჩვენებს.

საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე დრო საკმარისზე მეტია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განსახილველად, ხალხის რჩეულები რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბონ. ერთი სიტყვით, თანდათან ჩამოყალიბების დროა, ხუმრობა ხომ არ არის სახალხო ტელევიზიის ბედი უნდა გაირკვეს…

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო

ქართული ტელესივრცის შემხედვარე ჩვენი მკითხველი შესაძლოა დაიბნეს და ჩამეძიოს — სახალხო ტელევიზია რომელია? არ მიკვირს, ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე უკვე მრავალმა „გაიბრწყინა“… რამდენიმე  „სახელოვანი“ კი მეხსიერებას შემორჩა… „სამთავრობო“, „ერთი კაცის“ და „მრავალენოვანი ფეოდალური“,  „ოპოზიციური“, „გამარჯვებული ხალხის“ და „დემოკრატიის ჯიხური“, „ქვეყნის მთავარი“ და ვინ იცის კიდევ როგორი და რა სახელდებით… „მრავალფეროვნებაში“ ჩავიკარგეთ და ვერაფრით გავარკვიეთ მაინც რომელი რომელია. საბოლოოდ სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნის მცდელობამდე მივედით… სახალხო ტელევიზიის მიღმა იმ მაუწყებლობას მოვიაზრებ, რომელსაც ხალხი აფინანსებს, წესით ხალხი უნდა აკონტროლებდეს და ხალხის ინტერესებს ემსახურებოდეს. ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენში იშვიათად არის ისე, როგორც უნდა იყის.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
რატომ გამოიყენა პრეზიდენტმა ვეტო: მარგველაშვილის განმარტება

ახლაც, მცდელობა იმგვარი შედეგით დასრულდა, როცა ფულს ერთი იხდის და მუსიკას სხვა უკვეთავს, ხოლო ის, ვისაც წესით და კანონით ხალხის ფულის ყაირათიანად, ხალხის სასიკეთოდ ხარჯვაზე კონტროლი ევალება, ნაცვლად გადამხდელისა დამკვეთის ინტერესებს იცავს. ასე იყო და მომავალშიც არაფერი შეიცვლება ვიდრე საზოგადოებრივ მაუწყებელში ხალხის ინტერესების „დამცველს“ მუსიკის დამკვეთი ნიშნავს. მკითხველი მიმიხვდება, რომ დამკვეთისა და „დამცველის“ მიღმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი პოლიტიკური ისტებლიშმენტი და მის მიერ არჩეული სამეურვეო საბჭო მოიაზრება. დიდი ხანია არავინ კამათობს, რომ ერთ დროს სახელმწიფო ტელევიზიის გარდაქმნა საზოგადოებრივ მაუწყებლად კრახით დასრულდა… რატომ  ვერ იქცა პირველი არხი საზოგადოებრივ მაუწყებლად? ამ საკითხზე ჩემი კოლეგა რუსუდან კაციტაძე რამდენიმე დღის წინათ წერდა. ახლა თქვენს ყურადღებას პრეზიდენტის რიგით მეთერთმეტე ვეტოსა და მისი დაძლევის პერსპექტივაზე გავამახვილებ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი - Sputnik საქართველო
ვეტოა, ვეტო ანუ რატომ ვერ იქცა პირველი არხი საზოგადოებრივ მაუწყებლად

წლების მანძილზე გარანტირებულად მზარდი და სოლიდური დაფინანსების მიუხედავად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ მოიპოვა ხალხის ნდობა და რეიტინგი. მაუწყებლის ახალი მმართველი გუნდის განმარტებით, სხვა ფაქტორებთან ერთად, არსებული რეალობის მთავარი მიზეზები ფინანსური დეფიციტი და ინტელექტუალურ საკუთრების შესყიდვის გართულებული პროცედურები ყოფილა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთმა ნაწილმა ეს ხედვა გაიზიარა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ასახა. საკანონმდებლო ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლება სამუშაო დღეებში კომერციული რეკლამის ეთერში განთავსება. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ იმ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25 პროცენტი დაეთმობა. ამავე კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე… არის სხვა სიახლეებიც, თუმცა მათზე თქვენს ყურადღებას არ გავამახვილებ, რადგან ქვეყნის პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მხოლოდ ზემოაღნიშნულ ორ საკითხს ეხება. 

„საზმაუს“ შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ტენდერს აცხადებს
 

გიორგი მარგველაშვილი: „ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ კომერციული რეკლამის ეთერში განთავსების უფლებას მიიღებს, ეს შეამცირებს კერძო ტელეკომპანიების შემოსვლებს, რაც დამოუკიდებელ მედიას დარტყმის წინაშე დააყენებს…

კანონი შესყიდვების შესახებ შესაცვლელია და მოსაყვანია თანხმობაში კანონთან, რომელიც ევროკავშირის რეგულაციებით 2019 წლიდან ჩვენთვის  სამოქმედო კანონი უნდა გახდეს. ის, რასაც  გვთავაზობს ეს ცვლილებები არის გაუქმება იმ რეგულაციების, რომლებიც შექმნილია საიმისოდ, რომ ჩვენი გადამხდელების ფული გამჭვირვალედ იხარჯებოდეს… იმედია, რომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას როგორც მედიაპლურალიზმის შესანარჩუნებლად, ისე სახელმწიფო სახსრების ყაირათიანი ხარჯვის მიმართულებით…“

როგორია პრეზიდენტის რიგით მეთერთმეტ ვეტოს დაძლევის პერსპექტივა? სახელმწიფოს მეთაურის პოზიციას იზიარებს პრაქტიკულად ყველა. საკანონმდებლო ცვლილებებზე აზრი ორად გაიყო მმართველ გუნდში. ინიციატივას მხარს არ უჭერს ე.წ წამყვანი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი. საკითხის განხილვისას ოპოზიცია მხარს დაუჭერს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა აცხადებს, რომ ცვლილებები საფრთხეს უქმნის კონკურენტუნარიანი მედიაგარემოს განვითარებას და არყევს საზოგადოებრივი მაუწყებლობის მთავარ პრინციპს. ეს ცვლილებები მიუღებელია პრაქტიკულად ყველა სხვა მედიაორგანიზაციისთვის. მათ შორის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელიც კი ეწინააღმდეგება კანონის ამგვარ რედაქციას. ახლადარჩეული სახალხო დამცველი კი მხარს უჭერს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას…

მარგველაშვილი პარლამენტში - Sputnik საქართველო
მარგველაშვილის ვეტოების ისტორია: დავძლიოთ თუ არ დავძლიოთ?

ნინო ლომჯარია: „დიახ, ჩვენ თვალს ვადევნებთ პროცესებს. მხარს ვუჭერთ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის ძალისხმევას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მიიღება ისეთი კანონი, რომელიც ხელს არ შეუშლის მედიაგარემოს და ყველა მედიასაშუალებისთვის თანაბარი პირობები იქნება…“   

პირველი კანონმდებელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ სიღრმისეულად განიხილავს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობას და მხოლოდ  ისე მიიღებს გადაწყვეტილებას ვეტოს საკითხზე. ამასობაში 52  მედიაორგანიზაცია  მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობას და მოუწოდებს გაიზიარონ პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობის შენიშვნები და არ დაძლიონ ვეტო.

მოსალოდნელი შედეგი? არხის ეს თავგადასავალი ერთ გახმაურებულ „საქმეს“ დაემთხვა. გასული წლის მიწურულს „მოამბეში“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში პოეტ ზვიად რატიანის ადმინისტრაციული საქმის განხილვას ესებოდა. ზვიად რატიანმა მიიჩნია, რომ არხმა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია, არ დაიცვა სიზუსტე და მის მიმართ სიძულვილი გააღვივა. ხოლო მწერლების ერთმა ნაწილმა  არხის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განთავისუფლება მოითხოვა. ძნელად წარმოსადგენია, რომ მმართველმა გუნდმა საზოგადოებრივი მაუწყებ;ის გენდირექტორი ახლა დათმოს. სავარაუდოდ, ის ამჯერად პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს, ვეტოს არ დაძლევს, „სასურველ“ ცვლილებებს თაროზე შემოდებს და ამით სახალხო ტელევიზიის მესაჭეს ყურსაც აუწევს…    

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0