ყვითელი ძაღლის ფიქრები... ანუ რას გვპირდება წელი ახალი?!

© photo: Sputnikახალი წელი თბილისში
ახალი წელი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი წლის ეკონომიკური და ფინანსური პროგნოზი... რა „ემუქრება“ ქვეყნის ეკონომიკას 2018 წელს, კიდევ უფრო გაძვირდება თუ არა ცხოვრება...

როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ 2018 წელი, ყვითელი ძაღლის წელიწადი — საკმაოდ მშვიდი, ჰარმონიული და ნაყოფიერი იქნება. ადამიანები ერთმანეთის მიმართ გაცილებით უფრო ტოლერანტულები გახდებიან ზოგადად მსოფლიოში წამოიწევს წინ ჰუმაურობის, საყოველთაო ძმობის და კაცთმოყვარეობის ტენდენცია. ბევრ ჩვენგანს ამ წელს მიეცემა შანსი შეიძინოს ნანატრი სახლი, დაოჯახდეს და იპოვოს ბოლოს და ბოლოს ის კომფორტი, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ პოულობდა. 

საქართველოს პარლამენტის შენობა ახალ წელს - Sputnik საქართველო
ახალ წელს ჩართული წამზომი და მედიდური მამლის პოლიტიკური მონაგარი...

ტოლერანტულობის კოეფიციენტი გაიზრდება სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანებს შორის ურთიერთობებში. პოლიტიკურ სარბიელზე კი რეალურად გაჩნდება შანსები, რომ აქამდე არსებული მწვავე კონფლიქტები მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მოგვარდეს. არაჩვეულებრივი წელია მოგზაურობისთვის. არ არის გამორიცხული წელს მსოფლიომ იხილოს ახალი ტექნოლოგიები და პრეპარატები, რომელიც დიდ როლს ითამაშებს სამომავლოდ ჯანდაცვის სისტემაში… წელს გაუმართლებთ მათ ვისი ხასიათიც გამოირჩევა: სიმშვიდით, მოთმინებით, ერთგულებით, შრომისმოყვარეობით, და რაც მთავარია ლოგიკური აზროვნებით… შესაძლოა ბრძანოთ, რომ ნათქვამი ზოგადია და კონკრეტულის არაფრისმთქმელი, დროა „მიწაზე დავეშვა“… რა გაეწყობა, დავკონკრეტდები. მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების შესაძლო განვითარებაზე ამჯერად არაფერს ვიტყვი, ამ და სხვა „მაღალ მატერიებზე“ დროსა და ენერგიას არ დავხარჯავ. მკითხველის ყურადღებას ყოფით პრობლემებზე გავამახვილებ… რა „ემუქრება“ ქვეყნის ეკონომიკას 2018 წელს, კიდევ უფრო გაძვირდება თუ არა ცხოვრება… მას შემდეგ, რაც კომუნალური გადასახადები გაძვირდა, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ გაიზრდება სამომხმარებლო პროდუქტების ტარიფები. შესაბამისად გაძვირდება ცხოვრება…

თბილისი, პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
მამლის ყივილზე გაძვირებული ცხოვრება... ანუ რას ვაცილებთ?!

ეკონომისტთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია შემცირდება, რადგან აქციზის ღირებულება არც საწვავზე გაიზრდება და ჯერჯერობით არც თამბაქოზე. ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ 2018 წელს ინფლაცია დაახლოებით 3 პროცენტი იქნება, შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით, ფასების ზრდით მიმდინარე წელი უარესი არ უნდა იყოს. ყველაფერი დამოკიდებულია რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე…

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 2017 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ეკონომიკაში განსაკუთრებული პოზიტიური ძვრების საფუძველს არ იძლევა. თუ ფასების ზრდის ტემპსაც გავითვალისწინებთ, 2018 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი, გასულ წელთან შედარებით, დაბალი იქნება. ეკონომისტების და ექსპერტ-ანალიტიკოსების შეფასებით, 3-4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. ჩვენი ამოცანა იმაზე სწრაფად ზრდა უნდა იყოს, ვიდრე ამას მსოფლიო ეკონომიკა აკეთებს, — მაგალითად, აშშ-ში გასულ წელს 3 პროცენტი, ხოლო ევროზონაში 5 პროცენტზე მეტი იყო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ამ პირობებში ჩვენ უნდა გვქონდეს მინიმუმ 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. სხვაგვარად, ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანა ვითარდება კარგად და სწრაფი ტემპით. არის მოსაზრება, რომ საქართველო ეკონომიკურად მყიფე ქვეყანაა, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პროგნოზირება რთულია…

თბილისი - Sputnik საქართველო
ლაღად „მოცურავე“ ლარი, გაძვირებული კრედიტები და გაღარიბებული ხალხი!

ფინანსისტი გიორგი კეპულაძე: „გასული წლის ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე ამას პროგნოზირებდნენ. კარგი იქნება, თუ მთავრობა იმ ფინანსებს, რასაც ის განკარგავს, მიმართავს, სწორ პროექტებზე და სამინისტროების რაოდენობის შემცირებასთან ერთად შემცირდება ის ხარჯი, რაც ამ სამინისტროებს ჰქონდათ და ამ ფინანსებს გამოიყენებს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, რაც შესაძლოა მოსახლეობის კეთილდღეობაზე სწრაფად არ აისახოს… თუმცა პოზიტიური შედეგი აუცილებლად იქნება. მანამდე კი, ხშირ შემთხვევაში ფასების ზრდაც უფრო რთულად აღქმადია, ვიდრე ის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ვებგვერდზე ჩანს…“

გასული წლის განმავლობაში, კვლავაც, საკმაოდ მწვავედ აღიქმებოდა ონლაინ სესხების გამცემი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მაღალი წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაწესება. მოქალაქეები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდნენ. ბოლოს და ბოლოს ხელისუფლებამ საფინანსო კომპანიებს რეგულაციით უპასუხა. კერძოდ, დაადგინა, რომ წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100 პროცენტზე მეტი არ შეიძლება იყოს. შედეგად, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, „კრედიტ ინფოს" კლიენტი თუ 2016 წელს 41 ონლაინ გამსესხებელი იყო, 2017 წლის მონაცემებით მათი რაოდენობა 17-მდე შემცირდა…

ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
ძაღლი უკვე ჰყეფს... ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები ძვირდება?!

გიორგი კეპულაძე: „მიმდინარე წელსაც ზრდა მოსალოდნელი არ არის. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძალიან დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, „ჩვეულებრივი ლომბარდია“, – ისინი ამ მომსახურების ფარგლებს ვერ სცდებიან, უბრალოდ რეგისტრირებული არიან, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. მიუხედავად ამისა, არის რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომლებიც საკმაოდ წარმატებით მუშაობენ და რამდენიმე მათგანი ბანკიც კი გახდა. მიუხედავად ამისა, საბანკო სექტორში ყოფილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები განსაკუთრებულ ამინდს ვერ ქმნიან…“

სპეციალისტების განმარტებით, მიმდინარე წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენაა საქართველოსთვის ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების რატიფიცირებაა, რომლის შედეგად საქართველოს 1.4 მილიარდიანი ჩინური ბაზარი გაეხსნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების ამოქმედებისთანავე პროდუქციის 90 პროცენტზე საიმპორტო ტარიფი არ იმოქმედებს. ამასთან, შეთანხმების ძალაში შესვლიდან 4 წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ იმპორტის ტარიფი დამატებით კიდევ 4 პროცენტზე გაუმქდება. ჯამში საქართველოდან ჩინეთში სასაქონლო პოზიციების 94 პროცენტი ნულოვანი საიმპორტო ტარიფის განაკვეთით გადაადგილდება…

თბილისი - Sputnik საქართველო
სუსტი ეკონომიკა და გაზრდილი ვალები. ანუ ღარიბი ქვეყნის ხვედრი!..

გიორგი კეპულაძე: „არსებობს იმის საკმაოდ დიდი პოტენციალი, რომ ჩინური ინვესტიცია საქართველოში ჩავდოთ, გაიხსნას საწარმოები, რომლებიც შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის დამატებითი გადასახადების გარეშე, შეღავათიან საგადასახადო რეჟიმში შეტანას მოახერხებენ. ალბათ, ამ პოტენციალის ათვისებას ნელ-ნელა დავიწყებთ და შემდეგ წლებში თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის პოზიტიური მხარეები უფრო გამოჩნდება…“  

და ბოლოს, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თუ ქვეყნის ხელისუფლება ეკონომიკურ პოლიტიკას სწორად წარმართავს, „აბრეშუმის გზის“ პროექტი ქვეყნის განვითარებისთვის მიმდინარე წელს დიდ მნიშვენლობას შეიძენს.

ასეთია საახალწლო მოლოდინი. წინ თორმეტთვიანი მარათონი გველის. გამართლდება თუ არა პროგნოზი დრო გვიჩვენებს, მანამდე კი, უბრალოდ გვქონდეს იმედი!…


ყველა ახალი ამბავი
0