ელექტროგადამცემი ხაზები

ძაღლი უკვე ჰყეფს... ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები ძვირდება?!

1009
(განახლებულია 13:27 11.12.2017)
როგორი ტარიფებით შევხვდებით ახალ წელს? რას ამბობენ სპეციალისტები... როგორია მათი გათვლები და პროგნოზები... მოიმატებს თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადი?

დენის ტარიფის გაძვირების ალბათობა მალე რეალობად იქცევა!… ენერგეტიკოსები უკვე თამამად აცხადებენ, რომ ლარის დევალვაციის ფონზე გადასახადის გაძვირება გარდაუვალია. სავალუტო კრიზისის გამო საქართველოს ფინანსური ბაზარი იმდენად არასტაბილურია, რომ ტარიფებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების დასმას კომპეტენტური პირებიც უკვე აშკარად ერიდებიან, ისინი ტარიფის მოიმატებას პროგნოზირებენ… უკლებლიც ყველა არსებული კომპანია ტარიფის ზრდას ითხოვს. კომუნალური გადასახადის გაზრდის რისკი, რეალურად, დიდია. მოიმატებს თუ არა დენის გადასახადი?— ამ კითხვაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომიიაში კონკრეტულ პასუხს ჯერჯერობით არავინ იძლევა… უკვე ცნობილია, რომ სემეკი ელექტროენერგიის გატარების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფებს „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის მიმდინარე წლის ბოლომდე დაითვლის… თუმცა მანამდე, კონკრეტული დეპარტამენტი წარმოდგენილი ფინანსური და ტექნიკური მონაცემების ამსახველ დოკუმენტაციას შეისწავლის. მხოლოდ ამის შემდეგ გაიმართება არსებითი განხილვა საჯარო სხდომაზე და კონკრეტულ ტარიფთან დაკავშირებით ინფორმაციაც გახდება ცნობილი… სემეკს ტარიფის დადგენა სწორედ იმ დროს მოუწევს, როცა ლარის კურსი, ტრადიციულად, არასტაბილურია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვალუტის გაცვლითი კურსი უკვე პირდაპირ უქმნის დაბრკოლებას ქვეყნის ეკონომიკის და მათ შორის ენერგეტიკის განვითარებას.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე: „არსებული კურსის ფარგლებში ელექტროენერგიის გადასახადის შენარჩუნება უკვე საეჭვოა და ლოგიკაშიც არ ჯდება. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი შეიცვლება. მცირე სხვაობა გამყარების ან დევალვაციის მიმართულებით, რეალურად, ვერაფერს შეცვლის… ახლა მნიშვნელოვანია, რა კომპონენტში იქნება ზრდა, შეიძლება ისიც, რომ სამომხმარებლო ტარიფს არ დააწვეს კურსი და სიმძიმის ცენტრი სხვა მიმართულებით გადაიტანონ, გნებავთ, გატარების ან გენერაციის ტარიფში და სხვა. ფაქტია, რომ ენერგეტიკის სფეროზე ეს გაძვირება ძალიან ცუდად იმოქმედებს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება სამომხმარებლო ტარიფი შევინარჩუნოთ, ეს სერიოზული მსჯელობის საკითხია და წინასწარ ვერაფერს ვიტყვით…“

სპეციალისტების უმრავლესობის აზრით, არსებულ სიტუაციაში, სემეკს ძალიან გაუჭირდება ტარიფის შენარჩუნება.

ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა: „თუკი ლარის კურსი დოლარის მიმართ გაუფასურებას გააგრძელებს, ბუნებრივია, დენის გადასახადი გაიზრდება. კომპანიები მოითხოვენ ტარიფის კორექტირებას კურსის შესაბამისად, რაც ლოგიკურია. სემეკს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ძნელია პროგნოზი, როგორი იქნება მისი პოზიცია საბოლოოდ, ყველაფერი მოსალოდნელია. დეტალურად იქნება შესწავლილი ელექტროგამანაწილებელი კომპანიების დანახარჯი, რასაც ტარიფი ითვალისწინებს. წესით, იმედიანი განწყობის საბაბი არ გვაქვს, მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დაბლა წამოვიდეს კურსი, არაფერს გამოვრიცხავ…“

მომავალი წლიდან ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას არ გამორიცხავს ენერგეტიკოსი გიორგი ჩიქოვანი, რომელსაც სამთავრობ რეფორმამდე, ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროში, ბოლო მომენტამდე მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

გიორგი ჩიქოვანი: „ელექტროენერგიის ტარიფის კორექტორება სემეკის კომპეტენციაა. ჩვენ მოხმარების სერიოზული ზრდა გვაქვს, რაც ახალ რესურსებს და გენრაციის ახალ ობიექტებს საჭიროებს. ახალი უფრო ძვირია. ახალი ობიექტი კი ახალ, მეტ ტარიფს საჭიროებს და არ უნდა გვქონდეს იმის შეგრძნება, რომ ელექტროენერგია გაიაფდება. თითოეული ახალი კილოვატი სერიოზულ ინვესტიციებს მოითხოვს. ბოლო დროს გენერაციის რამდენიმე ახალი ობიექტი შევიდა ექსპლოატაციაში. შეუძლებელია რაღაც ახალი აშენდეს და ის არ აისახოს ტარიფზე. ტარიფი გაიზრდება, თუმცა არა მნიშვნელოვნად, რომ ეს მძიმედ დააწვეს მოსახლეობას…“

სპეციალისტების ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ გაძვირების რეალური საფუძველი არ არსებობს,  მოიმატებს წყლის გადასახადიც. იმის ნაცვლად, რომ ადგილობრივი რესურსი მომხმარებლებს შეღავათიან ფასში მიაწოდონ, ქვეყანაში წყლის საკმაოდ მაღალი გადასახადია და ეს იმის გამო, რომ ხალხს არ აქვს ინდივიდუალური მრიცხველები. გარდა იმისა, რომ მოსახლეობა მატერიალურადაც ზარალდებიან, წყლის რესურსი არამიზნობრივად იხარჯება…

სპეციალისტები გადასახადის მომატებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მოგეხსენებათ, წყალი ადგილობრივი რესურსია, იგი იაფი უნდა ღირდეს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ დენის ტარიფის გაზრდის შემდეგ, ლოგიკურად, წყალიც გაძვირდება, რაც, მათი აზრით, მთავრობამ არ უნდა დაუშვას.

წყლის რესურსების ექსპერტი პაატა გიორგაძე: „დიახ, წყლის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ელექტროენერგიის ხარჯია. ამ გადასახადის გაძვირება, წყლის ტარიფზეც რაღაც დონეზე აისახება, რაც დღევანდელ პირობებში ყოვლად მიუღებელია. ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა უფრო სწრაფად გაღატაკდება. ბოლო პერიოდში ისედაც არნახულად არის ხალხი გაღარიბებული. მძიმე სოციალურ ფონზე ტარიფის მცირე ცვლილებაც კი მთავრობის მიმართ უნდობლობას გამოიწვევს. ეროვნული ვალუტის არსებული კურსის პირობებშიც კი წყლის ტარიფის გადახედვა დაუშვებელია. როგორც წყლის რესურსების ექსპერტი და მეცნიერი, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. გამრიცხველიანების პოლიტიკა მოითხოვს დამატებით ხარჯს, მაგრამ ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რაც მეტი ეკონომიის გაწევის საშუალებას მისცემს ხალხს და წყალიც დაიზოგება. თუკი გადასახადი მოიმატებს, ის აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კომპენსირებული, რათა მოსახლეობას ტვირთად არ დააწვეს…“

სპეციალისტები მიანიშნებენ, რომ ჩვენში წყლის დანაკარგის მოცულობა დიდია, რაც ასევე, სერიოზული პრობლემაა. მოსახლეობა არ უფრთხილდება წყალს და, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვიწევს საკუთარი ჯიბიდან თანხის გადახდა. მათი აზრით ამ ვითარებაში გამრიცხველიანება შეღავათია და რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ეს პროცესი…

წყლის ეროვნული პარტნიორობის თავმჯდომარე გიორგი ძამუკაშვილი: „უნდა ვისწავლოთ წყლის ყაირათიანად მოხმარება. ამაში კომპანიამაც უნდა შეუწყოს ხელი. ეს არის მთავარი და არა წყლის გაძვირება, რასაც მუდმივად გვახსენებენ. ჩვენ ვემხრობით, რომ უმოკლეს ვადაში დასრულდეს გამრიცხველიანების პროცესი. მთელი სისტემა შესაცვლელია. მრიცხველი უნდა დააყენონ ყველგან. რესურსებიდან ყველაზე უყაირათოდ წყალი გამოიყენება. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა…“

კომუნალური გადასახადების ზრდით დაზარალდება არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ფენა, არამედ ეს პროცესი მცირეშემოსავლიანი მოსახლეობის ბიუჯეტსაც მკვეთრად შეარყევს.

საბოლოო ჯამში ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდება… რას მოიტანს ეს — დრო გვიჩვენებს!

 

1009