ეპისკოპოსი, რომელიც სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა

© photo: Sputnikსანთლები სვეტიცხოვლის ტაძარში
სანთლები სვეტიცხოვლის ტაძარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 ნოემბერი წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის დაბადების დღეა

გაბრიელ ქიქოძე 1860-1896 წლებში იმერეთის ეპისკოპოსი იყო. ქართული ეკლესიის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის 1995 წელს წმინდანად შერაცხეს. მის სახელს უკავშირდება დასავლეთ საქართველოში ასზე მეტი სამრევლო სკოლის, ბიბლიოთეკის, 1890 წელს ქუთაისში – ქალთა სასწავლებლის, 1894 წელს კი სასულიერო სემინარიის გახსნა. 

მეუფე გაბრიელი იყო ნიჭიერი ახალგაზრდებისა და ღარიბთა იმედი და ნუგეში. საკუთარი ქონების  დიდი ნაწილი მან ანდერძით სწორედ შეჭირვებულთათვის განკარგა:

„ვუანდერძებ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის გამგეობას უფლებას ჩემ თხზულებათა გამოცემისას იმ პირობით, რომ სარგებელი გამოცემიდან ხმარდებოდეს ამ სასწავლებლის ღარიბ მოწაფეებს“. 

© Courtesy of Ramaz Shubitidzeგაბრიელ ქიქოძე
გაბრიელ ქიქოძე - Sputnik საქართველო
გაბრიელ ქიქოძე

ანდერძითვე მან დაუტოვა:

საეპარქიო სამზრუნველოს სასულიერო წოდების ღარიბთათვის იმერეთის ეპარქიაში 2, 000 მან.

ქუთაისის საქალაქო საქველმოქმედო საზოგადოებას ღარიბთათვის 1, 500 მ.

ქუთაისის სასულიერო სასწავლებელს ღარიბ მოწაფეთათვის 3, 000 მ.

თბილისის სასულიერო სემინარიას ღარიბ მოწაფეთათვის 3, 000 მ.

გაბრიელ ეპისკოპოსის ღვაწლითა და მეცადინეობით, იმერეთის ეპარქიაში რესტავრაცია ჩაუტარდა ნიკორწმიდის, ბიჭვინთის, მოქვის, კაცხის, ილორის ტაძრებს, აიგო 200-ზე მეტი ახალი ეკლესია. 

სულხან-საბა ორბელიანის ძეგლი ბოლნისში - Sputnik საქართველო
ქართველი ერის მოჭირნახულე

საყურადღებოა ისიც, რომ 1887 წელს შეიქმნა „ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი“, რომელსაც ევალებოდა მოძიება, შეკრება და ნოტებზე გადატანა ქართული ტრადიციული გალობისა. ამ მხრივაც დიდია გაბრიელ ქიქოძის დამსახურება. 1858 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა მისი ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“ (რუს. «Основания опытной психологии»), რომელიც სემინარიებში დიდხანს გამოიყენებოდა სახელმძღვანელოდ.  აღსანიშნავია მისი თავდადებული მოღვაწეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

იმერეთის ეპისკოპოსის ზრუნვის საგანი იყო რელიგიური ცნობიერების ამაღლება, კატეხიზაცია, მრევლის განათლება რწმენის საკითხებში. ამის გამო, იგი დადიოდა სოფლიდან სოფელში.  სწორედ, ასეთი განსაკუთრებული ღვაწლისათვის  „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საპატიო წევრად აირჩიეს.

მამა გაბრიელი - Sputnik საქართველო
დღეს წმინდა ღირსი მამა გაბრიელის — აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეა

მოთმინების, თავმდაბლობისა და ქრისტიანული სულგრძელობის ცოცხალი სახე იყო გაბრიელ ქიქოძე. 1856 წელს წელს საშინელი ტრაგედია დაატყდა თავს — დაეღუპა მეუღლე და ხუთი შვილი. ამის შემდეგ ის ბერად აღიკვეცა და თან ატარა დარდად და ტკივილად დიდი ოჯახური დრამა. 35 წელი იყო იმერეთის ეპისკოპოსი — დაუცადებელ ლოცვასა და მარხვაში, შრომასა და ღვაწლში. 

46 დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო, რადგან უჩვეულოდ დიდი ზამთარი იყო და ვერ მოხერხდა მისი დაკრძალვა. ილია ჭავჭავაძემ კი სამგლოვიარო სიტყვაში გელათის მონასტერში დასვენებულ მღვდელმთავარს ასე მიმართა: 

„მთელი მოძღვრება აწ განსვენებულის სახელოვანის მღვდელმთავრასა რომ აიღოთ, ძნელად იპოვით მაგალითს, რომ მეცნიერება გაეწიროს სარწმუნოებისათვის, ან სარწმუნოება — მეცნიერებისათვის. პირიქით, იგი სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა, თუ ასე ითქმის, და მთელი სიბრძნე მისი ამაშია გამოსახული. დიაღ, ბატონებო, მისის ბაგით სწორედ თვით ღმერთი მეტყველებდა და ვაი რომ დადუმდნენ იგი ბაგენი და ვინ იცის, როდის-ღა გვაღირსებს ღმერთი იმისთანა კაცს, რიგორიც დღეს წაგვართვა“.  

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0