როგორ ვებრძოლოთ სიძულვილის ენას

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშინოუთბუქი
ნოუთბუქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა ჩვენთაგანს დაუჩივლია, რამდენი აგრესია და სიძულვილი იფრქვევა ქართული სოციალური ქსელებიდან. ხშირად ურთიერთშეურაცხყოფები იმ ზღვარამდე მიდის, რომ ადამიანები ერთმანეთს სერიოზულად უპირისპირდებიან, სეირის მოყვარულთ კი სხვა არაფერი რჩებათ, თუ არა კომენტარი იმის შესახებ, რომ ცხადდება ბიბლიაში ნათქვამი: „არა არსებობს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს“.

გერმანიაში სულ ახლახან მიიღეს კანონი, რომელიც სოციალურ ქსელებს ავალდებულებს, სიძულვილისა და სიცრუს შემცველი ინფორმაცია 24 საათის განმავლობაში წაშალოს სოციალური ქსელიდან. კანონი პირველ ოქტომბერს შევიდა ძალაში და დასავლური კომპანიების დიდი კრიტიკა დაიმსახურა. საქმე ის გახლავთ, რომ მედიაკომპანიებს დამატებით თანამშრომლის დაქირავება უწევთ, რომელიც სოციალურ ქსელებში კომენტარებს ადევნებს თვალს და უხამსობის აღმოჩენის შემთხვევაში სოციალური ქსელის ცენტრალურ ოფისს ატყობინებს სიძულვილის ენის გამოყენების შესახებ. ამის შემდეგ ოფისი ვალდებულია, 24 საათში წაშალოს კომენტარი. ამერიკული ორგანიზაციები თვლიან, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

Twitter - Sputnik საქართველო
თურქეთში სოციალური ქსელები დაბლოკილია

საქართველოში გამოხატვის ფორმებმა სიძულვილისა და აგრესიის კუთხით უმძაფრესი ფორმები მიიღო. მოგეხსენებათ, ქართველები ყველაფერში რადიკალურები ვართ და აქაც განსაკუთრებით ვიჩენთ თავს. რამდენიმე წლის წინათ საქართველოში ეუთოს კომისარი მედიის საკითხებში, დუნია მიატოვიჩი იმყოფებოდა, რომელსაც იდეის დონეზე ინტერნეტრეგულაციების საჭიროებაზე ესაუბრნენ. მან თქვა, რომ ეს სახიფათო თემაა და სჯობს, საერთოდ არ არსებობდეს რეგულაციები, ვიდრე შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობა საქართველოში უკვე კონსტიტუციითაა გარანტირებული. ახლახანს მიღებული ახალი კონსტიტუციის 24-ე მუხლი ამბობს, რომ ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური და ძირითადი უფლებაა. სხვათა შორის, ცვლილება კონსტიტუციაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოთხოვნით შეიტანეს.
„ინტერნეტის მნიშვნელობა და საჭიროება თანამედროვე სამყაროში იზრდება, რაც იმავდროულად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ძირითად უფლებებზე. მართალია, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებების დამდგენი რიგი ნორმები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია იმგვარად, რომ ფარავს ინტერნეტ თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, თუმცა ინტერნეტ თავისუფლება, როგორც დამოუკიდებელი უფლება, საქართველოს კონსტიტუციით არ არის განმტკიცებული.მიზანშეწონილად მიგვაჩნია ინტერნეტ თავისუფლებისთვის გამოიყოს ცალკე მუხლი, რომელიც გააერთიანებს ინტერნეტი თავისუფლებასთან დაკავშირებულ ძირითად ასპექტებს, ინტერნეტთან კავშირისა და თავისუფლად სარგებლობის უფლებას“, — ნათქვამი იყო განმარტებით ბარათში.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციით, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტურ და ძირითად უფლებად იქნა აღიარებული. რეზოლუციის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანები ინტერნეტის გამოყენების დროს იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ (მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება), რომლებითაც სარგებლობენ კავშირგარეშე (Offline). რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სახელმწიფოებს, ხელი შეუწყონ ციფრულ წიგნიერებას (digital literacy) და უზრუნველყონ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ინტერნეტში, რაც განათლების უფლების ხელშეწყობის ეფექტიანი ინსტრუმენტია. ხოლო რეზოლუციის მე-10 პუნქტით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო „ერთმნიშვნელოვნად გმობს ელექტრონულ ინფორმაციაზე წვდომის ან ელექტრონული ინფორმაციის გავრცელების გამიზნულად შეფერხებასა თუ აღკვეთას.“

ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ საქართველოში სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისა და უხამსობის გავრცელების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტური საშუალებები არსებობს, მაგრამ მათი გამოყენება უფრო მოქალაქეების აქტიურობაზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, 2004 წელს მიღებულმა კანონმა დიფამაციის შესახებ პატივისა და ღირსების შელახვა სამოქალაქო კოდექსის რეგულირების სფეროდ აქცია. თუმცა აქაც ჯარიმა იმდენად მაღალი შეიძლება იყოს, რომ ნამდვილად არაა პატიმრობაზე ნაკლები.

სვანური კოშკი უშგულში - Sputnik საქართველო
სვანეთში გადაღებული შიშველი ფოტოს გამო ატეხილი სკანდალი გრძელდება

მეორეს მხრივ, 2009 წლიდან საქართველოში მოქმედებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და თუ ადრე ის მხოლოდ წევრი ჟურნალისტების საქმეებს იხილავდა, ახლა ყველა მედია-საშუალების და ჟურნალისტის ნაშრომის განხილვისა და შეფასების უფლება აქვს. ხოლო თუ თქვენი შეურაცხმყოფელი არც ჟურნალისტია და არც ცნობილი პირი, შეგიძლიათ, პირდაპირ სასამართლოს მიმართოთ. თუკი ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი უცნობი ანუ ფეიკია, მისი დადგენის ვალდებულება უკვე შსს-ს აქვს. სხვათა შორის, არანაკლები უფლებები აქვს დამქირავებელსაც — 2016 წლიდან მას შეუძლია, დაქირავებულის ინტერნეტ-მიმოწერა წაიკითხოს სოციალურ ქსელში.

მოკლედ, სამყარო ნელ-ნელა, როგორც მე-20 საუკუნის დიდი კანადელი ფილოსოფოსი მარშალ მაკლუენი ამბობდა, გლობალური სოფელი გახდა, სადაც ყველა ერთმანეთთან რეალურ დროში და რეალურ კომუნიკაციაშია. იდენტობის ქურდობა და ვირტუალურად პატივისა და ღირსების შელახვა კი უფრო ხშირი დანაშაული ხდება, ვიდრე რეალური, რომ აღარაფერი ვთქვათ ინტერნეტოპერაციებით უდიდესი თანხების მითვისებასა და აფიორებზე.

მედიაფორუმი თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისის საერთაშორისო კავკასიური მედიაფორუმი დასრულდა

და კიდევ ერთი — სოციალური ქსელის ექსპერტები გვირჩევენ, სხვადასხვა ქსელში ნაკლებად განვათავსოთ ჩვენი პერსონალური ინფორმაცია — ის შესაძლოა, მოგვიანებით ჩვენსავე წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. მოკლედ, ფეისბუქი და ტვიტერი კარგია, სანამ ზედმეტად ხელმისაწვდომი და ადვილად მოწყვლადი არ გახდებით. გერმანული კანონი, რომელიც უხამსობის 24 საათში წაშლას ავალდებულებს ქსელების ადმინისტრაციებს, უზარმაზარ ჯარიმებს ითვალისწინებს — 50 მილიონამდე. და კიდევ — ქსელი დემოკრატიულია — სულ რამდენიმე დღის წინათ აშშ-ს პრეზიდენტს ტვიტერზე წვდომა შეეზღუდა. არადა, დონალდ ტრამპი ძალიან აქტიურად იყენებს მას საკუთარი პოზიციების გამოსახატავად…

 

ყველა ახალი ამბავი
0