ნაპოლეონის არმიის რისხვა – ძმები ფანჩულიძეების დრაგუნები

CC BY-SA 2.0 / Flickr / Dennis Jarvis / Russiaბოროდინოს ბრძოლა
ბოროდინოს ბრძოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველო“ განაგრძობს სტატიების სერიას ნაპოლეონ ბონაპარტეს წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ გენერლებზე. ამჯერად ძმებ ალექსი, ივანე და სემიონ ფანჩულიძეებზე მოგითხრობთ.

იმერელი აზნაური დავით ფანჩულიძე ვახტანგ VI-ის ამალაში არ მოიხსენიება, თუმცა მეფის გარდაცვალების შემდეგ იქ დარჩენილ ქართველებთან XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან გამოჩნდა. სავარაუდოდ, ის დამოუკიდებლად ჩავიდა რუსეთში და უკვე იქ შეუერთდა ქართველ ემიგრანტებს. თავდაპირველად სხვადასხვა ადგილებში ვოევოდად მსახურობდა. 1782 წელს ჩადის სარატოვში სამოქალაქო პალატის მრჩევლის რანგში და აქვე დაფუძნდა იმ დროისთვის დამახასიათებელი უკვე ახალი გვარით — იმერელი ფანჩულიძე ფანჩულიძევი გახდა.

სამი ვაჟიდან სამივემ ჩინებული კარიერა გაიკეთა. უფროსი ალექსი თავიდან მამასთან მუშაობდა, მალე თავი გამოიჩინა და საბოლოოდ 1808 წელს სარატოვის გუბერნატორობასაც მიღწია. მისმა მომდევნო ძმებმა სამხედრო კარიერა აირჩიეს და მათაც წარმატებული გზა განვლეს. ბოროდინოს ბრძოლას ორივე ძმა გენერლის ჩინით შეხვდა და, სამხედრო მემატიანეთა გადმოცემით, „საოცარი სიმამაცითა და თავდადებით… მტერსაც კი აკვირვებდნენ“.

აუსტერლიცის ბრძოლა - Sputnik საქართველო
ნაპოლეონ ბონაპარტე და მისი მოწინააღმდეგე 12 ქართველი გენერალი

ორ სამხედროთაგან უფროსი — ივანე 1759 წელს დაიბადა და 14 წლიდან სამხედრო სამსახურშია. გაიარა ყველა საფეხური და ბოროდინოს ბრძოლას გენერალ-ლეიტენანტის ჩინით შეხვდა (პეტრე ბაგრატიონის შემდეგ ის ყველაზე მაღალი ჩინის ქართველი სამხედრო გახლდათ). მანამდე მონაწილეობდა თითქმის ყველა ომში, რომელსაც რუსეთის იმპერია იმ პერიოდში აწარმოებდა. აუსტერლიცთან ხელში დაიჭრა, თუმცა ბრძოლის ველი არ მიატოვა და ბოლომდე უერთგულა თავის დრაგუნთა პოლკს, რომლებიც, მეთაურის სიმამაცით აღფრთოვანებულნი, გააფთრებით იგერიებდნენ ფრანგთა იერიშებს და ძირითად ძალებს საშუალებას აძლევდნენ მწყობრად და ნაკლები დანაკარგებით დაეხიათ უკან. ამავე წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის ჩინი. ამ დროიდან მოყოლებული, ნაპოლეონის რუსეთში შემოჭრიდან ყველა დიდ შეტაკებაში მისმა კავალერისტების დივიზიამ იმდენად გაითქვა სახელი, რომ ბოროდინოს წინ ნაპოლეონს უკითხავს, რომელ ფლანგზეა განლაგებული ფანჩულიძევის კავალერიაო და მის წინააღმდეგ რჩეული ჯარის ნაწილები გაუგზავნია.

© National Library of Georgiaივანე ფანჩულიძე
ივანე ფანჩულიძე - Sputnik საქართველო
ივანე ფანჩულიძე

 

1813 წლიდან უკვე გენერალ-ლეიტენანტი ივანე ფანჩულიძე თავის ეგერთა ცხენოსანი დივიზიით ევროპაში გამართულ ყველა ფიცხელ ბრძოლაში მონაწილეობს. მისი ორდენებისა და ჯილდოების ჩამოთვლა ჩემ ძალებს აღემატება, რადგან მასალის ფორმატი ამის საშუალებას არ მაძლევს. გარდაიცვალა ახალგაზრდა, 1815 წელს, სამხედრო დიდების ზენიტში. ჯორჯ დოუს მიერ შესრულებული მისი პორტრეტი სხვა ქართველ გენერლებთან ერთად ერმიტაჟს ამშვენებს.

რუსეთის არმიის მიერ პარიზის აღება - Sputnik საქართველო
პარიზის შტურმით ამღები ქართველი გენერალი ივანე გურიელი

უმცროსმა ფანჩულიძემ — სემიონმაც ძმის მსგავსად 14 წლისამ დაიწყო სამხედრო კარიერა კადეტად, მასავით ყველა საფეხური გაიარა და 1807 წელს გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო. იბრძოდა პოლონეთში, თურქეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში. ორჯერ ომებით გაიარა გალიცია, სილეზია, მორავია, ბოჰემია, ბავარია და შვაბია. ამისათვის წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენიც მიიღო. ძმასთან ერთად იბრძოდა აუსტერლიცთან, პრეისიშ-ეილაუსთან, ფრიდლანდთან. 1812 წლიდან ფრანგებთან ყველა შეტაკებაში მისი დრაგუნთა პოლკი პირველი იღებდა მტრის დარტყმას და ბრძოლის შემდგომი ბედიც ამაზე ეკიდა, თუ ფანჩულიძის „ბიჭები“ გაუძლებდნენ, პოზიციური ბრძოლა იწყებოდა, მისი „ბიჭები“ კი უძლებდნენ. მეთაურმა ბოროდინოს ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ალმასებით მოოჭვილი ოქროს დაშნა მიიღო. არც ევროპის ტერიტორიაზე მისცა გასაქანი ფრანგებს და ავსტრიისა და პრუსიის უმაღლესი ორდენებიც დაიმსახურა. ცოტა გასაკვირია, რომ ასეთი დამსახურების გენერალი 1815 წელს პენსიაზე გადის, თან ნახევარგანაკვეთიანი პენსიით. რა მოხდა და რატომ შეუმცირეს თანხა – უცნობია. 1816 წელს მან თხოვნით მიმართა სამხედრო კოლეგიას, რომ პენსია გაემთელებინათ, თუმცა უარი მიიღო. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა მოსკოვში, სადაც 1817 წელს გარდაიცვალა.

© National Library of Georgiaსიმონ ფანჩულიძე
სიმონ ფანჩულიძე - Sputnik საქართველო
სიმონ ფანჩულიძე

ძმები ფანჩულიძეების ისტორიით დასრულდა ბოროდინოს ომში მონაწილე ქართველ გენერლებზე ჩემი მონათხრობიც.

…გაორებული გრძნობა დამრჩა – XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც ჩვენი დიდი მეფე ერეკლე ბატონიშვილი ყაჯარ აღა მაჰმადს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდა, ბევრი (ძალიან ბევრი) ქართველი ოფიცერი სხვა ქვეყნის დიდებისთვის ღვრიდა სისხლს.

 

ყველა ახალი ამბავი
0