მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და პარიზული ბულვარებით დასატკბობად ქალაქს უამრავი ადამიანი ეწვია… პარიზის შესახებ ჩემზე უკეთ გამოცდილი მოგზაურები მოგითხრობენ ან Google-ის საძიებო სისტემა გაცნობებთ, მე კი შევეცადე თქვენთვის მხოლოდ პირადი (ზოგჯერ არაპოპულარული) შთაბეჭდილება და მოსაზრება გადმომეცა…
მაინც რით იწყება პარიზი?
— ალბათ ცხელ-ცხელი ფრანგული კრუასანების სურნელით, ახლად ადუღებული ყავის არომატით, ძველი ბულვარული რომანებიდან დამახსოვრებული სიმსუბუქის შეგრძნებით და დილის ხედით პარიზული სასტუმროს ფანჯრიდან…
ვაღიაროთ, მართალია, დღევანდელი პარიზი დიდი ხანია ის აღარ არის, რაც მას ეკადრება და იყო, ის მაინც რჩება სიყვარულის ქალაქად, ევროპის კულტურის ცენტრად და, ჰემინგუეის განმარტებით, დღესასწაულად, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახო, რათა სამუდამოდ შენთან დარჩეს…
ის, რომ პარიზი ერთ-ერთი არაპროგნოზირებადი ქალაქია მსოფლიოში, ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. პარიზთან ჩვენი პირველი შეხვედრა მეტროპოლიტენით დაიწყო. ეს ყველაზე ეკონომიური გზა, მაგრამ ამავე დროს, მერწმუნეთ, არც ისე კარგი იდეა იყო. ვფიქრობ, პარიზულ მეტროში აღმოჩენის შემდეგ ზოგადად დღესასწაულზე უტრირებული წარმოდგენა შეგექმნებათ. მეტროს შემდეგ თავისებურ პოსტსაბჭოთა სივრცეში აღმოვჩნდით, რადგან მისაღებიდან დაწყებული, სამზარეულოთი დამთავრებული, მომსახურე პერსონალი და ტურისტებიც კი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან იყვნენ. მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ პარიზული სასტუმროს მისაღებში მოლდოველი, უკრაინელი, ყაზახი და ქართველი ძველი დროის საერთო ამბებს ხალისით გავიხსენებდით… თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი იმ ძველი ახალგაზრდული წლების „ბრალი“ იყო და საბჭოური ნოსტალგია აქ მართლა არაფერ შუაშია…
აღმოჩნდა, რომ ისინი პარიზში უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ და მუშაობენ. აქაურობას შეეჩვივნენ და ფრანგული ენა კარგად ისწავლეს… როგორც იცით, ჰემინგუეის 1964 წელს გამოქვეყნებული რომანი „დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა" ისტორიაა ახალგაზრდა, ნიჭიერ უცხოელებზე, რომლებიც პარიზში ჩავიდნენ იმ იმედით, რომ ერთ დღეს ცნობილ ადამიანებად გაიღვიძებდნენ. მას შემდეგ, უნდა გითხრათ, რომ მას არა მარტო პოპულარობის მოსურნე უცხოელები მიეძალნენ… პარიზმა ფერადკანიანებს ფართოდ გაუღო კარი და მათ უფლებებზეც იზრუნა, მაგრამ იქ ყოფნის დროს მათი საპროტესტო დემონსტრაციის მოწმე მაინც გავხდით…
დამეთანხმებით, ყველაზე დემოკრატიული პროფესია, რომლის წარმომადგენელიც რიგით მოქალაქესთან სასაუბროდ იცლის, ტაქსის მძღოლია, ამიტომ ქალაქური ამბების მოსასმენად საზოგადოების ამ ყველაზე კარგად ინფორმირებული კასტიდან ერთ პერსონას გავესაუბრეთ.
თბილისისგან განსხვავებით, სადაც ხუთ მოქალაქეზე ოთხი ტაქსი მოდის, ევროპაში ამგვარი სატრანსპორტო სერვისი ძვირი სიამოვნებაა. გავრისკე და გაჩერებაზე ერთ-ერთის მანქანის კარი ევროპულად გაღიმებულმა გამოვაღე: ბონჟურ მუსიე! — გაზეპირებულივით წარმოვთქვი. ამის იქით ჩემი ფრანგული ჟესტებით შემოიფარგლა და მე სხვა მანქანისკენ ზრდილობიანად გადამამისამართეს. აქვე გეტყვით, რომ პარიზში ინგლისური ენა ბევრს ესმის, მაგრამ სულ რომ შექსპირის სონეტებით დაიწყოთ დიალოგი, კაციშვილი ყურადღების ღირსად არ ჩაგთვლით. ასე რომ, ამ მხრივ გამიმართლა…
ჩემ წინ აზიური სახის მამაკაცი, სახელად აზიზი აღმოჩნდა. ინგლისურ ენაზე გამართული ჩვენი ურთიერთობის რამდენიმე წუთს სტენოგრაფიული სიზუსტით გაგაცნობთ:
— გამარჯობათ, მადამ, საით მიბრძანდებით?
— მატარებლების სადგურთან მიმიყვანეთ, თუ შეიძლება…
— დაბრძანდით…
— გმადლობთ, — ზრდილობიანად წარმოვთქვამ და ცალი თვალით მრიცხველს ვუყურებ.
— ნუ ნერვიულობთ, მადამ, ამ მრიცხველზე რაც დაიწერება, იმაზე მეტს არ გამოგართმევთ, – მეუბნება გაღიმებული სახით და მანქანის ძრავასთან და მრიცხველთან ერთად თვითონაც „იქოქება“:
— მე აზიზი მქვია, მაროკოდან ვარ, მაგრამ ჩემი წინაპრები დიდი ხანია საფრანგეთში ვცხოვრობთ, უკვე მეხეთე თაობის პარიზელი ვარ. — მის ნათქვამზე ხოხბისა და „ჩამოსულების“ ნაცნობი თემა მახსენდება…
— თქვენ საიდან ხართ?
— მე საქართველოდან, თბილისიდან, გსმენიათ?
— არა, მადამ, — პატიოსნად და ალალად მპასუხობს აზიზი და იქვე კითხვა – მოგწონთ პარიზი?
— მომწონს. — ეტყობა, ჩემი პასუხი დამაჯერებელი არ ეჩვენება:
— მართლა მოგწონთ?
— დიახ, თუმცა მეგონა, უფრო სუფთა ქალაქი იქნებოდა, – გულწრფელად ვაღიარებ.
— სერვისს გულისხმობთ? არ ხართ მართალი, მადამ, აქ არ იტყუებიან…
— არა, ქუჩებში სისუფთავეს ვგულისხმობ…
— მაგაში გეთანხმებით, სუფთა ქალაქი არ არის და ეს ჩვენი ბრალია. თუმცა, ტურისტებიც ცუდად იქცევიან. ისე, პარიზი ლამაზი ქალაქია, მაგრამ თუ დააკვირდით, პარიზელებს მოწყენილი სახეები რომ აქვთ?
— მართლა, ყველას?
— თითქმის ყველას — ქუჩაში მოდიან, მოწყენილი სახეები აქვთ, თითქმის ტირიან, ყავას რომ სვამენ კაფეში, მაშინაც არ იღიმებიან…
— მართლა?— ვკითხულობ დაეჭვებით.
— მართლა! მე რა ვიცი, რატომ ხდება ასე, იქნებ იმის გამო, რომ აქ მაღალი გადასახადებია? მაგრამ აშკარად მოწყენილები არიან…
— და თქვენ არ ხართ მოწყენილი?
— მე? არა, მადამ, თუ დააკვირდით, სულ ვიღიმები, რატომაც არა?— კარგი მანქანა მყავს… მანქანები! – ტაქსის ფირმის ბოსი ვარ, მაგრამ, აი, ვმუშაობ…
— დიპლომი თუ გაქვთ?— ინერციით და ქართულად თვალმოჭუტული ვკითხულობ.
— დიპლომი? რა დიპლომი?
— ანუ უმაღლესი თუ გაქვთ დამთავრებული?
— არა, რად მინდა დიპლომი, ისედაც ბოსი ვარ!
— კარგია, ბოსი რომ ხართ, – დავნებდი სიტუაციას.
— რა თქმა უნდა, კარგია! როცა მინდა, ვისვენებ, მინდა — ვმუშაობ, ჩემი თავის ბოსი ვარ! სიცოცხლე მიყვარს, ადამიანები მიყვარს! საფრანგეთში ცხოვრება ძნელია, მაგრამ მე სულ კარგ ხასიათზე ვარ. თქვენც ასე უნდა იყოთ, დამიჯერეთ, ყველა პრობლემა მოგვარდება, მადამ! აი, ჩემ მრიცხველზეც მხოლოდ 11 ევროა და მეც ზუსტად 11 ევროს ავიღებ თქვენგან, კარგ მოგზაურობას გისურვებთ!
— Merci, შეიძლება ფოტო გადაგიღოთ ჩემი მასალისთვის?
— დიახ, ოღონდ, თუ შეიძლება, ისე გადამიღეთ, რომ ჩემი მანქანაც გამოჩნდეს.
— კი ბატონო! – აზიზი სიამოვნებით პოზირებს და მომღიმარ მაროკოელს მეც ღიმილით ვემშვიდობები.
თბილისში ხშირად გვესმის, რომ ჩვენი ქალაქი ძალიან დაბინძურებულია, მაგრამ როდესაც პარიზის ქუჩები ვნახე, ეს აზრი შემეცვალა… აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ადგილობრივების გარდა მას ტურისტებიც არ აკლებენ და ისინი პირდაპირ ქუჩებში იკმაყოფილებენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას…
თუმცა არის ხელოვნების მექად წოდებული სხვა პარიზიც, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუზეუმით – ლუვრით იწყება. ეცადეთ ლუვრის სანახავად მინიმუმ ერთი დღე მაინც გამოყოთ… პარიზის ქუჩებში ყველა ჩქარობს, მით უფრო ტურისტები, რომლებისთვისაც წამზომი ჩართულია. დრო რომ ფულია, ამ გამონათქვამის ფასს ყველაზე მეტად აქ ხვდები — ყველაფერს ცეცხლის ფასი ადევს. ასე რომ, თუ რიგითი სტატისტიკური შესაძლებლობების ტურისტი ხართ, რესტორნებზე ფიქრი დაივიწყეთ და დაზოგილი თანხით სიმბოლურად მხოლოდ ყავა შესვით რომელიმე ფრანგულ კაფეში, თავისუფალი Wi Fi აქ თითქმის ყველგან არის, მაგრამ… ამით სარგებლობა ტექნიკურ პრობლემას წარმოადგენს.
არაოფიციალური სტატისტიკით, თითქმის ყოველი მეოთხე პარიზელი ქუჩაში ძაღლით დადის და ყოველი მეორე ტურისტი ეიფელის კოშკთან და ტრიუმფალურ თაღთან პოზირებს. აქ მარადიული ხელოვნება იმდენად უყვართ, რომ შესაძლებელია ჯოკონდას რეპროდუქციას სპორტული ფეხსაცმლის მაღაზიაშიც კი გადააწყდეთ…
გაითვალისწინეთ, რომ ყოველ წელს პარიზს 44 მილიონი ტურისტი სტუმრობს და ამ ქალაქის სამი მთავარი დღესასწაულია შობა, ბასტილიის აღების დღე და ფრანგული რენესანსის დასაწყისი. ასე რომ, თუ გინდათ იმ 44 მილიონში ისე მოხვდეთ, რომ „პარიზული დღესასწაული“ ორმაგად აღიქვათ, ეცადეთ თქვენი მოგზაურობა ამ სამი თარიღიდან ერთს მაინც დაამთხვიოთ.
და, ბოლოს, სანამ პარიზში ჩახვალთ, ელემენტარული ფრაზები – Bonjour, Au revoir, Merci და Excusez moi დაიმახსოვრეთ, თორემ თქვენი დახვეწილი ინგლისური იქ, მიხოსი არ იყოს, არაფერში გამოგადგებათ…