როგორ დაუპირისპირეს ერთმანეთს ვაჟა-ფშაველა და გრიგოლ რობაქიძე

© National Library of Georgiaგრიგოლ რობაქიძე
გრიგოლ რობაქიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
28 ოქტომბერი გრიგოლ რობაქიძის დაბადების დღეა

რუსთაველის თეატრში გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“ ორჯერ დაიდგა: 1926 წ. მარჯანიშვილ-ახმეტელის მიერ (ერთობლივი ნამუშევარი) და 1930 წელს ახმეტელის დამოუკიდებელი ვერსიით. თავად მწერალი დეტალურად იხსენებდა პიესის შექმნის შემოქმედებითს ისტორიასაც და საპრემიერო ჩვენებასაც. ამ ვრცელ წერილში მან ერთმანეთს შეუდარა ვაჟას „გველისმჭამელი“, როგორც ინსპირაციის წყარო, და თავისი პიესა. დასკვნა ასეთი იყო: „გველისმჭამელითგან“ „ლამარაში“ არა დარჩენილა რა, გარდა მითიური თქმულების შუაგულისა, ისიც გარდაქმნილის: იქ დაცოლშვილება, აქ ტრფობა – იქ თავმოკლვა, აქ თავშეწირვა“. ისიც გარკვევით თქვა, როგორ გაჩნდა პიესის შექმნის იდეა. თურმე, მარჯანიშვილისთვის ვაჟაზე ჩამოუგდია სიტყვა: „ვამცნე, თუ რა დიდ მგოსნად მოჩვენებოდა იგი ილიას, ვუამბე, აგრეთვე, თუ როგორ გადმოვშალე მე სიდიდე ვაჟასი. გაინაბა გულხმიერებით. შემდგომ ჩავაწვეთე: რა იქნებოდა, ვაჟას პოემა „გველის–მჭამელი“ განსცენიურდეს–მეთქი! (მკითხველისათვის. განსცენიურება აქ ამას გულისხმობდა: წარმოითქმოდა ამბის მოყოლა, დიალოგებში კი მსახიობნი გამოვიდოდენ). განაბული ახლა აღვივდა. ორიოდე დღის შემდგომ წავუკითხე პოემა. ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. პაუზა. „იცი, რა გითხრაა?“ (დაახლოებულთან მიმართვაში ხანდახან „შენ“–ობაზე გადადიოდა.) „ეს რა გამოვა! რა იქნება. შენ თვითონ გაშალო ეს მითიური გადმოცემა დრამად, ჰა?!“ თქვა და მომაფრქვია ციალი თვალი. „ვნახოთ“ — მივუგე სპონტანურ, არ დაფიქრებით“.

თბილისის დინამო 1962 წლის შემადგენლობა. - Sputnik საქართველო
ჟენევის მატჩი და მოულოდნელი შეხვედრა გრიგოლ რობაქიძესთან

1926 წელს გადაწყდა „ლამარას“ დადგმა. პრემიერის მღელვარე წუთებს გულდაგულ იგონებდა გრიგოლ რობაქიძე: „ფარდა ეშვება. ფეხზე დგება მთელი თეატრი. მეც ვდგები. ტაშის გრიალი სცენის მიმართ. მეც მივყვები გრიალს. ფარდა იხდება. ვხედავ: სცენითგანაც ტაში მოდის. გაოცებული ვარ. ერთი მეგობრის ხელი ჩემს მარჯვენა მხარზე. ვერკვევი: სცენითგან მოშვებული ტაში ჩემკენ აბრუნებს მისადმი მიზვავებულ ტაშს მთელი თეატრისა. ეხლა კი ბრუ მესხმის: თითქო მე სხვა ვიყვე, ნათელი ნეტარებით ტანაყვანილი“. სპექტაკლმა ნამდვილი გამარჯვება მოუტანა თეატრს. „დადგმისა და სცენური განსახიერების მხრივ“ იშვიათ წარმოდგენად შეაფასეს, ითქვა ისიც, რომ „ლამარაში“ გამარჯვებულია ქართული თეატრი და ქართველი არტისტი“. 

სხვადასხვა მიზეზთა გამო, „ლამარას“ ბედი კატასტროფით დასრულდა — წარმოდგენა გაქრა, დეკორაციები დაშალეს, დაჩეხეს, დაწვეს… ამ სპექტაკლით დასრულდა მარჯანიშვილისა და ახმეტელის ერთად მუშაობის 4 წელიც. 

როგორც ცნობილია, 1931 წლამდე გრიგოლ რობაქიძე საქართველოში ცხოვრობდა, შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა და იქვე ემიგრაციაში დარჩა. როგორც თავად ამბობდა, მიატოვა „ბოლშევიკური სამოთხე“. ბუნებრივია, ამის შემდეგ საბჭოთა საქართველოში ის ხალხის მტრად და ჯაშუშად გამოცხადდა და აიკრძალა მისი ხსენება. შესაბამისად, რუსთაველის თეატრში 2-ჯერ დადგმული სპექტაკლ „ლამარას“ ავტორი მოიხსნა აფიშებიდან. 

რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცულ 1929-30 წლების სეზონის სპექტაკლის პროგრამას აწერია „ლამარა გრიგოლ რობაქიძის“, მაგრამ უკვე 1932-33 წლების პროგრამიდან ავტორი ამოღებულია, თუმცა ხელით მიწერილი აქვს „ვაჟა-ფშაველა, გველისმჭამელი“.

ვიდრე თავად რობაქიძე საქართველოში იყო, კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია მისი ავტორობის საკითხი. მერე კი „ლამარას“ ავტორად ნელ-ნელა გამოცხადდა ვაჟა-ფშაველა. ძალიან დიდხანს ყველგან ასე იწერებოდა „ლამარა“ — ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების მიხედვით“. როდესაც ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძემ შეიტყო, 1962 წლის აპრილში ბარათით მიმართა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, ირაკლი აბაშიძეს: „ლამარა“ ვაჟასიაა? მაშ მე, ავტორი „ლამარასი“, ლიტერატურული ქურდი ვყოფილვარ!“

აკაკი ბაქრაძემ ყველაზე დიდი კურიოზი უწოდა ამ აბსურდს: „ლამარა“ ვაჟა-ფშაველას მიაწერეს. ერთნი ამბობდნენ — ვაჟას მოტივების მიხედვითო, მეორენი — პირდაპირ ვაჟას ასახელებდნენ ავტორად. ვინც ამას აკეთებდა, ყველამ ჩინებულად იცოდა, ვინც იყო ავტორი. მაგრამ მაინც ცრუობდნენ… ამრიგად, ნებით თუ უნებლიეთ, „ლამარა“ წაერთვა გრიგოლ რობაქიძეს და ვაჟა-ფშაველას გადაეცა. ქართული მწერლობისა და თეატრის ისტორიაში უფრო კურიოზული შემთხვევა არ არსებობს.“

დრომ მოვლენები დაალაგა, ისტორიული სამართლიანობა აღდგენილია. „ლამარა“, როგორც გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოები მხოლოდ მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან ისევ დაუბრუნდა თავის ავტორს.

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0