გაყალბებული ხელმოწერა თუ წინასწარგანზრახული შეცდომა...

© AFP 2024 / SERGEI SUPINSKYმიხეილ სააკაშვილი კიევში პრესკონფერენიაზე
მიხეილ სააკაშვილი კიევში პრესკონფერენიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევამ მისი პოლიტიკური კარიერის შესახებ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

ადამიანის შესაძლებლობებს არა აქვს საზღვარი, მთავარია იყოს მკაფიო მიზანი, ნიჭი, უნარი, მონდომება და ცოტაც იღბალი. თავად განსაჯეთ, რამდენს იტევს ერთი კაცი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად უკრაინის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი — ასეთია მიხეილ სააკაშვილის კარიერის ბოლო თოთხმეტი წლის ანკეტური მონაცემები, რომელთა მიღმაც „ხელებდაკაპიწებული შრომა და მიღწევებია“. ის ადრეც „წარმატებული“ იყო, ფორტუნას არასდროს უჩიოდა. პოლიტიკაში მოსვლის დღიდან მოვლენათა ეპიცენტრშია. საბჭოთა სპეცსამსახურის მაღალჩინოსნის დისწულს მფარველები ქვეყნის ფარგლებს შიგნით თუ გარეთ უყურადღებოდ არ ტოვებდნენ. შთამბეჭდავია „საგმირო“ საქმეთა ჩამონათვალი, რომელთა გამოც საქართველოდან სამართლებრივად იდევნება. სხვა მრავალ „სიკეთეს“ ერთიც დაემატა – მიხეილ სააკაშვილი აპატრიდის ამპლუაში მოგვევლინა, ის ახლა ერთ-ერთია იმ თხუთმეტ მილიონზე მეტი ადამიანიდან, რომელსაც, გაეროს მონაცემებით, მოქალაქეობა არ აქვს…  

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მისი ხელმოწერის გაყალბებაში ადანაშაულებს

უკრიანის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებამ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე აზრთა დიდი სხვადასხვაობა უპირველესად თავად უკრაინაში გამოიწვია. უკრაინელ პოლიტიკოსთა და ექსპერტ-ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა, რაც ნეგატიურად აისახება უკრაინის რეპუტაციაზე მსოფლიოში. მათივე შეფასებებით, საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება, რომლის თანახმად, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობის განაცხადის შევსებისას სამსახურს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. სულ მალე დოკუმენტი გასაჯაროვდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ანკეტაზე, რომლის საფუძველზეც მას მოქალაქეობა ჩამოართვეს, მისი ხელმოწერა გაყალბებულია. მიხეილ სააკაშვილი ექსპერტიზას ითხოვს.

არის მოსაზრება, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც შემთხვევით სულაც არ მოჰყვა საქართველოში პეტრო პოროშენკოს ვიზიტს. თუ ასეა, საკითხავია, რატომ მაინც და მაინც ახლა გადაწყვიტა უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილისთვის ერთ დროს დიდი სიხარულით ბოძებული მოქალაქეობის წართმევა და ქვეყნიდან გაძევება? ნუ დავივიწყებთ, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ქართველ რეფორმატორთა გუნდით გადაბარგებას ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეების „დამსახურებად“ მიიჩნევს. რა შეიცვალა ამჯერად? 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უნდა ეთქვა

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: „უნდა ითქვას, რომ ეს თეთრი ძაფით ნაკერი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მისი პროცედურული არგუმენტაციით გამყარების ყოველი მცდელობა განწირულია. მოარული აზრი, რომ თავის დროზე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა დასავლური, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების გარკვეული პოლიტიკური წრეების ინიციატივა იყო, არ არის საფუძველს მოკლებული, თუმცა სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მიზანი და გეგმა არსებობს. როგორც ჩანს, იმჟამად, გამომდინარე იქედან, რომ მიხეილ სააკაშვილი დასავლეთში აღიქმებოდა წარმატებულ რეფორმატორად, უკრაინაში კი სერიოზული რადიკალური რეფორმების გატარება იყო საჭირო, ის დასავლეთში გარკვეული ჯგუფებისთვის ამ რეფორმების განმახორციელებლად მიიჩნეოდა. თუმცა, უკრაინა დიდი და თანაც მულტიოლიგარქიული ქვეყანაა, სადაც ის ვერაფერს გახდა. შესაძლოა, დასავლეთისთვის ის ამჟამინდელ უკრაინულ სინამდვილეში ნაკლებად საინტერესო გახდა. ამასთანავე, თავის დროზე ჯერ კიდევ გაურკვეველი და დაულაგებელი იყო უკრაინასა და დასავლეთს შორის ურთიერთობა. ამ პროცესშიც, სავარაუდოდ, სჭირდებოდათ მიხეილ სააკაშვილი. დღეს კი ამ ურთიერთობის სტრატეგიაც დადგენილია და ფრონტის ხაზიც გავლებულია. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა უკვე დასავლურ სქემაში ზის და მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ პოლიტიკაში აქტიურობა საჭიროდ აღარ მიიჩნიეს…“

უკრაინის პრეზიდენტმა უკვე თავისი რესურსები შესთავაზა ვაშინგტონს და ახლა ის ცდილობს ძალაუფლება გაიმყაროს. პეტრო პოროშენკოს მიაჩნია, რომ სააკაშვილის გამო დასავლეთში მას არ დაუპირისპირდებიან. ურიგო არ იქნება, ივლისის თვის ბოლო ხუთი დღის ეს ერთი მოვლენა ქართული პოლიტიკის პრიზმაში განვიხილოთ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე - Sputnik საქართველო
საყვარელიძე: უკრაინამ სააკაშვილს ციხისთვის თავის არიდების შანსი მისცა

ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი: „საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ შეიძლება ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება და ეს მიხეილ სააკაშვილს გარკვეული ტაქტიკური სვლების გაკეთების საშუალებას უტოვებს. ის უკრაინულ პოლიტიკაში აქტუალურობას კარგა ხანს არ დაკარგავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ბევრმა გული მოიფხანა და ძალიან ბევრიც „ბედნიერია“ იმით, რაც მიხეილ სააკაშვილის თავს ახლა ხდება, ჩვენთვის მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა, რადგან საქართველოსთვის მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო კომფორტული იყო, როგორც უკრაინული პოლიტიკის ერთი მარგინალიზებული პოლიტიკური ფიგურა. ის და მისი წრე დიდად ვერ იცლიდნენ ქართული პოლიტიკისთვის. არსებობს ეჭვი, რომ მომხდარი საქართველოსა და უკრაიანას შორის, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილსა და პეტრო პოროშენკოს შორის შემდგარი გარიგების შედეგია. თუ ასეთი გარიგება იყო, არც ერთ მხარეს არ ჰქონია გააზრებული ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შედეგები. თუ ასეთი რამ მოხდა, გამოდის, ორივე მხარე ემოციებით და პირადი ვენდეტის მოტივით საზრდოობდა…“ 

პოლიტოლოგთა და ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავშესაფარს, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღებს. მიუხედავად ამისა, ის, შესაძლოა, გარკვეულმა ჯგუფებმა კვლავ ქართულ პოლიტიკაზე გადართონ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
პოლიტიკური სცენიდან შორს... ანუ პარტერში ყოფნის ხიბლი და რისკი...

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე: „ჩვენ ვიცით, ფეთჰულა გიულენი რა როლსაც თამაშობს თურქულ პოლიტიკაში, არ გამოვრიცხავ, დაახლოებით იგივე სქემა ამუშავდეს. მიხეილ სააკაშვილი ხომ ამერიკული პოლიტიკის ისტებლიშმენტის სახელისუფლო ნაწილის პირმშოა. ეს რეალურად მეჩვენება, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინარჩუნებს მეორე პოლიტიკური ძალის სტატუსს. ეს კომბინაცია შეიძლება იყოს ძალიან კარგად შეფუთული. არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად გადავა აქტიურ ფაზაში, მაგრამ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული გლობალური პროცესი მიდის. ესკალაცია, ანუ გლობალური პოლიტიკის პოლარიზაცია იზრდება, ამ გლობალური დაპირისპირების პერიოდში კი შეეთებული შტატები უფრო დინამიური და აგრესიული ხდება და მათ სჭირდებათ რაც შეიძლება მკვეთრი კონტურები ფრონტის ხაზზე…“

ჩვენში, როგორც ყოველთვის, ახლაც ემოციები სჭარბობს. ზოგი ხარხარებს, ზოგისთვის კი ეს ტრაგედიაა. ის იმედი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, შეიძლება ის საქართველოს გადმოსცეს, საღ აზრს მოკლებულია და არარეალური. მიხეილ სააკაშვილს, როგორც ე.წ. ფერადი რევოლუციების პროექტის ყველაზე წარმატებულ წარმომადგენელს, არავინ გაწირავს. თუმცა, ნათქვამია, „არასდროს თქვა არასოდეს“, და, მართლაც, არავის უწყის როდის და როგორ შეიცვლება პოლიტიკური რელიეფი, ვისთვის რა იქნება მისაღები და რის ფასად. დრო გვიჩვენებს, იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ბედი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თბილისური საუბრების ერთ-ერთი თემა. მანამდე კი ვიტყვი, რომ რამდენიმე დღეა მესმის — მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის გარეშე დარჩა. რატომ არავინ ამბობს, რომ ის დიდი ხანია სამშობლოს გარეშე დარჩა?!

ყველა ახალი ამბავი
0