გადამწყვეტი ბრძოლა კალაძისათვის

© FB / Kakha Kaladzeკახა კლაძე
კახა კლაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გახდება თუ არა ადგილობრივი არჩევნები საჯილდაო ქვა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიცია? რატომ აპირებს ოპოზიცია ბევრი კანდიდატის დაყენებას და გახდება თუ არა მეორე ტური საჭირო თბილისში კალაძისათვის არჩევნების მოსაგებად?

პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას არ ჩქარობს. კახი კალაძეს, ზაალ უდუმაშვილსა და ელენე ხოშტარიას უკვე დაწყებული აქვთ წინასაარჩევნო კამპანია. თუ ქართული ოცნების გამოკვეთილი ლიდერი დღემდე კოლეგიური ორგანოს ძალიან გავლენიანი, მაგრამ მაინც წევრი იყო, ახლა კალაძე დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებს და საკმაოდ წარმატებულადაც. მან უკვე დაიწყო საარჩევნო პიარსვლები — საკუთარი ავტომანქანით, მძღოლისა და დაცვის გარეშე მისვლა მთავრობის სხდომაზე ისე, რომ ამის შესახებ ვითომ შემთხვევით შეიტყვეს ჟურნალისტებმა და ა.შ. მოგვიანებით ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, სადაც ის ასევე საჭეს მართავს და აჭარაში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურზე მიიჩქარის. ანუ პიარ-მენეჯერმა დაგეგმა სვლები — კალაძე, რომელსაც მართვა შეუძლია, კალაძე, რომელიც მოხუცებს გულში იხუტებს, ხალხის შვილია და ა.შ. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
სიმღერა ერთ ხმაში ანუ ნაცნობი ჰანგების ახალი ნოტები…

იშვიათად თუ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ის არჩევნებს მოიგებს, მაგრამ აქაც არის რამდენიმე ასპექტი. პირველ რიგში ის, რომ კალაძეს სამი დიდი აქტივი აქვს — ფული, საერთაშორისო ცნობადობა და სახელისუფლებო პარტიის, მათ შორის, საარჩევნო კომისიებში საკუთარი ხალხის მეშვეობით სიტუაციის გაკონტროლების საშუალება.

მეორეს მხრივ, ის, რაც ძლიერი მხარეა, ამავე დროს სუსტი მხარეცაა. კალაძის სამომავლო ამბიციებისათვის, თუ ის ნამდვილად ხელისუფლების რეალური მმართველის ფუნქციის გადაბარებას აპირებს, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ეს გამარჯვება — პირველივე ტურში, დიდი უპირატესობით თუ მეორე ტურში, საკმაოდ დიდი წვალების შემდეგ.

არც ნაციონალების კანდიდატი და არც მათი ოპტიმიზმი არაა ყურადღებას მიღმა დასატოვებელი ამბავი. იმის მიუხედავად, თუ ვინ გახდება თბილისის მერი, პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება თბილისის საკრებულო. სწორედ ამიტომ შეარჩია ლოკომოტივად მიხეილ სააკაშვილმა ყველასათვის ცნობილი და ამავე დროს ბევრი ადამიანისათვის საყვარელი ზაალ უდუმაშვილი ნაციონალების ყოჩად. ზაალ უდულაშვილს მთელი საქართველო იცნობს. ჰყავს მეგობრები, კოლეგები, კლასელები, მეზობლები, ნათესავები და ნაციონალების მხარდამჭერები, რომლებიც, როგორც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გაირკვა, არცთუ ისე ცოტანი ყოფილან. ტრიუკი, რაც მიშას საპარლამენტო არჩევნებზე ჩაუტარეს, როგორც ჩანს, ვეღარ განმეორდება და ის თავისი მხარდამჭრების ხმებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ბოკერიას, ბაქრაძისა და, საბოლოო ჯამში, ივანიშვილის მიერ სათავისოდ შერჩეულ ოპოზიციას აღარ შეიყვანს.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
უკუღმართი დროება და ორი მეგობრის გასაუბრება...

საკმაოდ რეიტინგულია ასევე ნიკა მელიაც და ისინი ერთობლივი ძალებით ეცდებიან, რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი ფრაქცია შექმნან თბილისის საკრებულოში. არჩევნებს გაუყალბებენ? საუკეთესო სცენარია დეჟავიუს მოყვარულებისთვის. იქნება მცდელობა გამეორდეს ის, რაც მოხდა 2003 წელს. შეგახსენებთ, რომ 2002 წლის ადგილობრივი არჩევნებისას თბილისში საარჩევნო ბარიერი შვიდმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 46%-მა. მმართველმა პარტიამ მოქალაქეთა კავშირმა ხმათა 2,5% მიიღო და ვერ მოხვდა თბილისის საკრებულოში. ყველაზე მეტი ხმა მიიღეს საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ – 26%, პარტიების ბლოკმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, საქართველოს კონსერვატიული პარტია – 24%.

ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს დაუთმო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
პრემიერის საკონსტიტუციო კონსენსუსი

სწორედ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა გახდა ის პლაცდარმი, საიდანაც მიშამ ჯერ პარლამენტის წინ აქციებზე, შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში გადაინაცვლა და რომ არა ბიძინა ივანიშვილის და მისი რესურსის გამოჩენა, 30-40 წლით აპირებდა ხელისუფლების შენარჩუნებას. 

მოხსნიან თუ არა სხვა ოპოზიციური კანდიდატები საკუთარ კანდიდატურებს რომელიმე ერთი ლიდერის სასარგებლოდ? სავარაუდოა, რომ არა. საქმე ისაა, რომ არჩევნებში 1+1 ყოველთვის არ ნიშნავს ორს. 

ზოგადად, ძალიან კარგი ბიოგრაფია და პოლიტიკური გამოცდილება აქვს ალეკო ელისაშვილს, ის ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც პოლიტიკაში წავიდა და შთამბეჭდავად გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილის უახლოეს მეგობართან. თუ ელისაშვილს წინასწარი გამოკითხვებით დიდი უპირატესობა არ ექნება, არ ღირს, მომავალი დამარცხებით დაიმძიმოს. მით უმეტეს, მას რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების მხარდაჭერა პროცენტულად ბევრს ვერაფერს შემატებს.

არც ელენე ხოშტარიას ფაქტორის დავიწყება შეიძლება. უდავოდ მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ ელენე ჯერჯერობით ერთადერთი ქალი კანდიდატია. ზურგს უმაგრებს გამართული პარტია, ფინანსები და ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეებიდან შესაძლოა მას, მამის ფაქტორის გამო, ბევრმა დაუჭიროს მხარი. ელენე ხოშტარიას მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებლები ჯერჯერობით, მიმდინარე გამოკითხვებით, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. 

თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
შვილო, ზურაბ, სადამდე?

სულ სხვა ვითარება შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერობის ან საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კახა შარტავა დასახელდება „შენების მოძრაობიდან". შარტავას ძალიან კარგი იმიჯი და განათლება აქვს, ზნეობრივად დღეს სარბიელზე მყოფ პოლიტიკოსებთან შედარებით თვალუწვდენელ სიმაღლეზე დგას და თბილისის ძველი და ახალი თაობის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. შარტავას საარჩევნო კამპანიის ემოციურ ფონს მუდმივად გაანათებს ქართველი გმირის ჟიული შარტავას სახელი და დევნილებიც, დიდი ალბათობით, მას დაუჭერენ მხარს. არადა, თბილისში დევნილთა რიცხვი საკმაოდ დიდია. ძნელი სათქმელია, დათანხმდება თუ არა ამ პოსტზე კენჭისყრას თავად კახა შარტავა, რომელმაც თავის დროზე პრეზიდენტობის კანდიდატობაზეც კი განაცხადა უარი. უფრო სავარაუდოა, რომ ის საკრებულოს სიის პირველი ნომერი გახდეს და მისი მეშვეობით ახლადშექმნილმა „შენების მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოში ის ტრიბუნა და რესურსები მოიპოვოს, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვის სჭირდებათ.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
სოფლის მაშენებლები – ახალი პარტია ძველი პოლიტიკური სახეებით

თბილისის მერობის მოსურნე ბევრია. დიმიტრი ყიფიანი და ნიკო ნიკოლაძე არც ერთი არ გახლავთ. კახი კალაძეს გამარჯვებისთვის დიდი ფულის დახარჯვა მოუწევს. ყველაზე მეტად მას შინაური მტრების უნდა ეშინოდეს. მთავრობაში მას რამდენიმე დაჯგუფება ებრძვის და ეს ადამიანები საკმაოდ ოსტატურად ეცდებიან, რომ კალაძეს ამბიციები შეუსუსტონ და, სულ მინიმუმ, მეორე ტური „გაუჩალიჩონ". ასევე მხედველობაშია მისაღები – ვისთვის მზადდება პირდაპირ არჩეული პრეზიდენტის სავარძელი 6 წლით. ბოლო ქმედებებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, კვირიკაშვილი ცდილობს ამ პოსტზე ალტერნატივა არ ჰყავდეს. ბიძინა ივანიშვილს უყვარს რესპექტაბელური, მაგრამ მორჩილი და პოზიტიური ადამიანები. ამ მხრივ პრემიერს მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე თუ შეედრება.

ეს ყველაფერი ვერსიები, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები და ის ინფორმაციაა, რომელიც მოცემული მომენტისთვის არსებობს. თუმცა ქართველებს გვაქვს ერთი კარგი ანდაზა – „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები რაიმე ექსტრემალური სიტუაციის შემთხვევაში, მით უმეტეს, აქ ნაკლებადაა გათვალისწინებული საერთაშორისო ფაქტორები, თუმცა, სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ან მოწინააღმდეგეებმა სერიოზული ფსონი დადონ. 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0