უკუღმართი დროება და ორი მეგობრის გასაუბრება...

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძველი მოთამაშეების უცვლელი რეპერტუარი და დებიუტანტების სითამამე. ვის დარჩება დედაქალაქი? როდის ჩატარდება არჩევნები და ვინ დაიკავებს თბილისის მერის სავარძელს? როგორია სასტარტო პოზიციები და კანდიდატთა შანსები?

ამასწინათ თბილისის მერიის შენობასთან, ხალხმრავალ ნაკადში, ჩემ მეგობარსა და თქვენთვის კარგად ნაცნობ ანალიტიკოს არჩილ გამზარდის შევხვდი. ერთმანეთი მოვიკითხეთ. მითხრა, რომ ბოლო დროს ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ, აგარაკზე ცხოვრობს და თბილისს იშვიათად სტუმრობს, ისიც ლექციების წასაკითხად. მე ჩემი ამბები ვუამბე და ბოლოს ინტერვიუზე დათანხმება ვცადე, თუმცა მითხრა, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში ერთხანს პაუზა აიღო. რა გაეწყობოდა, პრივატული საუბარი განვაგრძეთ, თუმცა პოლიტიკაზე მუსააფს მაინც ვერ ავცდით.  საკონსტიტუციო რეფორმა და პოლიტიკური ელიტა, საკადრო ცვლილებები ტელემედიაში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის და ე.წ რეპერების საქმე… ჩვენში სალაყბოს რა გამოლევს. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების თარიღი ჯერ არ ვიცით, თუმცა თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატი უკვე ცნობილია და ჩვენ მათ  შანსებზეც ვიმსჯელეთ. მე ჩემი ვუთხარი, მან თავისი მითხრა. როცა სათქმელი დაასრულა, დიალოგის ბოლო ეპიზოდის გასაჯაროების უფლება ვთხოვე. გაეღიმა, ხელი ჩაიქნია, შენი საშველი არ იქნებაო, მითხრა… უარი არ უთქვამს. მეც ვიხელმძღვანელებ პრინციპით — რაც აკრძალული არ არის, ის დასაშვებია და ვეცდები მაქსიმალური სიზუსტით გადმოგცეთ ამ გაბაასების შინაარსი…

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
სოფლის მაშენებლები – ახალი პარტია ძველი პოლიტიკური სახეებით

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „ვიტყვი, რომ ელენე ხოშტარია საინტერესო კანდიდატია, ზოგჯერ ზედმეტად პარტიულ ჩარჩოში წარმოდგენილი, ზოგჯერ — ზედმეტად ნერვიულიც. გამოცდილი მაქვს მასთან დებატი რამდენჯერმე, კვალიფიციურია, მაგრამ  დემაგოგიას იმაზე ხშირად მიმართავს, ვიდრე სჭირდება. კვალიფიციური სუბიექტია და თან კარგი ორატორიც. არჩევნებზე წარმატების შანსი პრაქტიკულად არ აქვს, ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანიის გამოყენება მას, მაქსიმუმ, შეუძლია იმიჯ-მეიკინგისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ელენე ხოშტარია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მაღალჩინოსანი იყო, მისი მართვითი უნარების შესახებ ინფორმაცია მწირია. რამდენადაც თბილისის მერი პოლიტიკური პირიცაა, შესაძლოა, დადებითი ასპექტი ვლინდებოდეს ელენე ხოშტარიასთან მიმართებაში…“

კანდიდატებს შორის ჟურნალისტებიც არიან. ზაალ უდუმაშვილისთვის მომავალი არჩევნები პოლიტიკაში დებიუტია. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, ის პოლიტიკაში რამდენიმე წლის წინათ მოვიდა და საკრებულოს წევრია. ბუნებრივია, რომ, მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი ჩემს პოლიტიკურ ან, თუ გნებავთ, პროფესიულ გემოვნებას, მეგობარს მათი შანსების შეფასებაც ვთხოვე…

„ქართული ოცნების ბანერი - Sputnik საქართველო
არჩევნების სისტემა საქართველოში: „ქართული ოცნება" პლუსებსა და მინუსებს აფასებს

არჩილ გამზარდია: „ზაალ უდუმაშვილი ასევე საკმაოდ საინტერესო კანდიდატია. შესაძლო საიმიჯო პარამეტრების გათვალისწინებით, მან წესით არა იმდენად ზომიერი, არამედ მიმწოლი და აგრესიული მარკეტინგის მეთოდებით უნდა იხელმძღვანელოს და საკმაოდ აგრესიული კამპანია ჩაატაროს. შანსები დაბალია. მისი რამდენიმე პოლიტიკური გამოსვლა მოსმენილი მაქვს. ის უფრო სუსტ ორატორულ უნარ-ჩვევებს გამოხატავს, რაც მისი სუსტი წერტილიც შეიძლება იყოს. თავად ზაალ უდუმაშვილის ფაქტორი, მგონია, რომ პარტიაში ადამიანური რესურსების სერიოზულ კრიზისზე მიანიშნებს… ალეკო ელისაშვილი კი ის ერთ-ერთი იშვიათი პირია, რომელმაც როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა თვითმმართველობის არჩევნებში. ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდა ინდივიდი დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა. ბოლო წლებში თითქოს დაკარგა ხილვადობა — არა აქტივობა, არამედ მისი პოლიტიკური ხილვადობა და მისი აღქმა გართულდა, რადგანაც ბალანსი პოლიტიკურ პოზიციებში რთული მისაღწევია. მარტოხელა პოლიტიკოსი შეიძლება იყოს საინტერესო მასობრივი საზოგადოებისათვის, თუმცა მისი შესაძლებლობები შეზღუდულია, ხოლო ნეგატივების შეცვლის პერსპექტივა არსებითად მცირეა…“

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში გიორგი ვაშაძის მონაწილეობა ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება, ჩვენ არც „ახალი საქართველოს“ ლიდერის პერსონა დაგვიწყებია…

ტელეკომპანიის კამერა და მიკროფონი - Sputnik საქართველო
ცნობილი ტელეწამყვანი შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატი გახდეს

არჩილ გამზარდია: „ჩემი ამომრჩევლური ინტერესი დასახელებულ კანდიდატებში ვაშაძის მიმართ ყველაზე მეტია, რამდენადაც ის მიმაჩნია კარგ ადმინისტრატორად, თუმცა, რამდენადაც თბილისის მერი პოლიტიკური პირიცაა, გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ უნარებს მაღალ შეფასებას არ მივცემდი. მისი შანსები ასევე მცირეა… სავარაუდოდ, ის თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ეფექტურ სტარტად და სამომავლო ბატალიებისთვის მზადების ეტაპად უფრო უნდა განიხილავდეს…“

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა მმართველი პოლიტიკური გუნდის კანდიდატზე… ვვფიქრობ დიდია ალბათობა იმისა, რომ კახი კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს…

არჩილ გამზარდია: „ნამდვილად! შანსები ძალიან დიდია, თუმცა კახი კალაძის მერობის კანდიდატობა მმართველ გუნდში ადამიანური რესურსების კრიზისზე მიანიშნებს, რაკიღა ასეთი რანგის კოზირი წამოწიეს. კახი კალაძის შესაძლებლობები ძალზედ მრავალმხრივია, დაწყებული მისი ფინანსებიდან, გაგრძელებული პოზიციით, კონტაქტებით, ასევე მისი დინამიური პროგრესით, რომელიც ბოლო წლებში მან, როგორც პოლიტიკოსმა, განიცადა. ის რთული და საინტერესო პოლიტიკური ფიგურაა. მისდამი ჭორის ზონა მაღალია, მათ შორის დამაჯერებელი ჭორის ზონაც, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მისი „გამოჭერა“ საკმაოდ რთულია. ის საზოგადოებასთანაც და პოლიტიკურ ფლანგზეც მუშაობს ფრთხილად და აკურატულად. რამდენად სასურველია ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისათვის, კახი კალაძის მერობა, რთული სათქმელია, მის მხარეს და მის წინააღმდეგ არაერთი არგუმენტია, თუმცა, ჩემი პროფესიის გათვალისწინებით, დიდი ინტერესითა და დაკვირვებით ვადევნებ თვალს მის პოლიტიკურ კარიერას…“

სულ ეს არის, რისი გაზიარებაც ამჯერად თქვენთვის მსურდა. არჩევნების თარიღი ჯერ უცნობია, საბოლოოდ არ არის გარკვეული კანდიდატების ვინაობა და მათი სასტარტო პოზიციები… ერთადერთი, რაც უკვე ზუსტად ვიცით, ის არის, რომ ზაფხული და შემოდგომა ძალზე ცხელი იქნება და არა მხოლოდ ცელსიუსით…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0