ქართველი ფრანკოფილი, რომელმაც საფრანგეთის 15 რაიონი მოინახულა

© courtesy of Margot Lescautნათია ნაკაშიძე
ნათია ნაკაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოგზაური, ბლოგერი და ფრანკოფილი - მას ყველა ფსევდონიმით მარგო ლესკო იცნობს. საინტერესოდ წერს და მის მიერ აღმოჩენილ კადრებსაც საინტერესო ამბებს არგებს. უყვარს ლიტერატურა და მისი წიგნი „ჩაი ერთისთვის“ უკვე ბევრმა „დააგემოვნა“.

2015-2016 წლებში მონაწილეობა მიიღო თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში „არტისტერიუმი“. 2016 წელს კი საერთაშორისო ფოტო-ფესტივალის „ქოლგა“ფინალისტი გახდა. მისი ფოტოები „არტისტერიუმის“ ორ კატალოგში და „ქოლგის“ 2016 წლის კატალოგშია შესული. საფრანგეთზე შექმნილი მისი ბლოგი ინფორმაციული ხასიათისაა და ტურისტებისთვის კარგი გზამკვლევი. შექმნილი აქვს ბლოგები ბურგუნდიასა და როკამადურზე. მომავალში სურს, რომ საფრანგეთის ყველა იმ 15 რეგიონზე დაწეროს, რომელიც უკვე მოინახულა. გაიცანით ნათია ნაკაშიძე, იგივე მარგო ლესკო. 

© FB/ Margot Lescautნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო
ნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
ნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო

— თავიდანვე გკითხავთ: ვინ არის მარგო ლესკო?

— მარგო ლესკო ჩემი ფსევდონიმია, რომლის უკან რეალური პერსონაჟი არ დგას. პაპაჩემის დას ერქვა მარგო, რომელიც ძალიან ძლიერი, დამოუკიდებელი და ჭკვიანი ქალი იყო. ჩემთვის ეს სახელიც მასთან ასოცირდება. ლესკოს რაც შეეხება, მანონ ლესკო მიყვარდა ადრეულ ასაკში და ეს სახელი და გვარი ერთმანეთს კარგად გაერითმა.

— ნათია, თქვენი „ჩაი ერთისთვის“ უკვე ბევრმა „დააგემოვნა“. რა დოზითაა მასში შაქარი?— ანუ ცხოვრების სიტკბო და რა დოზით სხვა დანარჩენი?

— ზუსტად იმ დოზით, რა დოზითაც ზოგადად ადამიანის ცხოვრებაშია. სულ ტკბილს ხომ ვერ შეჭამ? დანარჩენი,,გემოც” ისეა  დაბალანსებულია, რომ ამბავმა ხან გაგაცინოს, ხან დაგასევდიანოს, ხან არსებული რეალობიდან გაგიყვანოს და ვიღაცის უცხო სამყაროში მყუდროდ შეგაფარებინოს თავი. როცა რაღაცას ვწერ, ვცდილობ, ამბავი ისეთნაირად იყოს შეფუთული, რომ ბოლოში როცა გავა, მკითხველს თბილად გაეღიმოს, მაგრამ ამავე დროს პირში მსუყე სიტკბოს გემო არ დაუტოვოს. ჯერჯერობით, გამოცემული მაქვს მხოლოდ „ჩაი ერთისთვის“, რომელიც სამნაწილიანია: ავტობიოგრაფიული ამბები, ნოველები და სატირა. ვმუშაობ მეორე წიგნზე, რომელიც ფოტო-ნოველები იქნება და ჩემს ორ გატაცებას გააერთიანებს. 

© FB/ Margot Lescautნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო
ნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
ნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო

— რაზე ან ვისზეა თქვენი ფოტო-ნოველები?

— ფოტონოველებს, როგორც ასეთი, დასრულებული ამბების ფორმა არ აქვს, ეს უფრო ჩემს არაცნობიერში შენახული ემოციებია, რომელიც ხან ფრანგი მოხუცი კეკლუცი ქალის მეშვეობით წამოჰყოფს თავს, ხან მიტოვებული კაცის, ხანაც ფლამენგოს ყოფილი მოცეკვავე ქალის „დახმარებით“. როდესაც ფოტოს ვიღებ, ამბავიც იქვე იბადება. ერთ ქალს გავიხსენებდი, რომელიც პარიზის რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე გადავიღე. მის წვივებს და ფეხსაცმელებს რომ შევხედე, მისი,,ისტორიაც" თვალწინ დამიდგა: „მკაცრი სახე წინწამოწეული ცხვირით და ზედა ყბით, დიდი, მრგვალი შუბლი და გადატკეცილი თმა, არ გინდა ქვემოთ ჩააყოლო თვალი, ეგრევე ხვდები, რომ ესპანელია. ესპანელი ქალი წარსულით, მთელი,,Historia de un Amor” რომ სახეზე აწერია, თითოეულ ღრმა ნაოჭზე, თვალების მოძრაობაზე, პირის კუთხეებზე, პომადის ფერზე, საყურის სიგრძეზე, ართრიტისგან ფორმადაკარგულ თითებზე. მერე ქვემოთ ათვალიერებ, ჩადიხარ ფეხსაცმელებამდე და უცებ ყურში ჩაგესმის ქუსლების რიტმული კაკუნი, ტაში და ენერგიული შეძახილი,,ოლეეეეე!", ბავშვობიდან რომ ესმოდა და ლოგინიდან წამოაგდებდა. მერე ფანჯრიდან ჩუმად უჭვრეტდა აი, იმ დიდ ბიჭს, ყველაზე კარგად რომ ცეკვავდა მათ დასახლებაში. ვინ იცის, იქნებ პარალელური ხაზებიც იკვეთებიან სხვა სამყაროში?..“ 

© FB/ Margot Lescautნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო
ნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
ნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო

— თქვენი ფოტოები რომელ კატალოგებშია  შესული?

— ჩემი ფოტოები შესულია სამ სხვადასხვა კატალოგში, მიღებული მაქვს მონაწილეობა რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში. ვორქ-შოფები მაქვს გავლილი უცხოელ ფოტოგრაფებთან, როგორც აქ, ისე პარიზში. ყველაზე მეტად იმ თემებზე მომწონს მუშაობა, რომელიც ამ ჩემს ოთხ გატაცებას აერთიანებს: წერა, ფოტოგრაფია, საფრანგეთი და მოგზაურობა. მოკლედ, მე ქუჩის ფოტოგრაფი ვარ და ფოტოებზე ამბების მოგონება მიყვარს…

— ნათია, ალბათ უაზრობა იქნება გკითხოთ, რატომ მაინცადამაინც საფრანგეთი, ამიტომ მე ასე გკითხავთ: როგორია, ის, „თქვენი საფრანგეთი“?

— ,,ჩემი საფრანგეთი არის ჩემი „შინ“, ჩემი „ბებიის სახლი“, ერთი სული მაქვს გაკვეთილები როდის დამიმთავრდება სკოლაში და კარს შევუღებ ყიჟინით: „ბები, მოვედი“!. აი, ეს არის ჩემთვის საფრანგეთი და როგორც კი აეროპორტიდან ფეხს გადმოვადგამ, ისევ ის ბავშვი ვხდები, ბებიის სახლის კარის წინ რომ დგას. როცა საფრანგეთში არ ვარ, „სკოლაში ვზივარ გაკვეთილებზე“ და მოლოდინის რეჟიმში ვარ  „ზარი როდის დაირეკება“. ღრმა ფესვები აქვს ამ სიყვარულს, დედისგან და ბავშვობიდან მოდის. დედა-ფრანგული ენის პედაგოგი იყო და ფრანგული ლიტერატურა, კინო, მუსიკა დღემდე უყვარს. სტუდენტობისას ფრანგულენოვან  ანსამბლში მღეროდა. ფრანგულ წიგნებს გვიკითხავდა და ფრანგულ სიმღერებს გვასწავლიდა. ძალიან ბევრს გვიყვებოდა საფრანგეთსა და ფრანგულ კულტურაზე. ჩემს წარმოდგენებში ხან მილედი ვიყავი, ხან ესმერალდა, ხან კოზეტა, სკოლის სპექტაკლშიც მაქვს ნათამაშები კოზეტას როლი ფრანგულად. ამ ყველაფერმა ღრმა კვალი დატოვა ჩემზე და შემდგომში დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ინტერესებზე, მისწრაფებებსა და ზოგადად ცხოვრებაზე. ჯერჯერობით, პარიზზე დაწერილი მაქვს ორი ნაწილი, დანარჩენ ნაწილებზეც ვმუშაობ. 

© FB/ Margot Lescautნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო
ნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
ნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო

— საფრანგეთზე საინტერესო ბლოგიც გაქვთ შექმნილი…

— მე მოგზაური და ფრანკოფილი ვარ, ამიტომ ეს ორი სიყვარული გავაერთიანე და შევქმნი ბლოგი საფრანგეთზე, სადაც ჩემი გადაღებული ფოტოებით გადმოვცემ მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა თუ ამბებს. თან ეს ბლოგი ინფორმაციული ხასიათისაცაა და ტურისტებისთვის გზამკვლევიც. მაქვს ბლოგები ბურგუნდიაზე, როკამადურზე, ახლა ნორმანდიაზე ვწერ. სურვილი მაქვს, რომ საფრანგეთის ყველა იმ რეგიონზე დავწერო, რაც მოვიარე. ასეთი კი ჯერჯერობით თხუთმეტია, მერე რასაც ვინახულებ, დანარჩენებზეც ნელ-ნელა დავწერ. 

© FB/ Margot Lescautნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო
ნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო
ნათია ნაკაშიძის მიერ გადაღებული ფოტო

— და ბოლოს, საინტერესოა, რომელია თქვენი საყვარელი ადგილი პარიზში?

— პარიზში ბევრი საყვარელი ადგილი მაქვს, მაგრამ ერთი მათგანი მაინც გამორჩეულად მიყვარს, ოღონდ რითია ის გამორჩეული, არ ვიცი. სრულიად ჩვეულებრივი, პატარა ქუჩაა —Rue Georges Berger ცენტრიდან საკმაოდ შორს, მე-17 რაიონში, მყუდროდ მიმალული ორ დიდ გამზირს შორის. ალბათ, სულ 200 მეტრი სიგრძის იქნება, მაგრამ როცა პარიზში ვარ, ყოველთვის მივდივარ ამ ქუჩაზე, სადაც აუხსნელი ბედნიერების განცდა მიჩნდება…

 

ყველა ახალი ამბავი
0