აღარ გვყავს ბერიკა, ანუ როცა „არ იდარდო“ დარდობს...

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშისაუკუნის ავტოგრაფი - გივი ბერიკაშვილი
საუკუნის ავტოგრაფი - გივი ბერიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
...გოგოო, ნუ წერ ამხელა ტექსტებს! ვერ დავიმახსოვრებ, სადღა შემიძლია, დავბერდი! – ასე იწყებოდა თითქმის ყველა ჩვენი შეხვედრა. ამჯერად მოკლედ ვწერ... იმიტომ რომ ვერ ვწერ...

რამდენიმე წლის მანძილზე ერთ გადაცემაში, ერთ სტუდიაში და ერთ ოთახში ვიყავით — მართლა ერთი ოჯახივით. ბატონო გივი და ჩვენ — გადაცემა „არ იდარდოს“ ჯგუფი. 2005 წელს „იმედში“ ამ გადაცემის წაყვანაზე სიხარულით დათანხმდა და უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ის კი არა, ეს ჩვენ ვიყავით მის გუნდში… მისთვის წამყვანის ტექსტის დაწერა ადვილი არ იყო. თითქმის ყველა თემაზე ჰქონდა გასახსენებელი და მოსაყოლი ცხოვრებიდან – ნამდვილი, ადამიანური ამბები… ეს მისი წყალობით იყო, რომ მაშინდელ ტელესივრცეში ეს გადაცემა ასეთი მაღალრეიტინგული იყო. სტუდიაში სხვანაირი იყო, რა თქმა უნდა, მისთვის ჩვეულ იუმორს იმპროვიზებულად არ აკლებდა, მაგრამ გადაცემა კი არ მიჰყავდა, ის ერთი საათი სტუდიაში ცხოვრობდა… გადაცემის გმირების მოულოდნელი შეხვედრების დროს ისიც ხვდებოდა წლების უნახავ მეგობარს, მასაც უხაროდა და ტიროდა. ეს ყველაფერი მართლა არ იყო კამერისკენ მიმართული, წინასწარ დაყენებული პოზა… დღეს ჩვენი ჯგუფიდან სამნი ვიხსენებთ მას…

© თეონა გოგნიაშვილის პირადი არქივი„ტელეიმედი", გადაცემა "არ იდარდოს" სტუდიაში, 2005 წელი
„ტელეიმედი, გადაცემა არ იდარდოს სტუდიაში, 2005 წელი - Sputnik საქართველო
„ტელეიმედი", გადაცემა "არ იდარდოს" სტუდიაში, 2005 წელი

ირაკლი ჯაოშვილი, რეჟისორი: საოცარი გულის ადამიანი წავიდა, გივი ბერიკაშვილი ისტორიის კუთვნილებაა… დღეს მთელი საქართველოა ჭირისუფალი, წავიდა პიროვნება, რომელმაც თავისი ცხოვრებით კაცთმოყვარეობის, ზნეკეთილობის და ადამიანობის ჭეშმარიტი მაგალითი დაგვიტოვა… ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე წელი მასთან ერთად ვქმნიდით „არ იდარდოს" — გადაცემას, რომელიც სულის კათარზისი იყო ბევრი ადამიანისთვის… დიდი მადლობა, ბატონო გივი, ყველაფრისთვის, ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს თქვენს სულს… 

ლელა ბარძიმაძე, ჟურნალისტი: მახსოვს, ერთხელ, ტელევიზიაში ყოფნის დროს, როცა ჩემი ოჯახისა და ცხოვრების ამბავი მოვუყევი, სახლში, სადაც ქირით ვცხოვრობდი, წაყვანა შემომთავაზა — „ყველას გავაგებინოთ, რომ პატრონი გყავსო“… მთელი იტალიური ეზო გამოიფინა, როცა შევედით, იქვე ჩამოჯდა და მთელი საღამო ჩვენთან ერთად გაატარა, გაიხსენა ამბები, იხუმრა და მთელი ცხოვრების სამყოფი სითბო დატოვა… დიდი ადამიანი იყო, არის და იქნება…

პირველივე გადაცემის შემდეგ შინაური გახდა, უფრო ჩვენიანი, და გადაცემაზე მუშაობის დროს მის ოჯახში თუ ტელევიზიაში ჩვენს ამბებს გვაყოლებდა… როცა ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს ჯანმრთელობის სერიოზული საფრთხე შეექმნა, მთელი ქალაქი, რომ იტყვიან, ფეხზე დააყენა. მისი სახელი ხომ ნებისმიერ კარს აღებდა!.. სადაც კი გამოვჩნდებოდით ის და ჩვენ — მისი პატარა ამალა, უმალ ყურადღების ცენტრში ვხვდებოდით და არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, რომ უსიყვარულოდ და სითბოს გარეშე დარჩენილიყო… მისი ოინები ხომ დიდხანს გვეყოფა გასახსენებლად…

 „გოგოო, ნუ წერ ამხელა ტექსტებს! ვერ დავიმახსოვრებ, სადღა შემიძლია, დავბერდი!“ – ასე იწყებოდა თითქმის ყველა ჩვენი შეხვედრა.

  ამჯერად მოკლედ ვწერ… იმიტომ რომ ვერ ვწერ…

  მშვიდობით, ბატონო გივი!..

ყველა ახალი ამბავი
0