გაი, იული, ცეზარი და შესანიშნავი ირინა...

© photo: Sputnik / Ustinov / გადასვლა მედიაბანკშიირინა ბუგრიმოვა ლომებთან ერთად
ირინა ბუგრიმოვა ლომებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ამობრძანებულებს ცოტა სიფრთხილე გვმართებს, რადგან სტუმრად მოვიწვიეთ შესანიშნავი და უშიშარი ქალი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ლენინის პრემიის ლაურეატი ირინა ბუგრიმოვა. ნამდვილად ვიცი, რომ მას აუცილებლად ამოჰყვება სამი ლომი — „გაი“, „იული“ და „ცეზარი“, რადგანაც ის ყოველთვის მათი თანხლებით დადიოდა. ბუგრიმოვა — ცირკის ვარსკვლავი, რომელმაც დაიპყრო მთელი მსოფლიოს ცირკის მოყვარულთა გულები და პირველი ქალი იყო, ვინც არენაზე ლომებთან ერთად გამოვიდა, დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1910 წლის 13 მარტს ქალაქ ხარკოვში.

ირინას მამა იყო ვეტერინარი და, სავარაუდოდ, სწორედ მან ჩაუსახა ირინას ცხოველების სიყვარული. დედა თავადის ქალი იყო და შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე, ხატავდა და ფოტოებს იღებდა. 

ირინა ბუგრიმოვა
ირინა ბუგრიმოვა  - Sputnik საქართველო
ირინა ბუგრიმოვა

ირინა ბავშვობიდან ძალიან სპორტული იყო – დარბოდა, ხტებოდა წყალში, სიგრძესა და სიმაღლეზე, თამაშობდა რუსულ ჰოკეის. 1927 წელს ის გახდა ჩემპიონი ბირთვის კვრაში, ხოლო 12 თვის შემდეგ — ბადროს კვრაშიც. საინტერესოა, რომ ამავე დროს ირინა ბალეტზეც დადიოდა, შემდეგ კი მოტოსპორტითაც დაინტერესდა, სადაც გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ალექსანდრ ბუსლაევი. სწორედ მეუღლესთან ერთად გამოვიდა ის პირველად ცირკის არენაზე ნომრით — ციგებით ფრენა ცირკის თაღის ქვეშ, რომელიც მაყურებელმა პირველივე ნახვით შეიყვარა. ცოტა ხანში ირინამ გაწვრთნილი ცხენების ნომრის დემონსტრაცია დაიწყო და პირველად მიაღებინა ამ ნომერში მონაწილეობა 4 ლომსაც…

საკმაოდ ხანგრძლივი, 45-წლიანი საცირკო კარიერის მანძილზე (ის ცირკის არენაზე 67 წლის ასაკამდე გამოდიოდა) ირინამ 70 ლომზე მეტი გაწვრთნა. ის იყო პირველი ქალი, ვინც ლომს ხახაში უდებდა თავს. ყველაზე მეტად კი მას უყვარდა მისი პირველი სამი სახელგანთქმული ლომი, რომელთაც თავისი საყვარელი გმირის გაიუს იულიუს კეისრის სახელი სამ ნაწილად გაუყო – „გაი“, „იული“, „ცეზარი“.

ირინა ბუგრიმოვა და მისი ლომები
ირინა ბუგრიმოვა და მისი ლომები - Sputnik საქართველო
ირინა ბუგრიმოვა და მისი ლომები

აღსანიშნავია, რომ პირველად ირინა სცენაზე ლეოპარდების თანხლებით გამოვიდა. ჰყავდა სხვა ცხოველებიც — ვეფხვები, ცხენები, ძაღლები, მაგრამ ბოლოს და ბოლოს არჩევანი ლომებზე გააკეთა. იმ პერიოდში ლომების წვრთნის შესახებ არ არსებობდა არავითარი ლიტერატურა. ბუგრიმოვა საკუთარ ინტუიციას ეყრდნობოდა და ნაბიჯ-ნაბიჯ სრულყოფდა თავის გამოსვლებს.

ლომი, მოგეხსენებათ, ცხოველთა მეფეა. მათთან მუშაობა, ერთი მხრივ, საინტერესოა, რადგან კეთილშობილება აქვთ ხასიათში, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ლომი ბრაზდება, ის ბრაზდება როგორც მეფე, ესე იგი საშინლად…

სწორედ ასე გაბრაზდნენ ერთხელ ირინაზე გაი და იული… ირინას მაშინ 50-მდე ნაკერი დაადეს. აღსანიშნავია, რომ იმ დღეს ირინა მესამე ლომმა — ცეზარმა გადაარჩინა. ირინა შემდეგ იხსენებდა, რომ ეს იყო მისთვის საშინელი ფსიქოლოგიური სტრესი და მას უნდა გადაეწყვიტა — შეძლებდა თუ არა ისევ შესვლას გალიაში. მთავარი იყო, რომ მას დაეძლია შიში, რადგან ცხოველები და, მით უმეტეს, ლომები ამას ყოველთვის გრძნობენ.

ირინამ შეძლო შიშის გადალახვა და სულ მალე გაღიმებული და ამაყი გამოვიდა არენაზე თავისი ლომების თანხლებით…

ცნობილია, რომ ლომებს ეშინიათ სიმაღლის… ალბათ, რა რთული იყო ირინასთვის დიდ სიმაღლეზე ლომებთან ერთად საქანელაზე ასვლა. ხოლო მისი ცნობილი ნომერი „ცოცხალი ხალიჩა“, სადაც ის წვება და გორაობს ლომებზე, მსოფლიოში უნიკალურად ითვლება. სხვათა შორის, დღემდე ძალიან ცოტაა ცხოველების იმ მწვრთნელების რაოდენობა, ვინც ამ ნომერს ასრულებდა და ასრულებს და თანაც ასე ლამაზად და დახვეწილად.

ირინა ბუგრიმოვა და მისი ლომები
ირინა ბუგრიმოვა და მისი ლომები - Sputnik საქართველო
ირინა ბუგრიმოვა და მისი ლომები

ძალიან კარგად მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, დედამ წამიყვანა ტელევიზიაში, რადგან მის გადაცემაში „საესტრადო პანორამა“ თბილისში გასტროლებზე მყოფი ირინა ბუგრიმოვა უნდა გამოსულიყო. საოცრად მომხიბვლელი ქალბატონი გახლდათ, ამაყი, სხვანაირი მიხვრა-მოხვრა ჰქონდა. იმ დღეს მან ერთი სევდიანი ისტორია გაიხსენა. თურმე, ერთ-ერთი მისი საყვარელი ლომი დაბერდა და ხასიათი გაუფუჭდა. არც თავად ასრულებდა ილეთებს და სხვასაც ხელს უშლიდა. ირინა იძულებული გახდა, მოხუცი ლომი ქალაქის ზოოპარკში ჩაებარებინა. გავიდა რამდენიმე  წელი და იმავე ქალაქში ჩასულმა ირინამ გადაწყვიტა ენახა თავისი ლომი. მივიდა გალიასთან, სადაც ხალხი ირეოდა, მაგრამ ლომმა ის მაშინვე იცნო და უკვე საშინლად დაბერებულმა გალიაში შეასრულა ყველა ის ილეთი, რაც კი ირინას მისთვის უსწავლებია. ის თითქოს ამით ირინას ბოდიშს უხდიდა და სთხოვდა, უკან წამიყვანეო. ქალბატონი ირინა ამ ამბავს რომ ჰყვებოდა, ცრემლები მოადგა თვალებზე…

ირინა ბუგრიმოვამ კარიერა 67 წლის ასაკში დაასრულა, როდესაც იგრძნო, რომ ჯანმრთელობა შეუსუსტდა და ლომები მასში ვეღარ ხედავენ უშიშარ ქალს, რომელიც მათზე ძლიერია. ირინას თქმით, ამ დროს ლომებთან გალიაში შესვლა აღარ შეიძლება… მაგრამ ეს გადაწყვეტილება, ალბათ, რა რთული მისაღები იყო…

ჩვენ კი ყოველთვის გვემახსოვრება ლამაზი, ტანადი, თხელი და დახვეწილი ქალბატონი ირინა ბუგრიმოვა, რომლის გვერდით გარეული ცხოველები ფისოებივით იქცეოდნენ…

მიუხედავად იმისა, რომ ირინას უწოდებდნენ „დედოფალს მეფეთა შორის“ და „ქალ-ვამპს“, ის ცხოვრებაში საოცრად კეთილი ადამიანი იყო. მოფერებით მას „ირინოჩკას“ ეძახდნენ. ყველა მისი ახლობელი ხაზს უსვამდა მის განსაკუთრებულ მომხიბვლელობას. მის სისხლში არეული იყო აზიურ-თათრული კოქტეილი, რაც განსაკუთრებულ შარმს მატებდა. უამრავი თაყვანისმცემელი ერტყა გარს, მაგრამ მან თავისი გული ლომებს აჩუქა. არენის გარეთ ყოველთვის მაღალ ქუსლებზე დადიოდა და ბოლომდე ფორმაში იყო. 90 წლის ასაკში საბჭოთა ცირკის პრიმადონამ განაცხადა, რომ მას „ამ ცხოვრებაში ყველაფერი აქვს ნანახი… სიკვდილის გარდა, რომელიც, როგორც ცუდი თაყვანიმცემელი, მასთან პაემანზე აგვიანებს“. ერთ წელიწადში ის გულის შეტევით გარდაიცვალა…

ირინას ახლობლები იხსენებდნენ, რომ ის ძალიან უამბიციო იყო. არასდროს ამბობდა უარს გამოსულიყო პატარა სოფლების  შაპიტოებშიც კი. ირინა თავის ლომებს არასდროს არ მოიხსენიებდა როგორც ცხოველებს. მათზე უსასრულოდ შეეძლო საუბარი და პარტნიორებს უწოდებდა. სწორედ ასეთი დამოკიდებულებაც ჰქონდა მათ მიმართ. ის ამბობდა, რომ მის ლომებს ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვთ, რომ ისინი მშრომელები არიან და მასზე ნაკლებად არ ელოდებიან გამოსვლას მაყურებლის წინაშე. არენაზე ირინას ერთდროულად მაქსიმუმ 12 ლომის გამოყვანა შეეძლო. თითოეულს თავისი ხასიათი ჰქონდა და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებოდა…

ირინა ბუგრიმოვა
ირინა ბუგრიმოვა  - Sputnik საქართველო
ირინა ბუგრიმოვა

მისი ახლობლები ჰყვებიან, რომ მას საოცრად უყვარდა თავისი ლომები და ლომებიც ასეთივე სიყვარულით პასუხობდნენ. ერთხელ ირინა გამოტყდა იმაში, რომ ყველაზე ძალიან მაინც თავისი ცეზარი უყვარდა, რომელსაც მისთვის არც ერთხელ არ უღალატია და რომელთან ერთად ის 23 წლის განმავლობაში გამოდიოდა ცირკის არენაზე. ის ყოველთვის იცავდა ირინას და შეამჩნევდა თუ არა, რომ ლომებში ბუნტი იწყებოდა, სიტუაციას აწყნარებდა… 

ირინა ბუგრიმოვამ შესანიშნავად საინტერესო ცხოვრება გაიარა… ალბათ მართლაც ბედნიერებაა იყო დედოფალი მეფეთა შორის!

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და წარმატებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0