რა საჩუქარი მიიღო და რამ აატირა ათი შვილის დედა

© FB/ Maka Khokhonishvili Vasadzeმაკა ხოხონიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი
მაკა ხოხონიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაკა ხოხონიშვილი დედა 19 წლის ასაკში გახდა. დღეს იგი 36 წლისაა და ათი შვილი ჰყავს. დედის დღე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღესასწაულია. იღებს უამრავ მისალოც ბარათს, ნახატს, ყვავილებს და ეს უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს.

- მეუღლე როგორ გაიცანით?

— მე და ჩემმა მეუღლემ მეგობართან გავიცანით ერთმანეთი. ექვსი თვე ვიყავით შეყვარებულები და ამის შემდეგ დავქორწინდით. დღეს ძალიან მწყდება გული, რომ ჯვარი ოჯახის შექმნისთანავე არ დავიწერეთ. უკვე ორი შვილი გვყავდა ჯვარი რომ დავიწერეთ. ძალიან მინდა ჩემი შვილები ასე არ მოიქცნენ. როცა ჯვრისწერით თხოვდები, უფრო მადლიანია ოჯახი. 

- რამდენი წლის იყავით პირველი შვილი რომ გეყოლათ?

— პირველი შვილი 19 წლის ასაკში მეყოლა. ყველა დედამ იცის, რომ პირველი შვილის გაჩენა შედარებით რთულია. არ იცი რა და როგორ ხდება, ფსიქოლოგიურადაც არ ხარ მზად. მიუხედავად ყველაფრისა, არასოდეს მიფიქრია, მეტს აღარ გავაჩენ-თქო. საოცარი განცდაა დედობა. ათი შვილი მყავს, თითოეულის დანახვა იმ ემოციასთან იყო დაკავშირებული, რა ემოციაც პირველად განვიცადე. მათთან  შეხვედრის დროს ყოველთვის ერთი და იგივე გრძნობა მიპყრობდა. როცა პატარა, უსუსურ არსებას ხედავ, ყველა პრობლემა და სირთულე გავიწყდება. ჩემს ქმარს სულ ვეუბნები, რომ კაცები ამ მხრივ დაჩაგრულები არიან, რადგან არ აქვთ ამ სიხარულის განცდის საშუალება.  

© FB/ Maka Khokhonishvili Vasadzeმაკა ხოხონიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი
მაკა ხოხონიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
მაკა ხოხონიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი

- შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა როგორია?

— პირველი შვილი ოთხი თვის იყო, როდესაც გავიგე რომ კვლავ დედა გავხდებოდი. მეორე და მესამე შვილს შორის შედარებით დიდი შუალედია — წელიწადი და ათი თვე. ამის შემდეგ ოთხი შვილი, როგორც იტყვიან ერთმანეთის მიყოლებით გავაჩინე. უფროსი შვილი სკოლაში რომ წავიდა, მეექვსე ბავშვი მაშინ მეყოლა.

- ბავშვი, ოჯახი უამრავ საქმესთან, საზრუნავთან არის დაკავშირებული. ამ ყველაფერს როგორ უძღვებოდით, როგორ ახერხებდით ყველაფრის ერთად გაკეთებას?

— დღევანდელი გადასახედიდან ძალიან მიკვირს, როგორ ვასწრებდი ყველაფერს. ყოველთვის მოწესრიგებულები იყვნენ ჩემი შვილები. არ ვაცდენდით არცერთ წირვას. არ გვაშინებდა თოვლი, წვიმა, ქარი… იყო რთული პერიოდები, როცა ეკონომიურად ძალიან გვიჭირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვცდილობდი ბავშვები მოწესრიგებული და ლამაზად ჩაცმულები ყოფილიყვნენ. როცა ვიგებდი, რომ ორსულად ვიყავი, ვფიქრობდი, ეს ღვთის გამოცდა იყო. არასოდეს მიფიქრია, შვილს არ გავაჩენ-თქო. ალბათ, ამიტომ მაძლევდა უფალი ამხელა ძალას და ენერგიას.  ჩემი შვილება ახლა უკვე დიდები არიან, მეხმარებიან კიდეც და უკვე მარტივია ყველაფერი.  

© FB/ Maka Khokhonishvili Vasadze მაკა ხოხონიშვილი მეუღლესთან ერთად
 მაკა ხოხონიშვილი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
მაკა ხოხონიშვილი მეუღლესთან ერთად

- როდისმე გიფიქრიათ, რომ ამდენი შვილი გეყოლებოდათ?

— არასოდეს მიფიქრია და არ მიოცნებია, რომ ბევრი შვილი მყოლოდა. თუმცა, ბავშვობიდან დავდიოდი ტაძარში და მზარავდა ის ცოდვა, რასაც აბორტი ჰქვია. ამას ძალიან მძაფრად აღვიქვამდი და ყოველთვის მეშინოდა აბორტის. არასოდეს ვუშვებდი, რომ ეს ცოდვა ჩამედინა. 

- ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი მრავალშვილიანი ოჯახების მიმართ და ამბობენ, რომ მხოლოდ ბავშვის გაჩენა არ არის საქმე. თქვენ თუ შეგხვედრიათ ადამიანი, ვისაც ასეთი რამ პირადად უთქვამს თქვენთვის?

— კი, შემხვედრია ასეთი ადამიანები და მათგან გულისწყვეტაც მქონია, თუმცა, საბედნიეროდ, ასეთი ადამიანები ცოტანი არიან. ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემი შვილები მოვლილები და მოწესრიგებული ყოფილიყვნენ.  ამიტომაც  გარშემომყოფებს მათდამი  დადებითი განწყობა ექმნებოდათ. არასოდეს მიყვარდა ისეთ ხალხთან ურთიერთობა, ვინც კრიტიკულად უყურებდა მრავალშვილიან დედებს. ღმერთს მადლობა, რომ ასეთი ადამიანი ბევრი არ შემხვედრია. 

- უფროსები რამდენად არიან ჩართული პატარების მოვლაში? ალბათ, ძალიან გეხმარებიან.

— რა თქმა უნდა,  მეხმარებიან, თუმცა, ვცდილობ ძალიან არ დავტვირთო. მირჩევნია ისწავლონ და თავიანთი საქმე ხარისხიანად გააკეთონ. როცა დასვენების დღეები ან არდადეგები აქვთ, მაშინ განსაკუთრებით მეხმარებიან როგორც საოჯახო საქმეებში, ისე პატარების მოვლაში. ყველა შვილი მარტომ გავზარდე. დედაჩემი მუშაობდა, დედამთილი რაიონში ცხოვრობს. ეს ერთი წელია დედა ჩემთან ცხოვრობს და უფრო მეხმარება. ზოგჯერ ჩემი დედამთილიც ჩამოდის და ისიც გვერდით მიდგას.  

© FB/ Maka Khokhonishvili Vasadze მაკა ხოხონიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი
 მაკა ხოხონიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
მაკა ხოხონიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი

- დღის განმავლობაში საკუთარი თავისთვის გრჩებათ დრო?

— ამ ბოლო დროს უფრო ვახერხებ გამოვნახო ჩემი თავისთვის  უფროსები უკვე დიდები და დამოუკიდებლები არიან. სიმართლე გითხრათ, ვგრძნობ, რომ გადავეჩვიე ჩემს თავს დავუთმო დიდი დრო. საკუთარ თავს ვერ ვაძლევ უფლებას ჩემს სიამოვნებაზე ვიფიქრო. არ მინდა დედებს ეგონოთ, რომ მრავალშვილიანობა კატასტროფაა.  მართალია, ეს მძიმე ჯვარია, მაგრამ სასიამოვნო ჯვარი. ჩემი შვილები ძალიან დიდ ძალას მაძლევენ. 

- კიდევ აპირებთ ბავშვის გაჩენას?

— ეს უფლის ნებაა. თუ უფლის ნება იქნება და კიდევ ერთ შვილს მაჩუქებს, აუცილებლად გავაჩენ.

- სამი მარტი — დედის დღე.  როგორ გილოცავენ  ამ დღეს შვილები?

— ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული. უზომოდ დიდ ენერგეტიკას და სტიმულს ვიღებ ამ დღეს. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის რაიმე ღირებული საჩუქარი. ჩემთვის ყველაძე ძვირფასი და სათუთი მათი ხელით გამოჭრილი ფერად-ფერადი გულები,  პეპლები და ჩემთვის დაწერილი ლამაზი  წერილებია. წარმოიდგინეთ, მთელი დღე მეფერებიან, მკოცნიან, წერილებს მჩუქნიან… ერთხელ უფროსმა ბიჭმა ისეთი საოცარი ნახატი მაჩუქა, დიდი ხანი ვტიროდი. მთელი ოჯახი დაგვხატა ხელჩაკიდებული და მითხრა, რომ უნდოდა სამუდამოდ ასე ვყოფილიყავით.


ყველა ახალი ამბავი
0