„დამკვრელური“ ტემპი და „გაკეთილშობილების“ ესტაფეტა...

საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო რეფორმა - მოტივი და მიზანი... ცვლილებები და დამატებები კანონთა კანონში... ამჯერად მაინც იქნება თუ არა წაკითხვადი სახელმწიფოს ძირითადი კანონი...

გასული საუკუნის იმ ისტორიულ თარიღს, როცა ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ სახელმწიფოს ძირითადი კანონი მიიღო, ოცდაორი წელი გვაშორებს… 1995 წლის 24 აგვისტოს ხალხის რჩეულებმა კონსტიტუცია მიიღეს, თუმცა ამით ქვეყანაში საკონსტიტუციო პროცესი არ დასრულებულა — ის მხოლოდ დაიწყო და ახლაც გრძელდება. 

არაფერია უფრო მარადიული, ვიდრე ცვალებადობა — ირწმუნეს პოლიტიკოსებმა და ძირითად კანონს ყოველი მომდევნო მოწვევის პარლამენტმა მეტ-ნაკლები წარმატებით „გამორჩეული“ კვალი დააჩნია. გაწეული „ღვაწლისა“ და კონსტიტუციაში შეტანილი მრავალი შესწორებისა თუ დამატების ანალიზსა და შეფასებას ეს ერთი სტატია ვერ დაიტევს. ამიტომ ძალზე მოკლე ფორმულას ჩამოვაყალიბებ და მას, იმედია, პატივცემული მკითხველი გაიზიარებს.

ამ ორი ათეული წლის მანძილზე ყოველი ხელისუფალი ქვეყნის სტაბილური განვითარების, დემოკრატიული პროცესების გაღრმავების მიზნით და ხალხის საკეთილდღეოდ „აკეთილშობილებდა“ კანონთა კანონს… ისეთი პირი უჩანს, რომ გამონაკლისი არც მეცხრე მოწვევის სალაყბო იქნება… მმართველი გუნდი, რომელიც  კონსტიტუციის ძირეული გადასინჯვის აუცილებლობაზე ღიად საუბრობს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი და რეალურია მასშტაბური საკონსტიტუციო ცვლილებების მოლოდინი.  სახელმწიფოს ძირითად კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე მიანიშნებენ როგორც პოლიტიკოსები, ისე კონსტიტუციონალისტები, ექსპერტ-ანალიტიკოსები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - Sputnik საქართველო
საქართველოს კონსტიტუციას 2017 წლის ბოლომდე შეცვლიან

არავინ უარყოფს, რომ მთავარი კანონი რთულად იკითხება. ის დასახვეწია, არის სერიოზული ხარვეზები… მსჯელობის პროცესში გაჟღერდა ახალი კონსტიტუციის დაწერის ინიციატივაც. როგორ დასრულდება მორიგი მცდელობა, დრო გვიჩვენებს. ქვეყნის პირველი კანონმდებლის თავმჯდომარეობით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ინტენსიურად მუშაობს. სახელმწიფო მართველობის ფორმა, ადამიანის უფლებები, ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსი, პრეზიდენტის ინსტიტუტი და მისი ფორმირების წესი, სასამართლო ხელისუფლება, არჩევნები, ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა, ტერიტორიული მოწყობა… განიხილება ყველა ეს საკითხი და, სავარაუდოდ, ცვლილება შეეხება კონსტიტუციური ნორმების აბსოლუტურ უმრავლესობას. ამ ფონზე საინტერესოა, შეძლებს თუ არა სახელმწიფო კომისია ცვლილებების პაკეტის 30 აპრილამდე მომზადებას, რამდენად მისაღებია ქვეყნის ძირითად კანონზე „დამკვრელური“ ტემპით მუშაობა… 

პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო
ეს კონსტიტუცია არც მარგველაშვილისთვის არსებობს და არც ვოლსკისთვის...

ანალიტიკოსი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე: „ჩემთვის, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რით არის გამოწვეული ასეთი აჩქარება. საკონსტიტუციო კომისია მუშაობს საზოგადოებრივ საწყისებზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და ვადების გახანგრძლივება ფინანსურ დანახარჯებთან არ არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში ჩნდება პოლიტიკური მოტივი, კერძოდ, პრეზიდენტის არჩევის წესი. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არ ვარ მომხრე საპარლამენტო მმართველობის პირობებში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევისა, მაინც დაუშვებლად და შეცდომად მიმაჩნია ამ საკითხის გამო კონსტიტუციის დაჩქარებული ტემპით გადასინჯვა. მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში ორჯერ — 2004 და 2010 წლებში — განხორციელდა. ორივე შემთხვევაში აშკარა იყო ხელისუფლების სურვილი, კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოერგო. შესაბამისად, ჯერ საპრეზიდენტო მმართველობიდან მივიღეთ სუპერ-საპრეზიდენტო მმართველობა, შემდეგ სუპერ-საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავედით. ორივე შემთხვევაში მივიღეთ ხელისუფლების და არა ქვეყნის კონსტიტუცია. თუ ჩვენ ამჯერად მაინც გვინდა, ქვეყნის კონსტიტუცია მივიღოთ, უნდა მოვახერხოთ და კონსტიტუციური პროცესი მიმდინარე პოლიტიკური პროცესისაგან გავმიჯნოთ. ამისათვის კი აუცილებელია, ამთავითვე შევთანხმდეთ, რომ კონსტიტუციური შესწორებები ძალაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევა. სამი წელია, ჩვენ მოქმედი კონსტიტუციის პირობებში ვცხოვრობთ. პრობლემები იყო, მაგრამ არა იმ დონის, სახელმწიფოს მართვა შეუძლებელი რომ გამხდარიყო. ამიტომ დიდი უბედურება არ იქნება, თუ ამ პერიოდს მშვიდ გარემოში კონსტიტუციის სრულყოფისათვის გამოვიყენებთ და ამჯერად ისეთ პროდუქტს შევქმნით, რომელიც ამოქმედებიდან მეორე დღესვე ისევ ცვლილებებს არ მოითხოვს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: პირველად გვექნება კონსტიტუცია, რომელსაც საზოგადოების ჩართულობით მივიღებთ

ქვეყნის ძირითადი კანონის ამოქმედების გადავადება საშუალებას მოგვცემს, საწყის ეტაპზევე უზრუნველვყოთ საკონსტიტუციო პროცესით დაინტერესებული საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთა მაქსიმალური ჩართულობა კომისიის მუშაობაში.  ამიტომ საჭიროა, კომისიამ მიმდინარე წლის ნოემბრისთვის დაასრულოს მუშაობა შესწორებების სრულ პაკეტზე და სოციალური ქსელის საშუალებით წარუდგინოს საზოგადოებას პირველადი განხილვისათვის. ამასთანავე, დაინტერესებულ პირებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავიანთი წინადადებები და შენიშვნები წერილობითი სახით წარმოადგინონ კომისიაში. ეს პროცესი, შესაძლოა, გაგრძელდეს ორი-სამი თვე, შემდეგ კვლავ იკრიბება საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ახდენს მიღებული მასალის გადამუშავებას და შესწორებათა ტექსტის საბოლოო რედაქტირებას, რომელიც გადაეცემა პარლამენტს შემდგომი პროცედურებისათვის…“

ამასობაში, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიური იქნება. კონსტიტუციაში აღარ იქნება ხარვეზები.  მისივე განმარტებით, კომისიის წევრების მიერ გადაგზავნილი მოსაზრებები ორჯერ აღემატება თავად კონსტიტუციის მოცულობას, რაც კომისიის წევრთა მობილიზებასა და სამუშაო განწყობაზე მიუთითებს. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ქვეყნის ძირითად კანონზე მუშაობისას კომისია აქტიურად ითანამშრომლებს ვენეციის კომისიასთან, რომლის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო, კარგად იცნობს საქართველოს კონსტიტუციური განვითარების ისტორიას…

ბუკიკიო: საქართველოს კონსტიტუციის დახვეწა შეიძლება - Sputnik საქართველო
ბუკიკიო: საქართველოს კონსტიტუციის დახვეწა შეიძლება

ვახტანგ ძაბირაძე: „ის, რომ კომისია აპირებს ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობას, მხოლოდ მისასალმებელია. ვენეციის კომისია უაღრესად ავტორიტეტული ორგანიზაციაა, ამიტომ მათთან თანამშრომლობა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება, უთუოდ, წაადგება საქმეს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვენეციის კომისია ახდენს კონკრეტული ნორმის თუ მუხლის შეფასებას დემოკრატიული და სამართლებრივი სტანდარტების მიხედვით და, თუ მოცემული ნორმა სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაშინ ეს ნორმა მათთვის მისაღებია… მაგრამ, ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ ნორმის განსხვავებული ფორმულირება ხდება, თუმცა ორივე აკმაყოფილებს დემოკრატიულ სტანდარტს. მაგალითად, ქვეყის პრეზიდენტის არჩევის წესი — პირდაპირი თუ არაპირდაპირი,  ან საარჩევნო სისტემა — შერეული, მხოლოდ პროპორციული ან მხოლოდ მაჟორიტარული თუ სხვაა-  ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კომისიამ იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ნორმა უკეთ მოერგება ჩვენში არსებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გარემოს…“

ახლა, როცა პატივცემული მკითხველი ამ სტრიქონებს ეცნობა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობის მეორე ეტაპია, რომელიც ცალკეულ საკითხებზე პოზიციათა შეჯერებას გულისხმობს… ემუქრება თუ არა კანონთა კანონს მორიგი „გაკეთილშობილება“, დრო გვიჩვენებს…

ყველა ახალი ამბავი
0