ოპტიმისტებო და პესიმისტებო- გამომეხმაურეთ!

გამოწერა
დღეს დილით, „ჯადო“ კალენდარმა მიკარნახა, რომ თურმე 28 თებერვალი პესიმისტების საერთაშორისო დღეა, გუშინ კი ოპტიმისტებმა იზეიმეს.

დამაინტერესა და ვცადე ამ ორი კატეგორიის ადამიანების შესწავლა (ზედაპირულად და ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში). მაგალითად, ოპტიმისტები იტყვიან, რომ 28 თებერვალი ზამთრის უკანასკნელი დღეა და ცამდე მართლები იქნებიან, რადგან კალენდარულად(გარდა ნაკიანი წლისა), ეს მართლაც ასეა. მაგრამ პესიმისტები გადახედავენ ამინდის გრძელვადიან პროგნოზს და დაასკვნიან, რომ გაზაფხულამდე კიდევ მოუწევთ ლოდინი. სიმართლის მოზრდილი მარცვალი აქაც არის.

ღვინო შავი და თეთრი - Sputnik საქართველო
სამი დალიე, შეგერგება... ანუ რატომ აირჩია ღმერთმა საქართველო ვაზის სამშობლოდ

ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა- პესიმისტი კარგად ინფორმირებული ოპტიმისტიაო. ეს მაგალითი იმის დასტურიცაა, თუმცა, არც ისე იოლად ყოფილა საქმე. მოდით, ჯერ მეცნიერულად შევხედოთ ვითარებას. ოპტიმიზმი (ლათინური-optimus-საუკეთესო) არის ცხოვრებაზე პოზიტიური შეხედულება, უკეთესი მომავლის იმედი. ამ კატეგორიის ადამიანები ამტკიცებენ, რომ ცხოვრება მშვენიერია, ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი და ყველაფერი იქნება კარგად. ფილოსოფიაში ოპტიმიზმი ასოცირდება გოტფრიდ ლეიბნიცთან, რომელიც მიიჩნევდა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ, ყველა არსებულიდან… საუკეთესო სამყაროში.

ქართული სუფრა - Sputnik საქართველო
რას მიირთმევდა საუზმეზე ვახტანგ გორგასალი და რითი ვახშმობდა თამარ მეფე

პესიმიზმი (ლათინური-pessimus-ძალიან ცუდი) გახლავთ უარყოფითი, ნეგატიური შეხედულება ცხოვრებაზე, პესიმისტებს არ მოსწონთ საზოგადოება და სამყარო, რომელშიც დაიბადენ. განიკითხავენ წარსულს და დიდად არც მომავლის იმედი აქვთ. მეცნიერობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით, ადამიანში ეს ორი მცნება ერთდროულად არსებობს, უბრალოდ, პესიმიზმი განწყობაა, ხოლო ოპტიმიზმი ადამიანის ნებისყოფა. აუცილებლად გამოჩნდება მკითხველი, რომელიც მეტყვის — ეს მოსაზრება თქვენი აღმოჩენილი არ არისო. გპასუხობთ: შესაძლოა, თუმცა ჩემთვის მე აღმოვაჩინე. ხომ მოახერხეს დიდმა ფიზიკოსებმა ჯოულმა და ლენცმა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, აღმოეჩინათ ერთი და იგივე კანონი, ასევეა ამ შემთხვევაშიც და ნუ ვიდავებთ.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
ინტელიგენტებო ყველა ქვეყნისა სად ხართ?

ახლა გაგიზიარებთ საყოველთაო, მოარულ ფრაზებს, რომლითაც ამ ორ მცნებას ახასიათებენ და თავად გადაწყვიტეთ, მართალი ვარ თუ არა. „მაშინ, როცა პესიმისტი ქარს უჩივის, ოპტიმისტს გამოდარების იმედი აქვს.“ ან: „პესიმისტი, ძილის წინ ბალიშის ქვეშ დანას იდებს საშიშროების მოლოდინში, ოპტიმისტიც, იმ განსხვავებით, რომ იქნებ, ვინმე გვესტუმროს ტორტითო“. ორივე გამონათქვამი თავისუფლად შეიძლება ერთ ადამიანში გავაიგივოთ. „პესიმისტი სიძნელეებს ხედავს ყველა შესაძლებლობაში, ოპტიმისტი ეძებს შესაძლებლობას ყველა სიძნელეში“- აქაც ანალოგიური ვითარებაა, გააჩნია განწყობას. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ არის ერთი გამონათქვამი, რომელიც ჩემს თეორიაში ვერ ჯდება: „ჯანსაღი პესიმიზმი სჯობს უაზრო ოპტიმიზმს“. ფაქტია, რომ ან ერთი უნდა იყო, ან მეორე.

კატა - ცრურწმენების ერთ-ერთი მთავარი ექსპონატი - Sputnik საქართველო
ცრურწმენების დღე, ანუ „ვაშინერს"

მოკლედ, როგორც ვატყობ, ჩემგან ამ საკითხის მკვლევარ-მეცნიერი არ გამოვა. ამიტომ ისევ უკვე არსებულ გამოკვლევებს მოგახსენებთ. ესექსის უნივერსიტეტის პროფესორმა ელეინ ფოქსმა დაადგინა, რომ პესიმისტებს ასიმეტრიული ტვინი აქვთ და მათი მარჯვენა ნახევარსფერო უფრო აქტიურად მუშაობს, ვიდრე მარცხენა. მოდით, ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ მეცნიერება და ერთ მაგალითს გიამბობთ, რომელიც უახლოეს ხანს მელოდება, შემდეგ თქვენ განსაჯეთ, შეიძლება თუ არა ერთდროულად ვიყო ოპტიმისტიც და პესიმისტიც. მარტის ბოლოს, საკმაოდ მსხვილი თანხა (ჩემი შესაძლებლობის გათვალისწინებით) მაქვს გადასახდელი ერთ-ერთ ბანკში. ფული არ მაქვს და ეს აშკარად მაწუხებს, პესიმიზმამდე არაფერი მიკლია, ოპტიმიზმი კი ლამის ნულის ტოლია. არის შანსი, ვიყო პესიმისტი და დავუარო ნაცნობ-მეგობრებს ფულის სასესხებლად. ამავდროულად, თავი უნდა მოვაჩვენო გამოუსწორებელ ოპტიმისტად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფულს არავინ მასესხებს… ისევ პირველ აბზაცს დავუბრუნდები და გეტყვით, რომ გინდ ოპტიმისტისთვის და გინდაც პესიმისტისთვის 28 თებერვალი, კალენდარულად, ნამდვილად ზამთრის უკანასკნელი დღეა, ხოლო რაც შეეხება გაზაფხულს, ამინდის ბიუროს ნებისმიერი პროგნოზის მიუხედავად, აუცილებლად მოვა. ამიტომ დღევანდელი, პესიმისტის დღის პომპეზურად აღნიშვნისგან თავს შევიკავებ და ხვალინდელი გაზაფხულის შემობრძანებას გილოცავთ!

ყველა ახალი ამბავი
0