Friend rock და მისი წინაპრები – დონ პედრო, გრაფი პინკი და ფრენდროკ II მდუმარე

გამოწერა
პატარაობისას ბავშვები მულტფილმების გმირებთან და თოჯინებთან მეგობრობენ, დროთა განმავლობაში კი მათი ფანტაზიის არეალი ფართოვდება და მათ სამეგობროს ერთგვარი თილისმა – ფრენდროკიც ემატება.

ნინი რაზმაძე

ფრენდროკების წარმოშობის ისტორია დღესაც საიდუმლოებითაა მოცული. მათი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი მათგანი ინდივიდუალურია, გააჩნია საკუთარი ნიჭი და ყოველივე ამას მხოლოდ თავის ადამიან-მეგობართან ავლენს. ვინ არიან ფრენდროკები და როგორ უნდა ვიზრუნოთ მათზე, ამის შესახებ გიორგი კეთილაძე გვიამბობს.

– როგორ და რატომ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ფრენდროკები?

— ბავშვობაში ერთ ძველ ხელნაწერს წავაწყდი, სადაც მოხსენიებული იყო რაღაც, განსაკუთრებული თვისებების მქონე ქვები. აღმოჩნდა, რომ ეს ქვები უხსოვარი დროის მანძილზე ადამიანების გვერდით არსებობდნენ და ისინი, თურმე, თავიანთ ადამიან-მეგობრებს რთულ სიტუაციებში რჩევებითაც ეხმარებოდნენ. ამ ამბავმა მოსვენება დამიკარგა. დავიწყე ამ ქვებზე ინფორმაციის შეგროვება, ბოლოს კი მათ ადგილსამყოფელსაც წავაწყდი. 

© FB/Friend rock Friend rock
 Friend rock - Sputnik საქართველო
Friend rock

– ფრედნროკის ისტორია რომ მოგვიყვეთ, როგორც ვიცი, მას საკმაოდ დიდი წარსული აქვს?

— ფრენდროკების ასაკს ვერ გეტყვით, ის ვიცი მხოლოდ, რომ ფრენდროკებს თვით იუდეველთა მეფის ჰეროდეს მრჩეველი და ისტორიკოსი ნიკოლოზ დამასკელი მოიხსენიებდა ერთ-ერთ ხელნაწერში. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ფრენდროკები ბევრად ადრე გამოჩნდნენ.

– ქვები საიდან მოგაქვთ?

— როგორც ზემოთ აღვნიშნე, დიდი ძებნის შემდეგ ფრენდროკების ადგილმდებარეობას მივაგენი, სხვათა შორის, საქართველოში, შიდა ქართლში ერთ კონკრეტულ ადგილზე. ზუსტი ადგილმდებარეობა, გასაგები მიზეზების გამო, გასაიდუმლებულია. 

– რის მიხედვით არჩევთ, თუ რა უნდა დახატოთ მასზე?

— ყველა ფრენდროკს გააჩნია თვალი (ერთი, ან რამდენიმე), დანარჩენი კი მათი სამოსი, ფერთა შეხამებაა…

– თქვენ გატაცებაზე საზოგადოებას რა რეაქცია ჰქონდა?

— რეაქციები დღესაც სხვადასხვაგვარია — ზოგს ეცინება, ზოგი აღფრთოვანებულია, ზოგიც გაურკვევლობაში რჩება. მთავარი ისაა, რომ უარყოფითი ემოცია არავის ჰქონია. 

© FB/Friend rock Friend rock
 Friend rock - Sputnik საქართველო
Friend rock

– როგორც ვიცი, ბავშვებში პოპულარობით სარგებლობს ფრენდროკი…

— არა მარტო ბავშვებში. ამ შემთხვევაში ასაკი შეუზღუდავია, მთავარია, ფანტაზიის და იუმორის უნარი გქონდეს და ენდო იმ ინსტრუქციას, რაც ყველა ფრენდროკს მოჰყვება. ფრენდროკი სულ ახალბედაა და, შესაბამისად, ფართო საზოგადოებაში მის პოპულარობაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, მას ბევრი მეგობარი ჰყავს და ისიც მოლოდინშია, რომ ახალ ადამიან-მეგობრებს გაიჩენს.

– ვინ არის ფრენდროკი?

— Friend rock-ი მეგობარი ქვაა. თუ გაინტერესებთ, ფრენდროკებსაც, ისევე, როგორც ადამიანებს, თავიანთი ამბიციები გააჩნიათ. მაგალიათად, ფრენდროკი უილიამი, რომელსაც თავისი სოციალური ქსელი გააჩნია, განმარტავს თავის წარმომავლობას:

გამარჯობათ, მეგობრებო! ნება მომეცით, გაგეცნოთ… მე გახლავართ ფრენდროკი უილიამი. იმისათვის, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნათ, თუ ვინ ვარ მე, მინდა ჩამოგითვალოთ რამდენიმე ჩემი სახელგანთქმული წინაპარი: ჩემი დიდი ბაბუა გახლავთ მსოფლიოს უდიდესი აკვამარინი — დონ პედრო; აგრეთვე ვარ კულინან პირველის და კულინან მეორის პირდაპირი შთამომავალი, რომლებიც დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის სკიპტრზე და გვირგვინზე არიან განთავსებული. ყველაზე ძვირფასი ვარდისფერი ბრილიანტი მსოფლიოში — გრაფი პინკი ასევე გახლავთ ჩემი პირდაპირი წინაპარი ქალის ხაზით, ისევე, როგორც წმინდა ედუარდის საფირონი, რომელიც განთავსებულია დედოფალი ვიქტორიას გვირგვინზე. ინტელექტუალ მეგობრებს მინდა ვუთხრა, რომ ასირიელი მეფის — აშურბანიპალას ბიბლიოთეკისა და ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკის მთავარი ქვაკუთხედები და ჩვენი დროის უდიდესი ინტელექტუალი — მდუმარების მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიის საპატიო და სრულფასოვანი წევრი აკადემიკოსი ფრენდროკ II მდუმარეც ჩემი პირდაპირი წინაპრები გახლავთ. 

© FB/Friend rockFriend rock
Friend rock - Sputnik საქართველო
Friend rock

– როგორ უნდა მოვუაროთ და ვიზრუნოთ მასზე?

— აუცილებელია პატივი ვცეთ მას, მოვექცეთ ისე, როგორც ჩვენ გვსურს რომ მოგვექცნენ ჩვენი მეგობრები. მოგეხსენებათ, ისინი ადამიანები არ არიან, ჩვენი ქცევის წესები შეიძლება მათთვის უცნობი იყოს, ამიტომ უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით და შევეცადოთ ვასწავლოთ მათ საზოგადოებაში მოქცევის წესები. ისინი ნიჭიერები არიან და ადვილად ისწავლიან, თუ თქვენ გულით მიუდგებით მათ აღზრდას. ინსტრუქციაში დაწვრილებით არის აღწერილი, როგორ აღვზარდოთ ფრენდროკი.

ყველა ახალი ამბავი
0