„ბედის ირონია“ და სილა ზანდუკელის საოცარი სიყვარულის ისტორია

© Sputnik / Levan Avlabreliსაახალწლო სათამაშოები
საახალწლო სათამაშოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული საუკუნის ბოლო ათწლეულების ახალი წელი პირდაპირპროპორციულად იყო დაკავშირებული ელდარ რიაზანოვის დიდებულ ფილმთან „ბედის ირონია - ანუ გაამოთ“. ახალი წლის დადგომამდე მისი ნახვა გარანტირებული გვქონდა და არ გვბეზრდებოდა.

თამაზ ჩიქვანაია

დარწმუნებული ვარ, ბევრს გასჩენია სურვილი ანდრეი მიაგკოვის გმირის, ჟენიას მსგავსად, აბანოში შეხვედროდა თორმეტი საათის დადგომას. გამონაკლისი არც მე გახლდით და ერთხელაც, როდესაც ლამის მთელი დეკემბერი მოსკოვში გავატარე მივლინებით, გადავწყვიტე ეს სურვილი სისრულეში მომეყვანა. დროის დიდ ნაწილს პუშკინის სახელობის ბიბლიოთეკაში ვატარებდი, სადაც დავუმეგობრდი შესანიშნავ პიროვნებას ევგენი ტარხანოვს. ჟენია, პროფესიით ისტორიკოსი, დიდხანს იძიებდა

რაჭა, სოფელი გონა - Sputnik საქართველო
საახალწლო „მიწუნწკლება“ და რაჭაში დაკარგული სამი დღე

თავისი გვარის ფესვებს და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მისი წინაპარი, თეიმურაზ მეფის იმ 1500-კაციან ამალაში იყო, რომელიც ლტოლვილ მონარქს რუსეთში გაჰყვა და შემდეგ საცხოვრებლად იქვე დარჩა. ქართული ფესვების ბრალი იყო თუ სხვა რამის, საერთო ენა მალე გამოვნახეთ და ჩემი იდეის ხორცშესხმაში ფასდაუდებელი დახმარება გამიწია.

31 დეკემბერს, თბილისში ბოლო რეისით გამოსამგზავრებელი ბილეთი გულდაგულ შევინახე და ჟენიასთან ერთად სანდუნოვების აბანოს მივაშურეთ. მოგეხსენებათ, „ბედის ირონიის“ აბანოს სცენები სწორედ იქ არის გადაღებული. საერთო განყოფილებაში მოხვედრა ზღაპრის ტოლფასი გამოდგა, რადგან, ჩემს მსგავსად ეტყობა ძალიან ბევრ ადამიანზე უმოქმედია რიაზანოვის შემოქმედებას.

სწორედ აქ, ცალკე ნომერში მოვისმინე ისტორია, რომელიც მინდა თქვენც გაგიზიაროთ. ჩემმა ახლადგაცნობილმა ტარხანოვ-თარხნიშვილმა მკითხა სანდუნოვების აბანოს ისტორია თუ იციო და პასუხს არც დალოდებია ისე დაიწყო თხრობა:

ვინმე სილა (სავარაუდოდ, სილოვან) სანდუნოვი გახლდათ კეთილშობილი ქართული საგვარეულოს, ზანდუკელების წარმომადგენელი. პროფესიით მსახიობი, კარგი  განათლებისა და დახვეწილი მანერების დახმარებით,  დედაქალაქის მაღალ საზოგადოებაში საკმაოდ იოლად მიიღეს, რაც XVIII საუკუნის ბოლოს, იშვიათი გამონაკლისი იყო მსახიობისთვის, რადგან ელიტაში მათ პროფესიას დიდად არ სწყალობდნენ.

© Михаил Успенский / გადასვლა მედიაბანკშისილა(სავარაუდოდ, სილოვან) სანდუნოვი, იგივე ზანდუკელი, სანქტ-პეტერბურგის სამეფო კარის თეატრის მსახიობი. ფ. კინელის პორტრეტის რეპროდუქცია. დაცულია მოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.
„ბედის ირონია“ და სილა ზანდუკელის საოცარი სიყვარულის ისტორია - Sputnik საქართველო
სილა(სავარაუდოდ, სილოვან) სანდუნოვი, იგივე ზანდუკელი, სანქტ-პეტერბურგის სამეფო კარის თეატრის მსახიობი. ფ. კინელის პორტრეტის რეპროდუქცია. დაცულია მოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.

სილა სანდუნოვმა აქტიორული კარიერა 1776 წლიდან დაიწყო. ჯერ მოსკოვში, შემდეგ – სანკტ-პეტერბურგში, თავიდანვე იოლად მიაღწია პოპულარობასა და აღიარებას. ის ძირითადად, კომიკურ როლებს თამაშობდა – თვალთმაქც მსახურებსა და ლაქიებს. როგორც ამბობდნენ, არაჩვეულებრივი გარდასახვის უნარით გამოირჩეოდა,  თითქოს იმ წუთას, სცენაზე დაბადებულიყო. ზოგი ვერსიით ის წარმატებული ბალერონი გახლდათ  და სამეფო თეატრის წამყვან აქტიორად ითვლებოდა.

ნიჭიერმა კაცმა რეჟისორობაც სცადა და აქაც მოიპოვა აღიარება, თუმცა, მისი პიროვნება ისტორიას საოცარი სასიყვარულო ამბის წყალობით შემორჩა.  სილას საოპერო მომღერალი  ელისაბედ ურანოვა ჰყვარებია. ლიზენკა, როგორც მას უწოდებდნენ, მიჯნურზე ბევრად უმცროსი იყო. სხვადასხვა წყარო სხვადასხვა ასაკს ასახელებს – 16-ს, 21 წელს. სილას ქალიც თანაგრძნობით პასუხობდა, მაგრამ მათ ქორწინებას და  სამუდამო შეერთებას წინ გადაეღობა ტიტულოვანი, ასაკოვანი თავადი – ბეზბოროდკო, (ზოგი ვერსიით კი იმ დროის ძლევამოსილი გრაფი ბენკენდორფი).

© photo: Sputnik / Олег Ласточкин / გადასვლა მედიაბანკშისანდუნოვის აბანო 1896 წლის გამოცემის ფურცლებზე
„ბედის ირონია“ და სილა ზანდუკელის საოცარი სიყვარულის ისტორია - Sputnik საქართველო
სანდუნოვის აბანო 1896 წლის გამოცემის ფურცლებზე

სილა უძლური იყო ამ უთანასწორო დაპირისპირებაში, ქალმა კი ქართველი შეყვარებულის გამო ისეთი რამ ჩაიდინა, რაც იმ საზოგადოებაში მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. 1791 წლის 11 თებერვალს, საოპერო სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ელისაბედი მუხლებზე დაეცა,  დამსწრე საზოგადოებისა და რაც მთავარია, დედოფლის წინაშე და შეჰღაღადა: „დედოფალო, დამიხსენი!” და გადასცა წინასწარ დაწერილი წერილი, რომელშიც სთხოვდა, როგორმე აერიდებინა მისთვის ბეზბოროდკოს (ან ბენკენდორფის) დევნა და ნება დაერთო, თავის რჩეულს, სილა სანდუნოვს გაჰყოლოდა ცოლად. სხვათა შორის, არსებობს ვერსია, რომ ეს ამბავი ალექსანდრ პუშკინმა „კაპიტნის ქალიშვილის” ფინალში გამოიყენა. და ძლევამოსილმა დედოფალმა ეკატერინემ მაშინვე მოხსნა თეატრის მმართველობიდან ყველა ის მოხელე, ვინც ბეზბოროდკოს ხელს უწყობდა.

© photo: Sputnik / Олег Ласточкин / გადასვლა მედიაბანკშისანდუნოვის აბანოები, სადარბაზო შესასვლელი
„ბედის ირონია“ და სილა ზანდუკელის საოცარი სიყვარულის ისტორია - Sputnik საქართველო
სანდუნოვის აბანოები, სადარბაზო შესასვლელი

14 თებერვალს სილამ და ელისაბედმა ჯვარი დაიწერეს. დედოფალმა ეკატერინემ  გამოთქვა სურვილი, ახალგაზრდების ჯვრისწერაზე თავადვე ყოფილიყო ხელისმომკიდე. განსაკუთრებული მზრუნველობის აღსანიშნავად კი მონარქმა ნეფე-პატარძალს იშვიათი სილამაზის ბრილიანტის სამკაული აჩუქა, რომლის ფასი იმ დროისთვის ძალიან დიდი იყო.

ამ ამბებიდან გამოხდა ხანი, შეყვარებული ცოლ-ქმარი პეტერბურგს გამოერიდა და  მოსკოვში დასახლდა. თუმცა, მალე მათ ბედნიერებას ახალი საფრთხე დაემუქრა, რომელსაც ხელმოკლეობა ჰქვია. მაშინ, სილამ დედოფლის ნაჩუქარი სამკაული გაყიდა, მდინარე ნეგლინნის პირას შენობა იყიდა და იქ სავაჭრო სახლი გახსნა, რომელიც სანდუნოვის სახელით დარჩა. აბანო იქ მოგვიანებით მოაწყვეს, თუმცა, სახელი არ შეცვლია და ბარე ორი საუკუნის მერეც ასე მოიხსენიებენ: სანდუნოვის აბანოები.

საინტერესოა, რომ ამ შენობაში ფილმის ეპიზოდის გადაღების იდეა რიაზანოვამდეც მოუვიდათ რეჟისორებს. აქ არის გადაღებული სცენები ფილმებისთვის: „ჯავშნოსანი პოტიომკინი“, „ალექსანდრე ნეველი“, „ძველი ახალი წელი“, „წითელი სიცხე“, „ძმა-2“  და სხვა…

 ამ საინტერესო ისტორიის მოსმენაში გაილია ის ახალი წლის წინა დღე, რა თქმა უნდა, ისეთ მდგომარეობაში არ ვიყავი, რომ აეროპორტში ჟენიას  წასაყვანი გავმხდარიყავი და თბილისის ნაცვლად ლენინგრადში ამომეყო თავი (თუმცა, ვინ იცის რა სჯობდა). სილოვან ზანდუკელის საოცარი სიყვარულის ამბავი იმავე დღეს, ჩემს ოჯახში, საახალწლო სუფრასთან მოვყევი. სანდუნოვის აბანოებს შემდეგაც არაერთგზის ვწვევივარ და რატომღაც სულ მეჩვენებოდა, რომ ამ დიდებული თაღებიდან ლიზენკასა და სილას აჩრდილები მიღიმოდნენ, უბრალოდ, როგორც თანამემამულესა და მათი დიდი სიყვარულის დამფასებელს…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0