იურაი იარაბეკი

წრეზე სიარულის ხელოვნება

85
თბილისურ კლუბში იარაბეკის მოღვაწეობა დაახლოებით სამი თვით შემოიფარგლა. რა ვნახეთ ამ 90 დღეში? რამდენიმე, რბილად რომ ვთქვათ, დაბალი კვალიფიკაციის ლეგიონერი, „ალაშკერტთან“ არადამაჯერებელი, მაგრამ მაინც მოგება, და ზაგრების „დინამოსთან“ და „პაოკთან“ უსუსური გამოსვლა.

სანდრო ცნობილაძე

რით ჰგავს ერთმანეთს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები და „დინამო“ თბილისი? მსგავსება ბევრია, ძირითადად უარყოფითი მახასიათებლებით. ერთ-ერთი კი  მწვრთნელის არასწორად შერჩევაა, რასაც, ლოგიკურად, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ მწვრთნელის გათავისუფლება მოჰყვება ხოლმე. იურაი იარაბეკი მორიგი ავტომობილი გამოდგა, რომელმაც ქართული ფეხბურთის დაკლაკნილ, ორმოებით სავსე გზაზე გავლა სცადა, მაგრამ ძალიან მალე წრიულ მოძრაობაზე გადავიდა და ერთ-ერთი არასწორი მანევრის შედეგად ავტოკატასტროფაში მოყვა.

რომან ფიფია „დინამოს“ პრეზიდენტი 2011 წლის იანვრიდანაა. კარგი პრეზიდენტია თუ არა ფიფია? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა დღეს შეუძლებელია. ერთის მხრივ გულშემატკივარი რამდენიმე წელია საყვარელი კლუბის ევროტურნირების მთავარ ბადეში მოხვედრას ელოდება. ამ კუთხით ფიფიას მოღვაწეობის განხილვა უარყოფითად უნდა განვიხილოთ. მაგრამ ზედაპირულად განხილვა  ისეთივე შეცდომაა, როგორი შეცდომაც იმ ადამიანებმა დაუშვეს, რომლებმაც პრეზიდენტს, მაგალითად, სლოვაკი იურაი იარაბეკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე რეკომენდაცია მისცეს.

თბილისურ კლუბში იარაბეკის მოღვაწეობა დაახლოებით სამი თვით შემოიფარგლა. რა ვნახეთ ამ 90 დღეში? რამდენიმე, რბილად რომ ვთქვათ, დაბალი კვალიფიკაციის ლეგიონერი, „ალაშკერტთან“ არადამაჯერებელი, მაგრამ მაინც მოგება,  და ზაგრების „დინამოსთან“ და „პაოკთან“ უსუსური გამოსვლა. პუნქტებად განვიხილოთ თითოეული მოვლენა.

ლეგიონერები: სისტემა რომელიც კლუბში მუშაობს შემდეგია — პრეზიდენტი ადგენს სატრანსფერო ბიუჯეტს, მთავარი მწვრთნელი ითხოვს ამა თუ იმ ამპლუის ფეხბურთელებს, სატრანსფერო საკითხებზე მომუშავე პერსონალი კი მწვრთნელს სთავაზობს კონკრეტულ ფეხბურთელებს. თუ ამ სქემას გავყვებით ნათელი ხდება: იარაბეკმა სწორად ვერ განსაზღვრა მისთვის შეთავაზებული ფეხბურთელების შესაძლებლობები, შესაბამისად, გუნდი მან უცხოელი მოთამაშეებით ვერ გააძლიერა.

დინამო - ალაშკერტი 2:0
"დინამო" - "ალაშკერტი" 2:0

„ალაშკერტთან“ თამაში: თბილისური მატჩის პირველი ტაიმი ფრე ანგარიშით 0:0 დასრულდა. არ ვიცი რამ იმოქმედა თბილისელებზე ცუდად პირველ 45 წუთში, მაგრამ საბედნიეროდ, მეორე ნახევარში „დინამომ“ ორი უპასუხო გოლი გაიტანა და განმეორებითი მატჩის წინ სოლიდური ჰანდიკაპი მიიღო. ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანები, მათ შორის მეც, არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი სათამაშო ხარისხის ახსნას ყველაზე ბანალური მიზეზით ვცდილობდით — „წვრთნელს და ფეხბურთელებს ერთმანეთის კარგად გაგებისთვის დრო სჭირდებათ“. იმ ეტაპზე „დინამოს“ მართლაც ეტყობოდა ცოტა შეუთამაშებლობა, თან ოპტიმიზმიც ისეთი რამეა, რომ ხშირად არსებულ რეალობაზე თვალს გახუჭინებს. რეალობა კი შემდეგი აღმოჩნდა: სომხურ კლუბთან წარმატებული გამოსვლა ამ ფორმაციის „დინამოსთვის“ მაქსიმუმი იყო, რაც გუნდის შემდეგმა მატჩებმა დაადასტურა.

ზაგრების „დინამო“-„დინამო“ თბილისი 2:0
ზაგრების „დინამო“-„დინამო“ თბილისი 2:0

 

მატჩი ზაგრებში: თამაში, რომელმაც ბევრ რამეს გასცა პასუხი. ზლატკო კრანჩარმა იურაი აიარაბეკს ყველა სამწვრთნელო კომპონენტში მოუგო. ხორვატი სპეციალისტის სათამაშო გეგმამ, რომელიც გარკვეული პერიოდით იარაბეკისთვის ილუზორული უპირატესობის დაჯერებას და შემდეგ ზაგრებელი ფეხბურთელების სწრაფი მოქმედებებით, სლოვაკი სპეციალისტის ნეტარებიდან გამოყვანას გულისხმობდა, სრულად გაამართლა. როგორ მიაღწია ამას კრანჩარმა? მისმა გუნდმა 3-5-2 სისტემით ითამაშა, რაც თავისთავად შეტევაში ფლანგების წყალობით ვერტიკალურ, სწრაფ ფეხბურთს გულისხმობს. მასპინძლებმა თავისი „საიდუმლო იარაღი“, რომელიც, სამწუხაროდ, საიდუმლო მხოლოდ თბილისელთა თავკაცისთვის გამოდგა, პირველი ტაიმის ბოლოს აამოქმედეს, გაიტანეს ორი გოლი და მატჩის ბედიც გადაწყვიტეს.

გელაშვილის გაფუჭებული მომენტი მხოლოდ ეპიზოდია და მასზე აქცენტირება ამ შემთხვევაში გაუმართლებელია. საბოლოო სურათს ეს გამოუყენებელი ეპიზოდი მაინც ვერ შეცვლიდა.

„დინამო“-„პაოკი“ 0:3
„დინამო“-„პაოკი“ 0:3

მატჩები „პაოკთან“: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩენილ „დინამოს“ ევროპალიგის მთავარ ბადეში მოსახვედრად უნდა ებრძოლა, მაგრამ ეს მიზანი უკვე უტოპიურად ჩანდა. ჯერ ერთი „პაოკი“ ზაგრების „დინამოზე“ სუსტი კლუბი არ არის, თან მეორე თბილისურ კლუბში განწყობა უკვე უარყოფითი იყო. ნათელი გახდა: იარაბეკი სუსტი ტაქტიკოსი და სუსტი მოტივატორია. მან ტაქტიკურად წააგო კრანჩართან და ვერ შეძლო საბრძოლველად განეწყო გუნდი „პაოკტან“ —  შედეგად ორი მატჩის ჯამში 0:5.

„დინამოში“ ახალი ეტაპი იწყება. აუცილებელია რომ ამ ეტაპზე აღარ განმეორედეს ის შეცდომები, რომლებსაც თბილისურ კლუბში ბოლო წლებია უშვებენ. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება.

„დინამოში“ ძალიან იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რაც იმ საერთაშორისო ტურნირზე დამტკიცდა, რომელიც თბილისში ჩატარდა და რომელშიც კლუბის აკადემიის აღზრდილებმა თავი ღირსეულად წარმოაჩინეს. ამ ახალგაზრდებს კი სწორად განვითარების შემთხვევაში წარმატების მოტანა შეუძლიათ.

85