დაგნი იული

ედვარდ მუნკის ტფილისში ტრაღიკულად გარდაცვლილი "მადონა"

3615
(განახლებულია 17:09 25.06.2016)

იგორ ობოლენსკი

ტფილისური სადარბაზოები რაღაცით იმ ძველ ხელნაწერებს ჩამოჰგავს, რომლებიც გაცვეთილ, სიკაშკაშედაკარგულ ყდებშია შემალული, მაგრამ, რაც მთავარია, იკითხება. უბრალოდ, უნდა გადაფურცლო.

ხის მოაჯირები, ჭრიალა ფიცარნაგი, კედლებზე და ჭერზე ჩამოშლამდე მისული რელიეფური სამკაულები… კიბეებზე ადიხარ და თავს იჭერ, რომ გეშინია, აივანი ფეხქვეშ არ ჩაგენგრეს და ვარდებითა და ვაზით „მოგებულ“ პაწაწა ეზოში არ ჩაშვავდე.

თუმცა, მაინც მიუყვები საფეხურებს, ზედა სართულის ბაქანზე გადიხარ და გაფეთქილი დარაბებიდან მზის ხურმისფერ სხივებში ჩაძირული ძველი ქალაქი გეშლება თვალწინ. აღფრთოვანება სულს გიკრავს, მაგრამ უეცრად ყმაწვილი ქართველი ქალის ცნობისმოყვარე მზერას იჭერ, რომელიც აქვე, გაცრეცილ დივანზე მოკალათებულა — მრავალჭირნახულ დივანზე, რომელიც პატრონს გადასაგდებად დანანებია და სადარბაზოს აივანზე გამოუდგამს.

ესალმები, გინდა უთხრა, რომ აქაურობა გულისწსამღებად მშვენიერია, მაგრამ რატომღაც იმორცხვებ და ლამის სირბილით ეშვები უძველეს კიბეზე, რომელსაც, ალბათ, მისი დიდი ბებიის ყმაწვილქალობაც კი ახსოვს. ქუჩაში გამოსული კიდევ ერთხელ ავლებ თვალს სახლის ნაბზარ-ნახეთქებით ნაოჭებად დაღარულ ფასადს…

და ამჩნევ, რომ იქვე, მეზობლად კიდევ ერთი ასეთი სახლი დგას, რომლის სადარბაზო, ყვავილ-ფოთლებით ამოჭრეთილი  ხის კარიც — უკვე კოდირებული საკეტით აღჭურვილი — ვიღაცას ღია დარჩენია. ხვდები, რომ ცდუნებას ვერ უძლებ — უნდა შეხვიდე…

* * *

სასტუმროს ფასადზე, რომლისთვისაც გრანდ-ოტელი ტყუილად არ დაურქმევიათ, ახლა სარეკლამო ბანერებია გამოკრული, პირველ სართულზე საბავშვო და კომპიუტერული მაღაზიები, მათ გვერდზე კი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი გაუხსნიათ. აქაურობას ყველაზე მეტად ძველებური ხალიჩებით მოკაზმული, შუშის ჭურჭლით სავსე სტელაჟებიანი ანტიკვარული „დუქანი“ უხდება.

საცხოვრებლად მხოლოდ ერთი სადარბაზო დაუტოვებიათ. შესვლა შეიძლება…

  • სასტუმრო გრანდ-ოტელი
    სასტუმრო, რომელშიც დაგნი იული ტრაგიკულად დაიღუპა
    © photo: Sputnik / Игорь Оболенский
  • სასტუმრო გრანდ-ოტელი
    სასტუმროს ინტერიერი
    © photo: Sputnik / Игорь Оболенский
  • სასტუმრო გრანდ-ოტელი
    სასტუმროს ინტერიერი, რომელშიც დაგნი იული ტრაგიკულად დაიღუპა
    © photo: Sputnik / Игорь Оболенский
1 / 3
© photo: Sputnik / Игорь Оболенский
სასტუმრო, რომელშიც დაგნი იული ტრაგიკულად დაიღუპა

შავი მარმარილოს ფილაქანი კიბის ბაქნებზე, საფეხურები — თეთრი მარმარილოსი. და სივრცე იმხელა, რომ დერეფანში ცხენშებმული ეტლიც გაეტევა.

ეს სასტუმრო ტფილისში ნიკოლოზის ხიდთან ახლოს ააგეს, დღეს რომ „მშრალი ხიდის“ სახელითაა ცნობილი. ეს იმიტომ რომ ახლა ხიდის ქვეშ მდინარე აღარ გაედინება — გასული საუკუნის პირველ ნახევარში მტკვარი მარცხნივ „შეავიწროვეს“ და  გრანიტის პერანგი ჩააცვეს.

წარსულ დიდებაზე მხოლოდ ძველებური ფარნები და აივნების აჟურული ორნამენტებიღა ღაღადებენ, რომლებიც მასაც ექნება ნანახი, რადგან აქ ცხოვრობდა, მეორე სართულზე.

1901 წელს ამ კედლებში მომხდარ მოვლენას დღეს აღარაფერი მოგაგონებთ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მემორიალურ დაფას, რომელიც ძუნწად გვაუწყებს აქ „ვინმე“ დაგნი იულის ტრაგიკულ გარდაცვალებას.  ამბავი იმისა, ვინ იყო ის და რა მოხდა აქ ХХ ასწლეულის დასაწყისში, იდუმალებითაა მოცული.

დაგნი იული არაჩვეულებრივი ქალბატონი გახლდათ — მწერალი, პიანისტი, მთარგმნელი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, ოტო ბლერის დისწული. თუმცა ისტორიაში იმით შევიდა, რომ დრამატურგების, ავგუსტ სტრინდბერგისა და ჰენრიკ იბსენის უახლოესი მეგობარი გახლდათ. და იყო სატრფო უდიდესი ნორვეგიელი მხატვრისა, ლეგენდარული „კივილის“ შემქმნელისა, ედვარდ მუნკისა.

ედვარდ მუნკს უყვარდა დაგნის ხატვა და მისი ბევრი პორტრეტი აქვს შექმნილი. ყველაზე ცნობილი მათ შორის არის სურათი სახელწოდებით „მადონა“.

ედვარდ მუნკის მადონა
ედვარდ მუნკის "მადონა"

დაგნი იული ოფიციალურად იყო დაქორწინებული მწერალ სტანისლავ პშებიშევსკიზე, რომელთანაც ქალიშვილი და ვაჟი შეეძინა. ქალმა მუნკი მაშინ გაიცნო, როცა უკვე მეუღლის გვარს ატარებდა.

მეუღლე ეჭვიანობდა დაგნისა და მუნკის კავშირზე და ერთხელ დუელშიც კი გაიწვია მხატვარი. როგორც მწერალი იური ნაგიბინი წერს, ანუ ლიტერატურული ვერსიით, პშებიშევსკის მოსაკლავად დანანებია მუნკი და მხოლოდ ხელში დაუჭრია იგი. თუმცა, ამით სწორედაც რომ სიცოცხლე მოუსწრაფა მას, ვინაიდან მოკლა მუნკი, როგორც მხატვარი.

სინამდვილეში მუნკისა და პშებიშევსკის დუელი საიდუმლოთია მოცული და არაფერია ცნობილი. ეს კია, მუნკს ნამდვილად ჰქონდა ხელი დაშავებული. ოღონდ ეს სხვა ვითარებაში მოხდა. მეგობრებმა მუნკის გათამაშება მოინდომეს და მოატყუეს, შენი საყვარელი ქალი გარდაიცვალაო. ჩაფიქრებული ჰქონდათ, მხატვრისთვის მოულოდნელად „გაეცოცხლებინათ“ სატრფო, რასაც ახალი შთაგონებით უნდა აღევსო დიდი ნორვეგიელი.

მუნკმა არ მიიღო მეგობრების ხუმრობა და მათ შორის ცემა-ტყეპაც კი გაიმართა, რა დროსაც დაიზიანა კიდეც ხელი. თანაც ისე, რომ საბოლოოდ მარცხენა ხელზე ერთი თითის დაკარგა.

ედვარდ მუნკის ეჭვიანობა
ედვარდ მუნკის "ეჭვიანობა"

მოგვიანებით დიდი ხელოვანი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. ამბობდნენ, დაგნი იული-პშებიშევსკაიას ტრაგიკულმა სიკვდილმა შეარყია ჭკუიდანო.

დაგნი 33 წლისა იყო, როცა ტფილისში მცირეწლოვან შვილთან და საყვარელთან — ნავთობის „მეფის“ ვაჟთან, ვლადისლავ ემერიკთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც კავკასიაში სამსახურის საქმეებზე გამომგზავრებულიყო.

ნორვეგიელი ქალი ტფილისელ მამაკაცებში წარმოუდგენელი წარმატებით სარგებლობდა. გრანდ-ოტელის ნომერში ხშირად მიჰქონდათ ყვავილებით სავსე კალათები უცნობი თაყვანისმცემლებისგან.

1901 წლის 5 ივნისის ღამით, დაგნი და ვლადისლავი შეკამათდნენ. მიზეზი ეჭვიანობა იყო. სხვათა შორის, თავის დროზე მუნკმა სატრფოსადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ნახატს სწორედ „ეჭვიანობა“ უწოდა…

გარიჟრაჟზე სასტუმროს ნომერში სროლის ხმა გაისმა. დაგნის სიკვდილის მოწმე მისი ექვსი წლის ვაჟი გახლდათ…

კიდევ ერთი გასროლა ქალაქელებს რამდენიმე საათის შემდეგ მოესმათ — ემერიკმა თავი მოიკლა.

დაგნი იული 8 ივნისს დაკრძალეს ტფილისში, კუკიის სასაფლაოზე — იმ დღეს, როცა 34 წლისა უნდა შესრულებულიყო…

3615