ირაკლი გედეშური

არასტანდარტული მოგზაურობა: „ყაჩაღი“ ირანელი პოლიციელები და ნარკომოვაჭრეების თავშესაფარი

244
(განახლებულია 17:27 18.01.2019)

აი, ჩვენი რუბრიკის დღეც დადგა. დღეს მოგზაურობის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს ირაკლი გედეშური გაგვიზიარებს.

პროფესიით გეოგრაფია, თუმცა ახლა პოლონურ ტურისტულ კომპანიაში მუშაობს, საქართველოს ნაციონალურ პარკებში საცხენოსნო ექსპედიციებს აწყობს სხვადასხვა ჯგუფებისთვის. მისი ვოიაჟი მოულოდნელობებითა და საინტერესო თავგადასავლებით არის სავსე. დანარჩენს ირაკლი თავად გიამბობთ.

ირაკლი გედეშური
ირაკლი გედეშური

– საცხენოსნო ექსპედიციები საკმაოდ საინტერესოა. ის ჩემ პროფესიასაც მოიცავს და ჩემ ჰობისაც. თითო ტური, ექსპედიცია 9-10 დღე გრძელდება და მთელი ნაციონალური პარკის ტერიტორიის ცხენით შემოვლას ითვალისწინებს, ამჯერად მხოლოდ თუშეთსა და ვაშლოვანში, მაგრამ მომავალი წლიდან დასავლეთ საქართველოც დაემატება. გარდა მოგზაურობისა და ცხენებისა, ჩემი ყველაზე დიდი ჰობი რაგბია.

– რაც შეეხება საზღვარგარეთ მოგზაურობას, პირველად როდის გადაკვეთეთ უცხო ქვეყნის საზღვარი, რომელი ქვეყანა იყო და რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

– პირველად 2012 წელს თურქეთში, სტამბულში ვიყავი მეგობრებთან ერთად ჩემი საყვარელი ბენდის კონცერტზე. პირველი შთაბეჭდილებები, რა თქმა უნდა, დაუვიწყარი იყო. სტამბული დღემდე ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია. ალბათ ამაზე გავლენა საყვარელმა ბენდმაც მოახდინა და იმ ფაქტმაც, რომ პირველად ვიყავი უცხო ქალაქში. ერთადერთი ცუდი, რაც მახსენდება, 24-საათიანი მგზავრობაა, თანაც საშინელი ავტობუსით.

ირაკლი გედეშური
ირაკლი გედეშური

– დღეს რამდენად ხშირად მოგზაურობთ, რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

– შეიძლება ითქვას, რომ ხშირად ვმოგზაურობ. 2018 წელი საკმაოდ კარგი იყო ამ მხრივ – 11 ქვეყანაში ვიყავი, ხან  სამსახურის გამო მიწევდა გამგზავრება, ხან მეგობრებთან ერთად მივდიოდი.

აპრილში პოლონეთში, ვროცლავში ვიყავი კომპანიის მიწვევით. საბედნიეროდ, ჩემი სამსახურის გამო საქმიანი ვიზიტი სათავგადასავლოც გამოდგა. ორი კვირით დამპატიჟეს. აქედან ერთი კვირა პოლონეთში ვიყავი. პარტნიორებს შევხვდი, რანჩოების მეპატრონეებს, ტესტ-გასვლები გვქონდა, ცხენებით პოლონეთიდან ჩეხეთში გადავედით და უკან დავბრუნდით. მეორე კვირა თავისუფალი მქონდა და მეგობრებთან ერთად ისლანდიაში გავფრინდი ხუთი დღით. შემდეგ ისევ ვროცლავში დავბრუნდი.

მერე მაისიდან აგვისტომდე თუშეთში ვიყავი ტურებზე. აგვისტოში ისევ მეგობრებთან ერთად „ავტოსტოპით“ წავედი ირანში, აზერბაიჯანის გავლით. სამი დღე აზერბაიჯანში და ერთი კვირა ირანში ვიმოგზაურეთ. 

იქიდან დაბრუნებული ერთ კვირაში უკრაინაში გავფრინდი ისევ კომპანიის მიწვევით. დასავლეთ უკრაინაში, რუმინეთის საზღვართან ოთხდღიანი ექსპედიცია მქონდა კარპატების მთებში ცხენებით. ეს საკმაოდ საინტერესო თავგადასავალი იყო.

წელი კი ყველაზე ხანგძლივი მოგზაურობით დავამთავრე. ოქტომბრის ბოლოს ბალკანებზე წავედი მეგობრებთან ერთად. საბერძნეთში ჩავფრინდით და იქიდან „ავტოსტოპით“ ალბანეთი, მონტენეგრო, ბოსნია და სერბეთი მოვიარეთ. 21 დღეში თითქმის მთელი ბალკანეთი ვნახეთ, ძირითადად ნაციონალურ პარკებში კემპინგზე ვაკეთებდით აქცენტს. სერბეთიდან უნგრეთში, ბუდაპეშტში გავემგზავრეთ, ბოლო ორი დღე იქ გავატარეთ და საქართველოში დავბრუნდით.

ირაკლი გედეშური მეგობრებთან ერთად
ირაკლი გედეშური მეგობრებთან ერთად

– რა პრიორიტეტებით არჩევთ ქვეყანას ან ქალაქს?

– ძირითადი პრიორიტეტი ბუნება და, რა თქმა უნდა, ფინანსებია. მუზეუმებს ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. მგონი, სულ ერთ მუზეუმში ვარ ნამყოფი საქართველოს გარეთ, ისიც 2014 წელს პრაღაში. ესა თუ ის კულტურა, რა თქმა უნდა, ყოველთვის მიმზიდველია, „ავტოსტოპით“ სიარულიც იმიტომ მიყვარს, რომ ადგილობრივებს ვესაუბრები და მეტ დროს ვატარებ ხალხთან. ეს ხერხი ქვეყნის სანახავად და კულტურის გასაცნობად ბევრად უკეთესია, ვიდრე გიდის დაქირავება და მშრალი ფაქტების მოსმენა.

– ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი რომელი ქვეყანა იყო თქვენთვის?

– თითქმის ყველა ქვეყანა გამორჩეული და განსხვავებული იყო ერთი-ორის გამოკლებით. თუმცა ყველაზე მეტად ალბათ ისლანდია და ალბანეთი მომეწონა. ალბანეთში ერთი კვირა გავატარე და ყველაფერი მოვასწარი, დაწყებული ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე სეირნობით და დასრულებული ქვეყნის სიდიდით მეორე მწვერვალის დალაშქვრით. ძალიან ლამაზი ქვეყანაა და ხალხიც ძალიან მეგობრულია.

რაც შეეხება ისლანდიას, ალბათ ნომერი პირველია ჩემთვის. იქ ერთ-ერთი დიდი ოცნება ავისრულე და ჩრდილოეთის ციალი ვნახე. მოვლენა მდინარის პირას მდებარე ხის კოტეჯის თავზე ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.  ულამაზესი რამაა, რაც კი მინახავს, სიტყვებით ვერ გადმოვცემ.

1 / 6
ირაკლი გედეშურის მიერ გადაღებული ფოტო

– ალბათ ძალიან ბევრი საინტერესო და სახალისო თავგადასავალი გადაგხდენიათ მოგზაურობის დროს...

– ყველაზე გამორჩეული და დადებითი, რაც ბოლო მოგზაურობიდან მახსენდება, ალბანეთში მოხდა. საღამოს ჰოსტელში ვიყავით, ლუდს ვსვამდით და ვსაუბრობდით, როცა ჩემმა მეგობარმა „ფეისბუქზე“ ვიდეო იპოვა ალბანელ ტატუ-არტისტ კექი (ცუდი) მარკოზე. ის ჩრდილოეთ ალბანეთში ცხოვრობს და ტატუ-სტუდია ძველ საბჭოთა ბუნკერში აქვს გახსნილი. ეს ბუნკერები მთელი ალბანეთის ტერიტორიაზეა, მათი დიდი ნაწილი განადგურებულია, ხოლო რაც გადარჩა – მიტოვებული. 

ამ კაცმა ერთ-ერთი ასეთი ბუნკერი თავისი ხელით მოხატა და შიგნით ტატუ-შოფი გახსნა, სადაც თავისი წესებით მუშაობს. პირველი წესი ისაა, რომ ვიზიტს ვერ შეათანხმებ. თუ მიხვედი და ადგილზე არ დაგხვდა, სხვა დროს უნდა სცადო. თუ დაგხვდა და გაიკეთე ტატუ, არც ფასია წინასწარ შეთანხმებული. საფასური კი ასეთია: თუ მარკოს მოეწონე, არაფერს გამოგართმევს, თუ არ მოეწონე, ძალიან ძვირია. მოკლედ, გვინდოდა კექი მარკოს ბუნკერს ვწვეოდით, იქნებ გაგვეცნო კიდეც, თუ ადგილზე დაგვხვდებოდა, მაგრამ ზუსტი მისამართი ადგილობრივებმაც არ იცოდნენ. გადავწყვიტეთ, ჩვენით მოგვეძებდა და სწორედ მაშინ შეგვემთხვა ყველაზე მაგარი რამ, რაც იმ დროს შეიძლებოდა შეგვმთხვეოდა: „ავტოსტოპით“ წასვლა გადავწყვიტეთ და... მარკოს ბიძაშვილმა გაგვიჩერა მანქანა.

მოკლედ, მივედით მის ბუნკერში, მარკოც მოვიდა თავისი უცნაური მოტოციკლით, ბუნკერი გაგვიღო, ტატუებიც გაგვიკეთა და იქვე ღამის გათევაც შემოგვთავაზა, რასაც, რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდით. ეს იყო ამ მოგზაურობის, და არა მარტო, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საღამო.

– უცნაურ, ან კურიოზულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ?

– კურიოზულის არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უცნაური ამბავი ირანი–აზერბაიჯანის საზღვარზე გადამხდა. ჯერ ირანის პოლიციამ დამაყაჩაღა, როდესაც ქრთამის მიცემაზე უარი ვუთხარი. განყოფილებაში მივყავდით, მაგრამ სადღაც ქალაქგარეთ, ტყეში ჩამოგვსვეს და „ფული ან პრობლემაო”, გამოგვიცხადეს. როცა ნახეს, რომ მაინც უარზე ვიყავით, განყოფილებაში წაგვიყვანეს და ბორკილები დაგვადეს. ბოლოს, რაც ირანული ვალუტა გვქონდა, სულ გამოგვართვეს და საზღვარზე გამოგვიშვეს.

აზერბაიჯანის საზღვარი მარტომ გადავკვეთე ღამის ორ საათზე, რადგან გარკვეული პრობლემების გამო ჩემ მეგობრებს თეირანში მოუწიათ დაბრუნება. რომ მეგონა, უარესი აღარაფერი მოხდებოდა და ღამეს სადმე ჰოსტელში, კაფეში ან რესტორანში მაინც გავათევდი, კიდევ ერთი „სიურპრიზი“ შემემთხვა. აღმოჩნდა, რომ ქალაქის აზერბაიჯანული ნაწილი საზღვრიდან 18 კილომეტრში იყო. რა უნდა მექნა? ფეხით დავადექი გზას. ორი-სამი კილომეტრი გავიარე და მთელ ამ გზაზე ერთადერთი განათებული შენობა შემხვდა. როგორც მერე გავიგე, ეს აზერბაიჯანელი ნარკომოვაჭრეების თავშესაფარი ყოფილა. მოკლედ, ღამე იქ გავათიე და მეორე დღეს „ავტოსტოპით“ მოვაღწია საქართველოს საზღვრამდე. ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე გრძელი და რთული 48 საათი.

– ამ ისტორიის შემდეგ ცოტა შეუსაბამო კითხვაა, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, გურმანი ხართ? რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

– ვცდილობ ყველა ქვეყანაში გავსინჯო იქაური ტრადიციული კერძი. მაგალითად, ისლანდიაში ზვიგენის პაშტეტი და ვეშაპის ხორცი ვჭამე, საზიზღრობა იყო, მაგრამ გასასინჯად ღირდა.

– საქართველოს შესახებ რას გვეტყვით, საქართველოს კუთხეებში რამდენად ხშირად მოგზაურობთ?

– ძალიან ხშირად, სამსახურის გარეშეც. როცა თავისუფალი დრო მაქვს და შესაბამისი კომპანიაც მყავს, ყოველთვის მივდივარ სალაშქროდ. საქართველოს ყველა კუთხე მაქვს მოვლილი აფხაზეთის გარდა.

– გაქვთ გამორჩეული ადგილი, სადაც არასდროს მოგბეზრდებათ წასვლა?

– თუშეთი! ბოლო დროს ხშირად მიწევს თუშეთში ყოფნა და ყოველ ჯერზე ისეთი ემოცია მეუფლება, თითქოს პირველად მივდივარ და პირველად ვნახულობ ამ ადგილებს. თუშეთის გარდა, არც სვანეთსა და ზემო აჭარაში მომბეზრდება არასდროს წასვლა.

– ექსტრემალურ სიტუაციაში თუ გიმოგზაურიათ?

– ჭაუხებზე, მწვერვალ თიკანაძეზე ავედით მეგობრები ორი წლის წინ, ზღვის დონიდან დაახლოებით 3500 მეტრზე. კიდევ არაგვზე ჯომარდობა და ფასანაურში ზიპლაინით დაშვება ვცადე. შესაძლოა, ეს ჩაითვალოს ექსტრემალურ სიტუაციებში მოგზაურობად.

– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად მოგზაურობ. თქვენთვის ყველაზე საუკეთესო და სასურველი თანამგზავრი ვინ არის?

– თითქმის ყოველთვის ახლო მეგობრებთან ერთად მივდივარ სალაშქროდ ან სამოგზაუროდ. საბედნიეროდ, ბევრი ისეთი მეგობარი მყავს, ვისაც ჩემსავით უყვარს სიარული და მოგზაურობა და ერთნაირი ინტერესებიც გვაქვს.

– ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

– მინდა და ვგეგმავ მაროკოში წასვლას, მაგრამ, როგორც წესი, რასაც დიდი ხნით ადრე ვგეგმავ, უმეტეს შემთხვევაში არ გამოდის. თითქმის ყოველთვის ექსპრომტად, ერთი კვირით ადრე ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებას.

244
ზურაბ გერმანიშვილი

მარანში ღამით შეპარული სტუმარი, კახური ღვინო და ნივრიანი ხაშლამა კოვიდისგან თავდასაცავად

2166
(განახლებულია 22:27 17.10.2020)
ოქტომბერია, გოგლა ლეონიძის სიტყვებით, “ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი“. ახლა იქ გზებზე ფერადი ხალიჩაა და კახური შემოდგომა თავისკენ გიხმობს...

თელავში ბევრი რამაა სანახავი, უფრო სწორედ, ხელახლა სანახავი და იქ ჩასულ სტუმრებს ამაში ცალკეული ადამიანებიც ეხმარებიან. გერმანიშვილების, პროფესიონალი ექიმების ტრადიციულ ოჯახს ყველა იცნობს. პანდემიამდე მათ არაჩვეულებრივი სასტუმრო „ამელი“ გახსნეს. იქ ჩასულები მარტო პასიურად კი არ ისვენებენ, კახური შემოდგომის ფერხულში უშუალოდაც ებმევიან.

ჯერ ორი სიტყვა მასპინძლებზე მინდა გითხრათ, ბატონი ზურაბ გერმანიშვილი გახლავთ ნეიროქირურგი, რომელიც წლებია თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობს და პაციენტებში ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს. ასევე მისი მეუღლე, თამარ ბარამიძეც ექიმია, სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი და მარდალეიშვილის კლინიკის თავ-კისრის ონკოლოგი. მათი ვაჟი, ასლანი, მამის კვალს გაჰყვა, ნეიროქირურგია და გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში 13 წლის განმავლობაში მუშაობდა, ამჟამად საქართველოშია.

ზურაბ გერმანიშვილი და თამარ ბარამიძე
ზურაბ გერმანიშვილი და თამარ ბარამიძე

როგორც ექიმებმა, კარგად იციან რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა ფიზიკურის გარდა, სრული ფსიქოლოგიური რელაქსი განიცადოს. საკუთარი ხელით შექმნილ ედემში საამისო ყველა პირობაა: არაჩვეულებრივი გარემო, გემოვნებით მოწყობილი ლანდშაფტი და სასტუმრო, რომელიც ყოველ სეზონზე, იქ ჩასულებს, ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს. სასტუროს ხშირად სტუმრობდნენ უცხოელი ტურისტები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულები, მათ შორის, ბევრი ცნობადი სახეც იყო. დანარჩენს თავად ბატონი ზურაბი გვეტყვის.

სტუმრები ისრაელიდან
სტუმრები ისრაელიდან

- ბატონო ზურაბ, შემოდგომა განსაკუთრებით აქტიურია თქვენთან...

- კოვიდამდე წელიწადის არც ერთ სეზონზე არ ვუჩიოდით სტუმრების ნაკლებობას და ყველა საჭირო პირობის დაცვით, მათ ახლაც ვმასპინძლებთ. ისევე ყოველ ოქტომბერს, ახლაც, 20 ოქტომბრიდან ჩვენთან მასტერ-კლასები დაიწყება. ეს იქნება სასიამოვნო პროცესი, რომლის დროსაც ჩვენთან მოსული სტუმარი ისწავლის: ჩურჩხლის ამოვლებას, პურის ცხობას, მწვადის შეწვას, ხინკლის მოხვევას. რა თქმა უნდა, მათ საშუალება ექნებათ, რომ ჩვენს მიერ დაწურული არაჩვეულებრივი საფერავი და გამოხდილი ჭაჭა დააგემოვნონ. მოკლედ ეს იქნება სახალისო და ამასთან, შემეცნებითი ფორმის დასვენება, რომელიც დაუვიწყარ მოგონებას აჩუქებს. ჩვენ გვინდა სულ სხვა თვალით დანახული თელავი დაგამახსოვროთ.

სტუმრები თონეში პურს აკრავენ
სტუმრები თონეში პურს აკრავენ

- თქვენი კრეატივი, „ფოტოსესია წარსულში“ რას გულისმობს?

- მოგეხსენებათ, როგორი აქტუალურია ფოტო-სესიის მოწყობა, რომლისთვისაც სხვადასხვა საინტერესო გარემოს ეძებენ. მე ვფიქრობ, რომ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის სახალისო იქნება. ჩვენთან შეიძლება ფოტოების გადაღება ძველ, რეტრო გარემოში და ამასთან ქართული ნაციონალური სამოსით. კარგად იცით, რომ ეროვნული ტანსაცმელი ეთნიკური კუთხეების მიხედვით როგორი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მანდილოსნებისთვის გვაქვს ტრადიციული გრძელი კაბები და თავსაბურავები, მამაკაცებისთვის კი- ჩოხა-ახალუხი, გვაქვს ასევე ძველი ქალაქური სამოსიც, მოკლედ არჩევანი თქვენზეა.

ფოტოსესია
ფოტოსესია

-თქვენთან არის თონე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი ხელით ჩაკრული პური დააგემოვნოს...

- დიახ, თონეც გვაქვს. თავიდან უფრთხიან ხოლმე თონეში პურის ჩაკვრას, მაგრამ უკვე მეორე მცდელობაზე ვატყობთ, რომ ამას სიამოვნებით აკეთებენ. რა ჯობია თონეში საკუთარი ხელით ჩაკრულ პურს?

ეზოში მოწყობილი თონე
ეზოში მოწყობილი თონე

- აქ გაქვთ მარანი, სადაც ვფიქრობ, განსაკუთრებით უცხოელი სტუმრებისთვის, ბევრი გექნებათ სათქმელი...

- ჩვენთან მოსული უცხოელი სტუმრები სიამოვნებით აგემოვნებენ ქვევრის ღვინოს, აქვე, რა თქმა უნდა, მათ ქართული სუფრის ტრადიციაზე ვესაუბრებით, მოგვიანებით კი, ყველაფერს უკვე თვალნათლივ ვაჩვენებთ. განსაკუთრებული ხაზგასმით ვეუბნებით (ვინც იცის, მათ ვახსენებთ) იმ ფაქტს, რომ სიტყვა „ღვინო“ მსოფლიოში ქართული სიტყვისგან გავრცელდა, რადგან საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც 8000 წელზე უფრო ადრინდელი ყურძნის წიპწებიანი თიხის დოქებია აღმოჩენილი, რომ ჩვენთან ადამიანმა ველური ვაზი „გააკულტურულა და გააშინაურა“.

ამელის მარანი
"ამელის" მარანი

- დარწმუნებული ვარ, რომ ამ მარანში განსაკუთრებით მამაკაცებს უყვართ დაყოვნება...

 - ერთ ასეთ ამბავს გავიხსენებ, რომელიც ცნობილი ფილმის, „ღვინის ქურდების“ ეპიზოდს გაგახსენებთ. ადრე ბალტისპირეთიდან გვყავდა სტუმრები, როდესაც ყველამ დაიძინა, მარნიდან ხმაური შემომესმა. ავდექი და რას ვხედავ?- ჩვენი ერთი სტუმარი მისულია ერთ-ერთ ქვევრთან, რომელსაც შუშა აქვს გადაფარებული და მას ახლოდან აკვირდება. მივედი და ვეკითხები: რა ხდება მეთქი? ასე მიპასუხა: ვერაფრით დავიჯერე, რომ ამ ქვევრებში მართლა ღვინო გაქვთო. მე გადავწიე შუშა და ვაჩვენე. სიცილით მითხრა: გამაგებინეთ, რა გაძინებთ ზემოთ ასე მშვიდად, როდესაც აქ ამდენი ღვინოაო?

ფოტოსესია ამელში
ფოტოსესია "ამელში"

- უკვე წარმომიდგენია, როგორც მოიქცეოდით...

- იქვე დავსხედით, ქვევრიდან ღვინო ამოვიღე და დილამდე მარანში ვიყავით. დილით მისი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ. აქ მარტო ღვინოში არაა საქმე, მათ ჩვენგან წაღებული სითბო და იმ დღის მოგონება, დარწმუნებული ვარ, დიდხანს გაჰყვებათ. ისიც ეცოდინებათ, რომ ქართული სტუმართ-მასპინძლობის ამბავი ლეგენდა არ არის...

ამელის ეზო
"ამელის" ეზო

- თქვენთან ბევრი ცნობადი სახე ყოფილა სტუმრად...

- დიახ, გამორჩეული სტუმრებიც გვყავდა. მარტო ის რად ღირს, რომ ჩვენს როიალზე თავისი ქართული მუსიკა ააჟღერეს ისეთმა კომპოზიტორებმა, როგორებიც არიან: ვაჟა აზარაშვილი და კახა ცაბაძე, მეამაყება, რომ ისინი აქედან ნასიამოვნები წავიდნენ.

რეკვიზიტები ფოტოსესიისთვის
რეკვიზიტები ფოტოსესიისთვის

- როგორც ექიმი, შექნილ ვითარებაში რას ურჩევდით ადამიანებს?

- ძალიან მიკვირს მათი, ვისაც ამ ფონზე, რაც მსოფლიოში და კერძოდ, ჩვენთანაცაა, ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებათ კოვიდის არსებობაში. ყველას მინდა კიდევ ერთხელ ვურჩიო, რომ გაითვალისწინონ ჩემი კოლეგა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. ჩვენს სასტუმროშიც მათ ზედმიწევნით მკაცრად ვიცავთ. სხვაგვარად არაფერი გამოვა...

ზურან გერმანიშვილი და მისი მეუღლე, თამარ ბარამიძე
ზურან გერმანიშვილი და მისი მეუღლე, თამარ ბარამიძე

- რაიმე, განსაკუთრებული კახური რეკომენდაცია ხომ არ გაქვთ?

- რა თქმა უნდა მაქვს, პროფილაქტიკისთვის ყველას ორას გრამ წითელ ღვინოს და ნივრიან ხაშლამას ვთავაზობთ. საერთოდ კი, მე, როგორც ნეიროქირურგი გირჩევთ, გონება გაათავსუფლონ ნეგატიური აზრებისგან, ატარეთ დამცავი პირბადეები და უარი თქვით ხელოვნური, შინაგანი ნიღბებისგან, რაც ცხოვრებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს გიშლით...

 

2166
მოდელი სალომე ღვინიაშვილი

ზღაპრული სანაპირო და შოკოლადისფერი რუჯი: სად და როგორ ისვენებენ ქართველი სელებრითები

640
(განახლებულია 17:27 22.05.2019)
ზაფხულის დაუვიწყარი დღეებისთვის მომზადება ქართველმა ვარსკვლავებმა წინასწარ დაიწყეს. შოკოლადისფერი რუჯი და ხავერდოვანი კანი არც ერთ მათგანს არ აკლია, თუმცა ზღვის ნაპირზე ან მთაში დასვენება მეტ ენერგიას, სილაღესა და კომფორტს ჰმატებთ.

Sputnik-საქართველო მოგიყვებათ, რომელ კურორტს ან ვისთან ერთად დასვენებას მიანიჭეს უპირატესობა ქართველმა სელებრითებმა...

ყველაზე სექსუალური და წარმატებული: აირჩიეთ ქართველი მაჩო>>

ყველასათვის საყვარელმა და შეუდარებელმა მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა 18 მაისს 35 წლის იუბილე ფეხბურთელ მეუღლესთან ზურა ხიზანიშვილთან ერთად აღნიშნა.

წყვილმა საგაზაფხულო არდადეგები თურქეთის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მოიწყო. უამრავ მილოცვასთან ერთად სალომე ღვინიაშვილის ფოტოებმა 10 000 მოწონება დაიმსახურა.

ეკო ფანგანი – ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი თვალშისაცემი სტილი და დამახასიათებელი ხმის ტემბრი არავის ტოვებს გულგრილს. ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მეგობრებთან ერთად ქალაქ ბოდრუმს მიანიჭა უპირატესობა და მზიანი დღეების გასატარებლად სწორედ თურქეთში გაემგზავრა. 

ვიცე-მის საქართველომ, მოდელმა და ცნობილი ჟურნალისტების ქალიშვილმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა რომაული არა, მაგრამ ავსტრიული არდადეგები ნამდვილად მოიწყო. მოდელმა ვენაში დაუვიწყარი დღეები გაატარა. ულამაზეს ტყავის მოსასხამსა და კაბაში გამოწყობილი სელებრითი ნება-ნება მისეირნობს ევროპის განსაკუთრებულ ქალაქში.

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი სულ ახლახან დაოჯახდნენ და ერთად მოგზაურობას არ წყვეტენ. საზოგადოებამ მათი მარშრუტი ალბათ ზეპირად იცის... მათ იტალია, ავსტრია, თურქეთი მოიარეს. ამჯერად ულამაზესი წყვილი ისევ თურქეთშია.

ამ ქართველ მსახიობს ხშირად მე-20 საუკუნის უმშვენიერეს ვარსკვლავს ოდრი ჰეპბერნს ადარებენ. ნინო გაჩეჩილაძე საზოგადოებამ ყველასათვის ცნობილი სატელევიზიო სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. მისი გმირი ჩერჩეტი და ქარაფშუტა ქალბატონი კატოა, რომელიც მუდმივად ქალური ბედნიერების ძიებაშია. ამჯერად ნინო გაჩეჩილაძე „ფორმულა კრეატივის“ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხშია გადაღებაზე.

ქეთევან ხატიაშვილი ტანმოვარჯიშეა, საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და მალევე შეაყვარა ყველას თავი. მისი მეუღლე ცნობილი ქართველი მორაგბე დავით კაჭარავაა. წყვილმა მაისის არდადეგები საქართველოში, ყაზბეგის მთებში მოიწყო. ეს წყვილი თქვენ ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს.

640
მცხეთის რაიონული სასამართლო

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა სასამართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

0
პროკურორის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრალდებულები საქმის განხილვის და მოწმეთა დაკითხვის ჩაშლას ცდილობენ

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ხუთმა ბრალდებულმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც პროცესი გადაიდო.

ვახტანგ ჩიქოვანს, მორაგბეებს - არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს ორ სხვა არასრულწლოვან ბრალდებულთან ერთად ბრალი ედებათ შაქარაშვილის მკვლელობაში. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, 19 წლის ფეხბურთელის მიზეზი ასფიქსია გახდა - ის წყალში დაიხრჩო. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში უამრავი დაზიანება იყო მიყენებული.

ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოებს გაუარესებული ეპიდვითარების გამო საქმეთა განხილვის გადადების რეკომენდაცია მისცა, მოსამართლემ კიდევ ერთი დღე დაამატა და მას „ამ საქმის სწრაფად დახურვა სურს“.

„მიგვაჩნია, რომ სასამართლო შეგნებულად აჩქარებს ამ პროცესის განხილვას მიუხედავად იმისა, რომ ვადებში არ არის შეზღუდული, გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვთ დავალება, რაც შეიძლება მალე დაამთავრონ ეს საქმე და მიიღონ ის უკანონო დავალება, რა დავალებაც აქვს მიცემული სასამართლოს. ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს პროცესი და ადვოკატებს გვითხრეს, რომ სანამ მათთან არ გავივლით კონსულტაციას, არ გავაგრძელოთ მათი დაცვა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდების მხარე კი, თავის მხრივ, ბრალდებულთა საქციელს პროცესის გაჭიანურებას უკავშირებს. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბრალდებულები საქმის განხილვის და მოწმეთა დაკითხვის ჩაშლას ცდილობენ. გარდა ამისა, პროკურორი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის საქმეში არანაირი „პოლიტიკური მოტივი“ არ არსებობს.

„წინა სასამართლო პროცესზეც დატოვეს ბრალდებულებმა სხდომის დარბაზი. მათი ქმედებები მიმართულია პროცესის გაჭიანურებისკენ. დღეს სასამართლომ დაინახა დაცვის მხარის ქმედებები. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პოლიტიკურ სარჩულს, ასეთ განცხადებებს ძალიან მრავლად აკეთებს დაცვის მხარე. მე მივაწერ უფრო დაცვის მხარის უსუსურობაზე, ვერ წარმოაჩენენ თავის პოზიციას დადებითად სასამართლო პროცესებზეც და გარეთაც, შემდეგ ცდილობენ, ვინმეს გადააბრალონ, თითქოს პოლიტიკური სარჩული აქვს ამ ყველაფერს“, – განაცხადა პროკურორმა.

საქმის შემდგომი არსებითი განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 7 დეკემბერს 11:00 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლოს წინაშე 100-ზე მეტი მოწმე უნდა წარდგეს.

0
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე