საბა მიგრიაული

არასტანდარტული მოგზაურობა: მაროკო, ბარსელონა, კანარის კუნძულები და 250 ევრო საჩუქრად

466
(განახლებულია 16:39 02.11.2018)

გიმოგზაურიათ აფრიკასა და ევროპაში, სამ ქვეყანასა და რვა ქალაქში ათ დღეში და მიგიღიათ 250 ევრო საჩუქრად ამ ყველაფრისთვის? 

თუ არა, მაშინ ჩვენი რუბრიკის სტუმარი საბა მიგრიაული გიამბობთ არასტანდარტული მოგზაურობის შესახებ.

საბა მიგრიაული
საბა მიგრიაული
საბა მიგრიაული: ჩვენი პირველი გაჩერება იყო ტანჟირი, მაროკო, სადაც ქუთაისიდან ბარსელონის გავლით ჩავედით. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე გადავწყვიტეთ, რომ ნაცვლად ტაქსის დაქირავებისა ან ავტობუსის მოძებნისა, ავტოსტოპით წასვლა გვეცადა. მცდელობა საკმაოდ წარმატებული გამოდგა. თერთმეტნი ვიყავით და ორ ნაწილად გავიყავით. ორივე ჯგუფს, ფაქტობრივად, პირველივე მანქანებმა გაგვიჩერეს.

ჩვენი მძღოლი ისეთი პოზიტიური ადამიანი გამოდგა, ცოტა მეწყინა კიდეც, რომ ჩვენთან ერთად არ აგრძელებდა მოგზაურობას. თანაც აღმოჩნდა, რომ საქართველოზეც იცოდა, თბილისზეც და ჩვენ მიმართაც კარგად იყო განწყობილი.

სახელები გამოგვკითხა და ჩემი რომ ვუთხარი, უცებ გაჩერდა და ჩამეკითხა:

- საბაა?!

ცოტა სასაცილოა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, საბა მათ ყველაზე დიდ დედოფალს რქმევია. ჰო, დედოფალს! რაღა ჩვენი თამარ მეფე და რაღა იმათი საბა დედოფალი.

ასე საუბარ-საუბარში მიგვიყვანა Old Medina-ში, საითაც თვითონ საერთოდ არ ჰქონდა გზა, უბრალოდ, პატივი გვცა. არადა, ქალაქის მეორე ბოლოში იყო.

ტანჟირში სულ რამდენიმე საათით გავჩერდით და მსოფლიოს ყველაზე ლურჯ ქალაქში – შიფშაუენში გადავინაცვლეთ.

შიფშაუენი

შიფშაუენი-მაროკო
შიფშაუენი-მაროკო

მაროკოელები რომ ზემეგობრული ხალხია, ამის პირველი გამოვლინება სწორედ შიფშაუენში ვიხილეთ. თუ ქუჩაში შეგამჩნიეს, რომ რაიმეს ეძებ, მაშინვე მოგცვივდებიან დახმარების სურვილით გამსჭვალულნი. ასე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც.

ტაქსის მძღოლს ვუთხარით, რომ სასტუმროში მივეყვანეთ და მისამართიც მივეცით. ქალაქის ცენტრში რომ შევედით, გააჩერა მანქანა და გვითხრა, აღმართს აუყევით და თქვენი სასტუმროც იქვეაო. გადმოვედი მანქანიდან და გავხედე აღმართს. ამ დროს საიდანღაც გაჩნდა რამდენიმე მაროკოელი, რომლებიც დაინტერესდნენ, რას ეძებო. ვანახე სასტუმროს მისამართი. მითხრეს, ეგ სასტუმრო 2-3 კილომეტრშია აქედანო. თუმცა დასაზუსტებლად მაინც გადარეკეს სასტუმროში, გაარკვიეს, სად იყო, მერე კი ერთ-ერთი ტაქსიში შეხტა და, ფაქტობრივად, დაუკითხავად წამოვიდა ჩვენთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ტაქსის მძღოლს ერთი სული ჰქონდა, როდის მოგვიშორებდა თავიდან, მისმა მოძმე მაროკოელმა მაინც სასტუმროს კარამდე მიაყვანინა ჩვენი თავი. 

შიფშაუენი-მაროკო
შიფშაუენი-მაროკო

მაროკო მარიხუანისა და ჰაშიშის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში და რეალურად მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყაროც ეს არის. ამიტომ ტურისტულ ადგილებში, ყველა თუ არა, ყოველი მეორე მაინც მარიხუანას გთავაზობს. ისე კი, მარიხუანისა და სხვა ნარკოტიკების მოხმარება ლეგალიზებული არ არის. ამ „სიკეთეს” სულ უცხოელებისთვის ამზადებენ „ჯიგრები“...

ქალაქის ფერი სათავეს 1930-იან წლებიდან იღებს, როცა სეფარდიელმა ებრაელმა ლტოლვილებმა, ღმერთის ძალის შესახსენებლად, თავიანთი სახლები და კედლები ლურჯად შეღებეს. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ებრაელი მოსახლეობა ნელ-ნელა ჩანაცვლდა მუსლიმებით, მათი გავლენა დიზაინსა და ისტორიაზე ისევ ბატონობს – ქალაქს კვლავ ლურჯი იერი აქვს.

თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ებრაელებს უბრალოდ სჯეროდათ, რომ ლურჯი ფერი კოღოებს განიზიდავდა...  

ფეზი-მაროკო
ფეზი-მაროკო

პრინციპში, ლურჯი მხოლოდ ტურისტული ზონაა, ანუ Old Medina. იქ თუ მოხვდით, აუცილებლად ესტუმრეთ რესტორან Aladin-ს, საიდანაც იშლება კიდეც ის ცნობილი ხედი, რომელიც ინტერნეტში გექნებათ ნანახი. თანაც უგემრიელეს კერძებსაც ამზადებენ და ფასებიც ძალიან დაბალია.

ისიც უნდა გითხრათ, რომ მაროკოს ასეთ პატარა ქალაქებში კვება ნამდვილად სერიოზული პრობლემაა ანტისანიტარიის გამო. ასე რომ, „ალადინი“ საუკეთესო მიგნებაა.

შიფშაუენიდან, წესით, მარაკეშში უნდა წავსულიყავით, მაგრამ გვირჩიეს, გზად ისტორიულ ქალაქ ფესში შეგვევლო.

ახლა ვფიქრობ, რამდენად მაგარი იქნებოდა მაროკოში მოგზაურობა, ფესში შევლა „შავ ლაქად“ რომ არ აჩნდეს მას – არაფერი იყო სანახავი, დრო ტყუილად დავკარგეთ. ეგაა მხოლოდ, იქ გავსინჯე კაქტუსის ნაყოფი, რომელსაც შიფშაუენში შორიდან ვუყურებდი ეჭვის თვალით. არადა, მომეწონა, მართლა უგემრიელესი იყო, განსხვავებული არომატი ჰქონდა. თუ სადმე შემხვდება, ერთ კილოს კიდევ დავაგემოვნებ.

კაქტუსის ნაყოფი
კაქტუსის ნაყოფი

სხვათა შორის, სასტუმროში ჩვენმა მეზობელმა ბიჭუნამ ძალიან უცნაური, თუმცა, თავისი აზრით, სარფიანი გარიგება შემომთავაზა: ჩემ მეგობარ ქერა გოგონას სამ აქლემში მიცვლიდა... ოთხი რომ მოეცა, იქნებ დავთანხმებოდი კიდეც, მაგრამ სამი აქლემი ვის ეყოფა? მეცოტავა და უარი ვუთხარი.

იქაურობას მალევე გავეყარეთ და ჩემ ფავორიტ ქალაქს, მარაკეშს „შევეყარეთ“.

მარაკეში

ეს არის ქალაქი, სადაც ნამდვილად გრძნობ, რამდენად განსაკუთრებული და ეგზოტიკური ქვეყანაა მაროკო. შიფშაუენი თუ ლურჯი იყო, მარაკეშს წითელ ქალაქს ეძახიან. იქ ყველაზე მეტად ისტორიული და თანამედროვე მაროკოს კონტრასტი მხიბლავს. ერთ წუთში თუ ძველ უბანს ათვალიერებ, მეორე წუთში ბარებისა და კლუბების ნაწილში ხვდები.

სხვათა შორის, მარაკეში ჰოლივუდელი რეჟისორების საყვარელი ადგილია. იქაა გადაღებული სცენები ფილმებიდან „გლადიატორი“, „შეუსრულებელი მისია“, „ჯეიმს ბონდი“ და სხვა მრავალი...

მარაკეში-მაროკო
მარაკეში-მაროკო

იცოდეთ:

  • თუ მაროკოში ოდესმე ჩაი ან ხორციანი კერძი შემოგთავაზეს, არასდროს თქვათ უარი, ვინაიდან ეს უპატივცემულობად მიიჩნევა. გარდა ამისა, ხორცი აუცილებლად მარჯვენა ხელით უნდა მიირთვათ. მოკლედ, თუ ცაცია ხართ ან ვეგეტარიანელი, ან, მით უმეტეს, ორივე ერთად, ძალიან არ გაგიმართლათ.
  • მაროკოს მოსახლეობას სახლებში ფაქტობრივად არ აქვთ სააბაზანოები, თუ ძალიან მცირე ნაწილს და სასტუმროებს არ ჩავთვლით. ძირითადად ყველანი აბანოებში დადიან, ანუ იქაურად „ჰამანებში“. 
  • მოერიდეთ თეთრი ტანსაცმლის ჩაცმას, რადგან ეს იქ გლოვის ფერია. ამიტომ იქაურები სულ ფერად-ფერადადად არიან შემოსილები. ტურისტები დიდად არ ითვალისწინებენ ამ ამბავს, მაგრამ ვფიქრობ, ადგილობრივი კულტურის გათვალისწინება აუცილებელია.

ამასობაში მაროკოს აფრიკული დღეები ამოიწურა და ბარსელონისკენ გავეშურეთ.

...მაგრამ, როგორც უნდა დაგეგმო მოგზაურობა და დეტალებში გათვალო ყველაფერი, ცხოვრებისეულ სიურპრიზებს ვერსად გაექცევი. 

ლისაბონი
ლისაბონი

მარაკეში–ლისაბონი–ბარსელონის რეისით მივფრინავდით. მარაკეშიდან ლისაბონში ჩავფრინდით, იქიდან კი ბარსელონაში უნდა წავსულიყავით, მაგრამ... ლისაბონში მხოლოდ 55 წუთი გვქონდა, რომ ერთი თვითმფრინავიდან მეორეში გადავმსხდარიყავით. ამ დროში უნდა მოგვესწრო ყველა საჭირო პროცედურის გავლაც. ბევრი კი ვირბინეთ, მაგრამ მაინც დაგვაგვიანდა, გეითთან რომ მივედით, უკვე დაკეტილი იყო.

მაგრამ, იცით, რა? ძალიან გამიხარდა ასე რომ მოხდა. სანამ თავად მიხვდებით, რა გამიხარდა, გეტყვით, რომ როცა ავიაკომპანიის მიზეზით თვითმფრინავს ვერ მიუსწრებთ, ანუ გამოტოვებთ დაკავშირებულ ფრენას, კომპენსაცია გეკუთვნით – 600 ევრომდე ფულადი სახით, სასტუმრო, ტრანსფერი სასტუმრომდე და უკან და ასევე უფასო კვება. ამიტომ ავიაკომპანიის წარმომადგენელს ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი მოვთხოვე და მათაც დაუყოვნებლივ გაგვიშვეს Radisson-ში. ჩვენ შემთხვევაში, საფრენი კილომეტრებიდან გამომდინარე, საკომპენსაციო თანხამ 250 ევრო შეადგინა თითოეულზე. ჯგუფის თერთმეტივე წევრმა იქვე შევავსეთ აპლიკაცია FlyBack.Ge-ზე და თანხა ორ თვეში მივიღეთ. 

ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როცა ავიაკომპანიამ კომპენსაცია გადამიხადა. პირველად კვიპროსის რეისზე დაგვიანებისთვის ავიღე 250 ევრო რამდენიმე თვის წინ.

მოვიდა ბარსელონასთან შეხვედრის დროც. 

ბარსელონა, Mirame!

ბარსელონა
ბარსელონა

ეს ქალაქი ჩემი აღმოჩენაა. სულ სხვა თვალით დავინახე. მართალია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილია მსოფლიოში, მაგრამ, იცოდით, რომ ბარსელონას აქვს შვიდი სანაპირო და შვიდივე ხელოვნურია? 

თურმე ქალაქს 1992 წლამდე სანაპირო არ ჰქონია. სანამ ოლიმპიადის მასპინძლობა არ ერგოთ წილად, მანამ სანაპირო საწარმოებს ეკავა. ახლა კი ბარსელონის სანაპიროები ტოპ-ათეულშია შესული National Geographic-ის მიხედვით.

ქალაქის დასათვალიერებლად თავიდან სულ ორ-ნახევარი დღე გვქონდა გათვალისწინებული. მაგრამ ლისაბონში შეყოვნების გამო ერთი დღე გამოგვაკლდა და მხოლოდ დღე-ნახევარიღა გვქონდა დარჩენილი. ამიტომ ბევრ ადგილზე წასვლა ვერ მოვასწარით. ყველაზე ცნობილი Sagrada Familia-ს ნახვით, La Rambla-ზე სეირნობითა და Camp Nou-ზე სტუმრობით შემოვიფარგლეთ.

ჰოდა, რახან ბევრი რამ დამრჩა სანახავი, კიდევ ერთხელ უნდა ვესტუმრო ბარსელონას, მით უმეტეს, რომ თანაც ვგიჟდები ესპანელებზე...

მოგზაურობის ბოლოს, ამდენი დატვირთული და, ცოტა არ იყოს, დამღლელი დღეების შემდეგ მცირედი რელაქსაცია კანარის კუნძულებზე, კერძოდ, ტენერიფეზე ვპოვეთ.

ტენერიფე

ტენერიფე - კანარის კუნძულები
ტენერიფე - კანარის კუნძულები

იქ არც იმდენი სანაპიროა, ყველას რომ წარმოგვიდგენია, და არც იმდენად მაღალი ფასები, მე რომ მეგონა. ვიპ-ზონაში შესვლა თავისი აუზებით, კაფეებითა და მთელი ამბებით მხოლოდ ხუთი ევრო ღირს! მთავარია, დილის 10 საათზე უკვე ადგილზე იყოთ.

მერე კი, ზემოდანაც თუ გადმოხედავთ ქალაქს, ურიგო არ იქნება...

მოკლედ, ძალიან დატვირთული, თუმცა საინტერესო და სასიამოვნო მოგზაურობა გამოგვივიდა. წინ კიდევ ბევრი ასეთი, უფრო უკეთესი და იაფი მოგზაურობები გველოდება.

ასე რომ, შემომიერთდით და ვიმოგზაუროთ ერთად.

466
მოდელი სალომე ღვინიაშვილი

ზღაპრული სანაპირო და შოკოლადისფერი რუჯი: სად და როგორ ისვენებენ ქართველი სელებრითები

597
(განახლებულია 17:27 22.05.2019)
ზაფხულის დაუვიწყარი დღეებისთვის მომზადება ქართველმა ვარსკვლავებმა წინასწარ დაიწყეს. შოკოლადისფერი რუჯი და ხავერდოვანი კანი არც ერთ მათგანს არ აკლია, თუმცა ზღვის ნაპირზე ან მთაში დასვენება მეტ ენერგიას, სილაღესა და კომფორტს ჰმატებთ.

Sputnik-საქართველო მოგიყვებათ, რომელ კურორტს ან ვისთან ერთად დასვენებას მიანიჭეს უპირატესობა ქართველმა სელებრითებმა...

ყველაზე სექსუალური და წარმატებული: აირჩიეთ ქართველი მაჩო>>

ყველასათვის საყვარელმა და შეუდარებელმა მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა 18 მაისს 35 წლის იუბილე ფეხბურთელ მეუღლესთან ზურა ხიზანიშვილთან ერთად აღნიშნა.

წყვილმა საგაზაფხულო არდადეგები თურქეთის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მოიწყო. უამრავ მილოცვასთან ერთად სალომე ღვინიაშვილის ფოტოებმა 10 000 მოწონება დაიმსახურა.

ეკო ფანგანი – ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი თვალშისაცემი სტილი და დამახასიათებელი ხმის ტემბრი არავის ტოვებს გულგრილს. ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მეგობრებთან ერთად ქალაქ ბოდრუმს მიანიჭა უპირატესობა და მზიანი დღეების გასატარებლად სწორედ თურქეთში გაემგზავრა. 

ვიცე-მის საქართველომ, მოდელმა და ცნობილი ჟურნალისტების ქალიშვილმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა რომაული არა, მაგრამ ავსტრიული არდადეგები ნამდვილად მოიწყო. მოდელმა ვენაში დაუვიწყარი დღეები გაატარა. ულამაზეს ტყავის მოსასხამსა და კაბაში გამოწყობილი სელებრითი ნება-ნება მისეირნობს ევროპის განსაკუთრებულ ქალაქში.

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი სულ ახლახან დაოჯახდნენ და ერთად მოგზაურობას არ წყვეტენ. საზოგადოებამ მათი მარშრუტი ალბათ ზეპირად იცის... მათ იტალია, ავსტრია, თურქეთი მოიარეს. ამჯერად ულამაზესი წყვილი ისევ თურქეთშია.

ამ ქართველ მსახიობს ხშირად მე-20 საუკუნის უმშვენიერეს ვარსკვლავს ოდრი ჰეპბერნს ადარებენ. ნინო გაჩეჩილაძე საზოგადოებამ ყველასათვის ცნობილი სატელევიზიო სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. მისი გმირი ჩერჩეტი და ქარაფშუტა ქალბატონი კატოა, რომელიც მუდმივად ქალური ბედნიერების ძიებაშია. ამჯერად ნინო გაჩეჩილაძე „ფორმულა კრეატივის“ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხშია გადაღებაზე.

ქეთევან ხატიაშვილი ტანმოვარჯიშეა, საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და მალევე შეაყვარა ყველას თავი. მისი მეუღლე ცნობილი ქართველი მორაგბე დავით კაჭარავაა. წყვილმა მაისის არდადეგები საქართველოში, ყაზბეგის მთებში მოიწყო. ეს წყვილი თქვენ ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს.

597
მაია ასათიანი

მაია ასათიანის თამამი ფოტოები საცურაო კოსტიუმში: სად ისვენებს ტელეწამყვანი?

10205
(განახლებულია 14:57 14.05.2019)
ცნობილი ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში უფრო და უფრო აქტიური ხდება.

გარდა ულამაზესი კოსტიუმებითა და გრიმით გადაღებული ფოტოებისა, თაყვანისმცემლებს ყოველდღიურ ცხოვრებას უზიარებს.  

ცნობილი ტელეწამყვანის ერთი უბრალო დღე ძაღლებით, კატით და ულამაზესი ეზოთი არის მოცული. გადატვირთული და შრომატევადი გადაღებების შემდეგ წარმატებული ჟურნალისტი საკუთარი სახლის ეზოში მარტო ნებივრობს.

მიუხედავად შინაგანი სიძლიერისა, გადაცემაში „უხერხული კითხვები“ ჟურნალისტი აღნიშნავს: „საკუთარ თავთან რომ ვრჩები, ერთი შეშინებული ქალი ვარ, რომელსაც ცხოვრების ეშინია და იბრძვის გადარჩენისთვის“.

აღსანიშნავია, რომ აპოლიტიკური გადაცემა „პროფილის“ წამყვანი 42 წლის მიუხედავად შესანიშნავად გამოიყურება და Instagram-ის მომხმარებელს საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ანებივრებს.

ამტკიცებს, რომ კომპლექსებით და მორიდებულობით გამოირჩეოდა და ამის დაძლევაში სწორედ პროფესია ეხმარებოდა.

„თავდაჯერებული გავხდი. ისევე, როგორც ყველას, ძალიან ბევრი კომპლექსი მქონდა. ზოგი ამბობს, ნეტავ დროის მანქანა მქონდეს და 25 წლის წინ დავბრუნდე... მე კი ვამბობ, ღმერთმა დამიფაროს 25 წლის ვიყო და ეს ყველაფერი თავიდან გავიარო. ყველაფრის „დაკიდება“ ვისწავლე“.

ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთმა წარმატებულმა ჟურნალისტმა კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. იყო საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტი, სხვადასხვა მეგა-შოუების ჟიური და წამყვანი. მე-11 წელია ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემის – „პროფილის“ ავტორი და უცვლელი წამყვანია.

10205
სავსე მთვარე

როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე

0
(განახლებულია 15:31 07.07.2020)
მთვარის ფაზები ადამიანებზე მათი დაბადების თარიღის მიხედვით ახდენს გავლენას. რაში გამოიხატება ეს გავლენა და როგორ უნდა მოიქცეს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი თვის ყველაზე მისტიკურ პერიოდში, რათა ცხოვრებაში წარმატება მოიზიდოს

მთვარე სხვა პლანეტებთან შედარებით ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანებზე.

არსებობს მთვარის ოთხი ძირითადი ფაზა - ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა, ზრდის ფაზა და კლების ფაზა. თითოეულ ფაზას თავისი ენერგეტიკა აქვს. ოთხივე ფაზა ძალზე მნიშვნელოვანია, თითოეული თავისებურად კარგია და თავისებურად - საშიში, ამიტომ ამ ფაზების შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ.

ერთგვარ კულმინაციებს წარმოადგენს ახალმთვარეობა და სავსემთვარეობა. ამჯერად წარმოგიდგენთ სავსემთვარეობის გავლენას ზოდიაქოს ნიშნებზე.

ვერძი

ვერძებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მისი დამსახურებები აღიარონ. სავსემთვარეობა იდეალური დროა დიდი პროექტების დასასრულებლად, გარშემომყოფები ამას დააფასებენ.

კურო

სავსემთვარეობა კუროებისთვის კარგი დროა იმისთვის, რომ თვე შეაჯამოთ. დაფიქრდით, რომელ საქმეებში გაამართლა თქვენმა ძალისხმევამ და შემდეგ გაინებივრეთ და დააჯილდოეთ თავი რამე სასიამოვნოთი.

ტყუპი

სცადეთ და რამე ახალი აითვისეთ, იქნება ეს სამუშაო უნარები თუ ჰობი. სავსე მთვარე დაგეხმარებათ იმ საქმის მოძებნაში, რომელიც გულწრფელად მოგიტანთ სიამოვნებას, კმაყოფილებას და, შესაძლოა, მოგებასაც.

კირჩხიბი

სავსემთვარეობის ენერგია კირჩხიბებს გაძლევთ საშუალებას, რომ თავი უფრო მეტად ალტრუისტად და გულუხვად იგრძნოთ. ეს იდეალური დროა მეგობრების, ახლობლებისა და უცნობების დასახმარებლადაც კი. უკან გაასმაგებული სიკეთე დაგიბრუნდებათ.

ლომი

სავსემთვარეობისას ლომების ენერგია პიკს აღწევს. მაგრამ სიფრთხილეა საჭირო: ხდებით ძალზე ემოციური და შეიძლება სპონტანური (ხანდახან გიჟურიც კი) გადაწყვეტილებები მიიღოთ. ეცადეთ, ყველაფერს ფხიზლად შეხედოთ, სხვაგვარად შემდეგი რამდენიმე დღე, შესაძლოა, იმედგაცრუებული იყოთ.

ქალწული

სავსემთვარეობის პერიოდში ქალწულების სურვილი, რომ ცხოვრება მოაწესრიგოთ, პიკს აღწევს. ეს მშვენიერი დროა, რომ განალაგოთ პრიორიტეტები, განსაზღვროთ უახლოესი პერიოდის ცხოვრებისეული ამოცანები.

სასწორი

ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის სავსე მთვარე - ეს ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების გახსნის დროა. ამ მხრივ გამონაკლისს არც სასწორები წარმოადგენენ. და თქვენთვის შემოქმედებითი ენერგიის გამოყენების საუკეთესო ხერხი არა ლექსების წერა და ხატვაა (თუმცა, არც ესაა გამორიცხული), არამედ არსებული პრობლემების გადაჭრის ახალი და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მოძებნაა.

მორიელი

მორიელები არ ხართ სენტიმენტალური ადამიანები, რომანტიკისადმი მიდრეკილი და ყველას მოსიყვარულე, მაგრამ სავსემთვარეობის დროს ეს გრძნობები წინა პლანზე გამოდის. თუ ელოდებით იდეალურ დროს, რომ საყვარელ ადამიანს რამე მნიშვნელოვანი უთხრათ, სწორედ რომ შესაფერისი დრო სავსე მთვარის პერიოდია.

მშვილდოსანი

მშვილდოსნების ცხოვრებით ტკბობის უნარი სავსე მთვარის პირობებში სრულიად ახალ დონეზე ადის. იწყებთ მძლავრი პოზიტიური ენერგიის გამოსხივებას, რომელიც მრავალ ადამიანს იზიდავს თქვენ გარშემო. ისღა დაგრჩენიათ, რომ ეს ყოველივე გამოიყენოთ.

თხის რქა

როგორც ცნობილია, თხის რქები იმდენად ხართ საკუთარ მიზანზე „ჩაციკლული", რომ მთლიანად ჩაეფლათ რუტინაში. სავსემთვარეობის დროს გაქვთ მოვლენების მსვლელობის შეცვლის შანსი. კარგი იქნება, თუ დროებით გვერდზე გადგებით და მიღწეულ შედეგებს გადახედავთ, შემდეგ მიულოცავთ საკუთარ თავს გამარჯვებებს და დამსახურებული უქმეებით ისიამოვნებთ.

მერწყული

სავსემთვარეობის დღეებში მერწყულებს საკუთარი მიღწევების აღიარების დიდი სურვილი გეძალებათ. ეს მშვენიერი დროა იმისთვის, რომ გარშემომყოფებს აჩვენოთ ყველაფერი, რასაც მიაღწიეთ და იამაყოთ საკუთარი თავით.

თევზები

სავსემთვარეობის პერიოდში თევზებში სხვა ადამიანებთან ემოციური კავშირის გრძნობა მატულობს. ხდებით უფრო კეთილი გარშემომყოფების მიმართ. მთავარია, გრძნობებთან დაკავშირებით არ "გადაამლაშოთ", რადგან, როგორც წესი, ნებისმიერი წვრილმანი ადვილად გწყინთ.

0