ქართველი „უცხოპლანეტელები“ ჩინეთში და მოგზაურობაში ნაპოვნი ბედნიერება

© FB / Saba Migriauliსაბა მიგრიაული მეგობრებთან ერთად
საბა მიგრიაული მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
19 წლის საბა მიგრიაული ციფრული მარკეტინგის სპეციალისტია, ასევე ვებ დეველოპერი და Youtube ექსპერტი. აქვს საკუთარი კომპანია და ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით. რამდენიმე თვის წინ გახსნა პერსონალური ბლოგი, რომელსაც უკვე ათასობით გამომწერი ყავს.

დიდი ხანი არ არის რაც მოგზაურობა და უცხო ქვეყნების გაცნობა დაიწყო.  ჯერჯერობით ხუთ ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა ამბობს, რომ წინ ძალიან ბევრი საინტერესო ვოიაჟი ელოდება.

© FB / Saba Migriauliსაბა მიგრიაული და ხატია ჯოხარიძე
საბა მიგრიაული და ხატია ჯოხარიძე - Sputnik საქართველო
საბა მიგრიაული და ხატია ჯოხარიძე

— პირველი ყველაფერი როგორც წესი მუდმივად რჩება ჩვენს მეხსიერებაში და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ არასდროს დამავიწყდება ის წუთები, როცა პირველად ავდიოდი თვითმფრინავში. საოცარი იყო პირველი აფრენა და ემოციებით დატვირთული მოგზაურობა. გერმანიაში მივფრინავდი მაშინ და თან 26 მაისი დაემთხვა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. თვითმფრინავში ასვლამდე სურათები და გიფები გადამიღეს, შოკოლადები ჩამიჯიბეს და ისე გამიშვეს პირველი ქვეყნის მოსანახულებლად. თან აღნიშვნა გამოვიდა და სიმბოლური დატვირთვაც შეიძინა. ამიტომ ჩემს ამაღლებულ განწყობას, კიდევ უფრო მეტი პოზიტივი შეემატა და გერმანიაში ასე აჟიტირებული ჩავფრინდი. შემდეგ უკვე ყოველი წუთი თავგადასავალი და რაღაც ახლის შეცნობა იყო.

© FB / Saba Migriauliსაბა მიგრიაული
საბა მიგრიაული - Sputnik საქართველო
საბა მიგრიაული

- ალბათ ამან უფრო გაგიმძაფრათ მოგზაურობის სურვილი.

— მოგზაურობის სურვილი ბავშობიდან მქონდა და როგორც კი გადავწყვიტე, რომ დრო იყო მსოფლიო შემომევლო, თავიდანვე ორ ქვეყანაში დავგეგმე მოგზაურობა. რაც უფრო მეტ ადგილას მივდივარ, მით უფრო მიმძაფრდება მოგზაურობის სურვილი და მინდა სამოგზაუროდ წავიდე მთელი წლით. რადგან ეს სენი უკვე შემეყარა, ალბათ ცხოვრების ბოლომდე ვეღარ გავჩერდები, ეს აზარტზე ბევრად მეტია.

ამ დროისთვის ხუთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ყველაზე მეტად ალბათ მაინც ჩინეთი დამამახსოვრდა. თითქოს სულ სხვა პლანეტაზე ხარ და ხალხიც უცხოპლანეტელივით გიყურებს. ქუჩაში რომ დავდიოდით მე და ჩემი მეგობრები, სულ გვაკვირდებოდნენ და სურათებს გვიღებდნენ. განსაკუთრებით ბავშვებს ეტყობოდათ გაკვირვება, ჩვენი დანახვისთანავე ეღიმებოდათ საყვარლად. ჩინეთში ალბათ ყველაზე ნაკლებად შეიმჩნევა გლობალიზაციის კვალი. ყველაფერი თავისი აქვთ, მაკდონალდსიც კი. აღარაფერს ვამბობ, რომ სამყაროს ხარ მოწყვეტილი, იმიტომ რომ ყველა სოციალური ქსელი დაბლოკილია, იუთუბიც და თანამედროვე მსოფლიოს ყველა სხვა გამოძახილიც. ამიტომ შეუძლებელია ეს ქვეყანა გონებაში არ დაგრჩეს, თავისი განსხვავებულობით და საკმაოდ მაღალი ჩინელებით.

© FB / Saba Migriauliსაბა მიგრიაული
საბა მიგრიაული - Sputnik საქართველო
საბა მიგრიაული

- მოგზაურობა თქვენთვის მარტო უფრო სასიამოვნოა, თუ მეგზურებთან ერთად?

— ძირითადად ჩემს მეგობართან ერთად ვმოგზაურობ, რომელთან ერთადაც ოთხ ქვეყანაში ვიყავი და შემდგომი ვოიაჟიც ერთად გვაქვს დაგეგმილი. ამას გარდა, სულ უცხო ხალხთან ერთად ვმოგზაურობთ ხოლმე, რაც კიდევ მეტ ინტერესს მატებს ახალი ქვეყნის გაცნობას და ხშირად კარგი მეგობრებით ვბრუნდებით უკან.

- როგორ გეგმავთ ტურს? ტურისტულ სააგენტოს მიმართავთ ამის მოსაგვარებლად, თუ თავად აგვარებთ ყველა საკითხს?

— ძირითადად თავად ვაგვარებთ ყველა საკითს, რაც არ წარმოადგენს სირთულეს, მით უმეტეს როცა რამდენიმე ადამიანი მივდივართ. გადავინაწილებთ ხოლმე მოვალეობებს და ასე მხიარულად ვემზადებით გასაფრენად.

- რომელ საიტზე ყიდულობთ ბილეთებს, სასტუმროს და ა.შ. ანუ როგორ აგვარებთ ყველა ფორმალობას?

— ძირითადად ტურზეა დამოკიდებული, ხან სახლს ვქირაობთ მთლიანად და ხან სასტუმროში ვბინავდებით, ამისთვის ძირითადად Booking.com-ს და Airbnb.com-ს ვიყენებთ. ბილეთებს კი კონკრეტული მიმართულების შესაბამისად, სხვადასხვა ავიაკომპანიის საიტზე ვყიდულობთ. სანახავი ადგილების მოსაძიებლად კი Google-ზე უკეთესი წყარო არ არსებობს.

© FB / Saba Migriauliსაბა მიგრიაული
საბა მიგრიაული - Sputnik საქართველო
საბა მიგრიაული

- ყველაზე დაუვიწყარი და შთამბეჭდავი ვოიაჟი გაიხსენეთ…

— რთულია გამორჩევა, ყველა მოგზაურობას თავისი ხიბლი ქონდა. თუმცა ალბათ ჩინეთს გამოვყოფდი, რადგან ამ ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ მთლიანად შემეცვალა წარმოდგენა ამ ხალხის კულტურაზე, ცხოვრების წესზე და ზოგადად. ასევე კვიპროსიც, ისეთი ადგილია, ყველაზე მძაფრად გინდება შენს ტელეფონსაც თვალივით 576 მეგაპიქსელი ქონდეს, რომ ყველაფერი ისე გადაიღოს, როგორსაც ხედავ. ფანტასტიკაა უბრალოდ. წელიწადის ნებისმიერ დროს თბილა და უბრალოდ სეირნობაც კი რელაქსაციაა.

- როგორი ტიპის ქვეყნები გიზიდავთ?

— ძალიან მომწონს ტროპიკული ადგილები, თუმცა მოგზაურობის ხიბლიც ის არის, რომ მუდმივად განსხვავებულ გარემოში ხვდები და ეს მრავალფეროვნებაა ჩემთვის ვოიაჟის არსიც.

- სად გაგიჩნდათ განცდა, რომ მსოფლიო აღმოაჩინეთ?

— ჰონგ კონგის ცენტრში, რომ აღმოვჩნდი, მაშინ მივხვდი, ეს მსოფლიოს გული იყო. ჩინეთის ნიუ იორკი, ქალაქი, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდები ბუნებისა და თანამედროვეობის სიმბიოზურ კონტრასტს, და გრძნობ ქალაქის სიცოცხლით სავსე ენერგიას.

© FB / Saba Migriauliსაბა მიგრიაული
საბა მიგრიაული - Sputnik საქართველო
საბა მიგრიაული

- ყველა მოგზაურობას თან ახლავს თავგადასავლები. ხშირად ჩავარდნილხართ უცნაურ, ან კურიოზულ სიტუაციაში?

— ჩემს მიერ მრავალჯერ ხსენებულ ჩინეთში ვიყავით მე და ჩემი მეგობრები და გვინდოდა ზოოპარკში წასვლა პანდების სანახავად, ამიტომ გადავწყვიტეთ ტაქსი გაგვეჩერებინა, თუმცა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მხოლოდ ტუკ-ტუკმა გაგვიჩერა, რომელიც ველოსიპედზე ან მოტოციკლეტზე მიბმული კაბინაა მხოლოდ. ჰოდა მიუხედავად იმისა, რომ არც ტუკ-ტუკი და არც მძღოლი არ გამოიყურებოდნენ სანდოდ, მაინც გავრისკეთ და გავყევით ზოოპარკში. ძლივს გავაგებინეთ სად მივდიოდით, რადგან ინგლისური არ იცოდა. ჰოდა ამ მძღოლმა ხან ერთ ადგილას ჩამოგვსვა, ხან მეორე ადგილას და მუდმივად გვეუბნება, რომ ზოოპარკში ვართ და ფულს გვთხოვს, არადა ყველა ადგილი საწყისი წერტილიდან 100-200 მეტრშია. ჩვენც მივხვდით, რომ საქმე ენობრივ ბარიერში კი არა, ამ კაცის ნამუსში იყო, თუმცა ეს ადამიანი ძარღვების დაგლეჯამდე ყვიროდა და ფულს გვთხოვდა წრეზე ტარებისა და ვითომ ზოოპარკში წაყვანისთვის. ჩვენ აქედან ვეკამათებით, ის იქიდან გვიყვირის და არცერთს არ გვესმის ერთმანეთის. პარალელურად ჩვენ გარშემო ხალხი იკრიბებოდა და ხითხითებდნენ თავისთვის. ამ „გამიშვი და გამაკავეში“ უცებ ჩინელების მასა ერთ მუშტად შეიკრა და ჩვენს საამაყო ჩინელს კუდით ქვა ასროლინეს, ამ ფრაზის პირდაპირი გაგებით. შემოახტა შეშინებული ტუკ-ტუკს და მოკურცხლა. იმ დროს შემიყვარდნენ ალბათ ჩინელებიც. ეს ისტორია ჩემს ბლოგზეც დავწერე და მიუხედავად იმისა, რომ ზოოპარკში საერთოდ ვერ მოვხვდით, ჩემმა მეგობრებმა ძალიან ბევრი იცინეს და საბოლოოდ პოზიტიურად დაგვამახსოვრდა ყველას.

© FB / Saba Migriauliსაბა მიგრიაული
საბა მიგრიაული - Sputnik საქართველო
საბა მიგრიაული

- ექსტრემალურ სიტუაციაში თუ გიმოგზაურიათ?

— ზუსტად ბოლო მოგზაურობა იყო ექსტრემალური და მოგზაურობა არა იმდენად, რამდენადაც უკან დაბრუნება. 10-ნი წავედით კვიპროსში და საბოლოოდ მარტო დავბრუნდი, რაზეც მომდევნო დღეები ყველა საინფორმაციო გადაცემა საუბრობდა. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტში ორი საათით ადრე მივედით, ტექნიკური გაუმართაობის და უსაშველოდ დიდი რიგების გამო რეისზე ვაგვიანებდით, უკვე ჩვენს გვარებს აცხადებდნენ. დაძაბულობა იმატებდა და ლამის აფრენილ თვითმფრინავზე ავედი. კიდევ სხვა საკითხი იყო, რომ ჩემს მეგობრებს იქ ტოვებდნენ და მე თვითმფრინავიდან ვიბრძოდი, ისინი აეროპორტიდან, მაგრამ საბოლოოდ მაინც არაფერი შეიცვალა და მარტო ჩამოვფრინდი საქართველოში. ეს იყო ადრენალინის მოზღვავება, ხანდახან სუნთქვაც კი მავიწყდებოდა იმდენად აღელვებულ ვიყავი.

- რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით? ეგზოტიკური, ან უცნაური რა გაგისინჯავთ?

— ვერ ვიტყვი, რომ ადგილობრივ სამზარეულოს ვეცნობი ხოლმე. როცა მოგზაურობას ვგეგმავთ, მაშინ უფრო მაქვს სურვილი ადგილობრივი კერძები გავსინჯო, ვიდრე უკვე ადგილზე. რამდენჯერმე გამისინჯავს უცხო წარმომავლობის ხორცით გაკეთებული საკვები, თუმცა დღემდე არ ვიცი რა ცხოველის ან ფრინველის იყო. სამაგიეროდ მთელი დღე ცუდად ვყოფილვარ ამ საკვების გამო. რამდენიმე ეგზოტიკური ხილი გავსინჯე ჩინეთში და უგემრიელესი იყო, დღემდე ვნანობ რომ კილოობით არ ვიყიდე და თუ ოდესმე მოვხვდები კიდევ, აუცილებლად გამოვასწორებ. ნეტავ სახელი მაინც დამემახსოვრებინა.

© FB / Saba Migriauliსაბა მიგრიაული
საბა მიგრიაული - Sputnik საქართველო
საბა მიგრიაული

- ამ ხნის განმავლობაში რა მოგცათ მოგზაურობამ, რა კვალს ტოვებს ეს თქვენ ცხოვრებაში?

— უპირველეს ყოვლისა ბევრი ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე, რომლებსაც ნამდვილად დიდ მონაპოვრად ვთვლი. ამავდროულად მომცა ცოდნა, ულევი პოზიტივი და მოგონებები, რომლებიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ვთვლი, რომ მოგზაურობის დაწყებით ჩემს ცხოვრებაში ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპი დაიწყო, რამაც მთლიანად შეუცვალა გეზი ჩემს არსებობას.

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას, რის მონახულებას აპირებთ?

— სექტემბერში მაქვს დაგეგმილი ბარსელონა და მაროკოს რამდენიმე ქალაქის მონახულება. ჯერ სხვა გეგმები არ მაქვს, თუმცა ნელ-ნელა კიდევ შევმატებ რამდენიმე მიმართულებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0