მარიამ ცაგარეიშვილი

კვიპროსზე დაკარგული მოგზაური: საჭიროა ნახო ასეთი რამ, რომ მეტად დააფასო შენი ქვეყანა

442
(განახლებულია 16:06 26.01.2018)
მარიამ ცაგარეიშვილი მოგზაურობით „დაავადებული“ ადამიანია. საკუთარ თავს wanderlust-ს უწოდებს და ბლოგსაც ამავე სახელწოდებით აწარმოებს. Wanderlust ნიშნავს ადამიანს, რომელიც გამუდმებით მოგზაურობის სურვილითაა შეპყრობილი.

მარიამი 20-მდე ქვეყანაშია ნამყოფი. იმდენად ბევრი თავგადასავალი და ამბავი დაუგროვდა მოსაყოლი, რომ ყველაფერს ათეულობით ფურცელზეც კი ვარ დაატევს. ამიტომ ის ბოლო ვოიაჟზე — კვიპროსზე მოგზაურობის შესახებ მოგვიყვება.

მოგზაურობა საკუთარ თავთან ერთად

კვიპროსზე მოგზაურობას ალბათ არ დავაპირებდი, რომ არა ავიაკომპანია „ვიზეარზე“ გამოჩენილი 25-ევროიანი ბილეთი. მოგზაურობა მარტო გადავწყვიტე. გაფრენამდე შფოთი არ მაკლდა. მესიზმრებოდა, რომ აეროპორტში ვაგვიანებ, რომ ლოდინის დროს რომელიღაც სადგურში ჩამეძინა და რადგან მარტო ვმოგზაურობდი, ვერავინ გამაღვიძა და ა.შ. მაგრამ, მაინც, მე ხომ უნდა ვცადო-მეთქი, ვფიქრობდი.

მარიამ ცაგარეიშვილი კვიპროსზე
მარიამ ცაგარეიშვილი კვიპროსზე

ჩემი მასპინძელი ნიკოლასი

ლარნაკა არც ისე დიდი ქალაქია, არც ისე ბევრი ადამიანი ცხოვრობს და, შესაბამისად, არც ისე ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ვისაც „ქაუჩსერფინგი“ აქვს. ასეთი იშვიათი ადამიანი იყო ნიკოლასი, რომელიც პენსიაზე გასული, დედასთან მცხოვრები მამაკაცი გახლდათ. არც მეტი არც ნაკლები, გინდ დაიჯერეთ გინდ არა — ჩემიანად 599 „რეფერენსის" პატრონი. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც 5 წელია აქვს „ქაუჩსერფინგი“ და უმასპინძლა 600 ადამიანს. თავადაც ამგვარად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო. განა შეიძლებოდა ასეთ საინტერესო ადამიანთან დარჩენაზე უარი მეთქვა?

ლარნაკას ერთ-ერთი ქუჩა
ლარნაკას ერთ-ერთი ქუჩა

აეროპორტიდან გამოვედი, ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და ავტობუსების გაჩერებისკენ გავწიე. ნიკოლასის სახლს მარტივად მივაგენი. რამდენიმე საათის შემდეგ, ის-ის იყო მოწყენილობისგან კვდომას ვაპირებდი, რომ ერთ-ერთი ოთახიდან გოგონამ გამოანათა.

— გამარჯობა, შოკოლადიანი ბლინები გინდა? მომზადებას ვაპირებ… ასე გავიცანი ორი უსაყვარლესი არსება – ტანია და ადამი. სერბი წყვილი, რომელიც ჩემ მასპინძელთან Airbnb-ის საშუალებით ოთახს ქირაობდა.

მთელი დღე ერთად გავატარეთ მე, ტანიამ და ადამმა. ბევრი ვიბოდიალეთ ქუჩებში. უამრავი ვილაპარაკეთ კვიპროსზე, იმაზე, თუ რა ნახეს და რა უნდა მენახა. მერე საქართველოზე, მერე სერბეთზე. მერე თავიანთ ურთიერთობაზე მელაპარაკნენ. მეორე დილით სამზარეულოში წერილი დამხვდა: ტანია და ადამი დამემშვიდობნენ გაფრენის წინ და საკუთარი ნივთები მე დამიტოვეს. სენტიმენტებით გულაჩუყებული ავტობუსს მოვაჯექი და გეზი სოფლებისკენ ავიღე…

სერბ მეგობრებთან, ტანიასთან და ადამთან ერთად
სერბ მეგობრებთან, ტანიასთან და ადამთან ერთად

გამჭვირვალე ზღვა და ქვიშა ჩემი გონების ისეთივე აკვიატებაა, როგორიც ვიღაცისთვის ტყე და ტყეში პატარა ქოხი. მე მთელი დღე შემიძლია ვიოცნებო ზღვის ხმაზე და თეთრ ქვიშაზე, რომ ერთ დღესაც ავდგები და ძალიან, ძალიან დიდი ხნით გავეშურები იქ, სადაც სულ მზეა, ზღვა ლურჯზე ლურჯია და ქვიშა ოქროსფერი. ნიკოლასს უთენია წავადექი თავზე და გამოვუცხადე — ძალიან კარგი მასპინძელი ხარ, მაგრამ ჩემი გონება სხვაგან ქრის, აია ნაპაში უნდა წავიდე-მეთქი…

კვიპროსი
კვიპროსი

აია ნაპა — წინ ზღვა მელის

თქვენ არ იცით, რა მომენტია, როცა წინ ზღვა მელის და როცა შორიდან, ძალიან ბუნდოვნად მესმის ტალღების მუსიკა… რა ამაღელვებელი და დიდებულია ჩემთვის, როცა მივდივარ ზღვასთან, როგორც მკურნალთან. მე ჯერ არასდროს არ მინახავს ზღვა ასეთი სუფთა, ასეთი ცისფერი, მწვანე და ლურჯი… წყნარი და მშვიდი, პატარა კუნძულებით, წელამდე წყალში რომ 100 მეტრს გაივლი, კუნძულის ნაპირზე გადახვალ, იქ აუზებივით მომრგვალებულ ქვაბულებში ილივლივებ და ერთი-ორჯერ გაიფიქრებ, რომ ცხოვრება ძალიან მშვენიერია, რომ ყველაფერი კარგადაა…

კვიპროსი
კვიპროსი

თავგადასავლები იწყება

აია ნაპას მონასტერთან წყვილმა მომაკითხა — ქაუჩსერფერებმა, რომლებთანაც აია ნაპაში ვრჩებოდი. აია ნაპაში მასპინძლის პოვნა ალბათ ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც მარსზე წყლის პოვნა, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, გამიმართლა და ორი არაჩვეულებრივი ადამიანი ვიპოვე. პავლოსი და თეკლი სურათზეც სასიამოვნონი ჩანდნენ, მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. ისეთ სახლში მიმიყვანეს, რომ რამდენიმე წუთი გაშტერებული ვიჯექი. ჩემი დაკვირვებით, კვიპროსზე ხალხი საკმაოდ მდიდარია, უმეტესობა ძალიან მდიდარიც-მეთქი, ვიტყოდი. ყველაზე მიყრუებულ სოფელშიც კი ძალიან გემოვნებიანი უზარმაზარი სახლებია წამოჭიმული. პირველად აქ ვნახე სახლებში შუშებიანი სამსართულიანი აუზები. ყველა სახლს აქვს საუცხოო დიზაინის, ულამაზესი ტროპიკული ბაღები.

მარიამ ცაგარეიშვილი
მარიამ ცაგარეიშვილი

თეკლის და პავლოსს ჩემი მოგზაურობით ვერ გავაკვირვებდი. მომიყვნენ, რომ მთელ ევროპაში არიან ნამყოფი, რომ ახლა ტაილანდის ბილეთები იყიდეს და დიდ აზიურ ტურს იწყებენ. ძალიან სასარგებლო ინფორმაციაც გამიზიარეს – ევროპაში ერთ-ერთი პროგრამით ვიყავით (www.workaway.info), რომლის საშუალებითაც მოგზაურობის დროს ვმუშაობდითო, ამიტომ საცხოვრებელი და კვება უფასო გვქონდა და შევძელით რამდენიმე თვე დავრჩენილიყავით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, ესპანეთი და პორტუგალიაო.

ზღაპრულ სახლში ცხოვრება ორი დღე გაგრძელდა. ამ ორი დღის მანძილზე თეკლისთან ერთად გავაკეთეთ ნაციონალური კერძები, პავლოსთან ერთად გადმოვხტი კლდეებიდან ზღვაში, სამივემ ერთად ბევრი ვიარეთ აია ნაპაში და მეორე დღის ბოლოს მათაც დიდი სენტიმენტებით და გულდაწყვეტილი გამოვემშვიდობე.

მარიამ ცაგარეიშვილი კვიპროსზე
მარიამ ცაგარეიშვილი კვიპროსზე

კვიპროსზე დაკარგული

დედაქალაქისკენ დავადექი გზას. ტელეფონი დამიჯდა და გუგლის რუკა ხელიდან გამომეცალა. დავმწუხრდი, ვაი თუ იმ მისამართს ვერ მივაგნო, სადაც მივდივარ და ღამე ქუჩაში ამოვყო თავი ბარგით-მეთქი. მინდა ავტობუსის მძღოლს ვკითხო ჩემ მისამართთან გაივლის თუ არა ახლოს, მაგრამ მერიდება. ვზივარ გატრუნული, ბედის ანაბარა… საიდან ხარო, მეკითხება მძღოლი… ყველაფერი კარგად იქნებაო, შენ არ ინერვიულოო. მივხვდი სადაცაა და რომ მივალთ, გეტყვიო. ჩამომსვა, დამანახა — ამ შუქნიშანზე არა და მეორე რომ შეგხვდება, იქ შეუხვიე მარჯვნივო. მერე გზაჯვარედინი იქნება და მარცხნივ ადი და მანდ უნდა იყოს შენი სახლიო. მადლობაც არის და მადლობაც, მაგრამ იმ მომენტში ჩემ მიერ ნათქვამ მადლობას ასი ოქრო და ვერცხლი გადავაყოლე პირიდან… ასე მეგონა…

მარიამ ცაგარეიშვილი
მარიამ ცაგარეიშვილი

ექვსი საათი ხდებოდა. მე ისევ შუქნიშნებს შორის დავბოდიალობდი. კვიპროსზე 6 საათის დადგომა ნიშნავს, რომ ქალაქი ამ დროს პარალიზებული ხდება, ყველაფერი იკეტება, ქუჩაში აღარავინ დადის… ვეღარც ტელეფონს დავტენიდი ვერსად, ვერც ვერავის მივწერდი… სახეზე რომ სიმწრის ოფლი მასხამდა და თვალების ცეცებაში ვიყავი, მოხუცი ბერძენი კაცი შემეფეთა. „პოლშა?“,  —  „ ნოუ, ხეორხია“,  — „ აააა, ხეორხიააააა“, და მერე გააგრძელა ბერძნულად და მე მისი ერთი სიტყვაც არ მესმოდა, ისევე, როგორც მას ჩემი ინგლისური… როგორც იქნა მივახვედრე, რომ ქუჩის სახელს ვეკითხებოდი და იმანაც თავისი მანქანა დამანახა. ჩამსვა და სახლის ძებნა დავიწყეთ. ხან ვისთან დარეკა, ხან რომელ ტაქსის კომპანიაში, ხან რომელ სუპერმარკეტში შევიდა, რა აღარ იღონა, რომ მისამართი გვეპოვნა. სულ რაღაც ერთ საათსა და რამდენიმე წუთში (თუმცა ახლა მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმუმ 100 მეტრის რადიუსში წრეებს ვურტყამდით კორპუსებს და ვერ ვაგნებდით) მივაგენით სანუკვარ ქუჩას და ნომერს. ბერძენი მანქანიდან გადმოხტა და სიხარულით ყვიროდა, „აიიი, მარიაააა, მარიაა“… და მეც ვყვიროდი სიხარულისგან და ორივე ვეხვეოდით ერთმანეთს. და ვფიქრობდი, რომ რაღაც არსებობს, რაღაც ძალიან დიდი ამ სამყაროში, რასაც სიკეთე ჰქვია. და რომ არა სხვა დანარჩენი, მარტო იმად ღირს მოგზაურობა, რომ იპოვო სიკეთე და იპოვო ადამიანები.

კვიპროსის დედაქალაქი ვერაფერი ჩიტი აღმოჩნდა. სხვა თუ არაფერი, დედამიწაზე არსებობს მინიმუმ ერთი დედაქალაქი, რომელიც ასი თავით სჯობია და ეს საქართველოს დედაქალაქი თბილისია!

მარიამ ცაგარეიშვილი
მარიამ ცაგარეიშვილი

ხრისტონი — ყველაზე პატიოსანი ადამიანი მსოფლიოში

„ქაუჩსერფინგის“ აპლიკაციამ გაიწკარუნა. ნიქოზიელი ვინმე ხრისტოსი მწერდა — თუ გინდა ერთად გავისეირნოთო. გავისეირნოთ–მეთქი, მეც ვუპასუხე. ის დღე იყო და მე და ხრისტოსი დავძმობილდით. იშვიათად მინახავს ასეთი პატიოსანი ადამიანი, რომელსაც არც ერთი წამით, დარწმუნებული ვარ, არაფერი მზაკვრობა არ გაუვლია გულში. არა მარტო ჩემზე, არც ვინმე სხვაზე, ოდესმე. მომატარა ქალაქი, რუდუნებით გადამიღო ყველგან სურათი, სადაც ვთხოვე. გულმოდგინედ მელოდა ყველა სუვენირების მაღაზიაში იქამდე, სანამ სამმა გამყიდველმა არ გამლანძღა მაღაზიაში ხანგრძლივად ყოფნის გამო და რამდენიმემ ხრისტოსსაც უსაყვედურა, სად იპოვე ამისთანა რთული ქალი, რომ ამდენი ხანი სუვენირი ვერ აურჩევიაო.

მარიამ ცაგარეიშვილი
მარიამ ცაგარეიშვილი

მეორე დღეს ხრისტოსის მეგობრები და მეგობრების მეგობრები ლაშქრობას აწყობდნენ ტროდოსის მთებში. ურბანიზაციით მობეზრებულმა, ხრისტოსს ვკითხე, იქნებ მეც წამოვიდე–მეთქი და ისიც სიხარულით დამთანხმდა.

კვიპროსი არის ქვეყანა, სადაც კვიპროსელები ტყეში სურათს უღებენ და აღფრთოვანებას გამოხატავენ თითოეულ უცნაურად წამოზრდილ ფოთოლზე. კვიპროსი არის ქვეყანა, სადაც ჩანჩქერს უწოდებენ ადგილს, სადაც ორი მეტრის სიმაღლიდან მოწანწკარებს რამდენიმე წვეთი წყალი. ზოგჯერ საჭიროა ადამიანმა ნახო ამისთანა რაღაცები, რომ მეტად დააფასო შენი ქვეყანა და აეროპორტში ჩამოსვლისას ნაცრისფერი ქალაქით კი არ აგერიოს გული, სიამაყით აივსო, რომ შენი ქვეყანა ძალიან ლამაზია…

ლარნაკას სანაპირო
ლარნაკას სანაპირო

მე და ზღვა…

ბოლო დღეს ისევ მივედი ზღვასთან, რომელიც აეროპორტიდან რამდენიმე ასეულ მეტრშია. მოვუყევი ამბები, ის, რაც კვიპროსმა მასწავლა. მოვუყევი, რომ საკუთარი თავის კამპანიაში ყოფნა ყველაზე კარგი კამპანიაა, რომ მხოლოდ მარტო მოგზაურობის დროს გაქვს საშუალება იფიქრო ყველაზე მნიშვნელოვანზე, საკუთარ თავზე და საკუთარი თავის მისიაზე. მოვუყევი, რომ ადამიანების სწორად შერჩევა და ნდობა ყველაზე დიდი ნიჭია, რომ თუ ენდობი, ესე იგი, არ გეშინია, ესე იგი, შენი გონება არ ფიქრობს არაფერ ცუდზე. ნდობა იმის ამოძახილია, რაც შენში ხდება, და თუ შენში კარგი ხდება, ირგვლივ აუცილებლად ყველაფერი მოხდება კარგი. მოვუყევი, რომ ვენდე უცხო ხნიერ მამაკაცს და მასთან ვიცხოვრე სახლში. მოვუყევი, რომ უცხო ქალაქებში ვიარე ავსტოსტოპით უცხო ადამიანების მანქანით. მოვუყევი, რომ უცნობ წყვილთან გავათიე სახლში, რომ ქუჩაში შემხვედრ ბერძენ კაცს დავუჯერე და მის მანქანაში ჩავჯექი, რომ უცნობ ბიჭთან ერთად ვისეირნე უცნობ ქუჩებში. ვუთხარი, რომ დრო გავა და დამავიწყდება ყველა ლამაზი ადგილი, რომელიც ვნახე კვიპროსში. ყველა ლამაზი ქუჩის სახელი, ყველა ლამაზი პლაჟი და კაფე, რომელსაც ვესტუმრე, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება ნიკოლასი, ტანია, ადამი, პავლოსი, თეკლი და ხრისტოსი. ზღვა მისმენდა და თან უკრავდა — უკრავდა მუსიკას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლამაზია…

 

442
ზურაბ გერმანიშვილი

მარანში ღამით შეპარული სტუმარი, კახური ღვინო და ნივრიანი ხაშლამა კოვიდისგან თავდასაცავად

2008
(განახლებულია 22:27 17.10.2020)
ოქტომბერია, გოგლა ლეონიძის სიტყვებით, “ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი“. ახლა იქ გზებზე ფერადი ხალიჩაა და კახური შემოდგომა თავისკენ გიხმობს...

თელავში ბევრი რამაა სანახავი, უფრო სწორედ, ხელახლა სანახავი და იქ ჩასულ სტუმრებს ამაში ცალკეული ადამიანებიც ეხმარებიან. გერმანიშვილების, პროფესიონალი ექიმების ტრადიციულ ოჯახს ყველა იცნობს. პანდემიამდე მათ არაჩვეულებრივი სასტუმრო „ამელი“ გახსნეს. იქ ჩასულები მარტო პასიურად კი არ ისვენებენ, კახური შემოდგომის ფერხულში უშუალოდაც ებმევიან.

ჯერ ორი სიტყვა მასპინძლებზე მინდა გითხრათ, ბატონი ზურაბ გერმანიშვილი გახლავთ ნეიროქირურგი, რომელიც წლებია თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობს და პაციენტებში ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს. ასევე მისი მეუღლე, თამარ ბარამიძეც ექიმია, სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი და მარდალეიშვილის კლინიკის თავ-კისრის ონკოლოგი. მათი ვაჟი, ასლანი, მამის კვალს გაჰყვა, ნეიროქირურგია და გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში 13 წლის განმავლობაში მუშაობდა, ამჟამად საქართველოშია.

ზურაბ გერმანიშვილი და თამარ ბარამიძე
ზურაბ გერმანიშვილი და თამარ ბარამიძე

როგორც ექიმებმა, კარგად იციან რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა ფიზიკურის გარდა, სრული ფსიქოლოგიური რელაქსი განიცადოს. საკუთარი ხელით შექმნილ ედემში საამისო ყველა პირობაა: არაჩვეულებრივი გარემო, გემოვნებით მოწყობილი ლანდშაფტი და სასტუმრო, რომელიც ყოველ სეზონზე, იქ ჩასულებს, ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს. სასტუროს ხშირად სტუმრობდნენ უცხოელი ტურისტები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულები, მათ შორის, ბევრი ცნობადი სახეც იყო. დანარჩენს თავად ბატონი ზურაბი გვეტყვის.

სტუმრები ისრაელიდან
სტუმრები ისრაელიდან

- ბატონო ზურაბ, შემოდგომა განსაკუთრებით აქტიურია თქვენთან...

- კოვიდამდე წელიწადის არც ერთ სეზონზე არ ვუჩიოდით სტუმრების ნაკლებობას და ყველა საჭირო პირობის დაცვით, მათ ახლაც ვმასპინძლებთ. ისევე ყოველ ოქტომბერს, ახლაც, 20 ოქტომბრიდან ჩვენთან მასტერ-კლასები დაიწყება. ეს იქნება სასიამოვნო პროცესი, რომლის დროსაც ჩვენთან მოსული სტუმარი ისწავლის: ჩურჩხლის ამოვლებას, პურის ცხობას, მწვადის შეწვას, ხინკლის მოხვევას. რა თქმა უნდა, მათ საშუალება ექნებათ, რომ ჩვენს მიერ დაწურული არაჩვეულებრივი საფერავი და გამოხდილი ჭაჭა დააგემოვნონ. მოკლედ ეს იქნება სახალისო და ამასთან, შემეცნებითი ფორმის დასვენება, რომელიც დაუვიწყარ მოგონებას აჩუქებს. ჩვენ გვინდა სულ სხვა თვალით დანახული თელავი დაგამახსოვროთ.

სტუმრები თონეში პურს აკრავენ
სტუმრები თონეში პურს აკრავენ

- თქვენი კრეატივი, „ფოტოსესია წარსულში“ რას გულისმობს?

- მოგეხსენებათ, როგორი აქტუალურია ფოტო-სესიის მოწყობა, რომლისთვისაც სხვადასხვა საინტერესო გარემოს ეძებენ. მე ვფიქრობ, რომ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის სახალისო იქნება. ჩვენთან შეიძლება ფოტოების გადაღება ძველ, რეტრო გარემოში და ამასთან ქართული ნაციონალური სამოსით. კარგად იცით, რომ ეროვნული ტანსაცმელი ეთნიკური კუთხეების მიხედვით როგორი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მანდილოსნებისთვის გვაქვს ტრადიციული გრძელი კაბები და თავსაბურავები, მამაკაცებისთვის კი- ჩოხა-ახალუხი, გვაქვს ასევე ძველი ქალაქური სამოსიც, მოკლედ არჩევანი თქვენზეა.

ფოტოსესია
ფოტოსესია

-თქვენთან არის თონე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი ხელით ჩაკრული პური დააგემოვნოს...

- დიახ, თონეც გვაქვს. თავიდან უფრთხიან ხოლმე თონეში პურის ჩაკვრას, მაგრამ უკვე მეორე მცდელობაზე ვატყობთ, რომ ამას სიამოვნებით აკეთებენ. რა ჯობია თონეში საკუთარი ხელით ჩაკრულ პურს?

ეზოში მოწყობილი თონე
ეზოში მოწყობილი თონე

- აქ გაქვთ მარანი, სადაც ვფიქრობ, განსაკუთრებით უცხოელი სტუმრებისთვის, ბევრი გექნებათ სათქმელი...

- ჩვენთან მოსული უცხოელი სტუმრები სიამოვნებით აგემოვნებენ ქვევრის ღვინოს, აქვე, რა თქმა უნდა, მათ ქართული სუფრის ტრადიციაზე ვესაუბრებით, მოგვიანებით კი, ყველაფერს უკვე თვალნათლივ ვაჩვენებთ. განსაკუთრებული ხაზგასმით ვეუბნებით (ვინც იცის, მათ ვახსენებთ) იმ ფაქტს, რომ სიტყვა „ღვინო“ მსოფლიოში ქართული სიტყვისგან გავრცელდა, რადგან საქართველო ღვინის სამშობლოა, სადაც 8000 წელზე უფრო ადრინდელი ყურძნის წიპწებიანი თიხის დოქებია აღმოჩენილი, რომ ჩვენთან ადამიანმა ველური ვაზი „გააკულტურულა და გააშინაურა“.

ამელის მარანი
"ამელის" მარანი

- დარწმუნებული ვარ, რომ ამ მარანში განსაკუთრებით მამაკაცებს უყვართ დაყოვნება...

 - ერთ ასეთ ამბავს გავიხსენებ, რომელიც ცნობილი ფილმის, „ღვინის ქურდების“ ეპიზოდს გაგახსენებთ. ადრე ბალტისპირეთიდან გვყავდა სტუმრები, როდესაც ყველამ დაიძინა, მარნიდან ხმაური შემომესმა. ავდექი და რას ვხედავ?- ჩვენი ერთი სტუმარი მისულია ერთ-ერთ ქვევრთან, რომელსაც შუშა აქვს გადაფარებული და მას ახლოდან აკვირდება. მივედი და ვეკითხები: რა ხდება მეთქი? ასე მიპასუხა: ვერაფრით დავიჯერე, რომ ამ ქვევრებში მართლა ღვინო გაქვთო. მე გადავწიე შუშა და ვაჩვენე. სიცილით მითხრა: გამაგებინეთ, რა გაძინებთ ზემოთ ასე მშვიდად, როდესაც აქ ამდენი ღვინოაო?

ფოტოსესია ამელში
ფოტოსესია "ამელში"

- უკვე წარმომიდგენია, როგორც მოიქცეოდით...

- იქვე დავსხედით, ქვევრიდან ღვინო ამოვიღე და დილამდე მარანში ვიყავით. დილით მისი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ. აქ მარტო ღვინოში არაა საქმე, მათ ჩვენგან წაღებული სითბო და იმ დღის მოგონება, დარწმუნებული ვარ, დიდხანს გაჰყვებათ. ისიც ეცოდინებათ, რომ ქართული სტუმართ-მასპინძლობის ამბავი ლეგენდა არ არის...

ამელის ეზო
"ამელის" ეზო

- თქვენთან ბევრი ცნობადი სახე ყოფილა სტუმრად...

- დიახ, გამორჩეული სტუმრებიც გვყავდა. მარტო ის რად ღირს, რომ ჩვენს როიალზე თავისი ქართული მუსიკა ააჟღერეს ისეთმა კომპოზიტორებმა, როგორებიც არიან: ვაჟა აზარაშვილი და კახა ცაბაძე, მეამაყება, რომ ისინი აქედან ნასიამოვნები წავიდნენ.

რეკვიზიტები ფოტოსესიისთვის
რეკვიზიტები ფოტოსესიისთვის

- როგორც ექიმი, შექნილ ვითარებაში რას ურჩევდით ადამიანებს?

- ძალიან მიკვირს მათი, ვისაც ამ ფონზე, რაც მსოფლიოში და კერძოდ, ჩვენთანაცაა, ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებათ კოვიდის არსებობაში. ყველას მინდა კიდევ ერთხელ ვურჩიო, რომ გაითვალისწინონ ჩემი კოლეგა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. ჩვენს სასტუმროშიც მათ ზედმიწევნით მკაცრად ვიცავთ. სხვაგვარად არაფერი გამოვა...

ზურან გერმანიშვილი და მისი მეუღლე, თამარ ბარამიძე
ზურან გერმანიშვილი და მისი მეუღლე, თამარ ბარამიძე

- რაიმე, განსაკუთრებული კახური რეკომენდაცია ხომ არ გაქვთ?

- რა თქმა უნდა მაქვს, პროფილაქტიკისთვის ყველას ორას გრამ წითელ ღვინოს და ნივრიან ხაშლამას ვთავაზობთ. საერთოდ კი, მე, როგორც ნეიროქირურგი გირჩევთ, გონება გაათავსუფლონ ნეგატიური აზრებისგან, ატარეთ დამცავი პირბადეები და უარი თქვით ხელოვნური, შინაგანი ნიღბებისგან, რაც ცხოვრებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს გიშლით...

 

2008
მოდელი სალომე ღვინიაშვილი

ზღაპრული სანაპირო და შოკოლადისფერი რუჯი: სად და როგორ ისვენებენ ქართველი სელებრითები

635
(განახლებულია 17:27 22.05.2019)
ზაფხულის დაუვიწყარი დღეებისთვის მომზადება ქართველმა ვარსკვლავებმა წინასწარ დაიწყეს. შოკოლადისფერი რუჯი და ხავერდოვანი კანი არც ერთ მათგანს არ აკლია, თუმცა ზღვის ნაპირზე ან მთაში დასვენება მეტ ენერგიას, სილაღესა და კომფორტს ჰმატებთ.

Sputnik-საქართველო მოგიყვებათ, რომელ კურორტს ან ვისთან ერთად დასვენებას მიანიჭეს უპირატესობა ქართველმა სელებრითებმა...

ყველაზე სექსუალური და წარმატებული: აირჩიეთ ქართველი მაჩო>>

ყველასათვის საყვარელმა და შეუდარებელმა მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა 18 მაისს 35 წლის იუბილე ფეხბურთელ მეუღლესთან ზურა ხიზანიშვილთან ერთად აღნიშნა.

წყვილმა საგაზაფხულო არდადეგები თურქეთის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მოიწყო. უამრავ მილოცვასთან ერთად სალომე ღვინიაშვილის ფოტოებმა 10 000 მოწონება დაიმსახურა.

ეკო ფანგანი – ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი თვალშისაცემი სტილი და დამახასიათებელი ხმის ტემბრი არავის ტოვებს გულგრილს. ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მეგობრებთან ერთად ქალაქ ბოდრუმს მიანიჭა უპირატესობა და მზიანი დღეების გასატარებლად სწორედ თურქეთში გაემგზავრა. 

ვიცე-მის საქართველომ, მოდელმა და ცნობილი ჟურნალისტების ქალიშვილმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა რომაული არა, მაგრამ ავსტრიული არდადეგები ნამდვილად მოიწყო. მოდელმა ვენაში დაუვიწყარი დღეები გაატარა. ულამაზეს ტყავის მოსასხამსა და კაბაში გამოწყობილი სელებრითი ნება-ნება მისეირნობს ევროპის განსაკუთრებულ ქალაქში.

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი სულ ახლახან დაოჯახდნენ და ერთად მოგზაურობას არ წყვეტენ. საზოგადოებამ მათი მარშრუტი ალბათ ზეპირად იცის... მათ იტალია, ავსტრია, თურქეთი მოიარეს. ამჯერად ულამაზესი წყვილი ისევ თურქეთშია.

ამ ქართველ მსახიობს ხშირად მე-20 საუკუნის უმშვენიერეს ვარსკვლავს ოდრი ჰეპბერნს ადარებენ. ნინო გაჩეჩილაძე საზოგადოებამ ყველასათვის ცნობილი სატელევიზიო სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. მისი გმირი ჩერჩეტი და ქარაფშუტა ქალბატონი კატოა, რომელიც მუდმივად ქალური ბედნიერების ძიებაშია. ამჯერად ნინო გაჩეჩილაძე „ფორმულა კრეატივის“ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხშია გადაღებაზე.

ქეთევან ხატიაშვილი ტანმოვარჯიშეა, საზოგადოებამ გაიცნო პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და მალევე შეაყვარა ყველას თავი. მისი მეუღლე ცნობილი ქართველი მორაგბე დავით კაჭარავაა. წყვილმა მაისის არდადეგები საქართველოში, ყაზბეგის მთებში მოიწყო. ეს წყვილი თქვენ ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს.

635
საბადურის

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო 25 ოქტომბერი - 1 ნოემბერი

0
(განახლებულია 12:11 25.10.2020)
როგორი იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისთვის, როგორ მივაღწიოთ წარმატებებს, როგორ ავარიდოთ თავი განსაცდელს – ყოველივე ამის შესახებ ასტროლოგები გვიამბობენ.

ვარსკვლავების განწყობა ამ კვირაში ცვალებადი იქნება, თუმცა ერთი რამის თქმა მაინც შეიძლება – კვირის მეორე ნახევარი პირველზე გაცილებით პოზიტიური იქნება.

ვერძი

ამ კვირაში სიბრძნე და ძალა მოგემატებათ. ამისთვის უნდა მისდიოთ სასარგებლო რჩევებს, ასევე ენდოთ ინტუიციას, რომელიც ახლა სათანადო სიმაღლეზეა. ასტროლოგები გირჩევენ, შეაკავოთ ნეგატიური ემოციები და გამოხატოთ პოზიტიური. აჩვენეთ სიყვარული ახლობლებს და თავი შეიკავეთ, თუ ვინმე სკანდალის პროვოცირებას შეეცდება.

როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს>>

კვირის მეორე ნახევარი იდეალურია იმიჯის შეცვლისთვის. ეს განსაკუთრებით წაადგება მათ, ვინც სამუშაოს ეძებს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას და არ გადაიღალოთ.

კურო

კვირის დასაწყისი მერკურისა და მზის ძალაუფლების ქვეშ იქნება. კუროებს ცხოვრებაში არცთუ სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. შესუსტებული იქნება საინფორმაციო ნაკადები, ამიტომ ექსპერტები გირჩევენ, სიმართლე და სიცრუე ერთმანეთისგან განაცალკევოთ. კვირის პირველ დღეებში მატყუარა და ანგარებიანი ადამიანები გააქტიურდებიან – არ აიღოთ მათგან მაგალითი.

28 ოქტომბრიდან ძალზე ხელსაყრელი პერიოდი დადგება, როდესაც გაგიმართლებთ სიყვარულშიცა და საქმიანობაშიც.  ამისთვის კი აუცილებელია, რომ იზრუნოთ ჯანმრთელობასა და ენერგეტიკაზე. წაგადგებათ მოძრაობა, სეირნობა, სპორტი. კვირის ბოლო ასევე კარგი დროა მოგზაურობისთვის, მივლინებებისთვის.

ტყუპი

26 და 27 ოქტომბერი შეიძლება ნეგატიური ენერგიით იყოს დატვირთული. ეცადეთ, გონება უარყოფითი აზრებისგან გაწმინდოთ. ოთხშაბათიდან ვითარება მკვეთრად შეიცვლება. სამუშაო კვირის ბოლო ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებისთვის ძალზე პროდუქტიული იქნება.

იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

ოთხშაბათიდან შაბათის ჩათვლით ვარსკვლავები და პლანეტები დიდ იღბლიანობასა და პოზიტივს მოიტანენ. შეგიძლიათ ახალი საქმეების დაწყება, რამე მნიშვნელოვანსა და საპასუხისმგებლოზე შეჭიდება, შესაძლებელია ფულის გამომუშავება და მისი გონივრულად დახარჯვა.

კირჩხიბი

ბედნიერება მხოლოდ ის არაა, როცა რაღაცას ვიღებთ, არამედ ისიც, როდესაც ვიწმინდებით არასაჭირო და ტოქსიკურისგან. მაგალითად, უნდა გათავისუფლდეთ წუწუნის, ყველაფრის სხვებისთვის დაბრალების  ჩვევისგან, ნეგატიური აზროვნებისგან, საკუთარი თავის მართლების, შიშების, ჭორებისგან და ასევე სიყვარულზე „ნარკოტიკული“ დამოკიდებულებისგან. ამ ყველაფრისთვის ეს იდეალური კვირაა.

არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საიდუმლო შეიტყოთ, რომელიც დიდი ხანი დამალული იყო. ღამის მანათობლები ასევე დაგეხმარებიანსხვადასხვა ნივთის შეძენაში, მნიშვნელოვანი გარიგებების დადებაში, იურიდიული პრობლემების გადაჭრაში. კვირის მიწურულს გამძაფრდება ურთიერთობებისა და რომანტიკის მოთხოვნილება.

ლომი

ლომები ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ ნეგატიურ ადამიანებს მოერიდოთ. მათ შეუძლიათ, უარყოფითი ენერგიით დაგმუხტონ და თან – გაუცნობიერებლად, არა სპეციალურად. მარტოხელა ლომებს ექსპერტები გირჩევენ, რომანტიკასა და ახალი ნაცნობობების ძიებას სწავლა და ახალი უნარების გამომუშავება ამჯობინოთ, მით უმეტეს, რომ თქვენი მეხსიერება და ყურადღება უფრო გამახვილდება.

სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო>>

ინტელექტუალური სამუშაო შესანაშნავად შესრულდება, მაგრამ მგზავრობა და მივლინებები, სჯობს, გადადოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი გზისთვის დიდი ყურადღებით გაემზადეთ და იფრთხილეთ.

ქალწული

ქალწულებმა ენერგია, სჯობს, სამუშაოზე, ბიზნესსა და ფინანსურ საკითხებზე დახარჯოთ. მოსალოდნელია პროდუქტიულობის ზრდა, გაგიმართლებთ სამუშაო სფეროში. გააქტიურება ასევე საჭიროა სიყვარულშიც. არაა გამორიცხული, რომ შეხვდეთ სასიამოვნო ადამიანს, რომელიც მომავალში, შესაძლოა, თქვენი მეორე ნახევარი ან კარგი მეგობარი გახდეს.

უპრიანია, კვირა სახლის საფუძვლიანი დალაგებითა და მოწესრიგებით დაიწყოთ. გათავისუფლდით და გადაყარეთ უსარგებლო და ძველი ნივთები – მათ თქვენი უარყოფითი ენერგიით დამუხტვა შეუძლიათ. შეამოწმეთ ფინანსები, შეადგინეთ საყიდლების სია, გეგმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს.

სასწორი

სასწორებისთვის კვირის პირველი ორი დღე შეიძლება ძალზე ნერვული აღმოჩნდეს, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები დისონანსში იქნებიან. კარგი პერიოდია ნათესავებთან დაახლოების, რემონტის ან ერთობლივი საქმეების დაწყებისთვის. შეიძლება შოპინგი, საჩუქრების გაკეთება საყვარელი ადამიანებისთვის.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ>>

უქმეებზე ასტროლოგები კარგად დასვენებასა და გართობას გირჩევენ. ამასთან, გაფრთხილებენ, რომ მოერიდოთ ზედმეტ აზარტსა და რისკს. ვარსკვლავები მოტივაციით დაგასაჩუქრებენ, დაგეხმარებიან ახალი ცოდნისა და სურვილების წყაროს პოვნაში. შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებს 28 ოქტომბრიდან დიდი შთაგონება გელოდებათ.

მორიელი

ასტროლოგები გირჩევენ, შურის გრძნობას შეებრძოლოთ. ეს გრძნობა თქვენთვის დამანგრეველია განსაკუთრებით ამ კვირაში. მან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს სამუშაო გეგმაზე, ჯანმრთელობაზე. სამუშაო სფეროში წესიერება და პატიოსნება დაგჭირდებათ – ამ ორი თვისების წყალობით წარმატებებს უფრო მალე მიაღწევთ.

სხვების წარმატებებს ყურადღებას ნუ მიაქციევთ, არამედ მთელი ყურადღება საკუთარ მიღწევებზე გაამახვილეთ. ვარსკვლავები დაგეხმარებიან შრომისმოყვარეობის გაძლიერებაში, განამტკიცებენ თქვენს ჯანმრთელობასა და მორალურ სულს. ასევე ექსპერტების რჩევაა, რომ წარსულში არ გაიხედოთ, მზერა მომავლისკენ მიმართეთ და იზრუნეთ აწმყოზე. არ ღირს საკუთარი თავის კრიტიკა და დასჯა წარსულის შეცდომების გამო.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის დგება იმის დრო, რომ თავი მიუძღვნათ სიყვარულს, ოჯახსა და მეგობრებს. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობები აამაღლებს თქვენს ენერგეტიკას და მოგმატებთ იღბალს. ახლობლებზე ზრუნვა აწმყოსა და მომავალში მათი მხრიდან დახმარების გარანტი იქნება.

ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია>>

რაც შეეხება ფინანსურ სფეროს, აქ მშვილდოსნებს ყველა მიმართულებით გაგიმართლებთ. შესაძლებელია შემოსავლების გაზრდა, შემოსავლების მიღების ახალი წყაროების მოძებნა და პოვნა, ფულის სწორად დახარჯვა. შოპინგი განწყობის ამაღლებასა და პოზიტიური ენერგიით დამუხტვაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ამ კვირაში წაგადგებათ ახალი შეხვედრები, ნაცნობობა, ურთიერთობები. არ ღირს საკუთარ თავში ჩაკეტვა. მოუსმინეთ გარშემომყოფების რჩევებს, განსაკუთრებით 28 ოქტომბრის შემდეგ. კვირის პირველ ორ დღეს არის რისკი იმისა, რომ სამუშაოსა და ბიზნესში მძლავ დაპირისპირებას შეეჯახოთ. არ არის გამორიცხული, რომ გააქტიურდნენ მტრები და არაკეთილმოსურნეები.

კოლეგებთან, პარტნიორებთან ან კლიენტებთან მეტი მოქნილობა გმართებთ. თხის რქები ბრძენ ნიშანთა რიცხვს განეკუთვნებით, მაგრამ პირველ ორ დღეს მაინც შეიძლება ადვილად გაანაწყენოთ ვინმე. თუ გარშემომყოფები თავიანთი პირობების კარნახს შეეცდებიან, დათმობაზე წასვლა თქვენს საზიანოდ არ ღირს. ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია გაუთვალისწინებელი ხარჯები.

მერწყული

როგორც ეზოთერიკოსები ამბობენ, სწორად შერჩეული სიტყვები იღბლიანობას ზრდის. მიზიდულობის კანონი ნამდვილად მუშაობს, ამიტომ სჯობს, ჯერ დაფიქრდეთ და შემდეგ ილაპარაკოთ პოზიტიურ რამეებზე, მეტად გწამდეთ საკუთარი თავის და არ დაიწყოთ ურთიერთობების გამორკვევა მეორე ნახევართან. ჩხუბი და ნეგატივი პრობლემების პროვოცირებას მოაწყობს სხვა სფეროებშიც.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ>>

მარტოხელა მერწყულებმა, სჯობს, შეაჩეროთ პარტნიორის ძებნის პროცესი და სამუშაოზე გადაერთოთ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ საოჯახო საქმეებსაც. წაგადგებათ გარეგნობის შეცვლა, გარდერობის განახლება. უქმეებზე კი კარგი იქნება გართობა.

თევზები

თევზებისთვის ძალზე წარმატებული და პოზიტიური კვირაა. შეგიძლიათ ახალი ცხოვრების დაწყება, რომელიც ბედნიერებამდე მიგიყვანთ. კარგად აეწყობა ახალი საქმეები, ახალი სამსახურის ძებნა, საყვარელი ადამიანის პოვნის პროცესი. ექსპერტების რჩევაა, გააქტიურდეთ სოციალურ ქსელებში.

ასტროლოგები ასევე გირჩევენ, გაწმინდოთ საინფორმაციო ველი. წაშალეთ არასაჭირო კონტაქტები ტელეფონიდან, სოციალური ქსელებიდან. ახლა ენერგეტიკული აღმავლობის გზაზე ხართ. გეყოფათ ძალა, რომ მთები გადადგათ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური განწყობა გარშემომყოფებს გაუზიაროთ.

0