ციცი ჩხეიძე

მუსიკით შთაგონებული „ინდიგოს“ მოგზაურობა

711
(განახლებულია 10:17 13.02.2018)
ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ფოტოგრაფი ციცი ჩხეიძეა. ციცი არც ისე ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი, თუმცა მისი მოგონებების სკივრი უამრავი ლამაზი და საინტერესო მოგონებით არის სავსე.

ციცი ამბობს, რომ საზღვრის გადაკვეთა ყოველთვის მისი საყვარელი შემსრულებლების ლაივ–კონცერტს უკავშირდება. პირველად თურქეთში იმოგზაურა. რა თქმა უნდა, მიზეზი აქაც მუსიკა იყო.

ციცი ჩხეიძე
Courtesy by Tsitsi Chkheidze
ციცი ჩხეიძე

— არა თუ მოგზაურობა, ერთი საათით ჩვეულ გარემოს მოწყვეტა (რაც უმეტესობა ჩვენგანისთვის ოფისის ნაცრისფერი კედლები და კომპიუტერთა მოციმციმე ეკრანებია) და ბუნებაში გასეირნება გვცვლის, გონებას გვიხსნის და ახლებურად აღვიქვამთ ყოველდღიური რუტინის შემადგენელ მოვლენებს, საგნებს, ნივთებსაც კი, რომელთაც გაუაზრებლად ვეხებით და ვიყენებთ დანიშნულებისამებრ.

საზღვარგარეთ უცხო ქვეყნის კულტურასთან შეხება, განსხვავებული სამოქალაქო შეგნების ადამიანებთან ურთიერთობა, იმ ქვეყნის განვითარების მიხედვით ქალაქ-სოფლის ცხოვრების წესში ჩართვა ჩვენც ახალ უნარებს გვივითარებს. მოკლე დროში სხვა რიტმზე მორგებით ცნობიერებაც გვიმაღლდება. ეს ყველაფერი საინტერესოსთან ერთად სახალისოცაა, თუნდაც შემხვედრი სირთულეების ფონზე, რომელსაც მოგონებებში მაინც მხიარულად ვიხსენებთ.

შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ მოგზაურობა (მუსიკის შემდეგ) არის ყველაზე მაგარი რამ, რისთვისაც უნდა ვიცხოვროთ! თუმცა ჩემთვის მუსიკა და მოგზაურობა პირდაპირ კავშირშია – ყველა ჩემი საზღვრის გადაკვეთა საყვარელი შემსრულებლების ლაივს უკავშირდება. პირადი გამოცდილების ფონზე ვიტყვი, რომ ეს სულაც არაა წარმოუდგენელ ხარჯებთან დაკავშირებული. მაგალითად, David Gilmour-ის ლაივისთვის თანხას ფაქტიურად ორი წელი ვაგროვებდი. სანამ ვინმეს გაუკვირდება, რომ ამდენი ხნით ადრე კონცერტი არ ანონსდება, აქვე განვმარტავ: დევიდმა ჯერ ახალ ალბომზე მუშაობა დააანონსა, მე, როგორც Pink Floyd-ის ისეთი ფანი, რომელიც არა მხოლოდ უსმენს მათ, არამედ ესმის მათი, რა თქმა უნდა, ჩემში „მერაღაცამდენე“ გრძნობამ გაიღვიძა და ვიცოდი, რომ ახალ ალბომს აუცილებლად მოჰყვებოდა ტურნე. სადღაც 5-6 თვეში ალბომიც გამოვიდა. მალევე ტურიც დაანონსდა, შემდეგ თარიღებიც დაიდო. 20-მდე ფანი შევიკრიბეთ და ერთად წავედით. საფრენი ბილეთების ადრე შეძენით საკმაოდ კარგ ფასში გამოდის ყიდვა, 15-25 ევროს ფარგლებში ძალიან კარგი ჰოსტელებია, სუფთა და ყველა საჭიროებით აღჭურვილი. კვება ჩვენ ქვეყანასთან შედარებით, რა თქმა უნდა, ძვირია, მაგრამ იმ ჩვენი სამოგზაურო პერიოდისთვის ღირს რაღაცები შევიზღუდოთ. წინასწარ დაგეგმვის შემთხვევაში ყოველთვიურად მცირე თანხის გადადებით შეგვიძლია საკუთარ თავს წელიწადში ერთხელ მაინც ყველაზე კარგი საჩუქარი გავუკეთოთ.

ციცი ჩხეიძე მეგობრებთან ერთად
Courtesy by Tsitsi Chkheidze
ციცი ჩხეიძე მეგობრებთან ერთად

– პირველი მოგზაურობა გაიხსენეთ…

— პირველად ვიყავი თურქეთში, რა თქმა უნდა, მიზეზი აქაც მუსიკა იყო. ჩემი ყველაზე დიდი ოცნების Roger Waters-ის The Wall Show. როდესაც Pink Floyd-ის მოსმენა დავიწყე, არც კი მიოცნებია, რომ ოდესმე შევძლებდი ლაივში მომესმინა.

სტამბულში მეუღლესთან ერთად ავტობუსით წავედი ბილეთის დაბალი ფასიდან გამომდინარე. ტრანსპორტი ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს, მხოლოდ იმ დროს არ მაწუხებს, როცა მე ვარ საჭესთან. 26 საათი მხოლოდ კონცერტის მოლოდინი მაძლებინებდა. ავტობუსი სადგურში რომ შევიდა, ხერხემალი ისეთ მდგომაროებაში მქონდა, გამართვასაც კი ვერ ვახერხებდი. იმდენად ვიყავი მხოლოდ ლაივზე კონცენტრირებული, ირგვლივ ქალაქის არქიტექტურასაც კი ვერ ვამჩნევდი, თანაც იმ დროს თურქეთში არეულობა, აქციები იყო და საშინლად ვნერვიულობდი კონცერტი არ ჩაშლილიყო. ოცნების ლაივის დღეს არენაზე მიმავალს პირველი თვალში ტრანსპორტის საოცარი კომფორტულობა მომხვდა, უხმაურო, საოცრად რბილი, კონდიცირებული, დაუჯერებლად მოწესრიგებული მოძრაობა. თუ სწორად მახსოვს, რუკებზე ადგილები სულ თურქულად იყო აღნიშნული, ადგილობრივთა უმრავლესობამ უცხო ენა არ იცის. როდესაც მიმართულების მითითება გვჭირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თურქულად მხოლოდ „მერჰაბა“ გვესმოდა, რადგან ჩვენებურ სახელ მერაბისთან ასოცირდება და გონებამ მარტივად დაიმახსოვრა, ახსნას მაინც მთელი გულით განაგრძობდნენ, ჩვენ კი მხოლოდ ვუღიმოდით და შიგადაშიგ თუ სიტყვის ჩართვის საშუალება მოგვეცემოდა (ძალიან სწრაფად და უხვად საუბრობენ), ვუმეორებდით, რომ არაფერი გვესმოდა. ქალაქში წარწერებიც სულ თურქულადაა, ჩვენთვის გასაგები რუკის მოპოვება კი მხოლოდ მეოთხე დღეს შევძელით. ყველაზე მეტად მათი მომსახურების სტანდარტებით მოვიხიბლე, საოცარი სერვის–პლუსი აქვთ, განსაკუთრებით კვების ობიექტებში, რომ არ გშიოდეს, მაინც რომ ესტუმრები, ისეთი. საშოპინგოდაც მშვენიერი ქალაქია, ძალიან დაბალ ფასად შესანიშნავი ხარისხის სამოსი და ფეხსაცმელი შევიძინე.

ციცი ჩხეიძე
Courtesy by Tsitsi Chkheidze
ციცი ჩხეიძე

– დაახლოებით რამდენ ქვეყანაში იქნებით ნამყოფი და მათგან რომელს გამოარჩევდით?

— ამ დროისათვის მხოლოდ შვიდ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მე ბავშვობიდანვე გოთური არქიტექტურის თაყვანისმცემელი ვარ და ამ მხრივ თავი ყველაზე მეტად პრაღამ (ჩეხეთი) დამამახსოვრა.

გოთიკა ყოველთვის იყო ჩემი ინსპირაციის წყარო, კომპიუტერი Gothic Art-ით მაქვს სავსე, ილუსტრაციათა უმეტესობა ჩემთვის მიუწვდომელად და არარეალურად დაილექა გონებაში. ამ მხრივ პირველი ოცნება ვენაში ავიხდინე, წმინდა სტეფანის კათედრალის (St. Sthephen’s Cathedral) სვეტებს შორიდან მოვკარი თვალი და მონუსხული გავქვავდი. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემ თვალწინ იდგა არქიტექტურის ეს საოცარი ნიმუში, რომელიც ნამდვილი იყო! რომ მივუახლოვდი, ქვის კედლებს ხელისგულებით ვეხებოდი, რომ შემეგრძნო, თუმცა ინტერიერის ნახვა მართლაც შოკი იყო, ჩემ თვალწინ ინტერნეტში ნანახი ფოტოები და ფილმების კადრები ცოცხლდებოდა. მგონია, რომ ამ არქიტექტურის ტაძრების სილამაზეს მთელი ცხოვრება ყოველდღე რომ ვუყუროთ, მაინც ვერ ამოვწურავთ. გამიმართლა და ამ კათედრალის ორღანიც მოვისმინე, რომელიც ძალიან ძველია და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უკრავენ ხოლმე. იმ დროს გამოვცადე იდიომის მნიშვნელობა – „ძარღვებში სისხლი გამეყინა“.

ციცი ჩხეიძე
Courtesy by Tsitsi Chkheidze
ციცი ჩხეიძე

– გაიხსენეთ ის, რამაც ყველაზე მეტად მოგხიბლათ უცხოეთში.

— როგორც გითხარით პირველი გასვლა თურქეთში მქონდა. როგორც ყველა ტურისტი, მეც ეროვნული კერძით დავინტერესდი. სადილად ყველა თურქი რაღაც წვნიანს მიირთმევდა. სასურველ საკვებთან ერთად ესეც შევუკვეთე. რომ გავსინჯე, არ მომეწონა და, რა თქმა უნდა, დავტოვე. ანგარიში რომ მომიტანეს, მომსახურე პერსონალმა ამ წვნიანის თანხა უკან დამიბრუნა…  სადაც ვყოფილვარ, ყველა ქვეყანა განვითარების დონით მაღლაა და მათგან ხუთი მათგანი შენგენის ზონაში, ამიტომ განსაკუთრებულ ტრადიციას ან წეს-ჩვეულებას ჩემი იქ ყოფნის მანძილზე არ წავწყდომივარ.

ციცი ჩხეიძე
Courtesy by Tsitsi Chkheidze
ციცი ჩხეიძე

– მოგზაურობის დროს თქვენი ყველაზე სასურველი პარტნიორი ვინ არის და რატომ?

— რა თქმა უნდა, მეუღლე, რომელთანაც არ მომერიდება იმის თქმა, რომ შემცივდა, მომშივდა, დავიღალე, „ხერხემლის მე-7 მალა გამენასკვა“ და ა.შ.

მოგზაურობის დროს კომპანიონს საერთოდ სხვა კუთხით ვიცნობთ და წლების მეგობარში შეიძლება ისეთი თვისებები აღმოვაჩინოთ, ძალიან (უმეტესად უსიამოვნოდ) რომ გაგვაკვირვოს. სამსახურიდან გამომდინარე, მეუღლე ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებს, ამიტომ უმეტესად ფანებთან ერთად დავდივარ ხოლმე. შენგენის ზონაში ჩემი პირველი გასვლისას (ავსტრიაში) სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა მეგობარი, რომელიც წლები არ მყავდა ნანახი და ყველაფერი მან მომატარა. ზუსტად ვიცი, რომ მის გარეშე ასე ვერ შევიგრძნობდი მოგზაურობას. ჩვენ დუეტს ფანებიდან ერთ-ერთიც შემოუერთდა და ჩვენი ტრიო დღეში 20-დან 40 კილომეტრამდე გადიოდა ფეხით. დილით ადრე ვდგებოდით და ღამით გვიანობამდე დავეხეტებოდით, უამრავი რამ ვნახე. მეგობარს დავყავდი ისეთ ადგილებში, რომელიც თავად გათელილი ჰქონდა, მაგრამ ჩემთვის ბოლომდე დაიხარჯა, მიზიარებდა თავის გამოცდილებას, არ დამზარდა არც ერთი პუნქტის მონახულებაზე, გამასინჯა ეროვნული დელიკატესები (თუმცა ჩემ შემთხვევაში ეს მხოლოდ ტკბილეული იყო, რადგან ვეგეტარიანელი ვარ, ავსტრია კი ხორცის კერძების ქვეყანაა). ორივე მოთმინებით იტანდა ჩემ ყოველდღიურ ვიზიტებს სტეფანის კათედრალში და მელოდებოდნენ, სანამ ტაძრით ვტკბებოდი. ამ დეტალებზე იმიტომ ვწვრილმანდები, რომ კომპანიონობის უდიდეს მნიშვნელობას გავუსვა ხაზი. არ არსებობს ორი იდენტური მისწრაფების ადამიანი, ამიტომ ურთიერთგაგება ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია, გემოვნების სხვაობის შესაბამისად დათმობაზე წასვლა და დროის გადანაწილება, რომ ყველა მხარემ მიიღოს თავისი.

მოგზაურობების პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ არ შემიძლია მეუღლესთან ან იმ მეგობართან ერთად წასვლა, რომელთანაც კომფორტულად ვარ, მირჩევნია მარტო წავიდე. მილანში ყოფნისას დუომოს გრანდიოზული ტაძარი რომ დავინახე, რა თქმა უნდა, მინდოდა ჩემებურად შემეგრძნო, მაგრამ არ დამცალდა, რადგან ათნი ვიყავით და დანარჩენი ცხრისთვის მოკლე ექსკურსია დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა; ყველას სხვადასხვა სურვილები გვაქვს, და სწორედ ეს არის ჯგუფური სიარულის მინუსი. ზოგს შოპინგი უნდა, ზოგს კოსმეტიკა, ზოგს ფეხბურთი, ზოგს შია, ზოგი დაიღალა და ა.შ. ჩემნაირ „გაფრენილებს“ კი გოთიკური არქიტექტურის უდიადესი შედევრის ქანდარაზე ჯდომა არ ჰყოფნით. თანაც, როგორც ფოტოგრაფს, კარგი კადრისთვის სწორი რაკურსის შესარჩევად მეტი დრო მჭირდება, ვიდრე მობილურით „მიუცბათებული“ სამახსოვრო კადრია.

ციცი ჩხეიძის ფოტო
Courtesy by Tsitsi Chkheidze
ციცი ჩხეიძის ფოტო

– რამე თავგადასავალს ხომ არ გაიხსენებთ?

— სამწუხაროდ, საშინელი ორიენტირება მაქვს. თუ ვინმესთან ერთად ვარ, უნებურად მთლიანად მას ვენდობი და გზის დამახსოვრებაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ორ მოგზაურობაში ჩემზე უარესი კომპანიონები შემხვდნენ. ერთხელ, ბუდაპეშტში ყოფნისას მეგობარმა მე და ჩემზე უარესი ორიენტირების მქონე ტურისტი ჩვენი ჰოსტელის გზაზე დაგვაყენა. იმ დღეს ღამის სამ საათამდე ვიარეთ და ფეხზე ვეღარ ვიდექით, თავად კი გასავათებული ბრუნდებოდა სასტუმროში. წესით, 50 მეტრში უკვე ჩვენს ჰოსტელთან უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გავიგეთ „რა ჯადოთი“ ავცდით გზას ისე, რომ გავიარეთ მეტროს ორი სადგური ფეხით. თანაც ქუჩაში არავინ ჭაჭანებდა, რომ გზა გვეკითხა. წრეზე ბატებივით სიარულისას ტურისტებს ისევ ტურისტი დაგვეხმარა, რომელიც მიხვდა, რომ ნამდვილად ვერ შევძლებდით მარტო სახლის მიგნებას და ბოლომდე გამოგვაცილა. ის რომ არა, ალბათ ახლაც ბუდაპეშტის ქუჩებში ვივლიდი დაბნეული. მილანშიც, მინი ჯგუფებად რომ დავიყავით, კომპანიონად ორი ჩემზე უარესი შემხვდა. რამდენჯერმე გზის აბნევის შემდეგ მდგომარეობა რომ გავიაზრე, ტვინში ნათურა ამენთო და მეტროს სადგურების რუკების, ტრაფარეტების მიხედვით მშვენივრად ვიარე და ვატარე მეგობრები. მას შემდეგ თავდაჯერებული ვარ და მზად ვარ მარტო მოგზაურობისთვის.

– ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი, რაც ცხოვრებაში გინახავთ…

— ამ მხრივ ბუდაპეშტს გამოვარჩევდი. მთელი ქალაქი თითქოს ხელოვნების ნიმუშია, ძველებური, კარგად შემონახული შენობები, მრავალფეროვანი არქიტექტურა და რაღაცნაირი თბილი ქუჩები, თან ნოსტალგიური სევდა რომ გასდევს. წამოსვლის წინა საღამო გავატარე Buda Hill-ზე მეგობრებთან ერთად. ღამის ბუდაპეშტის საოცარი ხედი იშლება, მდინარის ფონზე ალიცლიცებული განათება, ღამის ცა, ბუდაპეშტური საღამოს ჰაერი — შეიძლება არქიტექტურულად ბევრად გამორჩეული ადგილები მინახავს, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავ მოგონებად მიანც ეს ხედი ჩამრჩა მეხსიერებაში.

– საქართველოდან რომელ ადგილს გამოარჩევდით?

— სამწუხაროდ, საკუთარი ქვეყნის ძალიან ცოტა ადგილი მაქვს ნანახი. ძალიან მინდა სვანეთისა და „ღრუბლებს ზემოთ მდგომი“ გომის მთის მონახულება. ბავშვობიდან მიზიდავდა და მემისტიურებოდა ხვამლის მთა. იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებ, გამოვნახავ დროსა და საშუალებას, რომ ეს გამოვასწორო.

ციცი ჩხეიძის ფოტო
Courtesy by Tsitsi Chkheidze
ციცი ჩხეიძის ფოტო

– მთის კურორტები გიზიდავთ, ზამთრის, თუ ზაფხულის?

— სიმწვანე, ტყე და ბუნება ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ნომერი პირველი ადგილზე მაინც ზღვაა. შემიძლია საათობით ვიჯდე ნაპირზე, ჰორიზონტს ვუყურო და ტალღების ხმას ვუსმინო. ჩემი ფოტოსესიების უმეტესობაშიც წყალი დომინირებს. განსაკუთრებით მზის ჩასვლისას მიყვარს წყალში შესვლა და მზის ბილიკის მიმართულებით ლივლივი, ასეთ დროს თითქოს სხვა განზომილებაში გადავდივარ.

– რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

— სამწუხაროდ, ვერც ერთი ქვეყნის სამზარეულოს ვერ გამოვარჩევ. როგორც ბავშვობაში მეძახდნენ, „უნაირო მჭამელი“ ვარ და უნდა ვაღიარო, რომ ყველგან მენატრებოდა ქართული, იმერული ხაჭაპური და ოჯახურად შემწვარი კარტოფილი. მიუხედავად ჩემი ვეგეტარიანელობისა, ბოსტნეულიც დიდად არ მიყვარს და როცა მშია, მეც არ ვიცი რა მინდა, რომ ვჭამო. ამიტომ საზღვარგარეთ ყოფნისას ძირითად რძის პროდუქტებსა და შოკოლადებზე ვარ ხოლმე.

– საქართველოს გარდა რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?

— ბავშვობიდანვე ამერიკაა ჩემი ოცნება, თავისუფლების ქვეყანა უამრავი შესაძლებლობებით აღსავსე.

– ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას და რას მოინახულებთ იქ?

— რამდენიმე თვეში მივდივარ ავსტრიაში, ვენაში. პირველ რიგში Roger Waters-ს მოვინახულებ. ასევე ზუსტად ვიცი, რომ ისევ ყოველდღე ვივლი სტეფანის კათედრალში. მინდა მიმდებარე ქვეყნებიც მოვიარო, თუმცა ამას უფრო წასვლის თარიღი რომ მოახლოვდება, იმ დროს დავგეგმავ ჩემი დროისა და საშუალების შესაბამისად.

ყველას ვუსურვებ ჰქონდეთ დრო და სახსრები, რომ ამ მხრივ გაიფართოონ თავიანთი მსოფლმხედველობა. გარდა იმისა, რომ მოგზაურობა სასიამოვნო და სახალისოა, დამიჯერეთ, ძალიან საჭიროცაა. როცა პირველად გამოცდით, თავად დარწმუნდებით. მინდა ტოლკინის სიტყვებით დავასრულო: “All we have to decide is what to do with the time that is given us”.

711
თემები:
ქართველი სელებრითები - 2018 (66)