ადამიანი ბუშტია, მისი სული კი – ბუშტზე ჩამოკონწიალებული ძაფი...

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიპოეტი იოსებ ბროდსკი
პოეტი იოსებ ბროდსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს მოკრძალებით გთხოვთ, ჩვენ აივანზე აუცილებლად ბარგით ამობრძანდეთ. მაინც და მაინც მძიმე ჩემოდნებს ნუ აიკიდებთ — აღმართია, სხვა თუ არაფერი, მაგრამ პატარა ხელბარგი მაინც წამოიღეთ, რადგან დღეს ჩვენი აივანი მატარებლის კუპედ გადაიქცევა.

ოდნავ ნამიანი ზეწრებით, თავთან პატარა მწვანე და ჯადოსნური ნათურებით და, რა თქმა უნდა, სიმპათიური გამცილებლებით, რომლებსაც ბიძაჩემი „მატარებლის სტიუარდესებს“ ეძახდა და რომლებიც ჩვენი ვირტუალური მგზავრობისას ერთხელ მაინც ჩამოატარებენ ჩაის გემრიელ და მძიმე „პოდსტაკანჩიკებში“.

ჩვენი დღევანდელი მარშრუტი ჩვეულია – როგორც ყოველთვის, სიყვარულის სადგურიდან სიყვარულის სადგურამდე და უკან.

ჩვენი დღევანდელი თანამგზავრი კი გახლავთ კაცი, რომელმაც თავის დროზე ძალიან ბევრი იარა მატარებლებით, რომელიც ბრძენი, კეთილი და, რაც მთავარია, სანდოა, კაცი, რომელმაც თქვა: „ცხოვრება ადვილია, უბრალოდ, უნდა მიხვდე, რომ არსებობენ შენზე უკეთესი ადამიანები. ეს ძალიან აადვილებს ცხოვრებას“.

მე ეს კაცი საოცრად და გამორჩეულად მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ (დამეთანხმებით, რომ ეს ორი სულ სხვადასხვა რამაა), რადგან მის ნაწარმოებებს რომ ვკითხულობ, მის აზრებს რომ ვუფიქრდები, მის სიტყვებზე შექმნილ სიმღერებს რომ ვუსმენ, ასე მგონია, ცოტა უფრო კარგი ვხდები.

ეს გახლავთ მსოფლიოში სახელგანთქმული პოეტი, ესეისტი, დრამატურგი, თარჯიმანი, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი და, უბრალოდ, შესანიშნავი — იოსებ ბროდსკი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1940 წლის 24 მაისს ქალაქ ლენინგრადში.

იცით, კიდევ რატომ მიყვარს განსაკუთრებით? როდესაც ყველა ირგვლივ მასწავლის — წარსულით ცხოვრება არ შეიძლებაო, და მე რომ ვითომ ვეთანხმები, იოსებ ბროდსკი გულს მითბობს თავისი სიტყვებით — „წარსულის გარეშე მომავალიც შეუძლებელია. დაფიქრდით ამაზე, როდესაც წარსულის გადახაზვას ცდილობთ“. და, კიდევ…

როდესაც ძალიან გადავიღლები ხოლმე განვლილ ცხოვრებაში დაშვებული შეცდომების გაანალიზებით, სულ მახსენდება მისი ჯადოსნური სიტყვები: „როცა დაიღლები უსასრულო თვითანალიზისგან, დამირეკე, ვიცეკვოთ“.

დარეკვით ვერ ვურეკავ, სამწუხაროდ, მით უმეტეს, ვერ ვეცეკვები, მაგრამ მის ლექსებს ვკითხულობ ან ვუსმენ და სხვა ყველაფერი ოდნავ კარგავს სიმძაფრეს, ცოტა უფრო ფილოსოფიურად ვუყურებ სამყაროს.

იოსებ ბროდსკი იმდენად დიდია, რომ მე, აბა, როგორ უნდა შევაფასო… ამიტომაც დღეს მხოლოდ საკუთარ შთაბეჭდილებებს, პატარა გაკვირვებებს და დიდ გაოცებებს გიზიარებთ და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ამ დიდ შემოქმედს და პიროვნებას.

ჩემდა სამარცხვინოდ, მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ იოსებ ბროდსკის სრული საშუალო განათლებაც კი არ მიუღია. მან მე-7 კლასის დამთავრების შემდეგ მიატოვა სკოლა და 10 წლის განმავლობაში რამდენიმე სამუშაო ადგილი გამოიცვალა. ის დარაჯიც იყო, მტვირთავიც, ბოლოს კი ექსპედიტორად მოეწყო და მთელი რუსეთი მოიარა.

18 წლის ასაკში ბროდსკიმ დაწერა თავისი პირველი ლექსი… არა წვიმებზე, ქარებზე, ღრუბლებზე და სიყვარულებზე, რაზეც, როგორც წესი, პირველი ლექსები იწერება, არამედ ადამიანის მიერ გავლილ ცხოვრების გზაზე. ჰყვებიან, რომ თითქმის პირველივე ლექსიდან მას დაეწყო კონფლიქტი ხელისუფლებასთან. მიუხედავად იმისა, რომ მისი ლექსები ამბოხებისა და აჯანყებისკენ არ მოუწოდებდნენ, გარკვეულ ინსტანციებში მაინც ჩათვალეს, რომ ის საშიში იყო საზოგადოებისთვის. სწორედ ამ პერიოდში დაუმეგობრდა ბროდსკი ანა ახმატოვას, რომელიც ყველანაირად გვერდში ედგა მას, მაგრამ… ნეტავ, თუ იცოდა, რომ მსოფლიო პოეტებში ბროდსკის მარინა ცვეტაევა ჰყავდა ამორჩეული?

1972 წელს ბროდსკი იძულებული გახდა წასულიყო ემიგრაციაში. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ტრაგედია იქნებოდა ბროდსკისთვის სამშობლოს მიტოვება… ის გენიოსი იყო, მაგრამ გენიოსებს გული კიდევ უფრო ფაქიზი აქვთ…

ისე კი, რა სასწაულია – კაცი, რომელსაც 8 კლასის განათლებაც არ ჰქონია მიღებული, 24 წლის განმავლობაში იკავებდა პროფესორის თანამდებობას და აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის 6 (მათ შორის კოლუმბიის და ნიუ-იორკის) უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს რუსულ ლიტერატურაში, რუსულ და მსოფლიო პოეზიასა და ლექსის თეორიაში. მოხსენებებით გამოდიოდა აშშ-სა და კანადაში, ინგლისში, ირლანდიაში, საფრანგეთში, შვედეთსა და იტალიაში.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ უაღრესად ნიჭიერ ადამიანს შეეძლო, მაგრამ, დამეთანხმეთ, რომ მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის. ბროდსკიმ საოცარი და მრავალმხრივი თვითგანათლება მიიღო, სხვა თუ არაფერი, დამოუკიდებლად შეისწავლა ინგლისური და პოლონური ენები.

1962 წელს ბროდსკი შეხვდა ახალგაზრდა მხატვარს მარინა (მარიანა) ბასმანოვას და შემდგომში უამრავი ლექსი მიუძღვნა მას წარწერით — „მ.ბ.“. ბოლო ასეთი ლექსი 1989 წლით არის დათარიღებული. 1968 წელს მათ გაუჩნდათ შვილი — ანდრეი. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ იმის გამო, რომ მარიანამ მეუღლეს უღალატა. არადა, რა ლექსებს უძღვნიდა…

1990 წელს ბროდსკიმ ცოლად მოიყვანა მასზე 30 წლით უმცროსი, იტალიელი არისტოკრატი, დედით რუსი მარია სოცანი. 1993 წელს მათ გაუჩნდათ ქალიშვილი — ანა.

იცით, დღეს ვიგრძენი, რომ ორ რამეზე განსაკუთრებით მწყდება გული – ინგლისურს იმდენად სრულყოფილად ვერ ვფლობ, რომ ბროდსკის ესეები ორიგინალში წავიკითხო, და მეორეც — გარკვეული ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ბროდსკი, როგორც ჰყვებიან, მხოლოს ერთხელ ესტუმრა საქართველოს.

დარწმუნებული ვარ, რომ გულით გაუგებდა მას და შეიყვარებდა ბოლომდე.

თურმე, დაუწყია გალაკტიონის ლექსის „ცამეტი წლის ხარ“ თარგმნა, მაგრამ მეორე სტროფის შემდეგ აღარ ან ვეღარ გაუგრძელებია.

სამაგიეროდ, შესანიშნავად აქვს ნათარგმნი ოთარ ჭილაძის ულამაზესი ლექსი „გამოთხოვება“:

„Что с того! Все равно — помяни мой пророческий глас — ты нигде не найдешь избавленья от этого гнева. Я — распятье твое, эшафот и костер! И сейчас, как безумный слепец шаря пальцами справа и слева, я сбираю во тьме скрупулезно все щепы души для костра, на который ты всходишь по собственной воле. Ибо ночь вкруг меня! А во тьме — все огни хороши от небесных светил до занявшейся шапки на воре. Только имя твое я хотел бы спасти от огня, даже зная, что ты тем-то мщение мне и готовишь, что, когда ты сгоришь, твое имя задушит меня, как одно из живых стоголосых, сторуких чудовищ“.

იოსებ ბროდსკი გარდაიცვალა 1996 წლის 28 იანვარს, სულ რაღაც 55 წლის ასაკში… ის დაასაფლავეს ვენეციაში, ქალაქში, რომელიც მას სანქტ-პეტერბურგის შემდეგ ყველაზე მეტად უყვარდა.

ბოლოს კი მინდა გავიხსენო იოსებ ბროდსკის შესანიშნავი სიტყვები — „ჩვენ მივდივართ, სილამაზე კი რჩება, რადგან ჩვენ მომავლისკენ მივემართებით, სილამაზე კი — მუდმივი აწმყოა“…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!

ყველა ახალი ამბავი
0