რაზე სწყდება გული ნინო ძოწენიძეს და რა უშლის ხელს ოცნების ასრულებაში

© FB/ Nino Dzotsenidzeნინო ძოწენიძე
ნინო ძოწენიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენი რუბრიკის სტუმარი ყველასათვის საყვარელი მომღერალი ნინო ძოწენიძეა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მომღერალს არ იზიდავს მოზაურობა, როგორც თვითონ ამბობს, ამ საკითხში ცოტა ზარმაცია.

ნინოს ოცნება რიოს კარგნავალზე მოხვედრაა. დიდი იმედი აქვს, რომ ამ ოცნებას ახლო მომავალში აიხდენს.

—  შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ დიდად არ ვგიჟდები მოგზაურობაზე. ამის მიზეზი არის ის, რომ არ მიყვარს ხშირად ადგილის გამოცვლა. ზოგიერთი ადამიანი მოგზაურობაზეა დამოკიდებული, არ შეუძლია, რომ წელიწადში ორჯერ, სამჯერ სადმე არ წავიდეს. მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები. ალბათ ყველაფერმა შეჩვევა იცის. მე ხშირად არ ვმოგზაურობ. სიარულში ცოტა ზარმაცი ვარ. ისე, ბავშვობაში უფრო მეტს ვმოგზაურობდი, ვიდრე ახლა.

© FB/ Nino Dzotsenidzeნინო ძოწენიძე
ნინო ძოწენიძე - Sputnik საქართველო
ნინო ძოწენიძე

როცა მივდივარ საზღვარგარეთ, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გარემოში და ვისთან ერთად ვმოგზაურობ.

— ძირითადად რა მიზნით გიწევთ მოგზაურობა?

— ძირითადად კონცერტების და სამსახურის გამო მიწევს ქვეყნიდან გასვლა. ან მეგობრებთან ერთად მივდივარ დასასვენებლად. ძალიან სახალისო და სასიამოვნოა მეგობრებთან ერთად დასვენება.

ხშირად მიწევს ისრაელში მეგობრებთან ერთად სტუმრობა. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. არაჩვეულებრივი გარემო და ადამიანები გვხვდებიან იქ. ამიტომ ჩვენი ვიზიტები ისრაელში ყოველთვის სასიამოვნოა.

© Courtesy of Nino Dzotsenidzeნინო ძოწენიძე
ნინო ძოწენიძე - Sputnik საქართველო
ნინო ძოწენიძე

— პირველი მოგზაურობა გაიხსენეთ.

— 14 წლის ვიყავი. ქუთაისში საბავშვო ჯგუფში ვმღეროდი და ამ ჯგუფიდან წაგვიყვანეს გასტროლებზე პარიზში. მაშინ პატარა ვიყავი და გაუთვითცნობიერებელი იყო ეს მოგზაურობა ჩემთვის. მაშინ არ მიმაჩნდა, რომ საოცრებებს ვნახულობდი. არ აღვფრთოვანებულვარ ეიფელით, ლუვრით და ა.შ. მასწავლებელი გვეუბნებოდა, რომ შანსი გამოგვეყენებინა და რაც შეიძლება მეტი ღირსშესანიშნაობა გვენახა, ეს შემდეგ მთელი ცხოვრება გვემახსოვრებოდა.

— ამის შემდეგ თუ იყავით კიდევ პარიზში?

— არა, ამის მერე აღარ ვყოფილვარ. სიმართლე გითხრათ, დიდი სურვილი არც გამჩენია.

— იმ ქვეყნებიდან, ქალაქებიდან, სადაც ნამყოფი ხართ, ყველაზე მეტად რომელმა მოგხიბლათ?

— ასე გამორჩეულად ვერ ვიტყვი. ყველა ქვეყანა, ქალაქი განსხვავებულია და ყველას თავისი ხიბლი აქვს. არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს ბაქოსთან.

— უცხო და ეგზოტიკური კერძები გიტაცებთ?

— უზომოდ მიყვარს ჩინური სამზარეულო. შემიძლია ყოველდღე მივირთვა ჩინური კერძები. ეგზოტიკური კერძები, ბაყაყები და ა.შ. არ მიზიდავს. არც გამჩენია მათი გასინჯვის სურვილი. კერძების საკითხში არ ვარ რისკიანი და არ მიყვარს ექსპერიმენტები.

— თქვენ როგორ იწონებთ ხოლმე საქართველოში უცხოელ სტუმრებთან თავს?

— ჩემს მეგობარს ჰყავს უცხოელი ქმარი. როცა ჩვენთან მოდიან სტუმრად, უკან წასვლა აღარ უნდათ. მათ აქვთ გამოზომილი დრო. დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ გამონახონ დრო შენთვის. ჩვენთან ასე არ არის, აქ სულ ცდილობ, სტუმარი ასიამოვნო და მისთვის ყოველთვის გაქვს დრო. რა თქმა უნდა, მთავარია ურთიერთობები, ამაზე გიჟდებიან უცხოელები. მეორე მხარეა ჩვენი უგემრიელესი სამზარეულო – ხაჭაპური, ხინკალი, მწვადი და ა.შ. ყოველთვის აღფრთოვანებულები მიდიან საქართველოდან და გვეუბნებიან, რომ ბედნიერი ვართ, ასეთ ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ.

© FB/ Nino Dzotsenidzeნინო ძოწენიძე
ნინო ძოწენიძე - Sputnik საქართველო
ნინო ძოწენიძე

სამწუხაროდ, ქართველებს ყოველთვის გაქცევა გვინდა ჩვენი ქვეყნიდან. არ ვაფასებთ იმ ღირებულს, რაც გვაქვს. შეიძლება ევროპა შემოვიაროთ და სვანეთში არ ვიყოთ ნამყოფი.

— თქვენ თვითონ საქართველოს რომელ კუთხეებში არ ხართ ნამყოფი?

— ძალიან ბევრ კუთხეში არ ვარ ნამყოფი. ვგიჟდები ევროპაზე, ძალიან ბევრი ქვეყანაა ჩემთვის საინტერესო, მაგრამ აუცილებელია უპირველეს ყოვლისა ჩემი ქვეყნის კუთხეები დავათვალიერო.

— რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდით სიამოვნებით?

— ძალიან მიზიდავს ესპანეთი, იტალია. ჩემი ოცნებაა ბრაზილიაში, რიოს კარნავალზე მოხვედრა. ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა და გული მწყდება, აქამდე რომ ვერ ავიხდინე. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ავიხდენ. ეს არ არის დიდი პრობლემა, მაგრამ რატომღაც დრო ვერ გამოვნახეთ, მხოლოდ საკუთარ თავებზე და ოცნებებზე ვიფიქროთ. ალბათ ძალიან არ მომინდომებია, თორემ ავიხდენდი ამ ოცნებას.

— შოპინგი ბერი ქალისთვის გარკვეული თერაპიაა. თქვენ შემთხვევაში როგორ არის?

— მაგ მხრივაც განსხვავებული ვარ. შოპინგი ნადვილად არ არის ჩემთვის განტვირთვისა და თერაპიის საშუალება. ყველა ინდივიდუალურია. კი, ბევრისთვის შოპინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება განტვირთვისა და დასვენების, თუმცა მე ქურთუკი, შარვალი, კაბა ვერ დამაყენებს კარგ განწყობაზე. ჩემთვის მთავარია ურთიერთობები. ვიღაცისთვის ეს ანტიდეპრესანტია, ვიღაცისთვის – არა.

— ზამთრის პერიოდში სად ისურვებდით მოგზაურობას?

— არ მიყვარს ზამთარი. შესაბამისად არც ზამთრის კურორტები მიზიდავს. როცა მცივა, საშინელ დისკომფორტს განვიცდი. ზამთრის კურორტები უყვარს მას, ვინც თხილამურებით სრიალი იცის. მე ძალიან შორს ვარ ამისგან. მე მიყვარს მზე და სითბო. დავიბადე ზაფხულში და ალბათ ამან იქონია გავლენა ჩემს ხასიათზე.

ყველა ახალი ამბავი
0