საქართველო-სომხეთის საზღვარზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო

საქართველო-სომხეთის საზღვარზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო

88
პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია 32 მეტრის სიგრძის 5-მალიანი რკინაბეტონის კონსტრუქციების, ასევე, ხიდისკენ მიმავალი გზების აგება.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველო-სომხეთის საზღვარზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

ხიდის მშენებლობის პროექტი ჯერ კიდევ 2013 წელს გამოცხადდა, მისი ექსპლუატაციაში ჩაბარება დაგეგმილი იყო 2016 წლის ბოლოსთვის. თარიღი რამდენჯერმე გადაიდო. 2018 წლის ბოლოს კონტრაქტორმა კომპანიამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ქართულ და სომხურ მხარეებთან და გადაწყდა, რომ მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაათვალიერა სამშენებლო სამუშაოები და ისაუბრა გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას პროექტი.

„რა თქმა უნდა, მასშტაბური პროექტი ყოველთვის სავსეა სირთულეებით და თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში ჩვენ მეზობელ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, კიდევ უფრო დასაფასებელია სომხური მხარის ძალისხმევა და წვლილი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. პოსტპანდემიურ  პერიოდში მნიშვნელოვანია ეკონომიკის აღდგენა და ჩვენ ამისთვის ინფრასტრუქტურული კუთხით მნიშვნელოვან სამუშაოს ვასრულებთ“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ პროექტს ორივე ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.

„ტვირთგადაზიდვების განვითარებას ჩვენი ქვეყნებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია“, - განაცხადა პაპიკიანმა.

„მეგობრობის ხიდის“ ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე კი - სომხეთის. მხარეებმა დაფინანსებაც გაიყვეს - EBRD-ის კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს - საქართველო. კონტრაქტი ხიდის პროექტირება-მშენებლობაზე ხელმოწერილია კომპანიასთან Ariana Tunnel Dam Co. (ირანი). ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებენ კომპანიები Soosung Engineering Co., Ltd და Korea Consultants International Co., Ltd. (კორეა).

„მეგობრობის ხიდი“ წარმოადგენს ორ ცალკე ხიდს ორივე მიმართულებით, თითოეულის სიგანე 11,85 მეტრია. ისინი ერთმანეთისგან ერთი მეტრით იქნება დაშორებული. მათი საერთო სიგანე 24,7 მეტრი იქნება.

პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია 32 მეტრის სიგრძის 5-მალიანი რკინაბეტონის კონსტრუქციების, ასევე, ხიდისკენ მიმავალი გზების აგება. თავად ხიდს ექნება განათება და წყალარინების სისტემა.

რაც შეეხება მოქმედ ვიწრო ხიდს, ის შეკეთდება და საცობების შემთხვევაში მოძრაობის განტვირთვისთვის იქნება გამოყენებული.

 

88
სომხეთი. მთა არარატი

რატომ არ ისვენებენ ქართველები სომხეთში

10
სწორედ დაბალი ინფორმირებულობის გამო ქართველები ხშირად არ განიხილავენ მეზობელ რესპუბლიკას ტურისტულ მიმართულებად.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეები არ განიხილავენ სომხეთს ტურისტულ მიმართულებად, რადგან მათ არ აქვთ დეტალური ინფორმაცია ამ ქვეყნის შესახებ, აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ტურისტული კომპანიის Check-in Travel მფლობელი ია გედევანიშვილი.

„Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში თბილისი-ერევანი ვიდეოხიდის დროს „ტურიზმი სომხეთსა და საქართველოში პანდემიის ფონზე" გედევანიშვილმა განმარტა, თუ რატომ არ სტუმრობენ ქართველები სომხეთს, როგორც ტურისტები.

„ქართველები არ მიემგზავრებიან არა იმიტომ, რომ არ არიან დაინტერესებული, არამედ იმიტომ, რომ არ იციან სად შეიძლება წასვლა. ერევნამდე მხოლოდ სამი საათის სავალია, მაგრამ არცერთ ჩვენს ტურისტს სომხეთში წასვლა არ უფიქრია, რადგან ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი", - განაცხადა გედევანიშვილმა.

Ия Гедеванишвили - начальник департамента по связям с общественностью Ассоциации туризма Грузии GTA
© Sputnik / Vladimir Umikashvili
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის (GTA) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ტურისტული კომპანიის Check-in Travel მფლობელი ია გედევანიშვილი.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთში არსებობს საოცარი გასტრონომიული ტურები და თავადაც ხშირად სტუმრობდა ამ ქვეყანას, მაგრამ პრობლემა არის რეკლამის არარსებობა.

გედევანიშვილის თვალსაზრისს დაეთანხმა სპიკერი ერევნიდან, სომხეთის ტურიზმის ფედერაციის საბჭოს წევრი, ტურისტული კომპანია Armenia Travel-ის დამფუძნებელი მარინა კრპეიანი.

კრპეიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულება საქართველოში ნაკლებად არის წარმოდგენილი. მან პირობა დადო, რომ ამ საკითხს ფედერაციის წარმომადგენლებთან განიხილავს.

10
თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები

ბაქო და ანკარა ერთობლივი თურქული არმიის შექმნას აპირებენ

53
(განახლებულია 13:05 28.07.2021)
თურქეთის, აზერბაიჯანისა და პაკისტანის პარლამენტების თავმჯდომარეების პირველი შეხვედრა ბაქოში გუშინ გაიმართა

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. თურქეთი და აზერბაიჯანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ერთობლივი თურქული არმიის შექმნის შესახებ, წერს Sputnik აზერბაიჯანი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე  მუსტაფა შენთოფის განცხადებაზე დაყრდნობით.

როგორც შენთოფმა აღნიშნა, მოლაპარაკებების ფარგლებში ორი ქვეყნის სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.

„ჩვენი იდეაა — „ერთი ერი — ორი სახელმწიფო“. და ასე იქნება ყოველთვის. ამასთან დაკავშირებით ბევრი მოლაპარაკება გაიმართა და ბევრი შეთანხმება გაფორმდა“, — განაცხადა მან პრესკონფერენციაზე განჯაში.

ბაქოში სამშაბათს აზერბაიჯანის, თურქეთისა და პაკისტანის პარლამენტების სპიკერების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ბაქოს დეკლარაციას მოეწერა ხელი.

როგორც შენთოფმა აღნიშნა, სამი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეების მორიგი შეხვედრა 2022 წელს გაიმართება ისლამაბადში და შესაძლოა „სამმხრივი ფორმატიც შეიქმნას“.

53
თემები:
საერთაშორისო პანორამა
ვაქცინაცია

ვაქცინაციის პროცესში ჩართულობა იმატებს - აცრებისთვის განკუთვნილი ზონები ფართოვდება

0
სპეციალისტები ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანა იმუნიზაციის დაგეგმილ ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს.

თბილისი, 29 ივლისი - Sputnik. ბოლო პერიოდში საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სპეციალისტები დადებითად აფასებენ.

ეპიდემიოლოგების მიიჩნევენ, რომ საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. ამ დროისთვის ორჯერადად აცრილია საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 4%. 29 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აიცრა 17.133 ადამიანი.

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკამ აცრებისთვის განკუთვნილი შესაბამისი ზონები გამოყო. ვაქცინირებული პირებისთვის კლინიკებმა ასევე ეზოში განათავსეს კარვები.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე აცხადებს, ბოლო 24 საათში იმუნიზაციის პროცესში ჩართული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო და ქვეყანა დაგეგმილ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევს.

„გუშინ, საერთო რაოდენობა დღიურად აცრილებისა იყო 2500-ზე მეტი. 15 კაბინეტი 12 საათიან რეჟიმში Pfizer-ზე მუშაობს. Pfizer-ზე კვლავ განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა. იცით, რომ დამატებით ჯავშნებიც დაემატა გუშინ საღამოს და მოქალაქეები თავისუფლად ახერხებენ დაჯავშნას“, - აცხადებს ჯავარა უგრეხელიძე.

ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის ბოლოდროინდელ ზრდაზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძეც. ის იმუნიზაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას დადებითად აფასებს.

„აგვისტოსთვის ჩვენ უფრო მეტი ადამიანი დაგვიგროვდება ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შეჩერების ერთადერთი რესურსი ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდაა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.  

საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით. ამ დროისთვის, რეგისტრაცია ამავე ვაქცინებზე მიმდინარეობს.

29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 450.026 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 148.972 ადამიანი.

0