მატარებელი თბილისი-ბაქო

თბილისი და ბაქო სარკინიგზო კავშირის აღდგენაზე მსჯელობენ

43
(განახლებულია 00:02 08.06.2021)
საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს შორის სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 2020 წლის მარტიდან პანდემიის გამო შეჩერებულია

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. თბილისი-ბაქო-თბილისის მარშრუტით სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა მას შემდეგ აღდგება, რაც აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი გაიხსნება, აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანის სარკინიგზო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას საკითხის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად. სამგზავრო მატარებლების მოძრაობა საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს შორის 2020 წლის მარტიდან პანდემიის გამო შეწყდა.

„აზერბაიჯანთან მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს მათი მოქალაქეების შემოშვებაზე, რომლებიც ტურისტულად იქნებიან საქართველოში და შემდეგ დაბრუნდებიან აზერბაიჯანში, მიღების წესების გამარტივებაზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილებაც არ დააყოვნებს და გვექნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, ტურისტებს საქართველოში“, – განაცხადა ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა აკრძალვა ქვეყანაში უცხო ქვეყნების მოქალაქეთა შესვლაზე, გამონაკლისს ტვირთების გადაზიდვები წარმოადგენს.

Sputnik-აზერბაიჯანის ინფორმაციით, ბაქომ სახმელეთო საზღვარი 15 ივნისს შეიძლება გახსნას. მის გადაკვეთას შეძლებენ COVID-პასპორტის მქონე პირები, ასევე უარყოფითი PCR-ტესტის მფლობელი პირები. თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტს ჯერ არ მიუღია.

საქართველომ სახმელეთო საზღვარი მეზობლებთან - რუსეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან - 1 ივნისიდან გახსნა. სახმელეთო საზღვარი 2020 წლის მარტიდან იყო დაკეტილი.

სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი საბუთის და/ან ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული უარყოფითი PCR-ტესტის წარდგენის შემთხვევაში. ქვეყანაში შემოსული პირი ვალდებულია, მესამე დღეს გაიკეთოს განმეორებითი PCR-ტესტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვიზიტორებს მოუწოდებს, საზღვრის გადაკვეთისას იქონიონ სამედიცინო დაზღვევა, რომელიც COVID-19-ის მკურნალობის ხარჯს ანაზღაურებს. საქართველოს მთავრობამ შეადგინა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში ვაქცინაციის გარეშე ჩამოსვლა შეუძლიათ. ამ შემთხვევაში უცხოელს მოუწევს განმეორებითი ტესტირების გაკეთება შემოსვლიდან მესამე დღეს საკუთარი ხარჯით.

 

43
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

ექვსის პლატფორმა: ანკარა თბილისთან რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობას იხილავდა - ერდოღანი

10
პლატფორმაში შეიძლება შევიდნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, სურვილის შემთხვევაში, სომხეთი, აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა თბილისთან იხილავდა რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობას „ექვსის პლატფორმის“ ფარგლებში, იუწყება РИА Новости.

ერდოღანმა ბაქოში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიევთან ერთად იხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში „ექვსის პლატფორმის“ შექმნის საკითხს თანამშრომლობის გასავითარებლად. პლატფორმაში შესაძლოა შევიდნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი, საქართველო და, „სურვილის შემთხვევაში“, სომხეთი.

„მე და ჩემმა ძმამ (აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან, - რედ.) წამოვაყენეთ წინადადება. მოდით შევქმნათ პლატფორმა ექვსი ქვეყნის თანამშრომლობისთვის. შევქმნათ სტაბილურობა რეგიონში. აქ არის საქართველოსა და რუსეთის მომენტი, ჩვენ ვიხილავდით საკითხს საქართველოს პრემიერთან. მე აღვნიშნე, რომ ეს საქართველოსთვის ხელსაყრელია, მოდით ეს გავაკეთოთ. გვინდა, რომ თქვენ გადალახოთ რუსეთთან არსებული სირთულეები. ვთქვი, რომ ეს კარგი იქნება. რეგიონს მშვიდობა სჭირდება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პარლამენტში გამოსვლისას.

ოფიციალურმა თბილისმა ამას წინათ ერდოღანის ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთთან ერთობლივ საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობას შეუძლებლად მიიჩნევს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა. დიალოგი ორ ქვეყანას შორის ჟენევის დისკუსიებისა და 2012 წლიდან პრაღაში მოლაპარაკების ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი გრიგორი კარასინი ვაჭრობასთან, ტურიზმთან დაკავშირებულ, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებს იხილავენ.

10
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის ვიზიტი აზერბაიჯანში

ერდოღანმა და ალიევმა სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაცია გააფორმეს

46
აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, ხელმოწერილ დეკლარაციას მოკავშირეობის შესახებ თურქეთთან ურთიერთობები ყველაზე მაღალ დონეზე აჰყავს.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან ქალაქ შუშაში პირისპირ შეხვედრის შემდეგ ხელი მოაწერა დეკლარაციას ბაქოსა და ანკარას შორის სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ერდოღანი მეუღლესთან ერთად ორშაბათს ვიზიტით ბაქოში ჩავიდა, სადაც თურქეთის ლიდერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დაგეგმილზე ხანგრძლივი გამოდგა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

შუშაში სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტებმა პრესისთვის განცხადებები გააკეთეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტში არის ნახსენები ყარსის ხელშეკრულება და საუბარია ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე.

ალიევმა ასევე განაცხადა, რომ შუშის დეკლარაციაში თავდაცვის საკითხები და ამ სფეროში ურთიერთდახმარების საკითხებზეა საუბარი.

„ამ დეკლარაციაში ყველა სფეროს საკითხებია წამოწეული. მათ შორის თავდაცვის და ამ სფეროში ურთიერთდახმარების საკითხები. ხელმოწერილ დეკლარაციას მოკავშირეობის შესახებ ჩვენი ურთიერთობები ყველაზე მაღალ დონეზე აჰყავს“, - განაცხადა ალიევმა ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ.

 

46
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები

პუტინმა და ბაიდენმა ჟენევის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

0
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟენევის სამიტის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, იუწყება РИА Новости.

დოკუმენტი ეძღვნება სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებს.

„რუსეთმა და აშშ-მ აჩვენეს, რომ დაძაბულობის პერიოდებშიც შესწევთ უნარი, მიაღწიონ პროგრესს სტრატეგიულ სფეროში წინასწარი გათვლების უზრუნველსაყოფად, შეიარაღებული კონფლიქტების რისკებისა და ბირთვული ომის საფრთხის შემცირებასთან  დაკავშირებული ერთობლივი მიზნების რეალიზაციის საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მაგალითის სახით მითითებულია „სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ“ (СНВ) შეთანხმების ამასწინანდელი გაგრძელების ფაქტი.

„დღეს ჩვენ ვადასტურებთ იმ პრინციპისადმი ერთგულებას, რომლის თანახმად, ბირთვულ ომში არ შეიძლება იყოს გამარჯვებული და ის არასდროს არ უნდა გაჩაღდეს“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ორი ქვეყნის ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ დაიწყება კომპლექსური დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხზე, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს მომავალ კონტროლს შეიარაღებაზე.

სტრატეგიული სტაბილურობისათვის საკვანძო შეთანხმება СНВ-3 ამოქმედდა 2011 წლის 5 თებერვალს. ეს ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა შეიარაღების შემცირებაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის და თითოეული ქვეყნისთვის ლიმიტს აწესებს: 700 კონტინეტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, ბალისტიკური რაკეტები წყალქვეშა ნავებსა და მძიმე ბომბდამშენებზე, ასევე 1550 ქობინი, 800 განთავსებული და განუთავსებელი გამშვები დანადგარი.

მხარეებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს და არსენალი შეთანხმებაში მითითებულ ოდენობას არ აჭარბებს. 2021 წლის დასაწყისში, აშშ-ის სათავეში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, შეთანხმება უცვლელად ხუთი წლით გახანგრძლივდა. წინა ადმინისტრაცია შეთანხმების გაგრძელებას ბოლომდე აჭიანურებდა, რაც სტრატეგიული სტაბილურობის მთელ სისტემას ნგრევის საფრთხეს უქმნიდა.

პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში სამ საათ-ნახევარი გაგრძელდა. შედგა ერთი ვიწრო ფორმატის და ერთიც ფართო ფორმატის შეხვედრა. წინასწარი ინფორმაციით, უნდა გამართულიყო გაფართოებული ფორმატის ორი შეხვედრა.

 

0