მიწისძვრის შემდეგ. ერევანი.

სეისმოლოგი სომხეთში ბოლო დროს მომხდარ მიწისძვრებს შორის კავშირს განმარტავს

2421
სომხეთში და მთლიანად რეგიონში ბოლო კვირების განმავლობაში სეისმური აქტივობა შეინიშნება, თუმცა ის უკვე კლებადია

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ერევანთან ახლოს მომხდარი მიწისძვრა შორჟაში ერთი კვირის წინ მომხდარი ბიძგების ლოგიკური გაგრძელებაა, განაცხადა სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დირექტორის მთავარმა მრჩეველმა გრაჩია პეტროსიანმა Sputnik-სომხეთთან ინტერვიუში.

შაბათს დღისით ერევნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 8 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა, მისი კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრის სიმძლავრემ ეპიცენტრში 6-7 ბალი შეადგინა, ერევანში - 5-6 ბალი. ამის შემდეგ დღემდე 46 აფტერშოკი დაფიქსირდა. ასეთივე ბიძგები მოხდა 5 თებერვალს სევანის ტბის ნაპირზე, სოფელ შორჟასთან.

„მთლიანად რეგიონში ბოლო კვირების განმავლობაში სეისმური აქტივობა შეინიშნება. ამ პერიოდში სხვადასხვა სიმძლავრის ბიძგები მოხდა. მიწისძვრები იყო სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, საქართველო-სომხეთის საზღვარზე, თურქეთში. სეისმური აქტივობის განვითარებამ გამოიწვია 5 თებერვალს მიწისძვრა შორჟაში, ბიძგების ძალა ანალოგიური იყო“, - აღნიშნა პეტროსიანმა.

მისი თქმით, შორჟაში მიწისძვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ შესაძლო ახალი ბიძგების შესახებ აფრთხილებდა.

მისი განცხადებით, რთულია პროგნოზის გაკეთება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს აქტივობა. მაგრამ ის, რომ გუშინდელი მიწისძვრის 46 აფტერშოკიდან მოქალაქეებმა მხოლოდ ერთი იგრძნეს, მეტყველებს იმაზე, რომ აქტივობა იკლებს.

შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს, ადგილობრივი დროით 19:36 საათზე, სოფელ შორჟადან და სევანის ტბის ჩრდილოეთი ნაწილის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 5 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ 10 კილომეტრის სიღრმეზე 4,7, ხოლო ეპიცენტრში - 6-7 ბალი შეადგინა. გეღარქუნიქის ოლქში იგრძნობოდა 5-6 ბალის სიძლიერის ბიძგები, კოტაიქის, ტავუშის, ლორეს და არარატის ოლქებში - 4-6 ბალის, ერევანში - 3-4 ბალის ბიძგები. მიწისქვეშა ბიძგები თბილისსა და განჯაში იგრძნობოდა.

ამ ბიძგს მოყვა დაახლოებით 60 აფტერშოკი, აქედან ხუთი - 2,5 მაგნიტუდის და მეტი.

2421
ვითარება მთიან ყარაბაღში

მშვიდობასა და ომს შორის ქართველი ექსპერტი კავკასიაში არსებულ ვითარებაზე

49
(განახლებულია 19:21 05.03.2021)
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, ომი ყარაბაღში და ახალი პოლიტიკური გამოწვევები კავკასიის რეგიონში...

შესაძლებელია თუ არა, საქართველომ დაკარგოს სატრანზიტო უპირატესობა, რამდენად მტკიცეა მშვიდობა ყარაბაღში – ამ და სხვა აქტუალურ თემებზე „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიის საკითხთა ექსპერტმა, ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ ისაუბრა.

Мамука Арешидзе
© Sputnik / Vladimir Umikashvili
მამუკა არეშიძე

- ქვეყანაში გასული წლიდან განსაკუთრებით დაძაბულია პოლიტიკური ვითარება, რომელსაც ბევრი აფასებს, როგორც პოლიტიკურ კრიზისს. ეთანხმებით ამ შეფასებას?

- თუ ვიმსჯელებთ ქართული პოლიტიკის ტრადიციებით, კრიზისი არ არის. ჩვენთან ასეთი რამ ყოველთვის ხდება – ბრძოლა ხელისუფლებისთვის. ჩვენ ხომ დემოკრატიული ქვეყანა გვაქვს. პოლიტიკური კულტურა კი დაბალია, შედეგად – ყველაფერი ისე ვლინდება, როგორც ახლა.

- პრემიერ გიორგი გახარიას მოულოდნელი გადადგომა, რასაც თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება მოჰყვა... რა ხდება მმართველ პარტიაში?

- მოულოდნელობას რაც შეეხება, ვერ დაგეთანხმებით.

როდესაც ღარიბაშვილი 2015 წელს თანამდებობიდან წავიდა, უკვე მაშინ საუბრობდნენ, რომ იგი დაბრუნდებოდა. ის ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ახლო და დაფასებული ადამიანი იყო.

გახარიას წასვლაზე კი ხმები დიდი ხანია დადიოდა. და, მაინც, მისი გადადგომა ნაადრევი და არც ისე კარგად გააზრებული მგონია. მეორე მხრივ, მან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა, რომელიც გარკვეულწილად შეარბილებს დაპირისპირების დონეს საზოგადოებაში. ეს არ ნიშნავს, რომ მის გადაწყვეტილებას ვეთანხმები, თუმცა მისი მესმის.

- ძალიან ბევრს საუბრობენ საქართველოში მესამე პოლიტიკური ძალის გამოჩენის აუცილებლობაზე. გახარია თუ შეძლებს გახდეს პრეტენდენტი ამ როლზე?

- მესამე ძალის ნიშა თავისუფალია. დღეს მოქმედი ოპოზიციური პარტიები 90%-ით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული და იძულებული არიან მის ორბიტაზე იმოძრაონ. შედეგად ვიღებთ ორ პოლუსს: „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. ცალკე მდგომი „პატრიოტთა ალიანსი“ როგორღაც ჩაიკარგა ამ არეულობაში.

მესამე ძალის გამოჩენას საზოგადოება ითხოვს. სხვა საქმეა, რომ ჩვენს პატარა, დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყანაში ძალიან რთულია, ელოდო ერთბაშად სრულყოფილი პოლიტიკური ორგანიზაციის გამოჩენას. თუმცა პირადად მე ამას ვისურვებდი.

საჭიროა ლიდერის ძალიან ძლიერი ქარიზმა, რომელიც დისტანცირებული იქნება „ოცნებისგანაც“ და „ნაცმოძრაობისგანაც“, საჭიროა ძლიერი გუნდი, და, რასაკვირველია, დიდი ფული.

აქვს თუ არა გახარიას ამის შესაძლებლობა და სურვილი – რთული სათქმელია, მაგრამ პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.

- ახალი პრემიერი ღარიბაშვილი ცნობილია თავისი რადიკალიზმით. რას უნდა ველოდოთ საქართველოს განახლებული მთავრობისგან და როგორ შეიცვლება ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ურთიერთობა?

- ვერ ვიტყვი, რომ ღარიბაშვილი რადიკალური ადამიანია, უფრო სწორი იქნებოდა მისი შეფასება, როგორც ხისტი ადამიანი. თუ გახარია ცდილობდა როგორღაც შეერბილებინა ოპოზიციასთან ურთიერთობა, ღარიბაშვილი ამას არ გააკეთებს. მისთვის მიუღებელია ეს ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“, ამას არც მალავს და მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს. დანარჩენს რაც შეეხება, ღარიბაშვილი შეიძლება უფრო მოქნილი იყოს.

მელიას დაპატიმრებას რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია – ხელისუფლების სისუსტე თუ ძალა. მელიამ დაარღვია კანონი და ამით ამაყობდა.

აქ ხელისუფლებისთვის დაისვა პრინციპული საკითხი – თუ ოპოზიციური პარტიის ლიდერს მისცემდნენ კანონის იგნორირების საშუალებას, რატომ არ შეიძლება ასევე მოქცევა სხვასთან? საჭირო იყო მელიას როგორღაც მოთოკვა და შედეგად მოხდა ის, რაც მოხდა.

როდესაც საქმე მელიას დაპატიმრებამდე მივიდა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მელია, რომლის უკანაც სააკაშვილის ფიგურა და მისი პიარ-იდეები დგას, გამოჩენილიყო მსოფლიო საზოგადოების წინაშე, როგორც მსხვერპლი.

- რამდენად რეალურია რევოლუციური სცენარი საქართველოში? შესაძლებელია სააკაშვილის დაბრუნება?

- ხალხს მთელი ჩვენი პოლიტიკური აბსურდის ატანა ძალიან დიდხანს შეუძლია.

მაგრამ ჩემი აზრია: სააკაშვილის მოსვლა ნამდვილად გამოიწვევს სამოქალაქო ომს. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ახლა დუმს, აღარ გაჩუმდება. სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სრულებით მიუღებელი ფიგურაა.

ზოგიერთი „ნაცმოძრაობასაც“ კი უჭერს მხარს, მაგრამ სააკაშვილის გარეშე.

ყველაზე დიდი საიდუმლო კი ის არის, რომ „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ მოძრავ პოლიტიკურ პარტიებსაც არ სურთ სააკაშვილის დაბრუნება. მათ თავად უნდათ პოლიტიკური პროცესების მართვა.

- როგორ აფასებთ პოლიტიკიდან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წასვლას?

- „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის დისტანცირება პოლიტიკიდან მხოლოდ მისი გადაწყვეტილება არ არის. აქ მოქმედებდნენ სხვა ძალებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მთელი ეს წლები მრავალი ფიგურა დამოკიდებული იყო ივანიშვილზე და მის ირგვლივ მოძრაობდა. მან თქვა: გაძლევთ შესაძლებლობას იმოქმედოთ, იმუშავეთ. გვერდიდან ვადევნებ თვალს პროცესებს, რომლებსაც თქვენ მართავთ. ვნახოთ, როგორ გაართმევთ თავს.

მეორე მხრივ, ის, რა თქმა უნდა, მართალია. ადამიანმა ძალიან ბევრი ჩადო საქართველოს განვითარებაში. არა მხოლოდ ფინანსური კაპიტალი, არამედ ფიზიკური ძალაც. და თქვა - თუ შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოქმედება, იმოქმედეთ. თუ არ შეგიძლიათ - ესეც თქვით.

- ბოლო დროს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია დავით-გარეჯი, დაკარგული რუკების საქმის ირგვლივ აგორებული სკანდალი, კარტოგრაფების დაკავება. რა ხდება ამჟამად ამ სადავო თემასთან დაკავშირებით და არსებობს თუ არა გამოსავალი ჩიხიდან?

- ეს ჩიხი არ არის. შეიძლება ითქვას, ახალი გვერდია.

  • საქართველოს აზერბაიჯანთან 440 კილომეტრის სიგრძის საერთო საზღვარი აქვს, რომლის მესამედიც ჯერ კიდევ არ არის დელიმიტირებული.
  • სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ქართულ-აზერბაიჯანული ორმხრივი კომისია 1996 წელს შეიქმნა. მისი საქმიანობის პირველი 15 წლის განმავლობაში შესრულდა საზღვრის დასაზუსტებელი სამუშაოების თითქმის 70 პროცენტი, მაგრამ 2007 წლიდან პროცესში დაბრკოლებები გაჩნდა.
  • ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის სამონასტრო კომპლექსი დავით-გარეჯი, მაგრამ მის გარკვეულ ნაწილზე აზერბაიჯანის მხარე აცხადებს პრეტენზიას.
  • შარშან საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დემარკაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის უკანონოდ გადაცემის შესახებ. საქმეზე დააკავეს კომისიის ორი ყოფილი წევრი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა.
  • ბრალდების ვერსიით, დაკავებულებმა დამალეს 1937-1938 წლების რუკები, რის გამოც საქართველო 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორიის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორისაა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

მე ვარ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ამ რუკებს მთელ მსოფლიოში ეძებდა. ასე რომ, შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი მოულოდნელი ხელისუფლებას არჩევნების წინ არ გაუკეთებია. უბრალოდ ყველაფერი დაემთხვა, როდესაც ბიზნესმენმა ხიდაშელმა ჩამოიტანა მოძიებული რუკები.

2005-2007 წლებში კომისიის ქართული მხარის წევრების ელემენტარულ დაუდევრობას ჰქონდა ადგილი. მინდა მჯეროდეს, რომ ეს სწორედ დაუდევრობაა და არა ღალატი. გამუდმებით მაწუხებს კითხვა, რატომ ხელმძღვანელობდნენ ისინი არა საბაზო დოკუმენტებით, არამედ სხვა რუკებით, და ამაზე პასუხს არავინ იძლევა.

ამ საქმეზე დაკავებული მელაშვილი, რასაკვირველია, ცდილობს იმ ადამიანების დაცვას, ვინც იგი თავის დროზე ამ თანამდებობაზე დანიშნა და ვინც მიუთითა, რა მიმართულებით უნდა წარემართა საქმიანობა. არავითარი მსხვერპლი ის არ არის. ეს არის ადამიანი, რომელმაც არასწორი ნაბიჯები გადადგა. ძალიან არასწორი. და ადამიანი, რომლის ქმედებებმაც გამოიწვია სკანდალი, რომელზეც ახლა ვმსჯელობთ.

აზერბაიჯანის მხარეს, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესები ამოძრავებს და ეს გასაგებია.

რასაკვირველია, სტრატეგიული პარტნიორები – საქართველო და აზერბაიჯანი უნდა ისწრაფოდნენ ურთიერთგაგებისკენ. მაგრამ სკანდალი არ იქნებოდა, ყველას რომ დაეცვა ის შეთანხმება, რომელსაც 1996 წელს მოეწერა ხელი.

ახლა გარკვეული პაუზაა ყარაბაღის მოვლენების შემდეგ. აზერბაიჯანს თავისი პრობლემები აქვს, საქართველოს – თავისი. ვფიქრობ, გაზაფხულის ბოლოსკენ შეიკრიბება კომისიის ახალი შემადგენლობა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან იქნება ახალი შემადგენლობა. იმედი მაქვს, რომ საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებაზე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. არ ვამბობ, რომ აზერბაიჯანი ორ ნაბიჯს უკან გადადგამს, მაგრამ შეეცდება მაინც დიდი ყურადღებით მიუდგეს საკითხს, რადგან მოძიებული დოკუმენტები უნიკალურია და ისინი მართლაც მეტყველებენ, რომ კომპლექსის ყველა ნაწილი, ბერთუბნის გარდა, საქართველოს კუთვნილებაა.

- ძალიან საინტერესოა ხიდაშელის ფიგურა, როგორ აღმოჩნდა მასთან დაკარგული რუკები?

- ხიდაშელი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში, შემდეგ გადასახლდა შვეიცარიაში. იქ თავის კომპანიასთან ერთად მუშაობდა მიწისძვრების წინასწარი გამოთვლის სისტემების შექმნაზე, იყენებდა რუკებსაც. და როდესაც საკითხი წამოიჭრა, მან თავისი ცოდნა და კონტაქტები გამოიყენა იმ რუკებისა და დოკუმენტების მოსაძებნად, რომლებიც გაურკვეველ ვითარებაში გაქრა საქართველოს არქივებიდან და არა მარტო საქართველოს, არამედ პოსტსაბჭოური სივრცის ბევრი სხვა არქივიდან.

- როგორ გავლენას მოახდენს აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევა ამ ქვეყანასთან საქართველოს ურთიერთობაზე? შეიცვლება თუ არა აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ?

- ეს არავინ იცის. მაგრამ ბევრი რამ კვლავაც საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება აშშ-ის პოლიტიკას, აქ მუდმივი ფორმულა მოქმედებს: ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია მათი პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში, განსაკუთრებით, მის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მათი საყრდენი ქვეყანა საქართველოა. ეს არ შეიცვლება, ტრამპი იქნება თუ ბაიდენი. უკვე 20-25 წელია, ასე ხდება.

- და, რასაკვირველია, ყარაბაღი. რამდენად მტკიცეა დღეს მშვიდობა ყარაბაღში, რამდენად ქმედითია შექმნილი სქემა? თუ ეს მორიგი აფეთქების გადავადებაა?

- ხშირად მეკითხებიან, ვინ გაიმარჯვა ამ ომში. არა მგონია, რომ მას გამარჯვებული ჰყავდეს. შეიძლება ვისაუბროთ წარმატებაზე: დიდ წარმატებას მიაღწია თურქეთმა, რასაკვირველია, აზერბაიჯანმა, სხვათა შორის, რუსეთმაც. დამარცხდნენ სომხეთი და დასავლეთი, რომელიც მოვლენებში არ მონაწილეობდა. მინსკის ჯგუფიც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მაგრამ ეს უბრალოდ წარმატებაა, პროცესი კი, გარწმუნებთ, ჯერ არ დამთავრებულა და დიდხანს არ დამთავრდება. ვინ გაიმარჯვა და ვინ არა, მაშინ გაირკვევა, როდესაც პროცესი დასასრულს მიუახლოვდება.

რაც შეეხება სარჩულს, ტავუშის მოვლენების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ აზერბაიჯანი ამაზე არ შეჩერდებოდა. ისიც მოსალოდნელი იყო, რომ თურქეთი შეეცდებოდა სამხრეთ კავკასიაში დაბრუნებას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამხედრო-პოლიტიკური ფორმით. და დაბრუნდა კიდეც. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, რუსეთიც კი არ იყო მზად მოვლენების ამგვარად განვითარებისთვის, მაგრამ სწრაფად შეძლო ორიენტირება. მთელი მსოფლიო ამ მომენტში დაკავებული იყო პანდემიით, აშშ – თავისი არჩევნებით, სხვა ქვეყნები – საკუთარი პრობლემებით...

ჩემი აზრით, ახალი გამოწვევა ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის. მაგრამ ნათელია, რომ სომხეთის მხარეც დღევანდელ ვითარებას არ შეეგუება. არა მგონია, რუსეთი მსგავს სიტუაციაში თავს კომფორტულად გრძნობდეს. აქ საქმე აზერბაიჯანს არ ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია, რა ნაბიჯებს გადადგამს თურქეთი. თუ ის შეეცდება ნიშნულს გადააბიჯოს (ის კი ნამდვილად შეეცდება), მაშინ არ ვიცი, რა მოხდება.

- ადრე ამბობდით, რომ მისაღები იქნებოდა, თუ საქართველო ამ ქვეყნებს მოლაპარაკებისთვის ბაზას შესთავაზებდა. მაგრამ საქართველოს მხრიდან წინადადება, ცოტა არ იყოს, იგვიანებს. სწორი გადაწყვეტილება იყო განზე დარჩენა?

- მთლიანად განზე გადგომა არ გამოდის და არც გამოვიდოდა. თუ რუსეთი სხვა პოზიციას დაიკავებდა, არ იშუამდგომლებდა, არამედ სომხეთის მხარეს დაიჭერდა, მაშინ სავსებით სხვა შედეგს მივიღებდით. და ეს აუცილებლად როგორღაც საქართველოს ტერიტორიაზე გადმოინაცვლებდა.

დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ადამიანები მუშაობდნენ იმაზე, რომ აუცილებლობის შემთხვევაში აქ ყოფილიყო საყრდენი ბაზები როგორც ერთი, ისე მეორე მხარისთვის, შესაძლო დივერსიული შეტევების ჩათვლით.

უკვე იგრძნობოდა, რომ ეთნიკურ ჯგუფებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სათანადოდ იყვნენ მომზადებული... სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან მქონდა დისტანციური ლექცია და მათი დაახლოებით 20-30% ადგილობრივი აზერბაიჯანელები და სომხები იყვნენ. სიტყვა ჩამოვარდა რეგიონულ უსაფრთხოებაზე და ძლივს გავაშველე. დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების ფსიქოლოგიურ მომზადებაზე ბოლო დროს სხვადასხვა მხარემ ბევრი იმუშავა.

- ამის მიუხედავად, მრავალწლიანი ომი დასრულდა და ახლა ბევრს აღელვებს სატრანსპორტო დერეფნების გახსნის პერსპექტივა. შესაძლებელია საქართველომ სატრანზიტო უპირატესობა დაკარგოს?

- ეს საუბრები კიდევ დიდხანს გაგრძელდება. სატრანზიტო დერეფნის საკითხი სომხეთის ტერიტორიაზე ჯერ ჩანასახის სახით არსებობს, შემდეგ საპროექტო დონეზე გადავა. აზერბაიჯანი და თურქეთი შეეცდებიან ყველაფრის სწრაფად მოგვარებას, მაგრამ ეს არც ისე იოლი გასაკეთებელია.

წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამუშავდება გზა, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე უნდა დაიცვან რუსმა სამშვიდობოებმა. მაგრამ ეს გზა მთელი დატვირთვით მაინც ვერ იმუშავებს, ვიდრე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სადავო საკითხები არ მოგვარდება.

დაკარგავს თუ არა საქართველო სატრანსპორტო ფუნქციას, ეს საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული: ესაა ტარიფები, ინფრასტრუქტურა, ბევრი სხვა პირობა. ყველა ქვეყანა ცდილობს ისეთი პირობების, ლიბერალური ტარიფების შეთავაზებას, რომ ტვირთმა სწორედ მის ტერიტორიაზე გაიაროს. თუ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვიფიქრებთ, ყოველგვარი სომხური გზის გარეშეც შეიძლება დავკარგოთ სატრანზიტო ფუნქცია.

აზერბაიჯანს სურს რეგიონული ეკონომიკური სატრანსპორტო ჰაბი გახდეს. საქართველოც უნდა იყოს პრეტენდენტი ამ როლზე. ჯანსაღი კონკურენციაა. თუ არსებობს შესაძლებლობა – იმოქმედე და სათანადო დონესაც მიაღწევ.

49
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. პირველი საექსპორტო მატარებელი

უზბეკეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთები საქართველოს გავლით გადაიზიდება

114
ამჟამად გზაშია ათი კონტეინერი ტაშკენტიდან და 30 - ბუხარიდან თურქეთის ქალაქების - ისქენდერუნისა და მერსინის მიმართულებით

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. უზბეკეთიდან თურქეთისა და ევროპის მიმართულებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით 45 კონტეინერი გაიგზავნა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი კომპანია ADY Container-ზე დაყრდნობით, რომელიც ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვით არის დაკავებული.

ამჟამად გზაშია ათი კონტეინერი ტაშკენტიდან და 30 - ბუხარიდან თურქეთის ქალაქების - ისქენდერუნისა და მერსინის მიმართულებით, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თურქმენეთში, თურქმენბაშის პორტში ჩასვლის შემდეგ 40- და 45-ფუტიანი კონტეინერები ფიდერული გემით გაიგზავნება ბაქოს პორტში და მოძრაობას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გააგძელებენ.

კიდევ 15 კონტეინერი ბუხარიდან ბულგარეთში გაემგზავრა. კასპიის ზღვის გადაკვეთის შემდეგ ისინი რკინიგზით ქართულ პორტამდე ჩააღწევენ, შემდეგ კი ბულგარეთში გემით გაიგზავნება. უზბეკური ტვირთით დატვირთული 17 კონტეინერი აზერბაიჯანში მიაღწევს თავის დანიშნულების ადგილს - ჰაჯიყაბულს.

56 კონტეინერისგან შემდგარი პარტია უახლოეს დროს გაიგზავნება უზბეკეთიდან თურქეთსა და ევროპაში მითითებული მარშრუტით.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. საწყის ეტაპზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობა იქნება 6,5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე, ასევე გადაყვანილი იქნება ერთ მილიონამდე მგზავრი. მომავალში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს 20 მლნ ტონა ტვირთამდე და 3 მილიონ მგზავრამდე.

 

 

114

ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

0
შაბათს თბილისის საკრებულოს შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით - Sputnit-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

 

0