აზერბაიჯანული არმია

აზერბაიჯანმა ქალაქი ფიზული თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია - ალიევი

76
(განახლებულია 12:13 17.10.2020)
დაპირისპირებული მხარეები კვლავ ადანაშაულებენ ერთმანეთს თავდასხმებში, სარაკეტო დაბომბვებში და დაზავების დარღვევაში

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყნის არმიამ ქალაქი ფიზული თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია, იუწყება Sputnik აზერბაიჯანი.

„ქალაქი ფიზული აზერბაიჯანული არმიის კონტროლის ქვეშ არის აღებული... ოცდაათწლიანი სომხური ოკუპაციის განმავლობაში ფიზულიში არ დარჩენილა არც ერთი მთელი შენობა, დანგრეულია ჩვენი რელიგიური ძეგლები. სომხები სახურავებს ხდიდნენ სახლებს, ფანჯრების ჩარჩოები მიჰქონდათ. ფიზული არის სომხური ფაშიზმის მოწმე. დასრულდა ფიზულის მკვიდრთა მრავალწლიანი ნატვრა მშობლიურ მიწაზე, ჩვენ იქ დავბრუნდებით, ყველაფერს აღვადგენთ და იქ ცხოვრება აღდგება“, - მიმართა ხალხს სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, გათავისუფლებულია ასევე ფიზულის რიონის სოფლები გოჩაჰმედლი, ჩიმენი, ჯუვარლი, პირაჰმედლი, მუსაბეილი, იშიღლი, დედელი.

სიტუაცია მთიან ყარაბაღში

ყარაბაღში ბრძოლები 27 სექტემბერს დაიწყო. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებენ, ხოლო ყარაბაღში აცხადებენ არაღიარებული რესპუბლიკის დასახლებული პუნქტების, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტის საარტილერიო დაბომბვების შესახებ. ამჟამად სომხეთში მოქმედებს სამხედრო მდგომარეობა, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია. ერევანში ამტკიცებენ, რომ ბაქოს აქტიურ მხარდაჭერას ანკარა უწევს. აზერბაიჯანმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით მოსკოვში ჩავიდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც რუს კოლეგასთან ათსაათიანი მოლაპარაკებები გამართეს. შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. საუბარია ტყვეთა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე, ასევე დაზავების კონკრეტული დეტალების დამატებით დაზუსტებაზე. თუმცა მხარეებმა დაზავების შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი შაბათსვე დაადანაშაულეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

76
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)
მთიანი ყარაბაღი

მოსაზრება: რატომ არ გამოუვიდა აშშ-ს ბაქოსა და ერევნის შერიგება

22
(განახლებულია 19:48 27.10.2020)
უკვე ერთი თვეა, რაც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება. ამ ხნის მანძილზე ჰუმანიტარული შერიგების უკვე სამი მცდელობა ჩავარდა.

გალია იბრაგიმოვა

კონფლიქტის მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც შეერთებული შტატების მონაწილეობით შეთანხმდა, თითქმის მაშინვე დაირღვა.

ამერიკული გამოღვიძება

„შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების პროდუქტიულ მოლაპარაკებებს. ჩვენი ძალისხმევა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გადაჭრისკენაა მიმართული“, — ასე დააანონსა სახელმწიფო დეპარტამენტმა რიგით მესამე ჰუმანიტარული დაზავება.

წინა ორი შეთანხმების ჩაშლის გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთის შუამავლობით დაიდო, მაიკ პომპეომ პირადი გარანტიები გასცა: „ზოგრაბ მნაცაკანიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა დაგვარწმუნეს, რომ დაზავების პირობებს დაიცავენ“.

მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხში ჩართულობა წარმოაჩინა დონალდ ტრამპმაც. ნიუ-ჰემპშირის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ კავკასიურ ომს გაუმკლავდება. „რატომაც არა? მიმაჩნია, რომ ეს იოლი შემთხვევაა, თუ იცი რა უნდა გააკეთო“, — განაცხადა თეთრი სახლის თავკაცმა.

ნიუ-ჰემპშირი შედის ე.წ. მერყევ შტატთა ჩამონათვალში, სადაც ამომრჩეველთაგან ყველა ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, ვის მისცემს ხმას არჩევნებში. იმისათვის, რომ რეგიონის მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორის ხმები მოიპოვოს, ტრამპმა პირდაპირ მათ მიმართა.

„შეხედეთ სომხებს — ეს საოცარი ადამიანები არიან. მათ ჯოჯოხეთურად ბევრი იბრძოლეს. ეს ძალიან შრომისმოყვარე ხალხია და ჩვენ დავეხმარებით მათ. ჩვენ დავეხმარეთ სერბეთსა და კოსოვოს პრობლემების გადაჭრაში, დავეხმარებით მთიან ყარაბაღსაც. ჩვენი მიზანი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა“, — განაცხადა ამერიკის ლიდერმა აპლოდისმენტების თანხლებით.

ამერიკელების მცდელობას, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაესვა აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთის პრეზიდენტიც უჭერდა მხარს: „იმედი მაქვს, რომ ვაშინგტონი ჩვენთან უნისონში იმოქმედებს და დარეგულირებაში დაგვეხმარება“, — ხაზი გაუსვა პუტინმა.

დაზავების ჩაშლა

ჰუმანიტარული დაზავება ძალაში 26 ოქტომბრის დილის 8 საათზე შევიდა ადგილობრივი დროით. მაგრამ ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ მხარეები ისევ ალაპარაკდნენ შეთანხმების დარღვევაზე.

აზერბაიჯანმა სომხეთის შეიარაღებული ძალები ტერტერისა და მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე დასახლებული პუნქტების დაცხრილვაში დაადანაშაულა. მალე ამას მოჰყვა სომხეთის თავდაცვითი უწყების განცხადებაც, რომ აზრბაიჯანელმა არტილერისტებმა ცეცხლი გახსნეს „შეხების წერტილის ჩრდილო–აღმოსავლეთი მიმართულებით“.

არაღიარებულ რესპუბლიკაში დეზინფორმაცია უწოდეს „როგორც დაზავების დარღვევის შესახებ, ისე სამხრეთში აზერბაიჯანული პოზიციების დაცხრილვის თაობაზე ინფორმაციას“. თუმცა შუადღისთვის აღიარეს, რომ რიგით მესამე ჰუმანიტარული დაზავება ჩაიშალა. სტეფანაკერტმა ბაქო სარაკეტო დარტყმაში დაადანაშაულა ყარაბაღის ერთ-ერთ სოფელზე.

ამის პარალელურად სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ლიდერი არაიკ არუთუნიანი აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ შეთანხმების დასაცავად.

დროებითი შესვენების მომხრე იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. ამასთან ის საერთაშორისო შუამავლებს ნეიტრალიტეტის დაცვისკენ მოუწოდებდა.

„თუ ცეცხლის შეწყვეტა სურთ, მაშინ სომხეთს უთხრან, რომ ჩვენი ტერიტორიები დატოვოს. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ბოლომდე წავალთ“, — აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.

მთიანი ყარაბაღის დარეგულირებაში ჩართულ მოთამაშეებს მიმართა სერგეი ლავროვმაც. კერძოდ, მან ურჩია თურქეთს, გამოიყენოს გავლენა კავკასიაზე.

„თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბრების სერია მქონდა. ვცდილობთ დავარწმუნოთ ანკარა, მხარი დაუჭიროს მშვიდობიანი დარეგულირების ხაზს“, — აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თურქული თამაშები

ეუთოს მინსკის ჯგუფი არ წყვეტს მცდელობას, შეარიგოს მოწინააღმდეგეები. თანათავმჯდომარეები 29 ოქტომბერს ჟენევაში შეხვდებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მაგრამ РИА Новости-ს მიერ გამოკითხული ექსპერტები ამ შეხვედრას სკეპტიკურად უყურებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ თავად კონფლიქტის მხარეები იყვნენ დაინტერესებული. ჯერჯერობით ასეთი განწყობა არ არის. აზერბაიჯანული მხარე ყოველ ჯერზე ანახლებს მთიანი ყარაბაღის დაცხრილვას. სომხეთის ტერიტორიაზე გამუდმებით შემოდიან დრონები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბაქო არ აპირებს შეჩერებას“, — მიაჩნია სომხეთის რეგიონული კვლევების ცენტრის ექსპერტს ჯონი მელიქიანს.

მისი თქმით, ერევანი მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას, მაგრამ პროცესს თურქეთი უშლის ხელს, რომელიც კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეზე გამოდის.

„მოსკოვი, ვაშინგტონი, პარიზი შერიგებისკენ მოუწოდებენ. ანკარა ამის წინააღმდეგია და ბაქოს შეიარაღებული კონფრონტაციისკენ აქეზებს. ამასთან თურქული მხარე არ მალავს, რომ სურს გახდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე. თუ ასე მოხდა, ფორმატი განადგურდება“, — მიაჩნია სომეხ ექსპერტს.

ამერიკელების ინიციატივა

რუსეთში მოღვაწე კავკასიათმცოდნე ნურლან ჰასიმოვს ეჭვი არ ეპარება, რომ აშშ-ის შუამავლობა მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხში იმთავითვე განწირული იყო. მისი თქმით, დაზავებას ორივე მხარე იმისთვის იყენებს, რომ დამატებითი რეზერვები მიიზიდონ და პოზიციები გაიმაგრონ კონფლიქტის ზონაში.

„მიდის სასტიკი ბრძოლები ლაჩინის დერეფნისთვის. თუ აზერბაიჯანი მას დაიპყრობს, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის პირდაპირი კომუნიკაცია გაწყდება. ეს კარდინალურად შეცვლის სურათს. ბაქომ დიდი ძალა გადაისროლა ლაჩინში, ახლა აზერბაიჯანისთვის დაზავება ხელსაყრელი არაა“, — ამბობს ჰასიმოვი.

ვაშინგტონის აქტიურ მონაწილეობას ექსპერტი ამერიკის წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს. თუმცა დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწრაფად დაკარგავს ინტერესს სამხრეთ კავკასიისადმი.

„ვაშინგტონისგან ინიციატივა ერთადერთხელ წამოვიდა 2001 წელს. მაშინ კი-უესტში შეხვედრაზე აშშ-ის მხრიდან მომლაპარაკებელმა პოლ გობლმა ტერიტორიების გაცვლის გეგმა წარმოადგინა: მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შვიდი რაიონი აზრებაიჯანს უნდა დაბრუნებოდა, ხოლო ბაქოს სომხეთისთვის მთიანი ყარაბაღი და ლაჩინის დერეფანი უნდა გადაეცა მეგრინის დერეფნის სანაცვლოდ. ეს ვიწრო მონაკვეთია სომხეთ–ირანის საზღვარზე. მაგრამ ერევანმა უარი თქვა — ირანის საზღვარი ქვეყანას გარე სამყაროსთან აკავშირებს. ბაქოსთვის კი გობლის გეგმა მთიანი ყარაბაღის დაკარგვას ნიშნავდა და ჰეიდარ ალიევი ასევე არ წავიდა ამ გარიგებაზე“, — ამბობს ჰასიმოვი.

90-იან წლებში აშშ-ის ნაბიჯებს მთიანი ყარაბაღის დარეგულირებაში ექსპერტი არა იმდენად ქვეყნების შერიგების სურვილით ხსნის, რამდენადაც „კავკასიის ნავთობ–გაზის სექტორში საკუთარი ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ სურვილით.

„დასავლეთმა მაშინ დიდი სახსრები ჩადო სამხრეთ კავკასიაში გაზისა და ნავთობსადენების აშენებაში. აზერბაიჯანული ნავთობი რუსული ენერგორესურსების ალტერნატივად განიხილებოდა ევროპაში და ამერიკელები ამას ყველანაირად უჭერდნენ მხარს. ომს შეიძლებოდა ხელი შეეშალა ამ პროექტების რეალიზაციისთვის. მაგრამ გობლის გეგმის ჩავარდნის შემდეგ ვაშინგტონმა სამშვიდობო ინიციატივა მთლიანად რუსეთს გადასცა“, — იხსენებს კავკასიათმცოდნე.

კონსენსუსი მოსკოვთან

აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი პაველ კოშკინი ამერიკულ მშვიდობისმყოფელობას ასევე წინასაარჩევნო ვითარებას უკავშირებს.

„ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, მიიღოს მრავალიცხოვანი სომხური დიასპორის ხმები მერყევ შტატებში. აქედან მოდის დაპირება კონფიქტის დარეგულირებაში დახმარებაზე. მაგრამ არჩევნების შემდეგ ვაშინგტონი ისევ დაივიწყებს კავკასიას“, — ვარაუდობს ექსერტი.

ამერიკელების მრავალწლიან განდგომას მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხისგან კოშკინი იმით ხსნის, რომ კონფლიქტი შტატებს მართვადი მიაჩნდა.

მისი თქმით, ვინც უნდა გახდეს თეთრი სახლის ახალი მეთაური, მთიანი ყარაბაღისადმი ინტერესი მარგინალური დარჩება. მაგრამ რაც მნიშვნელოვანია — ეს ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის თემათაგან, რომლებშიც ვაშინგტონი მოსკოვის მოსაზრებას ეყრდნობა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

22
ვითარება მთიან ყარაბაღში

ამჯერად აშშ-ში: ბაქო და ერევანი დაზავებაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ

50
(განახლებულია 14:23 26.10.2020)
მთიან ყარაბაღში ბაქოსა და ერევანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ახალი, რიგით მესამე რეჟიმი ძალაში 26 ოქტომბრის 08:00 საათზე შევიდა.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ჯეიჰუნ ბაირამოვი და ზოგრაბ მნაცაკანიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან სტივენ ბიგანთან შეხვედრაზე მთიან ყარაბაღში მორიგ ჰუმანიტარულ დაზავებაზე შეთანხმდნენ.

ამის თაობაზე ერთობლივი განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.

ცეცხლის შეწყვეტის მორიგი რეჟიმი ძალაში 26 ოქტომბრის 08:00 საათზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბაქოსა და ერევნის მორიგების რიგით მესამე მცდელობაა. წინა ორი შეთანხმება მათი ძალაში შესვლიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაირღვა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ახალი დაზავების ამოქმედებიდან მცირე ხნის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს ურთიერთბრალდების განცხადებები და ერთმანეთი ტერიტორიების დაცხრილვაში დადანაშაულეს. 

ამის პარალელურად ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნები (აშშ, საფრანგეთი, რუსეთი) და აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 29 ოქტომბერს ჟენევაში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნება მთიან ყარაბაღში სამშვიდობო დარეგულირებისთვის აუცილებელი ყველა ზომა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

50
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)
ავტობუსის კონტროლიორი

თბილისში კორონავირუსი ავტობუსის კონტროლიორს დაუდასტურდა

0
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტობუსის კონტროლიორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტობუსის კონტროლიორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მათი თქმით, კონტროლიორს მგზავრებთან შეხება არ ჰქონია, ის ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„კონტროლიორები მუშაობენ განრიგით, ის არ მუშაობდა, როცა თავი იგრძნო შეუძლოდ, ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ამ პერიოდში მან ჩაიტარა ტესტირება და დაუდასტურდა ვირუსი. მას არ ჰქონია შეხება არც თანამშრომლებთან და არც მგზავრებთან. რამდენადაც ვიცი, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2000-ს მიაღწია.

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში