მთიანი ყარაბაღი

სარაკეტო შეტევა განჯაზე: ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ

81
(განახლებულია 11:55 11.10.2020)
აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა, თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ვიდეოს ადგილიდან

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ახალ სარაკეტო დარტყმას აზერბაიჯანის ქალაქ განჯაზე ურთიერთბრალდებებისა და უარყოფების ახალი ტალღა მოჰყვა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეთაგან.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, კვირა დილით ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ განჯას რაკეტა ესროლა, რომელიც მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. შედეგად, დაიღუპა 7 და დაშავდა 28 ადამიანი.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ბრალდებას და ირწმუნება, რომ ქალაქზე შეტევასთან სომხურ მხარეს არანაირი კავშირი არ აქვს.

ამასთან არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ ეს აზერბაიჯანი განაგრძობს სარაკეტო იერიშს სტეპანაკერტზე, მარტუნისა და სხვა დასახლებულ პუნქტებზე, და იმავდროულად „ავრცელებს ცრუ ინფორმაციას განჯაზე არცახის არმიის შეტევის თაობაზე, რაც აბსოლუტური ტყუილია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“.

შეგახსენებთ: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.
9 ოქტომბერს მოსკოვში, რუსული მხარის ინიციატივით, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების — სერგეი ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის მოლაპარაკებები გაიმართა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, რომელიც 10 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, კონფლიქტის ზონაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარულ რეჟიმში უნდა შეწყვეტილიყო ცეცხლი, რათა მხარეებს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრები გაეცვალათ. თუმცა მხარეებმა იმავე დღეს დაადანაშაულეს ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში.

 

81
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (95)
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

ალიევი: ურთიერთობები საქართველოსთან აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის სამაგალითო გახდება

28
რატომ არ შეუძლიათ სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთად ცხოვრება მთიან ყარაბაღში, როგორც ისინი ამას აკეთებენ საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში, განაცხადა პრეზიდენტმა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ურთიერთობები საქართველოსთან მომავალში მაგალითი გახდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობებისთვის, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში.

„ახლა რთულია პროგნოზის გაკეთება, როდის რა მოხდება. ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული, რადგან ომს მხოლოდ ერთი ქვეყანა არ აწარმოებს. ეს არ არის ცალმხრივი პროცესი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, როგორი რეგიონის ნახვა მსურს. მსურს სამხრეთკავკასიური რეგიონის ღრმა ინტეგრაცია, მსურს ვიხილო, რომ ოდესღაც მომავალში ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყანასთან - საქართველოსთან გარკვეულწილად მაგალითი გახდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობებისთვის. რადგან ყველა ომი ოდესღაც მთავრდება და მშვიდობა ისადგურებს“, - განაცხადა ალიევმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა ჯერ კიდევ არსებობს და უახლესი ისტორიიდან რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

„ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ. მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული სომხური მხარის ნებაზე. რა მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გერმანია და აშშ ერთმანეთს კლავდნენ. საბჭოთა კავშირი და გერმანია კლავდნენ ერთმანეთს. ათობით მილიონი ადამიანი იყო მოკლული. ახლა შეხედეთ, ეს აღარავის ახსოვს. ეს მტრობისკენ არ უბიძგებს. რატომ არ შეუძლიათ სომხებსა და აზერბაიჯანელებს ერთად ცხოვრება მთიანი ყარაბაღის რეგიონში ისე, როგორც ისინი ამას აკეთებენ საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში და ბევრ სხვა ქვეყანაში?“ - განაცხადა მან.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. 

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

28
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (95)
ილჰამ ალიევი

ალიევმა ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობა დაასახელა

106
(განახლებულია 18:37 24.10.2020)
აზერბაიჯანის ლიდერმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერის პოსტზე მოსვლისთანავე „წამქეზებლური განცხადებებით და სამხედრო პროვოკაციებით მშვიდობიანი პროცესი დაარღვია“.

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ბაქო მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში სომხური მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფრანგული გაზეთ Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ჩვენ მზად ვართ დღესვე შევწყვიტოთ (საბრძოლო მოქმედებები - რედ.). მე უკვე განვაცხადე ამის შესახებ მოსკოვში მოლაპარაკებების დროს 10 ოქტომბერს. საჭიროა მხოლოდ, რომ სომხეთმა შეწყვიტოს ცეცხლი. შემდეგ კი მოქმედებაზე დიპლომატები გადავლენ“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

მან განმარტა, რომ სომხეთმა უნდა აღიაროს კონფლიქტის დარეგულირების პრინციპები, რომლებიც განსაზღვრულია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების - რუსეთის, საფრანგეთის და აშშ-ის მიერ, რომლებიც აზერბაიჯანმა, მისი თქმით, უკვე მიიღო.

„ამის შემდეგ დავუბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდას“, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერის პოსტზე მოსვლისთანავე „წამქეზებლური განცხადებებით და სამხედრო პროვოკაციებით მშვიდობიანი პროცესი დაარღვია“.

„ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო პოლიტიკურ დარეგულირებას მივაღწიოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ სტატუს-კვო და შეხების ძველი ხაზი აღარ არსებობს, გაჩნდა ახალი რეალობა.

მისი თქმით, საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო არა აზერბაიჯანმა, არამედ სომხეთმა. მან ბაქოს სამხედრო პასუხს თანაზომიერი უზოდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ათავისუფლებდა და მომავალშიც გაათავისუფლებს „ტერიტორიებს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე აღიარებულია აზერბაიჯანის ტერიტორიებად“.

„ჩვენი პოზიცია ნათელია: თუ სომხები არ შეწყვეტენ ცეცხლს, ჩენ გავაგრძელებთ ჩვენი მიწების გათავისუფლებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ხომ არ ეშინია მას, რომ თურქეთის ჩარევამ და მისი გავლით ყარაბაღში სირიელი ბოევიკების შესვლამ ლოკალური კონფლიქტი რეგიონულად შეიძლება აქციოს, ალიევმა განაცხადა, რომ თურქეთი საბრძოლო მოქმედებებში ჩართული არ არის.

„მართლაც, სომხეთის იერიშის პირველ საათებში თურქეთის პრეზიდენტმა ჩვენ სასარგებლოდ მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა გამოთქვა. მაგრამ ის მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს იმ ოთხი რეზოლუციის მკაცრი დაცვისკენ, რომლებიც ავალდებულებს სომხეთს დატოვოს მის მიერ დაკავებული აზერბაიჯანის ტერიტორიები“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და დასძინა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე „არცერთი უცხოელი მებრძოლი არ იმყოფება“.

ყარაბაღის მომავლის შესახებ საუბრისას, ალიევმა განაცხადა, რომ ხედავს მას როგორც „აზერბაიჯანის აყვავებულ და უსაფრთხო ნაწილს, სადაც აზერბაიჯანელები და სომხები ჰარმონიაში, მშვიდობაში და ღირსეულ პირობებში იცხოვრებენ“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. 

მოგვიანებით რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვლადიმირ პუტინმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. მოწოდებას შეუერთდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც ერთმანეთს სდებენ ბრალს.

 

 

106
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი

ერდოღანმა განაცხადა, რომ არ ეშინია აშშ-ის სანქციების

0
თურქეთის ლიდერმა კომენტარი გააკეთა რამდენიმე ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებებზე, რომლებიც ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხებოდა

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთს არ ეშინია ამერიკული სანქციების ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდაჭერის გამო და არ წამოეგება აშშ-ის მუქარის ენას, რომლებიც С-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რუსულ სისტემებზე უარის თქმას მოითხოვენ, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.

„ზოგიერთები ამერიკიდან ურეკავენ ჩემს ძმას ილჰამს (ალიევს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს - რედ.) და აცხადებენ, რომ იციან, ვინ უჭერს მხარს აზერბაიჯანს. ეს არის ერდოღანი და თურქეთი. ამერიკელები ანკარის წინააღმდეგ სანქციებით იმუქრებიან. ჩვენ კი ვპასუხობთ: „შენ (ამერიკა - რედ.) არ გესმის, ვისთან გაქვს საქმე. მიდი, შემოიღე, ნუღა აყოვნებ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ქალაქ მალათიაში. ტრანსლაცია პრეზიდენტის Twitter-ში მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის ხელისუფლების პოზიციაზე, რომლებმაც უარი თქვეს თურქული მხარისთვის მეხუთე თაობის  F-35-ის ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე, რაშიც ანკარას თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა.

С-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის უახლესი რუსული სისტემების მიწოდება, რამაც თურქეთსა და აშშ-ს შორის კრიზისი გამოიწვია, 2019 წლის ივლისში დაიწყო. ვაშინგტონი გარიგებაზე უარის თქმას მოითხოვდა და სანაცვლოდ ამერიკული კომპლექსების - Patriot-ების შეძენას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთისთვის F-35-ის ტიპის უახლესი გამანადგურებლების მიყიდვის შეჩერებით ან გაუქმებით იმუქრებოდა. ასევე გაისმა მუქარა „სანქციების მეშვეობით მოწინააღმდეგის შეკავების შესახებ“ კანონის (CAATSA) ფარგლებში სანქციების დაწესების შესახებ. ანკარამ უარი თქვა დათმობაზე და С-400-ის დამატებითი პარტიის შესახებ მოლაპარაკებები განაგრძო.

0
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (95)