სამმხრივი შეხვედრა მოსკოვში

აზერბაიჯანისა და სომხეთის შეხვედრა მოსკოვში: ბოლო ცნობა

229
(განახლებულია 22:01 09.10.2020)
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში დღეს ჩაფრინდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ისინი მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებებზე მიიწვია

თბილისი,  9 ოქტომბერი — Sputnik. უკვე სამი საათია, რაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოსკოვში.

ჯეიჰუნ ბაირამოვის, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოსკოვის დროით 16:30 საათზე დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა.

მოლაპარაკებების დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც რადიო Sputnik-ი იუწყება, სომხეთი და აზერბაიჯანი ზავს დღეს ღამე ან 10 ოქტომბრის დილისთვის გააფორმებენ. ამ ინფორმაციას რადიო სააგენტო France Press–ზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ: სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში დღეს ჩაფრინდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისინი მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებებზე მიიწვია.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. მიმდინარეობს აქტიური საომარი მოქმედებები. მსხვერპლი არის ორივე მხარეს.

229
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)
ვითარება ყარაბაღში

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გადაიდო

30
(განახლებულია 16:17 29.10.2020)
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში დაპირისპირებული ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში დღეს უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების — ჯეიჰუნ ბაირამოვისა და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა 30 ოქტომბრისთვის გადაიდო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости წყაროზე დაყრდნობით.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში დაპირისპირებული ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ჟენევაში დღეს უნდა შეხვედროდნენ. კონსულტაციებში მონაწილეობას ასევე გეგმავდნენ ეუთოს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლებიც.

მანამდე ბაირამოვი და მნაცაკანიანი ერთმანეთს 9 სექტემბერს შეხვდნენ მოსკოვში მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრაში მონაწილეობდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.

ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა მხარეებს 18 ოქტომბრის ღამით ჰქონდათ, თუმცა უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ბაქომაც და ერევანმაც კვლავ გაავრცელეს განცხადებები შეთანხმების დარღვევის შესახებ, რაშიც კვლავ ერთმანეთს დასდეს ბრალი. მესამე და კვლავ წარუმატებელი მცდელობა მხარეებს 26 ოქტომბერს ჰქონდათ.

30
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)
მთიანი ყარაბაღი

მოსაზრება: რატომ არ გამოუვიდა აშშ-ს ბაქოსა და ერევნის შერიგება

44
(განახლებულია 19:48 27.10.2020)
უკვე ერთი თვეა, რაც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება. ამ ხნის მანძილზე ჰუმანიტარული შერიგების უკვე სამი მცდელობა ჩავარდა.

გალია იბრაგიმოვა

კონფლიქტის მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რომელიც შეერთებული შტატების მონაწილეობით შეთანხმდა, თითქმის მაშინვე დაირღვა.

ამერიკული გამოღვიძება

„შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების პროდუქტიულ მოლაპარაკებებს. ჩვენი ძალისხმევა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გადაჭრისკენაა მიმართული“, — ასე დააანონსა სახელმწიფო დეპარტამენტმა რიგით მესამე ჰუმანიტარული დაზავება.

წინა ორი შეთანხმების ჩაშლის გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთის შუამავლობით დაიდო, მაიკ პომპეომ პირადი გარანტიები გასცა: „ზოგრაბ მნაცაკანიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა დაგვარწმუნეს, რომ დაზავების პირობებს დაიცავენ“.

მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხში ჩართულობა წარმოაჩინა დონალდ ტრამპმაც. ნიუ-ჰემპშირის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ კავკასიურ ომს გაუმკლავდება. „რატომაც არა? მიმაჩნია, რომ ეს იოლი შემთხვევაა, თუ იცი რა უნდა გააკეთო“, — განაცხადა თეთრი სახლის თავკაცმა.

ნიუ-ჰემპშირი შედის ე.წ. მერყევ შტატთა ჩამონათვალში, სადაც ამომრჩეველთაგან ყველა ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა, ვის მისცემს ხმას არჩევნებში. იმისათვის, რომ რეგიონის მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორის ხმები მოიპოვოს, ტრამპმა პირდაპირ მათ მიმართა.

„შეხედეთ სომხებს — ეს საოცარი ადამიანები არიან. მათ ჯოჯოხეთურად ბევრი იბრძოლეს. ეს ძალიან შრომისმოყვარე ხალხია და ჩვენ დავეხმარებით მათ. ჩვენ დავეხმარეთ სერბეთსა და კოსოვოს პრობლემების გადაჭრაში, დავეხმარებით მთიან ყარაბაღსაც. ჩვენი მიზანი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა“, — განაცხადა ამერიკის ლიდერმა აპლოდისმენტების თანხლებით.

ამერიკელების მცდელობას, მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაესვა აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთის პრეზიდენტიც უჭერდა მხარს: „იმედი მაქვს, რომ ვაშინგტონი ჩვენთან უნისონში იმოქმედებს და დარეგულირებაში დაგვეხმარება“, — ხაზი გაუსვა პუტინმა.

დაზავების ჩაშლა

ჰუმანიტარული დაზავება ძალაში 26 ოქტომბრის დილის 8 საათზე შევიდა ადგილობრივი დროით. მაგრამ ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ მხარეები ისევ ალაპარაკდნენ შეთანხმების დარღვევაზე.

აზერბაიჯანმა სომხეთის შეიარაღებული ძალები ტერტერისა და მთიანი ყარაბაღის მოსაზღვრე დასახლებული პუნქტების დაცხრილვაში დაადანაშაულა. მალე ამას მოჰყვა სომხეთის თავდაცვითი უწყების განცხადებაც, რომ აზრბაიჯანელმა არტილერისტებმა ცეცხლი გახსნეს „შეხების წერტილის ჩრდილო–აღმოსავლეთი მიმართულებით“.

არაღიარებულ რესპუბლიკაში დეზინფორმაცია უწოდეს „როგორც დაზავების დარღვევის შესახებ, ისე სამხრეთში აზერბაიჯანული პოზიციების დაცხრილვის თაობაზე ინფორმაციას“. თუმცა შუადღისთვის აღიარეს, რომ რიგით მესამე ჰუმანიტარული დაზავება ჩაიშალა. სტეფანაკერტმა ბაქო სარაკეტო დარტყმაში დაადანაშაულა ყარაბაღის ერთ-ერთ სოფელზე.

ამის პარალელურად სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ლიდერი არაიკ არუთუნიანი აცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ შეთანხმების დასაცავად.

დროებითი შესვენების მომხრე იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. ამასთან ის საერთაშორისო შუამავლებს ნეიტრალიტეტის დაცვისკენ მოუწოდებდა.

„თუ ცეცხლის შეწყვეტა სურთ, მაშინ სომხეთს უთხრან, რომ ჩვენი ტერიტორიები დატოვოს. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ბოლომდე წავალთ“, — აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.

მთიანი ყარაბაღის დარეგულირებაში ჩართულ მოთამაშეებს მიმართა სერგეი ლავროვმაც. კერძოდ, მან ურჩია თურქეთს, გამოიყენოს გავლენა კავკასიაზე.

„თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბრების სერია მქონდა. ვცდილობთ დავარწმუნოთ ანკარა, მხარი დაუჭიროს მშვიდობიანი დარეგულირების ხაზს“, — აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თურქული თამაშები

ეუთოს მინსკის ჯგუფი არ წყვეტს მცდელობას, შეარიგოს მოწინააღმდეგეები. თანათავმჯდომარეები 29 ოქტომბერს ჟენევაში შეხვდებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მაგრამ РИА Новости-ს მიერ გამოკითხული ექსპერტები ამ შეხვედრას სკეპტიკურად უყურებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ თავად კონფლიქტის მხარეები იყვნენ დაინტერესებული. ჯერჯერობით ასეთი განწყობა არ არის. აზერბაიჯანული მხარე ყოველ ჯერზე ანახლებს მთიანი ყარაბაღის დაცხრილვას. სომხეთის ტერიტორიაზე გამუდმებით შემოდიან დრონები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბაქო არ აპირებს შეჩერებას“, — მიაჩნია სომხეთის რეგიონული კვლევების ცენტრის ექსპერტს ჯონი მელიქიანს.

მისი თქმით, ერევანი მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას, მაგრამ პროცესს თურქეთი უშლის ხელს, რომელიც კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეზე გამოდის.

„მოსკოვი, ვაშინგტონი, პარიზი შერიგებისკენ მოუწოდებენ. ანკარა ამის წინააღმდეგია და ბაქოს შეიარაღებული კონფრონტაციისკენ აქეზებს. ამასთან თურქული მხარე არ მალავს, რომ სურს გახდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე. თუ ასე მოხდა, ფორმატი განადგურდება“, — მიაჩნია სომეხ ექსპერტს.

ამერიკელების ინიციატივა

რუსეთში მოღვაწე კავკასიათმცოდნე ნურლან ჰასიმოვს ეჭვი არ ეპარება, რომ აშშ-ის შუამავლობა მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხში იმთავითვე განწირული იყო. მისი თქმით, დაზავებას ორივე მხარე იმისთვის იყენებს, რომ დამატებითი რეზერვები მიიზიდონ და პოზიციები გაიმაგრონ კონფლიქტის ზონაში.

„მიდის სასტიკი ბრძოლები ლაჩინის დერეფნისთვის. თუ აზერბაიჯანი მას დაიპყრობს, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის პირდაპირი კომუნიკაცია გაწყდება. ეს კარდინალურად შეცვლის სურათს. ბაქომ დიდი ძალა გადაისროლა ლაჩინში, ახლა აზერბაიჯანისთვის დაზავება ხელსაყრელი არაა“, — ამბობს ჰასიმოვი.

ვაშინგტონის აქტიურ მონაწილეობას ექსპერტი ამერიკის წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს. თუმცა დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწრაფად დაკარგავს ინტერესს სამხრეთ კავკასიისადმი.

„ვაშინგტონისგან ინიციატივა ერთადერთხელ წამოვიდა 2001 წელს. მაშინ კი-უესტში შეხვედრაზე აშშ-ის მხრიდან მომლაპარაკებელმა პოლ გობლმა ტერიტორიების გაცვლის გეგმა წარმოადგინა: მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შვიდი რაიონი აზრებაიჯანს უნდა დაბრუნებოდა, ხოლო ბაქოს სომხეთისთვის მთიანი ყარაბაღი და ლაჩინის დერეფანი უნდა გადაეცა მეგრინის დერეფნის სანაცვლოდ. ეს ვიწრო მონაკვეთია სომხეთ–ირანის საზღვარზე. მაგრამ ერევანმა უარი თქვა — ირანის საზღვარი ქვეყანას გარე სამყაროსთან აკავშირებს. ბაქოსთვის კი გობლის გეგმა მთიანი ყარაბაღის დაკარგვას ნიშნავდა და ჰეიდარ ალიევი ასევე არ წავიდა ამ გარიგებაზე“, — ამბობს ჰასიმოვი.

90-იან წლებში აშშ-ის ნაბიჯებს მთიანი ყარაბაღის დარეგულირებაში ექსპერტი არა იმდენად ქვეყნების შერიგების სურვილით ხსნის, რამდენადაც „კავკასიის ნავთობ–გაზის სექტორში საკუთარი ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ სურვილით.

„დასავლეთმა მაშინ დიდი სახსრები ჩადო სამხრეთ კავკასიაში გაზისა და ნავთობსადენების აშენებაში. აზერბაიჯანული ნავთობი რუსული ენერგორესურსების ალტერნატივად განიხილებოდა ევროპაში და ამერიკელები ამას ყველანაირად უჭერდნენ მხარს. ომს შეიძლებოდა ხელი შეეშალა ამ პროექტების რეალიზაციისთვის. მაგრამ გობლის გეგმის ჩავარდნის შემდეგ ვაშინგტონმა სამშვიდობო ინიციატივა მთლიანად რუსეთს გადასცა“, — იხსენებს კავკასიათმცოდნე.

კონსენსუსი მოსკოვთან

აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი პაველ კოშკინი ამერიკულ მშვიდობისმყოფელობას ასევე წინასაარჩევნო ვითარებას უკავშირებს.

„ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, მიიღოს მრავალიცხოვანი სომხური დიასპორის ხმები მერყევ შტატებში. აქედან მოდის დაპირება კონფიქტის დარეგულირებაში დახმარებაზე. მაგრამ არჩევნების შემდეგ ვაშინგტონი ისევ დაივიწყებს კავკასიას“, — ვარაუდობს ექსერტი.

ამერიკელების მრავალწლიან განდგომას მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხისგან კოშკინი იმით ხსნის, რომ კონფლიქტი შტატებს მართვადი მიაჩნდა.

მისი თქმით, ვინც უნდა გახდეს თეთრი სახლის ახალი მეთაური, მთიანი ყარაბაღისადმი ინტერესი მარგინალური დარჩება. მაგრამ რაც მნიშვნელოვანია — ეს ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის თემათაგან, რომლებშიც ვაშინგტონი მოსკოვის მოსაზრებას ეყრდნობა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

44
არჩევნები ბათუმში

ჩხუბი, ინციდენტები და პირველი შედეგები: როგორ ჩაიარა არჩევნებმა საქართველოში

0
კენჭისყრა კორონავირუსის პირობებში, ურთიერთბრალდებები, ჩხუბები და კურიოზები - საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა დასრულებულია

3,5 ათასზე მეტ საარჩევნო უბანი დღეს დილის 8 საათზე გაიხსნა. ეს იყო პირველი არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომლებიც პანდემიის პირობებში ჩატარდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ამომრჩეველთა აქტივობისთვის - ბევრ უბანთან საკმაოდ გრძელი რიგები შეინიშნებოდა.

საქართველო ირჩევს დეპუტატებს: ყველაფერი, რაც 2020  წლის არჩევნებზე უნდა იცოდეთ >>

პირველი ხმები

ერთ-ერთმა პირველმა თავისი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებელმა და ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. პოლიტიკოსი უბანზე მეუღლე ეკატერინე ხვედელიძესთან და უმცროს ვაჟთან ერთად მივიდა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხმა მისცა სტაბილურობას, მშვიდობას და ევროპულ მომავალს. მმართველი პარტიის მეთაური დარწმუნებულია, რომ დარწმუნებულია თავისი გუნდის გამარჯვებაში, რომელიც, მისი პროგნოზებით, დაახლოებით 55-60%-ს აიღებს.

„კოალიციას გამოვრიცხავთ, აბსოლუტური უმრავლესობით არა, უმრავლესობით მოვალთ, სოლიდურით. მე ვიქრობ, საშუალოდ 100 მანდატი ექნება „ქართულ ოცნებას“, პლიუს-მინუს ორი მანდატი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის შემდეგ ხმა მისცეს ქვეყნის პირველმა პირებმაც - პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი  გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

ოპოზიციის წარმომადგენლებიდან ერთ-ერთმა პირველმა ხმა მისცა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც უბანზე ოპტიმისტური განწყობით მივიდა.

„დარწმუნებულ ვარ, რომ უკვე ხვალიდან ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს საქართველოში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა - ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ხმა ქუთაისში მისცა.

„პარლამენტი იქნება ისეთი, როგორიც საქართველოში არასოდეს ყოფილა. იქნება მრავალპარტიული, ძალიან განსხვავებული და ძალიან ძნელად სამართავი, რაც არის კარგი. პარლამენტი არ უნდა იყოს რეზინის შტამპი, რომელსაც ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ურახუნებს იმ კანონპროექტებს, რომლებიც მას მოსწონს“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

ინციდენტები, ჩხუბები, შეხლა-შემოხლა

კენჭისყრის დაწყებიდან ორ საათში სიტუაცია დაიძაბა მარნეულის ოლქში, რომელიც წლიდან წლამდე არჩევნების დროს ცხელ წერტილად მიიჩნევა.

დარღვევების შესახებ პირველი შეტყობინება 52-ე უბნიდან შევიდა, სადაც არეულობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც საარჩევნო კომისიის წევრებმა „ნაცმოძრაობის“ სამი დამკვირვებელი გააძევეს. მხარეები ერთმანეთს შეურაცხყოფებს აყენებდნენ, შემდეგ მუშტი-კრივიც გაიმართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ინციდენტის გამო დროებით შეწყდა კენჭისყრის პროცესი.

დღის განმავლობაში სიტუაცია იძაბებოდა ხან ერთ უბანზე, ხან მეორეზე - ხელჩართულ ჩხუბებში გადასული კონფლიქტები პერიოდულად ხდებოდა „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს შორის. მხარეები ერთმანეთს საარჩევნო ნორმების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. ოპოზიციამ მოითხოვა მე-3 და 89-ე უბნების დახურვა, ასევე ამ უბნებზე კენჭისყრის შედეგების გაუქმება.

მაგრამ ინციდენტები ამით არ ამოწურულა - დღის მეორე ნახევარში მარნეულში სპეცრაზმი გამოჩნდა.

დედაქალაქში ყველაზე მასშტაბური შეხლა-შემოხლა გლდანში მოხდა. ინციდენტის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები - დაშავდა ტელეარხ „ფორმულას“ ოპერატორი და „ტვ პირველის“ ჟურნალისტი.

ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია, რომელიც სიტუაციის განმუხტვას შეეცადა. შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ხუთი ადამიანი დააკავეს.

ხმაური იყო სამგორშიც, 39-ე საარჩევნო უბანთან. აქ ერთ-ერთმა დამკვირვებელმა სამაგიდო სიები შენიშნა და ფაქტის ტელეფონით გადაღება სცადა. ამას სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყვა, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

შსს-ს რეაგირება

კენჭისყრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე შსს-ში ვითარება შეაჯამეს. შსს-ს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების დღეს ცხრა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 15 ფაქტი გამოვლინდა და დაკავებულია 10 ადამიანი.

შსს: არჩევნების მიმდინარეობის დროს მომხდარ 9 ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე >>

ურთიერთბრალდებები

დღის განმავლობაში ბრიფინგებს მართავდნენ როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ლიდერები. მთელი დღის განმავლობაში ურთიერთბრალდებები ისმოდა. ოპოზიცია აკეთებდა განცხადებებს „ქართული ოცნების“ მხრიდან დარღვევების, ზეწოლის შესაძლო ფაქტების და ამომრჩევლების მოსყიდვის შესახებ.

„ქართული ოცნება" გრძნობს გარდაუვალ მარცხს... ისინი უკვე გადავიდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მიმართ. ყველაზე სამწუხარო აქ ის არის, რომ პოლიცია არ რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე და პოლიცია ჩართული არის ამ ძალიან მძიმე პროცესში“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

დარღვევების შესახებ მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც საუბრობდნენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები მოუწოდებდნენ თავის მხარდამჭერებს და აქტივისტებს მოთმინებისა და თავშეკავებისკენ.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დილითვე განაცხადა, რომ ზოგიერთ ქალაქში შეიარაღებული ადამიანების მობილიზება შეინიშნებოდა, მათ შორის დააფიქსირეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

„დესტრუქციული და რადიკალური პოლიტიკური ძალები შეეცდებიან გარკვეული არეულობის შემოტანას, მაგრამ ვაფრთხილებ ყველას, არავის არაფერი გამოუვა. ვინც რაიმე არასწორ ქმედებას გაბედავს, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები და დამკვირვებლები

კენჭისყრის პროცესებთან და გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით რეგულარულ ბრიფინგებს სპეციალურ მედიაცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციები მართავდნენ. გამოვლინდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევა, უბნიდან დამკვირვებლების გაძევება, კენჭისყრის პროცედურის დარღვევა, ამომრჩევლის არაფორმალური რეგისტრაცია, უბანზე ან მის სიახლოვეს უცხო ადამიანების ყოფნა, კენჭისყრაში მონაწილეობა მარკირების გარეშე, პრობლემები საჩივრების მიწოდებასთან დაკავშირებით, აგიტაცია საარჩევნო უბანზე და საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნა.

დარღვევები და ინციდენტები: რა ვითარებაში მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები >>

ადგილობრივმა დამკვირვებლებმა ასევე განაცხადეს, რომ უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა დროულად არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. აღნიშნულია, რომ ზოგიერთ უბანზე არ დაუშვეს დამკვირვებლები, ასევე დაფიქსირდა დარღვევები კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას.

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არჩევნებს აკვირდებოდნენ  დამკვირვებლები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიდან (ოდირი). პირველ ნოემბერს ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში 47 ათასზე მეტი დამკვირვებელი აკვირდებოდა 48 საერთაშორისო და 120 ადგილობრივი ორგანიზაციიდან,

ამომრჩეველთა აქტივობა

ცალკეულ საარჩევნო უბნებზე დაძაბულმა სიტუაციამ ვერ შეცვალა მოქალაქეთა განწყობა, რომლებსაც საკუთარი არჩევანის გაკეთება სურდათ. წინააღმდეგობა არც კორონავირუსის პანდემიას შეუქმნია. უბნები და კომისიის წევრები საგანგებოდ იყვნენ მომზადებულები. პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა სავალდებულო პირობა იყო.

ცესკო: ყველაზე მეტი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა >>

ბევრ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი გარკვეული სირთულეების ფონზე გრძელი რიგების გამო მიმდინარეობდა. ამასთან დაკავშირებით ცესკომ კენჭისყრის პროცესი 20:00 საათის შემდეგ გაახანგრძლივა. ყველა ამომრჩეველმა, რომელიც რიგში იდგა და უბნების დახურვამდე ხმის მიცემა ვერ მოასწრო, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება მაინც შეძლო.

გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა შეძლეს იმ ამომრჩევლებმა, რომლებიც კორონავირუსის გამო სტაციონარებში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამისათვის 3,8 ათასი უბნიდან გაიხსნა 127 სპეცუბანი, ასევე 11 უბანი მუშაობდა პენიტენციურ დაწესებულებებში. უცხოეთში 38 ქვეყანაში 52 უბანი გაიხსნა.

უბნების დახურვის დროისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათის მონაცემებით 56,11% შეადგინა, კენჭისყრის დღის განმავლობაში საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან 1 970 540–მა მოქალაქემ დააფიქსირა. 

ეგზიტპოლები

ქართულმა ტელეკომპანიებმა შაბათს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლების შედეგები გაავრცელეს, რომლებმაც აჩვენა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შვიდიდან ათამდე პარტია შევა.

ყველა ეგზიტპოლის შემაჯამებელი მონაცემები ცნობილია >>

ამ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენდა, ბლოკებისთვის - იმდენ პროცენტს, რამდენი პარტიაც შედის ამ ბლოკში.

ყველა ეგზიტპოლში ლიდერობს „ქართული ოცნება“, მეორე ადგილს იკავებს „ძალა ერთობაშია“. თუმცა ეგზიტპოლები აჩვენებენ პრინციპულ სხვაობას პროცენტებში, რომლებიც მმართველმა პარტიამ მოიპოვა.

ოპოზიციური ტელეარხების მიერ შეკვეთილი გამოკითხვებით, „ოცნებას“ შეიძლება დააკლდეს ხმები მთავრობის ჩამოყალიბებისა და დამტკიცებისთვის. ასე მაგალითად, „მთავარ არხზე“ Ipsos-ის მონაცემებით, „ოცნებას“ აქვს 41%, ხოლო „ფორმულა ტვ“-ზე Edison Research-ის მიხედვით - 46%.

ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ტელეარხების მიერ შეკვეთილ ეგზიტპოლებში განსხვავებული მონაცემებია: Survation („რუსთავი 2“) – 52,26%, Public Opinion Strategies („იმედი“) – 55%.

მთავრობის დასამტკიცებლად „ოცნებას“ ესაჭიროება ხმების არანაკლებ 50%-სა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციას თეორიულად კოალიციის ჩამოყალიბება შეუძლია და ის მთავრობის ჩამოყალიბების უფლებას მოიპოვებს, ხოლო „ოცნება“ უმცირესობაში დარჩება.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020