პოლიცია და სამხედროები ბაქოში

პანდემია უკან არ იხევს: აზერბაიჯანში კარანტინი გაგრძელდა

115
აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე -  35 986

თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 30 სექტემბრამდე გააგრძელა. შესაბამისი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეთთან არსებულმა ოპერატიულმა შტაბმა მიიღო, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ამასთან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 31 აგვისტოდან უქმდება ჯალილაბადში, განჯაში, მასალიში, მინგეჩაურში, ევლახში და ბარდის, გორანბოის,  გოიგოლის, ხაჩმაზისა და სალიანის რაიონებში.

რაც შეეხება ბაქოს, სუმგაითს და აფშერონის რაიონს, იქ ძალაში დარჩება გარკვეული დამატებითი შეზღუდვები. ნებადართულია კერძო სასწავლო მომსახურება და რეპეტიტორების მომსახურება კარანტინის რეჟიმის წესების დაცვით, ამასთან ჯგუფებში ათზე მეტი მოსწავლე არ უნდა იყოს.

მოსალოდნელია, რომ რაიონებს შორის გადაადგილებაზე შეზღუდვების სრული მოხსნის საკითხი განმეორებით განიხილება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზის შემდეგ.

კერძოდ, იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც მკაცრი კარანტინი გრძელდება, კვირის ბოლოს გარკვეულ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს.

ოპერატიული შტაბი მოუწოდებს ქვეყნის მოქალაქეებს დაიცვან კარანტინის რეჟიმის მოთხოვნები, სამედიცინო-პროფილაქტიკური წესები, დაიცვან სავალდებულო სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადეები.

რუსეთის მოქალაქეები სომხეთიდან სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნდებიან >>

თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 35 986 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 33 461 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კლინიკებში გარდაიცვალა 527 პაციენტი.

115
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1159)
მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას ჩამოართმევენ

129
(განახლებულია 22:49 30.09.2020)
გარდა საპატიო დოქტორი წოდებისა, 2009 წელს სომხეთის ექს–პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მიხეილ სააკაშვილს სომხეთის მაღალი სახელმწიფო ჯილდო — საპატიო ორდენი გადასცა

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არაიკ არუთუნიანმა საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევის ინიციატივა წამოაყენა, იუწყება Sputnik სომხეთი.

მანამდე სააკაშვილი საკუთარ Facebook–ზე ყარაბაღის კონფლიქტს გამოეხმაურა, რა დროსაც მთიანი ყარაბაღი „აზეrბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიად“ მოიხსენია.

„დღეს მივიღე გადაწყვეტილება, მივმართო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს თხოვნით, ჩამოერთვას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება. გადაწყვეტილება განპირობებულია სააკაშვილის მხრიდან აზერბაიჯანის აგრესიის წაქეზებითა და ირიბი მხარდაჭერით სომხური იდენტობის, თვითგამორკვევისა და სიცოცხლის უფლების წინააღმდეგ“ , — დაწერა არუთუნიანმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ–გვერდზე.

გარდა საპატიო დოქტორი წოდებისა, 2009 წელს სომხეთის ექს–პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მიხეილ სააკაშვილს სომხეთის მაღალი სახელმწიფო ჯილდო — საპატიო ორდენი გადასცა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, საქართველომ, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

 

 

129
თემები:
მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა – შეიარაღებული შეტაკება 2020
ილჰამ ალიევი

„დიალოგისკენ მოწოდება უადგილოა“ ალიევი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ

88
(განახლებულია 21:24 30.09.2020)
ალიევის თქმით, ამ დროსათვის აზერბაიჯანს საერთაშორისო არენაზე „ძლიერი პოზიციები“ უკავია და „შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს უჭერენ ბაქოს პოზიციას“.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების ფონზე დიალოგისკენ მოწოდება ახლა უადგილოა, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

„არსებობს საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც, სამწუხაროდ, არ იძლევა არანაირ შედეგს. ამიტომ მიმაჩნია, რომ უადგილოა რომელიმე მხარის მოწოდება დიალოგისკენ. ამას აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, ეუთო (და ჩვენ, ბუნებრივია, ამას ვიღებთ), რადგან მათ აქვთ მანდატი. ხოლო ვინც უბრალოდ ამბობს, დიალოგი დაიწყეთ და ჩვენ დაგეხმარებითო, ამის აუცილებლობა არ არსებობს“, — განაცხადა ალიევმა საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილებთან შეხვედრისას.

მან სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ყარაბაღის კონფლიქტით დაკავებულმა მხარეებმა ვერ შეძლეს გავლენა მოეხდინათ სომხეთის მთავრობაზე.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ამ დროსათვის აზერბაიჯანს საერთაშორისო არენაზე „ძლიერი პოზიციები“ უკავია, ბოლო წლებში ქვეყნის მთავრობამ შეძლო დაერწმუნებინა საერთაშორისო ორგანიზაციები საკუთარ სიმართლეში და ახლა, „შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანი მხარს უჭერს აზერბაიჯანის პოზიციას“.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი „შეაჩერებს სამხედრო მოქმედებებს, თუ სომხური ძალები სრულად დატოვებენ რეგიონს... ვინაიდან მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული ტერიტორიაა“.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

რიგმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის, საქართველომ, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

 

88
თემები:
მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა – შეიარაღებული შეტაკება 2020
ანჩისხატის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 1 ოქტომბერი

0
(განახლებულია 09:05 01.10.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 1 ოქტომბერს 1661 წელს მოწამეობრივად აღსულებული კახეთის გმირების: ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების, ასევე ღირსი ევმენიოსის - გორტინელი ეპისკოპოსის, მოწამეების არიადნას, სოფიოს, ირინეს და კასტორის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები

კახეთის მთავარი ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები XVII საუკუნეში აღესრულენენ მოწამეობრივად.

შაჰ-აბას I-მა და მისმა ძემ, შაჰ-აბას II-მ განსაკუთრებული სისასტიკით კახეთი ააოხრეს., ათასობით ქართველi მშობლიური მიწიდან აყარეს  სპარსეთში  გადაასახლეს.

კახეთის მთავარმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა არაგვისა და ქსნის ერისთავებთან ერთად თავს იდვა კახეთის გათავისუფლება თათართაგან.

ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ბიძინა ეახლა თავის მოყვარეს, არაგვის ერისთავს ზაალს და გულისნადები აუწყა. ზაალ ერისთავს მოიწონა განზრახვა და ქსნის ერისთავი ელიზბარიც მოიწვია შალვასთან ერთად.  ბიძინამ კახეთისათვის თავსდატეხილ ჭირზე მოუთხრო ერისთავებს, აუხსნა მათ, რომ უმოკლეს ხანში ამგვარივე განსაცდელში ქართლიც შეიძლებოდა ჩავარდნილიყო და მოუწოდა, ერთად ებრძოლათ მომხდურთა წინააღმდეგ:

ბიძინა კარგად ხედავდა ქართველთა შესაძლებლობებს, მაგრამ, ღვთის ნებას მინდობილს და სამშობლოს გამოხსნის აუცილებლობაში დარწმუნებულს, სჯეროდა გამარჯვებისა.

არაგვის ერისთავმა მეამბოხეებს საიდუმლოდ მცირეოდენი რჩეული მხედრები  მისცა, ხოლო ქსნის ერისთავებმა - ბიძა-ძმისწულმა - ქუდზე კაცს უხმეს. უმთვარო ღამეს მთა გადაიარეს, ახმეტას ჩავიდნენ და მოულოდნელად დაეცნენ თავს ბახტრიონის ციხეს, სადაც  უზრუნველად დაბანაკებული იყვნენ  თათრები.

იმავე დღეს, 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე მიუხდნენ ალავერდს მყოფ ყიზილბაშებს და ისე გაანადგურეს, რომ არდალანის სულთანმა სელიმ-ხანმა ძლივს მოასწრო გაქცევა, მიატოვა ცოლ-შვილი და სპარსეთს გაეშურა.

ქართველთა ძლევამოსილი მხედრობა მადლობას უხდიდა ღმერთს და ერის მფარველ წმიდა გიორგის.

თავისუფლად ამოისუნთქა კახეთმა, უზომოდ გახარებული თავს ევლებოდა თავის ერთგულ შვილებს... მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა სამშობლოს მხსნელი გმირების ნეტარება.

განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, ვახტანგს, სპარსთაგან შაჰ-ნავაზად წოდებულს, უბრძანა, ქრისტეს ახოვანი მხედრები მასთან გაეგზავნა.

კახეთის მხსნელი გმირები უდრტვინველად გაემართნენ უკანასკნელ გზაზე. მათ იცოდნენ, რომ შაჰ-აბასისგან დანდობა არ ექნებოდათ, მაგრამ იცოდნენ ისიც, რომ დაყოვნება ქვეყანას ზიანს მოუტანდა.

ცბიერმა შაჰმა პატივით მიიღო ქართველი დიდებულები, მაგრამ შემდეგ სიმდიდრისა და პატივის საფასურად სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვა. ქართველებმა სპარსეთის მბრძანებელს არდალანის სულთნის პირით უარი  შეუთვალეს ბევრს ეცადა არდალანის სულთანი, მაგრამ ვერავითარმა დაპირებამ ვერ მოხიბლა ქრისტეს ერთგული მსახურები. მაშინ შაჰის ბრძანებით კახეთის გმირები ჯერ სასტიკად აწამეს, ხოლო შემდეგ დახოცეს.

წმიდა მოწამეთა გვამები მთელი დღე ღია ცის ქვეშ ეყარა და მიახლოებას ვერავინ ბედავდა. ღამით მათ ნათელი დაადგა. ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი.

მრავალი წლის შემდეგ შალვას მეუღლემ, ქეთევანმა და მისმა ძემ, დავითმა სარწმუნო კაცები წარგზავნეს წმიდანთა ნეშტის ჩამოსასვენებლად.

ქართლში ჩამოსვენებულ წმიდა ნაწილებს მრავალი მორწმუნე შეეგება თაყვანისცემითა და ამბორისყოფით. კახეთის მხსნელი გმირები პატივით და დიდებით დაკრძალეს იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში.

ღირსი ევმენიოსი

ღირსი ევმენიოსი კეთილმსახური ცხოვრებით გამორჩეული ქრისტიანი იყო. მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი, ღვთის მოწყალებას მინდობილმა, ამსოფლიური საცდურებისაგან განრიდებული ფიცხელი მოღვაწეობა დაიწყო. ნეტარი მამა ჰორტინის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი კუნძულ კრეტაზე. წმიდა მღვდელმთავარი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას იმჟამად აღმოცენებული მონოთელიტთა მწვალებლობისაგან. ერეტიკოსთა წინააღმდეგ დაუცხრომელი ბრძოლისთვის უღმრთოებმა იგი თებაიდაში გადაასახლეს, სადაც აღესრულა კიდეც VII საუკუნეში. უფლის რჩეულის ნეშტი ჰორტინაში გადაასვენეს და იქვე მიაბარეს მიწას.

წმიდა მოწამე არიადნა

წმიდა მოწამე არიადნა ქალაქ პრიმნისის (ფრიგია) უხუცესის, ტერტილუსის მხევალი იყო იმპერატორების, ადრიანესა (117-138) და ანტონინუს პიუსის (138-161) დროს. ერთხელ, როცა მისმა ბატონმა ძეობასთან დაკავშირებით წარმართული მსხვერპლშეწირვა მოაწყო, ქრისტიანმა არიადნამ უსჯულო ღრეობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამისთვის იგი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. მრავალგვარი ტანჯვისა და განსაცდელის შემდეგ წმიდა არიადნა გაათავისუფლეს. მან დატოვა ქალაქი და უდაბნოს მიაშურა, მაგრამ ტერტილუსმა მეომრები დაადევნა შესაპყრობად. მდევრების დანახვისას წმიდა არიადნამ ღმერთს სთხოვა შემწეობა და მოხდა სასწაული - მთა გაიპო და ქრისტეს მხევალი შიგნით მიიმალა.

წმიდა მოწამენი სოფიო და ირინე

წმიდა მოწამენი სოფიო და ირინე ქრისტეს აღსარებისთვის ეწამნენ იმპერატორ ადრიანეს (117-138) დროს. უსჯულოებმა მათ თავები მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამე კასტორი

წმიდა მოწამე კასტორი კერპთმსახურებმა შეიპყრეს და შიმშილით ამოხადეს სული.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

0
თემები:
საეკლესიო კალენდარი