მედიკოსი

სომხეთში რუსეთიდან ექიმებს ელოდებიან

487
(განახლებულია 12:39 21.06.2020)
სომხეთში კოკრონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 20 268-მდე გაიზარდა, გასულ დღე-ღამეში 560 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ერევანში კორონავირუსთან საბრძოლველად მოსკოვიდან რუსი ექიმების ჯგუფი ჩავა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

ადრე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ დაახლოებით 50-მა ექიმმა რუსეთიდან გამოთქვა სურვილი დაეხმაროს რესპუბლიკას, ისინი ადგილზე ჩავლენ და რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუშავებენ.

სომხეთში უკვე ჩავიდნენ მედიკოსები საფრანგეთიდან და ლიტვიდან, რომლებიც ადგილობრივ ექიმებს კორონავირუსთან ბრძოლაში ეხმარებიან.

21 ივნისისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სომხეთში 20 268-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში ინფიცირების 560 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში კორონავირუსით გარდაიცვალა 350 ადამიანი (პლუს 18 გასულ დღე-ღამეში). კორონავირუსის დიაგნოზით, თუმცა სხვა მიზეზით გარდაიცვალა 114 პაციენტი (პლუს 1 გასულ დღე-ღამეში).

ინფექცია 9002-მა ადამიანმა დაამარცხა. მკურნალობის კურსს 10 802 პაციენტი გადის. ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 95 754 ტესტი ჩატარდა.

სომხეთში 16 მარტიდან 13 ივლისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. აკრძალულია თავყრილობები და მიტინგები. სავალდებულოა პირბადეების ტარება.

487
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1024)
დავით ზალკალიანი

ზალკალიანი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა

31
მინისტრმა აღნიშნა, რომ მოვლენების ადგილზე ვითარება უნდა განიმუხტოს და შეიარაღებული შეტაკებები შეწყდეს

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის გამო შეშფოთება გამოხატა.

პირველი არხის ინფორმაციით, ზალკალიანი ტელეფონით ესაუბრა თავის კოლეგებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან - ზოგრაბ მნაცაკანიანთან და ელმარ მამედიაროვთან.

კვირას შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე, შესაბამისად, თოვუზის რაიონში და ტავუშის ოლქში, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოსაა. ამ ტერიტორიიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრშია არაღიარებული მთიანი ყარაბაღი, სადაც ამჟამად მშვიდი ვითარებაა. სროლის ადგილზე განლაგებულია საბრძოლო საგუშაგოები, დისლოცირებული სოფელ მოვსესის მახლობლად.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის სამხედროებმა აზერბაიჯანული პოზიციები დაცხრილეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები ცდილობდნენ არტილერიის დახმარებით სომხეთის საგუშაგოს ხელში ჩაგდებას. ბაქოს ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი აზერბაიჯანელი სამხედრო. სომხეთის მხარის განცხადებით, დაჭრილია ორი სომეხი პოლიციელი, დაღუპულები არ არიან.

სატელეფონო საუბრისას ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოვლენების ადგილზე ვითარების განმუხტვა, შეიარაღებული მოქმედებების შეჩერება და მშვიდობის უზრუნველყოფა.

დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით შესაძლებელია სიტუაციის დარეგულირება რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანის - მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მანამდე საკითხით შეშფოთება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. მან აღნიშნა, რომ ამ რთულ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის „უხილავი მტრის წინააღმდეგ“, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას.

სომხეთ–აზერბაიჯანის დაპირისპირება: თურქეთმა არჩევანი გააკეთა >>

ორშაბათს სროლა გაგრძელდა. ერევანის განცხადებით, ბაქო სომხეთის ტერიტორიის მიმართულებით 15-20 წუთის შუალედებით ისვრის. აზერბაიჯანი და სომხეთი სროლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

31
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
სომხეთის მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან

სომხეთს საქართველოს გავლით თავისი მოქალაქეების ავტომობილებით დაბრუნებაზე მოლაპარაკება სურს

123
(განახლებულია 19:58 13.07.2020)
თუმცა ეს საკითხი მხოლოდ სომხეთზე არ არის დამოკიდებული, ამიტომ მოლაპარაკებები ქართველ და რუს კოლეგებთან გრძელდება

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. სომხეთის ხელისუფლება ქართველ და რუს კოლეგებთან მოლაპარაკებას აწარმოებს თავისი მოქალაქეების პირადი ავტომობილებით სამშობლოში დაბრუნების საკითხზე, იუწყება Sputnik-სომხეთი სომხეთის ვიცეპრემიერის, ტიგრან ავინიანის განცხადებაზე დაყრდნობით.

ამ საკითხის მოგვარების თხოვნით პრემიერს მიმართა ფრაქცია „განათლებული სომხეთის“ ხელმძღვანელმა ედმონ მარუკიანმა. მისი თქმით, სომხეთის მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება საჭიროა არა მხოლოდ ჩარტერული რეისებით - მათ საკუთარი ავტომობილებით დაბრუნების შესაძლებლობაც უნდა მიეცეთ. ამგვარად ისინი, ყველაფერთან ერთად, მეტი ქონების წამოღებასაც შეძლებენ, ხაზი გაუსვა მარუკიანმა.

სომხეთის მხარე ყველა ღონეს ხმარობს, რათა საქართველომ და რუსეთმა თავიანთ ტერიტორიაზე გაატარონ სომხური ავტომობილები, აღნიშნა ავინიანმა. ასეთი მოლაპარაკებები პერიოდულად იმართება, დასძინა მან.

„ჩვენ ვცდილობთ ამ საკითხის ეტაპობრივად მოგვარებას. უბრალოდ ის მოიცავს მრავალ კომპონენტს, რომელიც მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული“, - ხაზი გაუსვა ვიცეპრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ სატვირთო მანქანების გადაადგილება სომხეთის საზღვარზე შეზღუდული არ არის.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გამოცხადების დღიდან სომხეთში ჩარტერული რეისებით დაბრუნდა 40 ათასამდე მოქალაქე. ანალოგიური რეისები დაინიშნა სომხეთიდან რუსეთის მოქალაქეების გასამგზავრებლადაც.

123
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1024)
კოღო

შეიძლება თუ არა კოღო კორონავირუსის გადამტანი გახდეს? - იმნაძის პასუხი

0
სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს იმის გამო, რომ კოღო, რომელიც ინფიცირებულს უკბენს, შეიძლება ინფექციის გადამტანი გახდეს

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. კოღო კორონავირუსული ინფექციის გადამტანი არ არის, ასე უპასუხა Sputnik-საქართველოს კითხვას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს იმის გამო, რომ კოღოები, რომლებიც ინფიცირებულს უკბენენ, შეიძლება კორონავირუსული ინფექციის გადამტანები გახდნენ. ეს ვარაუდი იმნაძემ უარყო.

„არა, დამშვიდდით, რადგან ეს წვეთოვანი ინფექციაა. გაჩნდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ინფექცია ჰაერითაც გადადის, ყოველ შემთხვევაში, კოღოები ნამდვილად არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები“, - განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე უპასუხა Sputnik-საქართველოს კითხვას ვაქცინის ეფექტურობაზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, COVID-19-ისგან იმუნიტეტი არ გამომუშავდება.

„აქ საუბარია ანტისხეულების ტიტრზე, არსებობს მონაცემები, რომ ეს ანტისხეულები შეიძლება გაქრეს ორ-სამ თვეში, მაგრამ ესაა იმუნიტეტი არა მხოლოდ ანტისხეულებზე, ესაა იმუნიტეტი ე.წ. Т-ლიმფოციტების მეხსიერებაზე, როდესაც ორგანიზმი კვლავ ხვდება იმავე ანტიგენს და Т-ლიმფოციტები გამოიმუშავებენ ამ შემთხვევაში ანტისხეულებს. ამ საკითხზე ახლა დიდი კვლევა ტარდება, რამდენად არის ეს Т-ლიმფოციტების მეხსიერებაში. ასე რომ, ეს საკითხები არ არის უიმედო და ვაქცინამ შეიძლება კარგად იმოქმედოს“, - აღნიშნა იმნაძემ.

საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 995 შეადგინა. გამოჯანმრთელებული კვლავ 857 ადამიანია. პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, 31 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის, 28 სამხედრო მოსამსახურე, სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდანაა ჩამოყვანილი. კარანტინში იმყოფება 5001 ადამიანი, სტაციონარებში - 219.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში