ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა

ჩინეთიდან ევროპაში მიმავალმა პირველმა სატვირთო მატარებელმა ანკარა გაიარა

124
(განახლებულია 12:34 08.11.2019)
ჩინეთიდან ევროპაში საქონლის გადაზიდვისთვის ახალი გზის გახსნა ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას შეუწყობს ხელს და მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.

ოთხშაბათს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა ჩინეთიდან ევროპაში ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით მიმავალი პირველი სატვირთო მატარებლის დახვედრის საზეიმო ცერემონია. პირველი პირდაპირი მატარებელი China Railway Express, რომელსაც 42 კონტეინერით საყოფაცხოვრებო ტექნიკა მიაქვს ჩინეთის სიანიდან თურქეთში მდებარე მარმარის გვირაბის გავლით, გაივლის ბულგარეთს, სერბეთს, უნგრეთს და სლოვაკეთს. საბოლოო დანიშნულების პუნქტია პრაღა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

ღონისძიებას დაესწრნენ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიაზი საფაროვი, თურქეთის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მეჰმედ ჯაჰით თურხანი, ვაჭრობის მინისტრი რუჰსარ პეკჯანი, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის რკინიგზის წარმომადგენლები.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა გაგრძელდება >>

ცერემონიის პროტოკოლური ნაწილის შემდეგ გაისმა სიგნალი, და სატვირთო მატარებელი საზეიმოდ გაემგზავრა ანკარიდან დადგენილი მარშრუტით. ცერემონიის დროს ხელი მოეწერა ოქმს, რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე გამავალი ტრანსკასპიური მარშრუტის China Railway Ekspress ხარისხის გაუმჯობესებასა და მის რეკონსტრუქციას.

საფაროვი: მატარებლების რაოდენობა გაიზრდება

„ეს მნიშვნელოვანი ისტორიული დღეა. სატვირთო მატარებელი, რომელიც ჩინური სიანიდან დაიძრა ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით, მიემართება ჩეხეთში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებაზეც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნების ლიდერები მუშაობდნენ“, – განუცხადა Sputnik-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ეს დღე, განაგრძო საფაროვმა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებისთვის, სტრატეგიული სატრანზიტო განშტოებების გამოყენებისთვის და პროექტში მონაწილე ქვეყნებისა და ხალხის სასარგებლოდ: „ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ ველით, რომ მალე გაიზრდება მატარებლების და კონტეინერების რაოდენობა, ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების დამყარებაში“.

საგრძნობლად შემცირდება ექსპორტიორებისა და მეწარმეებისთვის ბიზნესის კეთების სირთულეები და ხარჯები, აღნიშნა ასევე საფაროვმა. თუ ადრე ამ მარშრუტის გავლას ერთი თვე სჭირდებოდა, ახლა ტვირთი ჩინეთიდან ევროპაში 18 დღეში ჩააღწევს. „ამ გზით განვითარდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური საქმიანობის სხვა სახეობები“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ელჩი: ეს მხოლოდ ტრანსპორტის საკითხი როდია

მრავალი წლის შემდეგ „აბრეშუმის გზის“ პროექტი, როგორც იქნა, განხორციელდა, ჩინეთიდან საქონელი ევროპაში მიდის, განაცხადა, თავის მხრივ, თურქეთში აზერბაიჯანის ელჩმა ხაზარ იბრაჰიმმა.

იბრაჰიმმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ სატრანსპორტო ინტერესებს პასუხობს, „ამავე დროს ეს არის ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას. რკინიგზა უკვე დიდი ხანია არსებობს, ადრე აბრეშუმი გადაჰქონდათ, ახლა კი – მაღალტექნოლოგიური პროდუქტი“.

ელჩმა შეახსენა დამსწრეთ, რომ ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, როგორც მარშრუტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, ორი ქვეყნის პრეზიდენტების თანამშრომლობის წყალობით გაჩნდა.

„დღეს რკინიგზით ტვირთი მიდის, ხოლო ხვალ, ღმერთმა ქნას, მგზავრთა გადაყვანა დაიწყება. ეს საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მჭიდრო კულტურული კონტაქტები დავამყაროთ. განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში ეკონომიკის წინსვლა ძალიან რთულია. ახლა ჩვენ გვაქვს როგორც სატრანსპორტო ქსელი, ასევე ეკონომიკური ძალა, გვყავს ახალგაზრდა მოსახლეობა. რაც მთავარია, უმაღლეს დონეზე არსებობს პოლიტიკური ნება. ყველა ამ ელემენტის ერთობლიობა ჩვენი ქვეყნების განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა იბრაჰიმმა.

რა ინტერესი აქვს რუსეთს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზთან დაკავშირებით >>

ბაქო–თბილისი–ყარსის დერეფანი აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო. სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.

მარშრუტის სიგრძე 829 კილომეტრია, სავარაუდო გამტარუნარიანობა – წელიწადში მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი. მომავალში ამ სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონა ტვირთამდე წელიწადში.

124
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (142)