რას მოუტანს რეგიონს გახარიას ვიზიტი ანკარაში – თვალსაზრისი ბაქოდან

© photo: Sputnikაზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დროშები
აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანელმა და თურქმა ექსპერტებმა საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას ანკარაში ვიზიტის შესახებ, ასევე სამმხრივი ფორმატის ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი თბილისში მოიწვია. ვიზიტი ერდოღანმა მიიღო – ის საქართველოს, შესაძლოა, უკვე გაზაფხულზე ეწვიოს, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

თურქეთის პრეზიდენტი რეგიონს, შეიძლება ითქვას, ხშირად სტუმრობს. წლის დასაწყისში ის არაერთხელ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ასევე ეწვია აზერბაიჯანს და შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს განსახილველი და განსახორციელებელი საკითხები ნამდვილად აქვთ.

საქართველო თურქეთთან პარტნიორობას გააღრმავებს: რა შეთანხმებას მიაღწია გახარიამ ანკარაში>>

ერდოღანისა და გახარიას შეხვედრა ამის დადასტურებაა – მოლაპარაკებების დროს მათ გვერდი არ აუარეს ბაქო–თბილისი–ყარსის თემას, რომელიც სამივე მხარისთვის საინტერესოა.

ბაქო, თბილისი და ანკარა საერთო ენას ყოველთვის პოულობდნენ

აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს არსებობის უფლება აქვს. ამგვარ მოსაზრებას ეთანხმება ბაქოს პოლიტოლოგთა კლუბის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ზაურ მამედოვი. ამის დასტურად მან გაიხსენა ქვეყნებს შორის უკვე არსებული პროექტები: ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი, ბაქო–სუფსა, ბაქო–თბილისი–ყარსი, TAP, TANAP და გაზის სამხრეთის დერეფანი, რომელიც მთელ რეგიონს აერთიანებს.

„ეს სამი ქვეყანა ახლოსაა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით 1992 წლიდან მოყოლებული. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი საქართველოს ეკონომიკაში საკვანძო როლს ასრულებენ", – განაცხადა მან.

საქართველოს ესმის, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის გარეშე თავის ეკონომიკას ვერ განავითარებს, ევროკავშირში პოლიტიკური ინტეგრაციაც ანკარის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია, აღნიშნა მამედოვმა.

გიორგი გახარია და რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველო თურქეთთან საქონელბრუნვის გაორმაგებას გეგმავს

„მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არ არის ევროკავშირის წევრი, ის ახლა, უკრაინის ვითარების გათვალისწინებით, საქართველოსთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი ფანჯარა გახდა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ თურქეთის გავლით შეუძლია საქართველოს ევროპასთან ვაჭრობა, ასევე შავი ზღვის გავლით ევროპულ ბაზარზე საკუთარი საქონლის მიწოდება, იმპორტის განხორციელება", – განმარტა მამედოვმა.

ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი ხალხები მოძმე ერები არიან და ისინი, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ იქნება ამ ქვეყნების ხელისუფლებაში, ყოველთვის განავითარებენ ურთიერთობებს, რადგან მათი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.

საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ყოველთვის ახერხებდნენ საერთო ენის პოვნასა და სადავო საკითხების დიპლომატიური გზით გადაჭრას. ისინი ითვალისწინებენ ერთმანეთის ინტერესებს, მხარს უჭერენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, აზერბაიჯანი და თურქეთი ყოველთვის ეხმარებოდნენ საქართველოს რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლაში და ეს ოფიციალურ თბილისს ახსოვს, განაცხადა მამედოვმა.

საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი – მცირდება>>

ანკარას აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის ფორმატი არ სჭირდება

თურქი პოლიტოლოგი ენგინ ოზერი აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის ფორმატზე აღნიშნავს, რომ თურქეთს ეს მაინცდამაინც არ სჭირდება. ამასთან, ორი მეზობელი ქვეყანა, მისი აზრით, თურქეთისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი არ არის – აზერბაიჯანი მოძმე ქვეყანაა, ხოლო საქართველო – პარტნიორი.

„გახარია თურქეთში, დიდი ალბათობით, იმისთვის ჩამოვიდა, რომ მოიძიოს ახალი ინვესტორები ანაკლიის პორტის პროექტისთვის. საქართველოსთვის ეს სტრატეგიული პროექტია, სადაც თურქებს ამერიკელების ჩანაცვლება შეუძლიათ. და მაინც, ამ ვიზიტისგან გრანდიოზულ შედეგებს რეგიონისთვის არ ველოდები", – განაცხადა ენგინ ოზერმა.

ოზერმა ასეთი პესიმისტური განწყობა იმით ახსნა, რომ ანკარა უკმაყოფილოა მოსკოვსა და თბილისს შორის არსებული დაძაბულობით. მან აღნიშნა, რომ თავის დროზე რუსეთის რკინიგზას ბაქო–თბილისი–ყარსთან მიერთება სურდა, მაგრამ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ მოსკოვისთვის ეს პროექტი არააქტუალური გახდა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი: ანაკლიის პორტს სერიოზული ინვესტორები სჭირდება, რომლებიც არ გვყავს

ამავე დროს, როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ანკარა ითვალისწინებს თავის კარგ ურთიერთობას მოსკოვთან და შეუძლია მოდერატორის ფუნქცია შეასრულოს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში. თურქეთს სურს სტაბილური და უსაფრთხო სამხრეთ კავკასიის ხილვა და მას არ აწყობს მეზობლებთან უსიამოვნო სიტუაციები. მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, აღნიშნა ოზერმა.

ურთიერთობები ციფრებში

თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან 1992 წელს დაამყარა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა - რას ყიდის და ყიდულობს საქართველო

თურქეთი როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის დიდი სავაჭრო პარტნიორია. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ აზერბაიჯანთან 2019 წლის 9 თვეში დაახლოებით 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოსთან – დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარი. სავაჭრო ბრუნვა აზერბაიჯანთან, 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 37,8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საქართველოსთან – 2,8 პროცენტით.

ყველა ახალი ამბავი
0