დავით-გარეჯი

აზერბაიჯანმა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სასაზღვრო საგუშაგო დადგა

156
(განახლებულია 13:18 07.10.2019)
აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, საგუშაგოს „ქეშიქჩიდაღის" ნაკრძალის ტერიტორიაზე გახსნა აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ისახავს მიზნად.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან აზერბაიჯანმა „შამქირის“ სასაზღვრო ჯგუფის „ქეშიქჩი გალას“ სასაზღვრო საგუშაგო კომპლექსი ააშენა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი".

კომპლექსის გახსნას, რომელიც კვირას გაიმართა, ესწრებოდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსი ელჩინ გულიევი.

Комплекс пограничной заставы Азербайджана у Давид Гареджи
აზერბაიჯანმა დავით გარეჯის კომპლექსთან სასაზღვრო საგუშაგო ააშენა

„კომპლექსის გახსნის ცერემონიის დროს აღინიშნა, რომ საგუშაგოს მდებარეობა „ქეშიქჩიდაღის" ნაკრძალის ტერიტორიაზე, საზღვრის დაცვასთან ერთად, აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ისახავს მიზნად", – ციტირებს „Sputnik–აზერბაიჯანი" აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სიტყვებს.

დავით-გარეჯი

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა აპრილის ბოლოს გააქტიურდა, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გაიხსნა, მაგრამ სიტუაცია მაინც დაძაბული დარჩა.

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

Граница Грузии с Азербайджаном. Монастырский комплекс Давид Гареджи
© Sputnik / STRINGER
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი. დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული.

აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას ქეშიქჩიდაღს უწოდებენ. მათი მტკიცებით, კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.

156
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (70)
ხანძარი აზერბაიჯანის ჰირკანის ეროვნულ პარკში

აზერბაიჯანის ეროვნულ პარკში მეოთხე დღეა, ხანძარი მძვინვარებს

47
ირანის ტერიტორიის მოსაზღვრე ძნელად მისადგომ მთაგორიან ადგილებში არსებული ლოკალური კერები ხანძრის სრულად ჩაქრობის შესაძლებლობას არ იძლევა

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. აზერბაიჯანის ჰირკანის ეროვნულ პარკში მეოთხე დღეა ხანძარი მძვინვარებს.

როგორც Sputnik-აზერბაიჯანი საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ლოკალური კერები ხანძრის სრულად ჩაქრობის შესაძლებლობას არ იძლევა.

აღსანიშნავია, რომ ასტარინის რაიონის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობაში თვითმფრინავი-ამფიბია БЕ-200ЧС მონაწილეობს. ცეცხლის ლიკვიდაციას მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ტყის მასივში ქარი ართულებს. 

ხანძრის ლოკალიზებისა და ჩაქრობის მიზნით ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, სამხრეთის რეგიონული ცენტრის, სახელმწიფო სახანძრო სამსახურის, სამოქალაქო თავდაცვის ძალების, განსაკუთრებული რისკის სამაშველო სამსახურის დამატებითი ძალები, ასევე ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლები.

ცნობილია, რომ იწვის აზერბაიჯანი-ირანის საზღვრის მონაკვეთი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

47
სერგეი ლავროვი

შეიერთებს თუ არა რუსეთი ყარაბაღს: ლავროვი კომენტარს აკეთებს

113
(განახლებულია 20:53 18.01.2021)
ლავროვის თქმით, რუსეთი მზადაა ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობის, სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. მოსკოვს არ ჰქონია არანაირი განზრახვა, ეღიარებინა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა ან რუსეთის შემადგენლობაში შეეყვანა იგი, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მზადაა დახმარება გაუწიოს რეგიონს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„რაც შეეხება იმ ეგზოტიკურ წინადადებას, რომ მთიანი ყარაბაღი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს, როგორც მესმის, ყარაბაღის დამოუკიდებლობა არავის უღიარებია, მათ შორის არც თავად სომხეთს — ჩვენ ასეთი რამ აზრადაც არ გვქონია. ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ამ რეგიონის ყველა საკითხი მასში შემავალ რესპუბლიკებს შორის, პირველ რიგში კი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უნდა გაირკვეს“, – განაცხადა ლავროვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

გასული წლის სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი განახლდა, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 2020 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე დარჩნენ, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე კი რუსი სამშვიდობოები შევიდნენ, რომლებიც მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ განლაგდნენ. გარდა ამისა, სომხეთი ქელბაჯარის, ლაჩინის და აღდამის რაიონების დათმობაზე დათანხმდა. მიმდინარეობს ტყვეთა გაცვლის პროცესი.

ბაქოში შეთანხმება ერევნის კაპიტულაციად შეაფასეს. პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი მაქსიმალურად ხელსაყრელია აზერბაიჯანისთვის. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კი აღიარა, რომ დოკუმენტი მისთვის მძიმედ მისაღები იყო, თუმცა ამან შესაძლებლობა მისცა ქვეყანას, შეენარჩუნებინა ყარაბაღის ტერიტორია, რასაც წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანად დაკარგავდა.

ფაშინიანმა ყარაბაღში სომხეთის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა>>

ამას ერევანში საპროტესტო აქციები მოჰყვა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. ოპოზიცია პრემიერს სომხეთისთვის წამგებიანი ხელშეკრულების ხელმოწერაში ადანაშაულებს. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ის მზად არის გადადგეს, მაგრამ „მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილების შემთხვევაში“.

 

113
თემები:
რუსეთი დღეს
შსს-ს შენობა

რატომ ვერ გადაკვეთა საზღვარი გიგი უგულავამ: უარის მიზეზს შსს განმარტავს

0
ქართველმა ოპოზიციონერმა ქვეყნის დატოვება უწყებრივი ხარვეზის გამო ვერ შეძლო. მონაცემთა ბაზა უკვე შეიცვალა და უგულავას საზღვარგარეთ გამგზავრება თავისუფლად შეუძლია

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგი უგულავას საზღვრის გადაკვეთაზე უარი ბაზაში არსებული ხარვეზის გამო ეთქვა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს სამართალდამცველებმა პოლიტიკოსს თბილისის აეროპორტში საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს. მისი თქმით, მას ქვეყნის დატოვების შეზღუდვა არ აქვს, თუმცა პოლიციამ მას ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა მაინც არ მისცა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა დღეს აოციალურ ქსელში დაწერა.

გიგი უგულავას 2000-ლარიან გირაოსთან ერთად საგამოძიებო უწყებებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება 2019 წლის 12 დეკემბერს დაევალა. საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც ერთი წლის წინ თბილისის აეროპორტში მოხდა. უგულავასა და მის თანაპარტიელ გიორგი გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი საპასპორტო კონტროლს გადიოდნენ. ოპოზიციონერები კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მიფრინავდნენ. ჩატარებული დაკითხვების შემდეგ ოპოზიციონერებზე თავდასხმის საქმე შემოტრიალდა. უგულავასა და ასევე კიდევ ერთ პირს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვის ეტაპზე უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების თაობაზე გაუქმდა, მაგრამ პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი. სწორედ ამ ბიუროკრატიული ხარვეზის გამო გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

„ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი“, - აღნიშნავენ შსს-ში.

 

0