თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ სასაზღვრო რეჟიმის გამარტივებაზე ფეხბურთის იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ევროპის ლიგის ფინალურ მატჩზე დასასწრებად ბაქოში ჩასვლას აპირებენ, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით.
ფეხბურთში ევროპის ლიგის ფინალური მატჩი ლონდონურ კლუბებს „არსენალსა" და „ჩელსის" შორის 29 მაისს ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. მატჩი ადგილობრივი დროით 23:00 საათზე დაიწყება.
უწყების ინფორმაციით, შეხვედროს დროს განიხილეს და შეათანხმეს საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანში გულშემატკივრების ჩასვლის საკითხი ევროთასის ფინალზე. მათ ორი ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა საჰაერო გზით, რკინიგზითა და ავტომობილებით შეუძლიათ.
შეხვედრის შედეგად მიღწეულია შეთანხმება გულშემატკივრებისთვის საბაჟო კონტროლის გამარტივებისა და მათთვის და მათი სატრანსპორტო საშუალებებისთვის საზღვრის გადაკვეთის განსაკუთრებული პირობების შესახებ.
გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო საზღვარზე არსებული ოპერატიული ვითარება, სასაზღვრო რეჟიმის წესების დაცვის უზრუნველყოფა და რიგი სხვა საკითხები.