რობერტ კოჩარიანი

სომხეთის ექს-პრეზიდენტი კოჩარიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

70
(განახლებულია 18:31 18.05.2019)
სომხეთის ექს-პრეზიდენტის სახელით გირაო აუღიარებელი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილმა და ამჟამინდელმა ლიდერებმა შეიტანეს

თბილისი, 18 მაისი  - Sputnik. პირველი ინსტანციის სასამართლომ განხილვების დასრულებამდე პატიმრობიდან სო9მხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი გაათავისუფლა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ექს-პრეზიდენტს თავდებში ჩაუდგნენ აუღიარებელი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერები არკადი გუკასიანი და ბაკო სააკიანი. თითოეულმა მათგანმა გირაოს სახით 500 ათასი დრამი (დაახლოებით 1000 დოლარი) შეიტანა.

კოჩარიანის მიმართ საგამოძიებო განხილვები არ დასრულებულა. შეცვლილია მხოლოდ აღკვეთის ზომა.

2018 წლის 26 ივლისს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კოჩარიანს საპროტესტო აქციების დარბევის შესახებ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდება წარუდგინა. ის ორი თვით დააპატიმრეს.

მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს ექს-პრეზიდენტის ხელშეუხებლობით ახსნა.

კოჩარიანი 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ 18 იანვარს და 15 მარტს პატიმრობა ორი თვით ორჯერ გააგრძელა. თებერვალში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ „საკონსტიტუციო წყობის დამხობის“ საქმის წინასწარი გამოძიება დაასრულა.

მეტიც, სომხეთის მეორე პრეზიდენტი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.

„საუკეთესო სცენარი იყო საქმის დახურვა. ჩვენ კვლავ ვხედავთ მართლმსაჯულების რისკებს და გვსურს დავინახოთ სახელმწიფოს ნაბიჯები ამ რისკების აღმოსაფხვრელად“, - განუცხადა ჟურნალისტებს კოჩარიანის ერთ-ერთმა ადვოკატმა არამ ორბელანმა.

საკონსტიტუციო წყობის დამხობის ბრალდება 2008 წლის მარტში წარედგინა ასევე თავდაცვის ყოფილ მინისტრ სეირან ოგანიანს და გენშტაბის ყოფილ უფროს იური ხაჩატუროვს. საქმეში ფიგურირებს ასევე ყოფილი პრემიერი არმენ გევორკიანი, ის აღნიშნული საქმის ფარგლებში მართლმსაჯულებისთვის დაბრკოლებების შექმნაშია ბრალდებული.

ყველა ფიგურანტიდან პატიმრობაში მხოლოდ კოჩარიანი იმყოფებოდა.

70
თემები:
მსოფლიო დღეს (256)