სომხეთის პარლამენტი

სომხეთის მედიამ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი დაასახელა

64
(განახლებულია 16:51 10.10.2018)
სომხური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ფაშინიანმა თანამდებობა ზეგ უნდა დატოვოს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. გაზეთი „ჟამანაკი" ხელისუფლებაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთის პარლამენტის ვადამდელი არჩევნები 2018 წლის 9 დეკემბერს გაიმართება, იუწყება „Sputnik–სომხეთი".

გამოცემის თანახმად, ჯერჯერობით უცნობია, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან როდის გადადგება, თუმცა, კანონის თანახმად, არჩევნები უნდა გაიმართოს მთავრობის მეთაურის გადადგომიდან 30 დღის გასვლის შემდეგ და პარლამენტის დათხოვნიდან არაუგვიანეს 45 დღისა. ასე რომ, არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის შუა რიცხვებამდე პერიოდში.

გაზეთს თუ დავუჯერებთ, ფაშინიანმა თანამდებობა ზეგ უნდა დატოვოს, რათა პარლამენტს დრო მიეცეს შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად – პრემიერის არარჩევა, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

9 ოქტომბრის დილით ცნობილი გახდა, რომ სომხეთის ეროვნული კრების მინიმუმ 55 დეპუტატმა, მათ შორის, 16-მა რესპუბლიკელმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივას დეკემბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ.

 

64
თემები:
მსოფლიო დღეს (1493)