ერევანი

ერევანში ელექტროენერგიაზე ფასების მომატების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

10
წინასწარი მონაცემებით, პოლიციის განყოფილებებში გადაყვანილია 237 ადამიანი, შვიდმა დემონსტრანტმა დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა და 3 მათგანი საავადმყოფოში იქნა მოთავსებული.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ერევნის ცენტრში მდებარე მარშალ ბაგრამიანის სახელობის გამზირი დემონსტრანტებისგან, რომლებიც ელექტროენერგიაზე ფასების მომატებას აპროტესტებდნენ, პოლიციამ წყლის ჭავლის მეშვეობით გაწმინდა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-არმენია“

წინასწარი მონაცემებით, პოლიციის განყოფილებებში გადაყვანილია 237 ადამიანი, შვიდმა პირმა დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა, ხოლო სამი საავადმყოფოშია მოათავსებული, დაშავებულია პოლიციის 11 თანამშრომელიც. 

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელი კომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც, 1 აგვისტოდან  1 კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე ტარიფი 6,93 დრამით იზრდება (დაახლოებით 16.7%). აღსანიშნავია, რომ „ელექტროქსელები" ტარიფის 40,8%-ით მომატებას ითხოვდა.  

მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მცირე შეტაკებით დაიწყო.

ყველაფერი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, გასულ პარასკევს, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე სამდღიანი მჯდომარე აქციის ჩატარების თაობაზე განაცხადეს, აქციის მონაწილეები აფრთხილებდნენ მთავრობას, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ორშაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ მსვლელობას მოაწყობდნენ. 

ამის პარალელურად, პროტესტანტთა მცირე ჯგუფმა თავისუფლების მოედანზე ავტომობილების საბურავები მიიტანა. 

სამართალდამცავებმა საბურავები მოედნის იმ ნაწილში შენიშნეს, სადაც ანარქისტთა შავდროშიანი ახალგაზრდები იდგნენ და ორგანიზატორებისგან აუცილებელი ზომების მიღებას მოითხოვდნენ. ორგანიზატორებმა ახალგაზრდა ანარქისტები დაარწმუნეს, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა და რომ აქცია მშვიდობიანი ხასიათის იყო. 

სწორედ აქციის ხასიათიდან გამომდინარე, პოლიციამ მონაწილეებს ნება დართო, ღამითაც დარჩენილიყვნენ ქუჩაში იმ პირობით თუ ორგანიზატორების მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგი მაქსიმალურად იქნებოდა დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა აქციის დაშლა. პოლიციამ დემონსტრანტებს პლაკატების დამაგრების უფლება არ მისცა. 

პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მსვლელობის დასაწყისი

სამი დღის შემდეგ, ანუ 22 ივნისის საღამოს, როცა მომიტინგეების მიერ გაცხადებული ვადა ამოიწურა, აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ, რომელიც მარშალ ბაგრამიანის სახელობის გამზირზე მდებარეობს. 

ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ვალერი ოსიპიანმა ჯერ კიდევ თავისუფლების მოედანზე გააფრთხილა აქტივისტები, რომ სამართალდამცავები მათ პრეზიდენტის რეზიდენციასთან არ მიუშვებდნენ. პოლიციელებმა კორდონი მოაწყეს და მისი გავლით რეზიდენციიდან ასიოდე მეტრში წყლის ჭავლის სპეცავტომობილები განალაგეს. 

ამის პასუხად საპროტესტო აქციის მონაწილეები უბრალოდ დასხდნენ პროსპექტის დასაწყიში. ზოგ მათგანს ხელთ ევროკავშირის დროშები ეპყრათ.   

ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაური სერჟ სარქისიანი მზად იყო მომიტინგეების წარმომადგენლებთან, 3–4 კაცისგან შემდგარ ჯგუფთან შესახვედრად. მაგრამ აქციის ორგანიზატორებმა ეს შეთავაზება უარყვეს, რადგან წინადადება პრობლემის მიჩქმალვის მცდელობად შეაფასეს. 

ამდროისათვის პოლიცია უკვე მზად იყო აქციის დასაშლელად, მაგრამ ჟურნალისტთა ჯგუფმა "ერთგვარი ბუფერი შექმნა" პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. პოლიციამ ჟურნალისტებს სთხოვა, დაეტოვებინათ ტერიტორია და მათთვის საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის საშუალება მიეცათ, მაგრამ მედიის წარმომადგენლების ერთი ნაწილი ადგილზე დარჩა. 

გვიან ღამით, პროტესტანტებიც და პოლიციაც მოლოდინის რეჟიმზე გადაერთვნენ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სიტუაცია ოდნავ განიმუხტა. თუმცა არც ერთი მხარე არ აპირებდა დათმობაზე წასვლას. 

მომიტინგეები ერთმანეთს მოუწოდებდნენ, თავი შეეკავებინათ პოლიციასთან კონტაქტისგან, რათა შესაძლო პროვოკაციები აერიდებინათ. დემონსტრანტები ბაგრამიანის გამზირზე დილამდე დარჩნენ. 

დემონსტრანტების დარბევა გამთენიისას

გამთენიისას პოლიციელები აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ და დემონსტრანტების დარბევას შეუდგნენ. მანამდე ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ ვალერი ოსიპიანმა აქციის მონაწილეებს გამზირის დატოვება და თავისუფლების მოედანზე დაბრუნება მოსთხოვა, რათ საგზაო მოძრაობა აღედგინათ. დემონსტრანტებს საამისოდ სულ ათი წუთი მიეცათ. ოსიპიანმა ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს, ხელი არ შეეშალათ პოლიციის მუშაობისთვის. 

ამის შემდეგ პოლიციამ ტერიტორია მომიტინგეებისგან წყლის ჭავლის მეშვეობით რამდენიმე წუთში გაწმინდა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა თავისუფლების მოედნისკენ დაიხია, მაგრამ სამართალდამცავებმა ჯერ წრეში მოაქციეს ისინი, შემდეგ კი საერთოდ განდევნეს მოდნიდან. 

დილით, თავისუფლების მოედანსა და ბაგრამიანის გამზირზე აქციის მონაწილეები აღარ იყვნენ. ამ დროისათვის ბაგრამიანის გამზირისა და მიმდებარე ქუჩების დასუფთავების მიზნით, ადგილზე მუნიციპალური დასუფთავების სამსახურები მუშაობენ.

 


10