ერევანი

ერევანში ელექტროენერგიის გაძვირების წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტები დაარბიეს

8
წინასწარი მონაცემებით, პოლიციის განყოფილებებში გადაყვანილია 237 ადამიანი. აქციის 7-მა მონაწილემ დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა, 3 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე ტრავმა მიიღო 11-მა პოლიციელმა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თითქმის 240 ადამიანია გადაყვანილი პოლიციის განყოფილებებში ერევანში მიმდინარე დემონსტრაციის დარბევის შემდეგ, განუცხადეს სააგენტო „ნოვოსტი-არმენიას“ პოლიციის პრეს-სამსახურში. 

სამშაბათს, დილით ადრე, პოლიციელებმა დაარბიეს დემონსტრანტები, რომლებიც ელექტროენერგიის გაძვირებას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტებს გადაკეტილი ჰქონდათ მარშალ ბაგრამიანის სახელობის ცენტრალური გამზირი. 

„წინასწარი მონაცემების თანახმად, პოლიციის განყოფილებებში 237 ადამიანია გადაყვანილი“, – განუცხადეს სააგენტოს პოლიციის პრეს-სამსახურში. 

აქციის შვიდმა მონაწილემ დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა, სამი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ასევე დაზარალდა 11  პოლიციელი. 

საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეები, რომლებმაც  19 ივნისს დაიწყეს მჯდომარე აქცია თავისუფლების მოედანზე, ორშაბათ საღამოს სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ. თუმცა ისინი პოლიციამ მარშალ ბაგრამიანის გამზირის დასაწყისშივე შეაჩერა. პოლიციელებმა კორდონი მოაწყვეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან ასიოდე მეტრში წყლის ჭავლის სპეცმანქანები ჩააყენეს.   

მანამდე, ორიოდე საათით ადრე, პოლიციამ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ კანონის დამრღვევთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების უფლება ჰქონდა. 

პოლიციის განცხადებაში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ან მათთვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მსვლელობა აღარ ჩაითვლებოდა მშვიდობიანად და აღიკვეთებოდა კანონით დადგენილი წესებით.  

მარეგულირებელმა კომისიამ 17 ივნისის სხდომაზე ელექტროენერგიაზე ახალი ტარიფები დაადგინა. ქვეყანას ელექტროენერგიით კომპანია „სომხეთის ელექტროქსელი“ ამარაგებს. 1 აგვისტოდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე ახალი ტარიფი 6,93 დრამით იზრდება (დაახლოებით 0,015 აშშ დოლარი).  დღის საათებში 48,78 დრამით (დაახლოებით 0,1 აშშ დოლარი), ხოლო ღამის საათებში – 38,78 დრამამდე (დაახლოებით 0,08 აშშ დოლარი) ერთ კილოვატ საათზე. ეს მაშინ, როცა კომპანია „სომხეთის ელექტროქსელი“ საკუთარ განაცხადში ტარიფის 17,08 დრამით (დაახლოებით 0,036 აშშ დოლარი) გაზრდას ითხოვდა. 

 


8