აზერბაიჯანში მენავთობის დღეს აღნიშნავენ

გამოწერა
20 სექტემბერს აზერბაიჯანში მენავთობის დღეს აღნიშნავენ.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. 20 სექტემბერს აზერბაიჯანში მენავთობის დღეს აღნიშნავენ.

ამ დღეს, 1994 წლის 20 სექტემბერს ბაქოში, ”გიულისტანის” სასახლეში ხელი მოეწერა შეთანხმებას ”აზერბაიჯანის კასპიის სექტორში არსებული ”აზერის”, ”ჩირაგის”, ”გიუნეშლის” ღრმაწყლიანი საბადოების დამუშავების თაობაზე პროდუქციის წილობრივ დაყოფის შესახებ”, რომელსაც ”საუკუნის კონტრაქტი” ეწოდა. შეთანხმება ძალაში 1994 წლის 12 დეკემბერს შევიდა. პროექტ ”აჩგ”-ის მონაწილეები არიან ბრიტანული BP (34,1367% - ოპერატორი), ამერიკული Chevron (10,2814%), ExxonMobil (8,0006%), Devon Energy (5,6262%) და Amerada Hess (2,7%), SOCAR (10%), იაპონური Inрex Corр. (10%) და ITOCHU Oil (3,9205%), ნორვეგიული Statoil (8,5633%), თურქული TPAO (6,75%).

1997 წლის ნოემბერში ჩირაგის საბადოდან ”ადრეული” ნავთობის მოპოვება დაიწყო, 2005 წლის 13 თებერვლიდან - აზერის საბადოს ცენტრალური ნაწილიდან, 2005 წლის 30 დეკემბერს - აზერის დასავლეთ ნაწილიდან, 2006 წლის 21 ოქტომბერს - აზერის აღმოსავლეთ ნაწილიდან, ხოლო 2008 წლის აპრილიდან - გიუნეშლის საბადოს ღრმაწყლიანი ნაწილიდან. 

კონტრაქტის ფარგლებში აგებულია ორი საექსპორტო ნავთობსადენი - ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ასევე მოდერნიზებულ იქნა მილსადენი ბაქო-ნოვოროსიისკი.

2001 წლის 16 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 20 სექტემბერი აღინიშნება, როგორც აზერბაიჯანის მენავთობის დღე. მას შემდეგ, ყოველწლიურად, აზერბაიჯანელი მანევთობეები ამ დღეს საკუთარ პროფესიულ დღესასწაულს საზეიმოდ აღნიშნავენ.

”15 წლის წინ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი მოვლენა მოხდა - ”საუკუნის კონტრაქტზე” ხელმოწერა, რომელმაც ქვეყნის წინაშე ახალი შესაძლებლობები გახსნა”, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ”საუკუნის კონტრაქტის” 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე. 

სახელმწიფოს მეთაურმა დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ”საუკუნის კონტრაქტზე” ხელმოწერით აზერბაიჯანში მსხვილი ინვესტიციების მოდინება დაიწყო. ნავთობის სექტორთან ერთად, ამ ინვესტიციებმა ხელი შეუწყო აზერბაიჯანში არანავთობის სექტორის განვითარებას.

აღნიშნა რა, რომ ”საუკუნის კონტრაქტზე” ხელმოწერით აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესები სრულად იქნა უზრუნველყოფილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ რეალიზაციის წყალობით ქვეყანა წარმატებული განვითარების გზას დაადგა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წელს აზერბაიჯანში ნავთობის მიპოვება 45 მილიონ ტონას გადააჭარბებს, ხოლო გაზის მოპოვება თითქმის 30 მილიარს კუბომეტრს მიაღწევს, ხოლო მომავალში ეს მაჩვენებლები კიდევ გაიზრდება.

 

წყარო: ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი” 

 

ყველა ახალი ამბავი
0